„ჩვენს ბიჭებს ომი არ წაუგიათ, ომი წააგეს მაშინდელმა უგუნურმა პოლიტიკოსებმა“

„ჩვენს ბიჭებს ომი არ წაუგიათ, ომი წააგეს მაშინდელმა უგუნურმა პოლიტიკოსებმა“

27 სექტემბერი ერთ-ერთი მძიმე თარიღია, რომელიც აფხაზეთიდან დევნილებს თუ საომარი მოქმედებების მონაწილეებს მწარედ ახსენდებათ. საომარი მოქმედება აფხაზეთში 13 თვე და 13 დღე გრძელდებოდა. 1993 წლის 27 სექტემბერი სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების დამარცხებით დასრულდა. 30 სექტემბერს კი აფხაზურმა და რუსულმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები დაიკავეს.

ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთის ომმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 6 ათასი მკვიდრი იმსხვერპლა, ათასობით მშვიდობიანი მოსახლე უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ბრძოლის ველზე კი, 8-9 ათასი მეომარი დაიღუპა. რაც შეეხება აფხაზური მხარის დანაკლისს, დაიღუპა 3 500, ხოლო 2 ათასზე მეტი აფხაზი დაიჭრა.

აფხაზეთის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბარამია for.ge-სთან საუბრისას ამბობს, საქართველოში არასოდეს მოკვდება აფხაზეთში დაბრუნების იმედი. წლების გასვლისა და ამ დიდი ტკივილის დავიწყების შემდეგ, ქართველები და აფხაზები ისევ შეძლებენ ერთმანეთთან მეგობრულად ცხოვრებას, ხოლო ისტორია თავად განსჯის - ვინ და რატომ დაკარგა აფხაზეთი და რა მოხდა 1992 წლის 14 აგვისტოს.

ბატონო გიორგი, სოხუმის დაცემიდან 21 წელი გავიდა. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელი იყო თუ არა ამ კონფლიქტის თავიდან აცილება და რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო ამ წლების განმავლობაში ქართულ-აფახაზური კონფლიქტის მოსაგავრებლად?

- 27 სექტემბერი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღეა, რადგან ამ დღეს სოხუმი დაეცა. სეპარატისების, ბანდფორმირებებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების ხელშეწყობით, მოხდა აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაცია, განხორციელდა ქართველთა გენოციდი და ეთნიკური წმენდა. სოხუმის დაცემის დღეს ძალიან ბევრი მშვიდობიანი ადამიანი იქნა მოკლული. მათ შორის - აფხაზეთის მთავრობის წევრები, რომლებიც გამოიყვანეს მინისტრთა საბჭოს შენობიდან და ვერაგულად დახვრიტეს. 27 სექტემბერი ტრაგედიაა როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის. მინდა მივუსამძირო ყველას, რომლებმაც ამ საშინელ ძმათამკვლელ ომში დაკარგეს ახლობელი ადამიანები.

რას ამბობენ აფხაზები 21 წლის შემდეგ? ამბობენ, რომ დაშვებული იყო შეცდომა, შეცდომა, რომელმაც გამოიწვია აფხაზეთის ოკუპაცია...

- გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ მათ გაიმარჯვეს „დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“, არის კატეგორია, რომელიც რეალურად აფასებს ვითარებას, რომ ეს იყო ძმათამკვლელი ომი, რომელშიც მხოლოდ მესამე ძალა გახდა გამარჯვებული. რუსეთის პოლიტიკა გამიზნულია იქითკენ, რომ შეიცვალოს დემოგრაფიული სურათი აფხაზეთში. რაც შეიძლება მეტი რუსეთის მოქალაქის ჩასახლება მოხდეს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ძირძველი ქართული მოსახლეობის ხარჯზე. ხოლო, საბოლოო მიზანს წარმოადგენს საქართველოს ჩამოაშორონ აფხაზეთი და მიუერთონ რუსეთის ფედერაციას.

როგორ შეგიძლიათ გაიხსენოთ 27 სექტემბერი?

- 27 სექტემბერი ჩემს მეხსიერებაში არასოდეს წაიშლება. ჩემი ოჯახისთვის ეს იყო უდიდესი ტრაგედია. ძალიან ბევრი ნათესავი, მეგობარი და ახლობელი მომიკლეს, როგორც სოხუმში, ასევე გაგრაში, ოჩამჩირეში. ჩემს მშობლებზე, რომლებიც დარჩნენ სოხუმში, ნადირობდნენ სეპარატისტები, მაგრამ ჩემმა მეზობელმა აფხაზებმა შეიკედლეს. სწორედ, აფხაზების დახმარებით, ისინი არ გახდნენ გენოციდის მსხვერპლი.

