ბესელიამ აპარატში შტატები გაზარდა, მაგრამ კადრების შენარჩუნება ვერ შეძლო

ბესელიამ აპარატში შტატები გაზარდა, მაგრამ კადრების შენარჩუნება ვერ შეძლო

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის აპარატში შტატების ზრდის პარალელურად, თანამშრომლები პოსტებს ტოვებენ. for.ge-ს ინფორმაციით, 2012 წლის 21 ოქტომბრის შემდეგ, ანუ, მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანომ ფუნქციონირება დაიწყო, ეკა ბესელიას კომიტეტის აპარატი ექვსმა თანამშრომელმა დატოვა. მათ შორის, იყვნენ - აპარატის უფროსი, მთავარი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, მდივან სპეციალისტი და ორი წამყვანი სპეციალისტი.

ყოფილი თანამშრომლები for.ge-სთან საუბარში აპარატიდან წასვლის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. მათ შორის, დატვირთულ გრაფიკს, თათბირების ღამის 11-12 საათზე ჩატარებას, პრემირების სისტემის მიკერძოვებულად წარმოებას და უშუალოდ კომიტეტის თავმჯდომარესთან ურთიერთობას.

ანი მჭედლიშვილი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის აპარატში ათი წლის მანძილზე მუშაობდა, for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მან სამსახური საკუთარი ნებით დატოვა, მაგრამ იმ რეჟიმს და იმ სიტუაციას ვერ გაუძლო, რაც აპარატში არსებობს. მისი თქმით, მან წნეხს ვერ გაუძლო, სამსახური დატოვა, ამჟამად კი, უმუშევრია.

„უპირველესი მიზეზი ის იყო, რომ აპარატში ძალიან ცუდი სიტუაცია არსებობდა. ნორმალური გრაფიკი არ გვქონდა. ანუ, ისეთი როგორიც სხვა კომიტეტებში არის. ზოგჯერ, სამსახურიდან წასვლა ღამის ორ საათზე გვიწევდა. თათბირები კი, ღამის 11-12 საათზე ტარდებოდა, რომელიც ზოგჯერ აუცილებელიც კი არ იყო. ბესელიამდე ოთხი უფროსი გამოვიცვალეთ და მსგავსი მუშაობის აუცილებლობა არ გვქონდა. შეიძლება, თათბირზე ჩვენი საკითხები განსახილველი არც კი ყოფილიყო, ჩვენ კი, მაინც ვისხედით და ველოდებოდით. უაზროდ ვისხედით, რადგან ასე იყო ქალბატონის „პრიკაზი“. დამერწმუნეთ, ხუთი სამუშაო დღიდან ოთხი დღე ასეთ რეჟიმში წარიმართებოდა“, - აცხადებს მჭედლიშვილი, რომელიც უკმაყოფილებას პრემიების სისტემის გამოც გამოთქვამს. მჭედლიშვილის ინფორმაციით, მას გაწული სამსახურისთვის ფულადი წახალისება არ ჰქონია.

„პრემია არც მე მომცა და არც აპარატის უფროსს, დათოს. ახლებს და თავის მოყვანილებს კი, 200-200 პროცენტიანი პრემიები გამოუწერა. პირად საქმეში საყვედური გამომიცხადეს და დასჯილი ვიყავი“, - ამბობს მჭედლიშვილი, რომელიც საყვედურის გამოცხადების მოტივს იხსენებს და თავს დამნაშავედ არ თვლის.

მჭედლიშვილის თქმით, მას ვიცე-სპიკერმა, მურმან დუმბაძემ პატიმრის შეწყალების მიზნით, მიმართვა შეცდომით გამოუგზავნა, თავად პატიმარი კი, პოლიტპარიმარი იყო და შეწყალებას არ ითხოვდა.

„შეწყალების მასალებს კომისიაში ვაგზავნიდით. დუმბაძის გამოგზავნილი მორიგი ასეთი წერილი მივიღე, რომელიც აპარატის უფროსმა მე დამაწერა და ვინაიდან, ტექსტში შეწყალება ეწერა, ის შეწყალების კომისიაის გადავუგზავნე. მოგვიანებით გაირკვა, რომ დუმბაძე ითხოვდა არა პატიმრის შეწყალებას, არამედ მის პოლიტპატიმართა სიაში შეყვანას. დუმბაძეს შეშლია და ეს საქმე მე დამბრალდა. მე ბესელიამ მითხრა, რომ ეს ჩემი დანაშაული იყო. არადა, მე რეზოლუცია დამეწერა, კანონის შესაბამისად, მოვიქეცი და რატომღაც ისევ მე დავისაჯე. ამის გასაჩივრება შეიძლებოდა, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა. ჩემი სიმართლე ვერ დავამტკიცე“, - აცხადებს მჭედლიშვილი, რომელიც ბესელიასთან კონფლიქტის ერთ-ერთ მიზეზსაც იხსენებს.

