რადიო „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ 11 ადამიანი „ისლამურ სახელმწიფოსა“ და სხვა დაჯგუფებებს ფინანსურად უზრუნველყოფდა, ისინი ტერორისტთა გლობალურ სიაში შეიყვანეს.
აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტი მაიკლ ჩეჩირე აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება კოორდინირებული სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ამ ადამიანებისა და მათი ორგანიზაციების იზოლაციასა და ფინანსური წყაროების გადაკეტვას ითვალისწინებს.
ჩეჩირეს ვარაუდით, თარხან ბათირაშვილი ტერორისტული ორგანიზაციების ფინანსური უზრუნველყოფის საქმეში გადამწყვეტ როლს არ თამაშობს, მაგრამ „შავ სიაში“ მისი შეყვანა აღნიშნული ორგანიზაციებისათვის ყველა შესაძლო არხის დახურვას ისახავს მიზნად. თუმცა აშშ-ს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა.
ქართველი ექსპერტების ცნობით, სირიაში საქართველოდან წასული 20-30 კაცი იბრძვის, რომელთა უმრავლესობა ჩეჩენი ან პანკისელი ქისტია და ნიშანდობლივი ასპექტია ქართველების დისპროპორციული როლი ტერორისტული ორგანიზაციების ხელმძღვანელ პოსტებზე.
გასულ წელს „კავკასიის ისლამური ემირატის“ მეთაურმა დოკუ უმაროვმა ერთ-ერთ ვიდეოგამოსვლაში პირდაპირ განაცხადა, რომ კავკასიელი მოჯაჰედინების მებრძოლები უერთდებიან გლობალურ ჯიჰადს. ქართვეკლი ექსპერტები თვლიან, რომ ამიტომ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სირიაში გამოჩნდნენ კავკასიური წარმოშობის ისლამისტი მებრძოლები.
ქართველ ექსპერტთა ცნობით, კავკასიელი ისლამისტების გადასროლას ახლო აღმოსავლეთის რეგიონსა და სირიაში ახორციელებენ მოვლად უდუგოვი, დოკუ უმაროვის ძმა, ისა უმაროვი, რომელიც, მისივე ძმა, ახმად უმაროვთან ერთად, ფიგურირებდა „ლოპოტას ოპერაციის“ მომზადების პროცესში.
ცნობილია, რომ სირიაში მოქმედი ისლამისტური დაჯგუფებების რაოდენობა, სადაც კავკასიელი მოჯაჰედინები მოქმედებენ, არც თუ ისე დიდია, მაგრამ დიდი გავლენითა და მაღალი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევიან.
ქართული წყაროების ცნობით, ისლამისტურ დაჯგუფებების საველე მეთაურებიდან რამდენიმე ქართული წარმოშობის საველე მეთაური ანუ ამირა გამოიყოფა: ამირ აბუ ომარ ალ-შიშანი (თარხან ბათირაშვილი) – წარმოშობით ქისტი, რომელიც წარმოადგენს „ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს“ ჩრდილოეთ ფრონტის სარდალს; ამირ აბუ ალ-ბანატი, წარმოშობით დაღესტნელი (სახელი და გვარი უცნობია) და ამირ სეიფულაშიშანი – წარმოშობით ჩეჩენი (სავარაუდო გვარი საიდულაევი) - სწორედ მან გამოაცხადა 2007 წელს ამ ისლამისტური გაერთიანებული დაჯგუფების შექმნა. სირიაში მოქმედ განსაკუთრებულ საშიში ექსტრემისტ ლიდერთა შორისაა საქართველოს მოქალაქე, პანკისელი მურად მარგოშვილიც. მურად მარგოშვილს სახელმწიფო დეპარტამენტი უწოდებს სარიაში მოქმედ ჩეჩენთა ლიდერს, რომელმაც თურქეთის საზღვართან ექსტრემისტთა საწვრთნელი ცენტრი დაარსა.
