საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული (აწ უკვე ყოფილი) სამეცნიერო საბჭოს წევრების მიმართვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული (აწ უკვე ყოფილი) სამეცნიერო საბჭოს წევრების მიმართვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ივანე კიღურაძეს

ღრმა და ყოვლისმომცველი კრიზისი, რომელიც წინა ხელისუფლების გამიზნული პოლიტიკის შედეგად განადგურებით დაემუქრა ქართულ მეცნიერებას, მართლაც მძიმე მემკვიდრეობად ერგო საქართველოს ახალ ხელისუფლებას; მაგრამ ამ კრიზისის დაძლევის იმედს იძლეოდა ის, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ლიდერთა განცხადებებში მეცნიერების საკითხი პრიორიტეტთა შორის სახელდებოდა. დაპირებების მიუხედავად, გასული ორი წლის განმავლობაში პრობლემის გადასაწყვეტად არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადაიდგა.

გასული წლის მიწურულს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივით სახელმწიფო ბიუჯეტში განისაზღვრა დამატებითი სახსრები მეცნიერთა შრომის ანაზღაურების გასაუმჯო-ბესებლად. ამიტომაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დადგა იმის აუცილებლობის წინაშე, რომ სახელმწიფო დავალებისთვის ადეკვატურად ეპასუხა.

ა. წ. დასაწყისში, 6 იანვარს, სამინისტრომ ყოფილი აკადემიური (ამ დროისათვის უნივერსიტეტებს დაქვემდებარებული) სამეცნიერო ერთეულებისაგან მოითხოვა, რათა ერთი თვის ვადაში წარედგინათ თავიანთი ინსტიტუტების (ათ წლამდე ვადით) განვითარების პროექტები გაზრდილი პროგრამული დაფინანსების მოსაპოვებლად. 

სამინისტროს მიერ შემუშავებული პირობების მიხედვით, პროექტების წარდგენიდან ერთი თვის ფარგლებში იგი უზრუნველყოფდა უცხოეთში მყოფი ქართულენოვანი ექსპერტების სათანადო დასკვნების მოპოვებასა და, შემდგომ, დადებითად შეფასებული პროგრამების დაფინანსებას.

მიუხედავად ჩვენი კრიტიკული განწყობისა აღნიშნული ნაუცბათევი კონკურსის ფორმისა და პირობების მიმართ, თავი ვალდებულად მივიჩნიეთ აქტიურად ჩავრთულიყავით პროცესში ხელისუფლების მიერ გადადგმული ამ პირველი ნაბიჯის წარმატებით გადასაწყვეტად. საკმაო დაყოვნების შემდეგ, 2014 წლის 4 მარტს მინისტრმა დაამტკიცა სამინისტროსთან სამეცნიერო საბჭოს შექმნის ბრძანება (N 218). ძირითად ფუნქციად განსაზღვრული იყო, რომ `სამეცნიერო საბჭო უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის კონსულტაციის გაწევას სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამომავლო საქმიანობის (სამომავლო გეგმების) შეფასების, დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და დაფინანსების მექანიზმების დახვეწის საკითხებში.

სამეცნიერო საბჭომ მეტად საპასუხისმგებლო, შრომატევადი სამუშაო გასწია როგორც წარმოდგენილი პროექტებისა და მათი საექსპერტო შეფასებების შესასწავლად და შესაჯერებლად, ისე უკიდურესად მძიმე, დუხჭირ მდგომარეობაში ჩაყენებული ინსტიტუტებისა და მათი ადამიანური და მატერიალური რესურსების უშუალოდ გასაცნობად.

სამეცნიერო საბჭომ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში შეძლო შეესრულებინა დებულებით განსაზღვრული ამოცანა და ა.წ. 27 მაისისათვის წარედგინა საერთო, განმაზოგადებელი დასკვნა სამეცნიერო ერთეულების დღევანდელი მდგომარეობის შესახებ,  აგრეთვე ის რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებას აუცილებლად მიიჩნევდა სამეცნიერო სისტემის რეაბილიტაციის დასაწყებად და იმ გადარჩენილი სამეცნიერო პოტენციალის შესანარჩუნებლად, რომელიც საბჭოს კვლევამ ობიექტური მონაცემებით დაადასტურა. ეს დასკვნა საბჭომ კენჭისყრით დაამტკიცა და თითოეული წევრის ხელმოწერით დაადასტურა.

სამინისტროს პირობის თანახმად, ამ ეტაპის დასრულების შემდეგ სამუშაო უნდა გაგრძელებულიყო გაფართოებულ საბჭოში (უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ზედამხედველობით), რომელიც საბოლოო სახეს მისცემდა მეცნიერების რეფორმირების პროგრამას და განსაზღვრავდა ყველა ნორმას ინსტიტუტების სტატუსსა და დაფინანსებასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სამეცნიერო საბჭოს მიერ მომზადებული დასკვნა ოფიციალურად გადაეცა პრემიერ-მინისტრთან არსებულ ეკონომიკურ საბჭოს, მაგრამ გადაეცა შეკვეცილი და სახეცვლილი ფორმით. განსაკუთრებით გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ის საკმაოდ ნათელი და დიფერენცირებული სურათი მეცნიერების დღევანდელი მდგომარეობისა, რომელიც საბჭოს ძალისხმევით შეიქმნა, შეიცვალა ბუნდოვანი, ამორფული და ნიველირებული სურათით. მიზანი ამგვარი დეფორმირებისა დამაეჭვებელია და პროცესის შემდგომი განვითარებისათვის მეტად საზიანო!