მისი ცნობით, მან შვილს ოპერაცია გაუკეთა, რის გამოც ორკვირიანი ბიულეტინი აიღო, ეს ფაქტი კი, კომიტეტის თავმჯდომარეს არ ესიამოვნა.

„აპარატის უფროსმა მითხრა, ბესელია შენზე არის გაცოფებულიო. ბესელიამ მითხრა, შვილს გლანდები, რატომ ამოაჭერი ეხლაო, რაზეც ვუთხარი, რომ ბავშვს აწუხებდა და ჩემი შვილი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ძირითადი ბირთვი არ ვიყავი და ჩემი იქ არ ყოფნა, არაფერს წყვეტდა, მაგრამ ბესელია ზომების მიღებით დამემუქრა და მითხრა, რომ შვილი მეც მყავს, მაგრამ შენი საქმისთვის სამი დღეც საკმარისი იქნებოდაო. წნეხს ვერ გავუძელი და ბოლო-ბოლო წამოვედი. დამიჯერეთ, გაუსაძლის მდგომარეობაში ვიყავით“, - აღნიშნავს მჭედლიშვილი, რომლის მსგავსად, აპარატი დატოვა ათი წლის სტაჟის მქონე ეკა კემულარიამ.

კემულარია for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მძიმე სამუშაო რეჟიმის გამო, მან პოსტი საკუთარი ნებით დატოვა, მას განცხადებაზე კი, ბესელია რამდენიმე თვის მანძილზე ხელს არ უწერდა. მისი განცხადებით, არანორმალური სამუშაო დღე იყო, ხოლო პროფესიონალები დაფასება, არ ხდებოდა.

„ყველაფერი ერთად იყო. როდესაც, განცხადება დავწერე, საკმაოდ დიდხანს არ მიწერდნენ ხელს. ისეთი დავალებების მიცემა ხდებოდა, რომელიც კომპეტენციის მიხედვით არ გვეკუთვნოდა. პირადად მე მსგავსი შემთხვევა არ მქონდა, რადგან ჩემი უფლებები ვიცოდი და ვიცავდი. ის ადამიანი არ ვარ, რომელსაც მიზეზით თუ უმიზეზოდ შეუძლიათ შეურაცხყოფა მიაყენონ. ჩემი ნებით წავედი და ვერ ვიტყვი, რომ წასვლა მაიძულეს. პირიქით, განცხადებას არ მიკმაყოფილებდნენ. სიტუაცია არ მომწონდა, რადგან ჩემთვის არ იყო მისაღები, რაც იქ იყო. განსაკუთრებით ის, რომ თათბირები ღამის 11-12 საათზე ტარდებოდა, რაც აუცილებელი ზოგჯერ არ იყო. ღამის თევები იყო, ზოგჯერ უმიზეზოდ. ამის აუცილებლობა მართლა არ იყო, როცა აუცილებელი ყოფილა დავჩენილვართ, მაგრამ წარმოუდგენელია, 12 საათზე თათბირი ატარო. დარჩენა არანაირად არ მიღირდა, წასასვლელიც მქონდა და წავედი. ბევრი ბოლოდე დარჩენას ეცადა, მაგრამ უშედეგოდ“, - აცხადებს კემულარია, რომელიც ამჟამად მუშაობს.

აპარატის ყოფილი თანამშრომლების ბრალდებების საპასუხოდ, ეკა ბესელიას მივმართეთ, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ყოფილ თანამშრომლებს ახალი რეალობის შეგუება გაუჭირდათ, რადგან ბევრმა სამუშაო გრაფიკს ალღო ვერ აუღო.

დეპუტატის თქმით, მას კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე მოსვლის დროს, კომიტეტში არაცერთი ანგარიში, არცერთი შემაჯამებელი დოკუმენტი და კვლევა არ დახვედრია.

მისი თქმით, კომიტეტი ძალიან აქტიური ელენე თევდორაძის პერიოდში იყო, 2010-2011 წელს კი, წლის განმავლობაში აპარატში სულ 1500 წერილი შედიოდა, რომელსაც არ პასუხობდნენ.

„პირადად მე ვაგზავნიდი საჩივრებს. ამჟამად, თვეში დაახლოებით 1500-2000 საჩივარი შემოდის. უამრავი განცახდება შემოდის და აპარატი ძველი სტანდარტული და ინეტრული ფორმით, ამ სამუშაოებს ვერ გაუმკლავდებოდა. მოქალაქე, რომელიც საჩივარს გიწერს, ის რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვო. როცა თვეზე მეტი გადის და პასუხი არ გაქვს, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ვალდებული ხარ, მუშაობა გააძლიერო. როგორც კი ეს ტენდეცია დავინახე, თანამშრომლებს ვუთხარი, რომ არავის არ ვუშვებდი, მაგრამ მოვითხოვე, რომ მაქსიმალურად ემუშავათ. კომიტეტი მართლაც ძალიან რთულ რეჟიმში მუშაობს და ეს ამ პარლამენტში ყველამ იცის. იმ კომიტეტის თავმჯდომარე ვარ, რომელიც იმაზე მეტს მუშაობს, ვიდრე აპარატის თანამშრომლები. ყველაზე დიდხანს მე თუ არ ვიმუშავებ, ამას სხვას ვერ მოვთხოვ. როდესაც, ვხედავთ, რომ სამუშაოს ვერ ვერევით და ვადები ირღვევა, ჩვენ მართლაც ზენორმირებული მუშაობა გვიწევს. სამუშაო საათების შემდეგ, აპარატს მართლაც უწევს მუშაობა. თავიდანვე გამოვაცხადე, რომ ტვირთს თუ ვინმე ვერ მოერევა, თქვენ გადაწყვიტეთ, ამ რეჟიმში შეგვიძლიათ თუ არა მუშაობათ-თქო. ორი წლის მანძილზე მდივანიც ერთი მყავდა და აპარატის უფროსიც, რომელსაც რეკომენდაცია განათლების კომიტეტში მე გავუწიე“, - აღნიშნავს ბესელია.