სხვადასხვა წყაროს ცნობით თანამებრძოლები ბათირაშვილს „ლოპოტას ოპერაციაში“ ისლამისტური მებრძოლების ღალატსა და საკუთარი მებრძოლების უყურადღებოდ მიტოვებაშიც ადანაშულებდნენ.
ცნობილია, რომ თარხან ბათირაშვილმა, რომელიც 2005-2009 წლებში საქართველოს არმიის უმცროსი ოფიცერი იყო, „ისლამურ სახელმწიფოში“ მაღალ სამხედრო თანამდებობას მიაღწია და ბოლო წლების განმავლობაში, ჩეჩნებისა და სხვა კავკასიელებისგან შემდგარი რაზმით, რამდენი მსხვილ სამხედრო ოპერაციასაც უხელმძღვანელა.
ვიკიპედიის მიხედვით, ჩეჩენი-ქისტი ჯიჰადისტი და ჯეიშ-ალ-მუჰაჯირინ ვალ-ანსარის ლიდერია, რომელიც იბრძვის სირიის სამოქალაქო ომში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. ის პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდანაა. ბათირაშვილს ჰყავს ქრისტიანი მამა და მუსლიმი დედა. თარხანი მძიმე პირობებში იზრდებოდა და ბავშვობაში ჩეჩენ ბოევიკებს რუსეთის საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ის ქართულ არმიას შეუერთდა. იგი მსახურობდა ქართულ ჯარში დაზვერვის სერჟანტად. მას აქვს მონაწილეობა მიღებული ჩეჩნეთის პირველ ომში, ჩეჩნეთის მეორე ომსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის წინააღმდეგ. 2013 წელს ზოგიერთმა ქურთულმა წყარომ გაავრცელა ხმა მისი და კიდევ 15 თანამებრძოლის დაღუპვის შესახებ, რაც სიცრუე აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ სამჯერ გავრცელდა.
როგორც ქართველი ექსპერტები აფასებენ, ბათირაშვილი მართლაც ყველაზე ძლიერი დაჯგუფების ხელმძღვანელია.
ბოლო დროს განსაკუთრებით დაინტერესდნენ სირიაში მებრძოლი ჩეჩნების თემით მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებებიც - „უოლ სტრიტ ჟორნალის“ სტატიაში საუბარია სირიაში მებრძოლ ქისტ თარხან ბათირაშვილზე, რომლის საბრძოლო სახელია ომარ ალ-შიშანი, იგივე ომარ ალ-ჩეჩენი, რომელიც შიშის ზარს სცემს ასადის რეჟიმს, ამერიკას და რუსეთს. სტატიაში ნათქვამია, რომ ის ქართული არმიის ყოფილი ჯარისკაცი და აგვისტოს ომის მონაწილეა, რომელიც საქართველოს სამხედრო ძალების სადაზვერვო ნაწილში მუშაობდა. 2010 წელს ტუბერკულოზი დაუდგინეს და სამხედრო საავადმყოფოში რამდენიმე თვე გაატარა. როდესაც გამოჯანმრთელდა, სამხედრო სამსახურისთვის შეუფერებლად მიიჩნიეს და ჯარიდან დაითხოვეს.
გამოცემასთან საუბრისას მამამისი იხსენებს, რომ სახლში დაბრუნებისას ბათირაშვილი ძალზედ იმედგაცრუებული იყო. ის ადგილობრივ პოლიციაშიც კი არ აიყვანეს. დედა სიმსივნით გარდაეცვალა. 2010 წელს იარაღის უკანონოდ შენახვისთვის დაიჭირეს და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 16 თვის შემდეგ, 2012 წლის დასაწყისში, ციხიდან გაათავისუფლეს და მან მაშინვე დატოვა საქართველო.
ბათირაშვილზე საუბრობს „ბიბისიც“ - ჩეჩენ ბოევიკებთან დაახლოებული წყარო „ბიბისისთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში არ არის ისეთი დონის საწვრთნელი ბანაკები, როგორიც სირიაშია. ასევე არ არის საჭირო რესურსი.