ამასობაში დაიკარგა ის ძვირფასი დრო, რომელიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო, უპირველეს ყოვლისა, მეცნიერთა არსებობის გადასაჩენად, იმ მინიმუმის მისატანად პროფესიის ერთგულ ადამიანებთან, რომელიც მათთვის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ - პარლამენტმა - განსაზღვრა. ამის სანაცვლოდ სამინისტროს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ბიუჯეტის მიერ მეცნიერთა არსებობის გადასარჩენად ამ წლისთვის განსაზღვრული თანხები სრულიად სხვა მიზნით მიემართა - ჯერაც იურიდიულად არარსებული (!) ინსტიტუტების ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად!

გაუგებარია სამინისტროს შემდგომი მოქმედებაც: წლის დასაწყისში მან სამეცნიერო საზოგადოებას შესთავაზა გეგმა და პირობა სფეროს რეფორმირების დასაწყებად, შექმნა სამეცნიერო საბჭო და ადამიანური და ფინანსური რესურსები მიმართა ექსპერტების მიერ კვლევითი პროექტების ობიექტური შეფასებისათვის. შემდეგ მთელი ეს სამუშაო გვერდზე გადადო და განყენებულად, სამეცნიერო საზოგადოებისაგან (მათ შორის - აღნიშნული საბჭოსაგან) დაფარულად განახორციელა ინიციატივა ე.წ. კვლევებისა და ინოვაციების სააგენტოს დაფუძნებასთან დაკავშირებით, თითქოს ინოვაციასა და მეცნიერებას შორის კავშირი არ იყოს, თითქოს ინოვაცია მეცნიერებით არ მიიღწეოდეს. ამ მოქმედებით სამინისტრომ არსებითად უარი თქვა ფუნდამენტური კვლევების ხელშეწყობაზე (ქართველოლოგიურ კვლევებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია).

აშკარად გამოიკვეთა ყველაზე უარესი ტენდენცია: ძველი პოლიტიკის პირდაპირი გაგრძელება, ანუ მეცნიერების განადგურების გეგმის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა.

რაკი უშუალოდ ვიყავით ჩართული ზემოდასახელებულ პროცესში, ჩვენს მორალურ მოვალეობად მიგვაჩნია ღიად ვუთხრათ სიმართლე როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას:

- სამინისტროს ხელმძღვანელობამ დაარღვია საკუთარი პირობა, რომ ა.წ. პირველი კვარტალის შემდეგ პროგრამული წესით დაფინანსდებოდა პროექტების წარმომდგენი სამეცნიერო ერთეულები.

- სამინისტრომ გააყალბა არა მხოლოდ სამეცნიერო საბჭოს ზემომითითებული განმაზოგადებელი დასკვნა და რეკომენდაციები, არამედ ის მონაცემებიც, რომლებიც უშუალოდ ინსტიტუტების საპროექტო განაცხადებისა და მათი საექსპერტო შეფასებების სახით იყო წარმოდგენილი.

- სახელმწიფო სახსრების შესაბამისი მიზნით გამოუყენებლობის გამო, უხეშად არის დარჩვეული კანონი საქართველოს ბიუჯეტის შესახებ.

- სამინისტრომ ვერ უზრუნველყო ინსტიტუტების იურიდიული სტატუსის განსაზღვრა, რათა მეცნიერს კანონიერად მიეღო საკონკურსო თანამდებობა და თუნდაც ის მინიმალური სარგო, რომელიც დღემდე ერიცხება.

- ჩვენი საერთო შთაბეჭდილებით, სამინისტროს არა აქვს მეცნიერების სწორი ხედვა, რაც საბედისწერო აღმოჩნდება ქართული მეცნიერებისათვის.

ამიტომაც ჩვენ პირადად მოგმართავთ თქვენ - უმაღლეს ხელისუფალთ:

მეცნიერების ბედის გადაწყვეტა არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური პრესტიჟის საკითხია, არამედ მასზე ქვეყნის მომავალია დიდწილად დამოკიდებული.

მიგვაჩნია, რომ თქვენი აქტიური ჩარევის გარეშე ეს პრობლემა პოზიტიურად ვერ გადაწყდება.

...

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული (აწ უკვე ყოფილი) სამეცნიერო საბჭოს წევრები:

ზაზა ალექსიძე, ავთანდილ არაბული, ერეკლე გამყრელიძე, გუჩა კვარაცხელია, ვახტანგ კოკილაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, თინათინ მარგალიტაძე, ნოდარ მითაგვარია, თემურ ნანეიშვილი, თინათინ სადუნიშვილი, შოთა სამსონია, თორნიკე ქადეიშვილი, გიორგი ჩაგელიშვილი, გიორგი ჯაფარიძე