ასეთი ისტორია საკმაოდ ბევრია. მაშინ, ქართველის გადარჩენა საკამოდ რთული იყო, სიცოცხლის ფასი უჯდებოდათ აფხაზებს ქართველების გადამალავა. ხშირად მეკითხებიან, რატომ გაქვთ იმედი, რომ ქართველები და აფხაზები შერიგდებიანო? - იმიტომ, რომ ყველაზე მძიმე ვითარებაში, ისევ აფხაზის მიერ გაწვდილმა ხელმა გადაარჩინა უამრავი ქართველი. სწორედ ეს მაძლევს იმედს, რომ ეს ორი ერი შერიგდება და ისევ გაგრძელდება ერთობლივი თანაცხოვრება აფხაზეთში.

27 სექტემბერს დახვრიტეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები და დაცვის თანამშრომლები, შეიძლებოდა მათი გადარჩენა?

- მეამაყება, რომ იმ მთავრობის ხელმძღვანელი ვიყავი, რომლის პირველი თავმჯდომარე იყო არზაყან ემხვარი, რომელიც ასევე ნოე ჟორდანიას მთავრობასთან ერთდ ებრძოდა საბჭოთა ოკუპაციას. ის ემიგრაციაში გარდაიცვალა. ისტორია განმეორდა მე-20 საუკუნის მიწურულს, როდესაც მთავრობის თავმჯდომარე, ბატონი ჟიული შარტავა და მთავრობის წევრები ამ საშინელი ტრაგედიის მსხვერპლი გახდნენ, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა მათი გადარჩენა. ჟიული შარტავა და მთავრობის წევრები მინისტრთა საბჭოს შენობაში დაბრუნდნენ სტალინის ე.წ. აგარაკიდან, სადაც სახელმწიფოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა ედუარდ შევარდნაძემ ჩაატარა ბოლო თათბირი. ამ თათბირიდან გამოსულმა ჟიული შარტავამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაბრუნებულიყო მინისტრთა საბჭოში და დაეცვა სოხუმი ბოლომდე.

როგორ გგონიათ, თუ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წევრებს შეეძლოთ გასულიყვნენ სოხუმიდან, ამის გაკეთება არ შეეძლო ჟიული შარტავას და მთავრობის წევრებს? მაგრამ, განსხვავებით უზენაესი საბჭოს ზოგიერი დეპუტაციისგან, რომლებიც დღესაც სამწუხაროდ დეპუტატები არიან დაწარმოადგენენ დევნილ მოსახლეობას, მიატოვეს ჟიული შარტავა, მთავარობის წევრები, იქ მყოფი მეომრები, მშვიდობიანი მოსახლეობა და განერიდნენ იქაურობას!

მათგან განსხვავებით, ჟიული შარტავამ და მისმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სოხუმში დარჩენილიყვნენ, რადგან მთავრობის ადგილზე ყოფნა იყო დამაიმედებელი როგორც მეომრებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისათვის. სამწუხაროდ, ისინი ამ გადაწყვეტილებას გმირულად შეეწირნენ. მთავრობასთან ერთად სოხუმი ბოლო წუთამდე არ დათმეს გმირმა ბიჭებმა, რომლებიც მაშინ, ფაქტობრივად, ცარიელი ხელებით იცავდნენ აფხაზეთში საქართველოს ერთიანობას.

აფხაზეთში გამოცხადდა სასწავლო პროცესი, მასიურად დაბრუნდა მოსახლეობა, თუმცა 16 სექტემბერს ხელშეკრულება დაირღვა და ცეცხლი განახლდა. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ქმედება?

- ვფიქრობ, რომ ეს იყო მაშინდელი მთავრობის უგუნურობისა და უსუსურობის შედეგი. ყველას კარგად გვახსოვს მაშინდელი სახელმწიფო მეთაურის გადაწყვეტილება, რომ 1-ელ სექტემბერს სასწავლო პროცესი აფხაზეთში უნდა დაწყებულიყო. მაშინ, როდესაც დანარჩენ საქართველოში სასწავლო პროცესი დაიწყო 1 ოქტომბერს. 16 სექტემბერს დაირღვა 27 ივნისის სოჭის ხელშეკრულება და დაიწყო სოხუმზე შეტევა.