კანონმდებელის ცნობით, ამ დროისთვის, აპარატში ძველი კადრებიდან მხოლოდ სამი პირი მუშაობს, სამსახურიდან კი, ექვსი წავიდა.

„აპარატის შემადგენლობიდან არცერთი არ გამიშვია. მთელი ამ დროის მანძილზე კომიტეტი ცხრა ადამიანით მუშაობდა. მდივანიც კი არ გამიშვია, მიუხედავად იმისა, რომ ახალი რეალობის შეგუება გაუჭირდათ. სამუშაო გრაფიკს ძალიან ბევრმა ალღო ვერ აუღო. კომიტეტს დატვირთვა ძალიან დიდი ჰქონდა და ამას ყველა ვერ უძლებდა. ეკა კემულარია, რომელიც ერთ-ერთი კარგი სპეციალისტი იყო, ნამდვილად მინდოდა არ წასულიყო, მაგრამ ის დედის ავადმყოფობის გამო წავიდა. მჭედლიშვილმა კი, ძალიან უხეში დარღვევა ჩაიდინა. პატიმარის განცხადების გაგზავნა არასწორად მოხდა და მას რომ ეს დოკუმენტები წაეკითხა, ნახავდა, რომ იქ შეცდომა იყო დაშვებული. მას მუშაობაში სხვა ხარვეზებიც ჰქონდა. კერძოდ, დატვირთვით ვერ მუშაობდა. მჭედლიშვილი განცხადებების შესწავლას ვერ ასწრებდა“, - განუცხადა for.ge-ს ბესელიამ.

კანონმდებელი პრემირების სისტემასაც ეხმაურება და განმარტავს, რომ პრემიებს თანამშრომელთა მიერ გაწეული სამუშაოს შესაბამისად წერს.

„200 პროცენტიანი პრემია გამოვუწერე იმ ადამიანებს, რომლებიც ღამის ორ საათამდე მუშაობენ და ორმაგ სამუშაოებს ასრულებენ. მორალურად უფლება არ მაქვს, რომ იმ ადამიანის შრომა არ დავაფასო. კვარტალურად ვამოწმებ, თუ ვინ რა სამუშაო გასწია და პრემიასაც ამის მიხედვით ვწერ. აპარატი ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებს და ეს არის ჩვენი კომიტეტის განსხვავებულობა. გვიანობამდე ვმუშაობას ვერავის ვაძალებ, მაგრამ მათ ვეუბნები, საკუთარი სამუშაო თავის დროში ამოწურონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურში გვიანობამდე დარჩენა მოუწევთ. სამსახურში ძალიან მომთხოვნი ვარ, რადგან დისციპლინის და წესრიგის გარეშე, ეს კომიტეტი ვერ გაუძლებს, რომ თვეში 18 ათასი განცხადება წაიკითხო. იცით, რომ მოქალაქეებს შეტყობინებების სახით, ღამის სამ საათზეც, რომ ვპასუხობ? საქართველოში ვცხოვრობთ და შვიდ საათზე კარები დაკეტო და წახვიდე, ამის ფუფუნება არ გვაქვს“, - აღნიშნავს ბესელია, რომელმაც ორი წლის მანძილზე ხუთი მძღოლი გამოიცვალა. თავად ამბობს, რომ მიზეზი ოთხ შემთხვევაში ავარია იყო.

ბესელიას ცნობით, პირველ მძღოლს, რომელიც მისი ნათესავი იყო ავარია მოუვიდა, დააკავეს და სამაგალითოდ დასაჯეს.

„ჩემი მძღოლი დაპატიმრებული იყო და სამაგალითოდ დასაჯეს. მას ისე გავუბრაზდი, რომ მასთან ახლაც არ მაქვს არანაირი კომუნიკაცია. მან სახლი გაყიდა და თანხა დაზარალებულს მისცა“, - დასძენს დეპუტატი, რომელმაც კომიტეტში კადრები გაზარდა, მაგრამ როგორც ჩანს, 10-15 წლიანი სტაჟის მქონე კადრების შენარჩუნება ვერ შეძლო.