„გვრცხვენია რომ სირიაში მივდივართ მაშინ, როცა კავკასია ჯერაც ოკუპირებულია, მაგრამ ახალგაზრდები უკან ბრუნდებიან სირიაში სასწავლო კურსის გავლის შემდეგ. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი მაშინვე დაბრუნდა მთებში, როგორიც კი სირიაში ასაფეთქებელი მოწყობილობის (დამზადება და გამოყენება) მომზადება შეისწავლა. ამ მხრივ, „ემარატისთვის“ ხელსაყრელია, რომ სირიაში ვიბრძვით, რადგან შემდეგ ის ნამდვილი, კარგად მომზადებულ ბოევიკებს იღებს.
ერთ-ერთ ისლამისტურ საიტზე ახლახან გამოქვეყნებულ ინტერვიუში ბათირაშვილი ამბობს, რომ ციხემ შეცვალა. „მე დავპირდი ღმერთს, რომ თუ ციხიდან თავს ცოცხალი დავაღწევდი, ჯიჰადისთვის ვიბრძოლებდი“, - აცხადებს ის ერთ-ერთ ინტერვიუში. თუმცა არაფერს ამბობს იმაზე, ციხეში კონკრეტულად რისი გადატანა მოუხდა.
სტატიაში აქცენტი გაკეთებულია მის სისასტიკეზეც, თუმცა თანამემამულეები ამ ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებას კრემლი ცდილობს უკვე ბოლო ორი წლის განმავლობაში და ისრაელის დიპლომატების სასტიკი მკვლელობა სინამდვილეში რუსული სპეცსამსახურების ავტორობით მოხდა, რაც შემდეგ ალ შიშანის დაჯგუფებას დაბრალდა..
ახლობლები აღნიშნავენ, რომ მართალია, სირიის ომი ბათირაშვილისთვის კრემლის მოკავშირე ასადის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებაა, მაგრამ ის ასევე სიძულვილით საუბრობს ამერიკის შესახებ. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ისლამისტურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში თარხან ბათირაშვილი ამერიკელებს „ალაჰისა და ისლამის მტრებს“ უწოდებს.
ცნობისათვის, სირიაში იბრძვის ბათირაშვილის უფროსი ძმაც. მათ გარდა პანკისიდან ათეულობით ჩეჩენია საბრძოლველად წასული, მათ შორის რამდენიმე ბრძოლაში მოკლეს და სირიაშია დაკრძალული.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ თარხან თემურის ძე ბათირაშვილი უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ორგანიზაცია „სირიისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ ხელმძღვანელეთა რიგებში ირიცხება და არაერთი თავდასხმის ორგანიზატორია. მისი დავალებით, 2014 წლის ივნისში, მანქანების, იარაღისა და ტყვია-წამლის მოსაპოვებლად „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები სირიიდან ერაყში გადავიდნენ.
ამერიკის მთავრობა აცხადებს, რომ ბათირაშვილი ავტორია ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომუნიკესი, რომელშიც ის „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდასაჭერად ერაყის ქალაქ მოსულში საყოველთაო მობილიზაციას ითხოვს. ბათირაშვილი ასევე არის „ისლამური სახელმწიფოს“ შურას საბჭოს წევრი. 2013 წლის მაისში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა აბუ ბაქარ ალ ბაღდადიმ ის ორგანიზაციის ჩრდილოეთის სარდლობის მეთაურად დანიშნა.
იგივე წყაროს ცნობით, ამჟამად, ბათირაშვილის დაქვემდებარებაშია ათასამდე ისლამისტი მებრძოლი.
თარხან ბათირაშვილი ცნობილია არაერთი ფსევდონიმით: ომარ ალ-შიშანი, ჩეჩენი ომარი, აბუ უმარ ალ-შიშანი და აბუ უმარი.