მეომარს, რომელიც წინა ხაზზე იდგა, ორმაგი პრობლემა გაუჩნდა. პირველი ის, რომ შენს ქალაქს უტევენ და უნდა დაიცვა და, მეორე ის, რომ ზურგს უკან გყავს ოჯახის წევრები. ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იყვნენ. რა უნდა ექნა იმ მეომარს, მტრისთვის გაეცა საკადრისი პასუხი, თუ ოჯახი გაეყვანა სამშვიდობოს?! ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკა. როდესაც ე.წ. განიარაღების ხელშეკრულება გაფორმდა, დელეგაცია ჩამოვიდა თბილისში და მოახსენეს ედუარდ შევარდნაძეს, რომ ეს პროცესი არ სრულდება ისე, როგორც მოლაპარაკების ფორმატითაა გათვალისწინებული, სეპარატისტებს მძიმე ტექნიკა არ გაჰყავთო. აუცილებელია, მონიტორინგი კიდევ უფრო გაძლიერდეს და სასწავლო პროცესი არ დაიწყოს აფხაზეთშიო. მაგრამ, მან ჩათვალა, რომ ეს იყო პანიკა და სასწავლო პროცესი აფხაზეთში აუცილებლად უნდა დაწყებულიყო. ყოველთვის მითქვამს და ვიტყვი - ჩვენს ბიჭებს ომი არ წაუგიათ. ომი წააგეს მაშინდელმა უგუნურმა პოლიტიკოსებმა. ისინი გმირულად ებრძოდნენ, როგორც რუსეთის რეგულარულ არმიას, ასევე, უკანონო ბანდფორმირებებს და ჩრდილო კავკასიელ ბოევიკებს.

ომის დასრულების შემდეგ მოხდა ქართველი და აფხაზი მეომრების შეხვედრა, რას ამბობენ ისინი?

- ყველაზე ადვილია აფხაზ მეომრებთან საუბარი და ნდობის ხარისხიც გაცილებით მაღალია. ვადასტურებ, რომ იყო ასეთი შეხვედრები, რომელმაც არაერთი დადებითი შედეგი მოიტანა. ბევრი აფხაზი იყო ჩემთან სტუმრად, იყვნენ მეომრებიც, ახალგაზრდებიც და სხვათა შორის - აფხაზი უხუცესები. ვცდილობდით, რომ ნაკლებად გვესაუბრა ომზე. მათთან საუბრისას ერთ რაღაცას ვხვდებოდი - გარკვეულწილად იყო სინანულის გრძნობა მათში, რომ ასეთი ტრაგედია მოხდა ჩვენს შორის. ისინი გამოთქვამდნენ სურვილს, რომ მზად იყვნენ შერიგებისკენ გადაედგათ ნაბიჯი.

სხვათა შორის, აფხაზეთის მთვრობის ინიციატივით, არაერთი ინოვაციური პროექტი განხორციელდა ჯანდაცავის, განათლების და სახალხო დიპლომატიის კუთხით ოკუპირბეულ აფხაზეთში, რამაც ხელი შეუწყო ქართველთა და აფხაზთა შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენის პროცესს. ამ პროექტის ფარგლებში 3 ათასზე მეტ აფხაზს აღუდგა საქართველოს მოქალაქეობა. დაახლოებით 5 ათასზე მეტ აფხაზს ჩაუტარდა უფასო სამედიცინო გამოკვლევები და სტაციონალური მკურნალობა. გამოიცა არაერთი ქართულ-აფხაზური სახელმძღვანელო, შევქმენით აფხაზური ენის სწავლების პილოტური პროგრამა, ჩატარდა არაერთი კულტურული ღონისძიება, რამაც, საბოლოო ჯამში, ხელი შეუწყო რეინტეგრაციის პროცესს. იმედია, მსგავსი პროექტები მომავალშიც აუცილებლად განხორციელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოგვცემს დადებით შედეგს აფხაზებთან ურთიერთობაში.

ალბათ უნდა მიეცეს პოლიტიკური და სამართლებლივი შეფასება 1992-93 წლების მოვლენებს...

- ეს არაერთხელ დამიწერია, რომ უნდა მოხდეს 1992-93 წლების მოვლენების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება - თუ რა მოხდა აფხაზეთში, როგორ დაეცა სოხუმი და საერთოდ, რა მოხდა მაშინ? დაშვებული იყო საკმაოდ ბევრი პოლიტიკური შეცდომა, ეს გამოუცდელობის ბრალი იყო, თუ მიზანმიმართულად მოხდა, ამის დადგენა მნიშვნელოვანია, რამე-თუ ამ შეცდომებს მოჰყვა ქართველთა გენოციდი და ეთნიკური წმენდა, ასობით ადამიანი დევნილი გახდა საკუთარ ქვეყანაში, მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა - აფხაზეთის ოკუპაცია.