გაუარესებული კლიმატი და უვარგისი ინფრასტრუქტურა - ნაბიჯი კატასტროფამდე

გაუარესებული კლიმატი და უვარგისი ინფრასტრუქტურა - ნაბიჯი კატასტროფამდე

დასავლეთ საქართველოში იმდენად მასშტაბური სტიქიაა, ზარალის დათვლა ჯერ ნაადრევია.ზარალის დათვლა-აღრიცხვა-მონიტორინგით სპეციალური კომისია დაკავდება, შემდეგ დაზარალებულებზე გაიცემა კომპენსაციებიც, მაგრამ ეს პრობლემის საბოლოოდ გადაჭრას ნამდვილად არ ნიშნავს.

როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ცაგარეიშვილი აღნიშნავს, ბოლო წლების განმავლობაში ანომალიურ მოვლენებთან გვაქვს საქმე, გურიასა და განსაკუთრებით აჭარაში, ერთმანეთის მიყოლებით განმეორდა სტიქია, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული კლიმატის ცვლილებებთან.

ცაგარეიშვილის განმარტებით, გარდა ამისა, არსებობს ძალიან დიდი პრობლემა, ეს არის მდინარე ჭოროხზე აშენებული დემირელის კაშხალი, რომლის გამოც მდინარე ჭოროხიდან ნატანი შავ ზღვაში აღარ ჩაედინება. შედეგად, ნაპირის კონტურები შეცვლილია. ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება სჭირდება მთელ სანაპირო ზოლს სარფიდან ურეკამდე, რის საშუალებაც საქართველოს არ გააჩნია.

როგორც მწვანეთა პარტიის ლიდერი, გარემოს დაცვის კომიტეტის წევრი, გიორგი გაჩეჩილაძე განმარტავს, კლიმატის გაუარესების პროცესები მიმდინარეობს, როგორც გლობალური, ასევე საქართველოს მასშტაბითაც.

„შესაძლოა, კლიმატის ცვლილების სამიტზე როგორმე შეთანხმდნენ, რომ შეაჩერონ ეს პროცესები. ეს ყველაფერი გლობალურ დათბობას უკავშირდება. რა თქმა უნდა, ადგილობრივი პრობლემებიც არსებობს, რომელსაც მოგვარება სჭირდება, მაგრამ საერთო ტენდენციებია საკმაოდ რთული. საქართველოს ტერიტორიის 70% მოქცეულია სტიქიის არეალში - ვგულისხმობ მეწყერებს, ზვავებს და ა.შ. 3000-მდე დასახლებული პუნქტია ამ ტერიტორიაზე, რომელზეც 400 ათასი ოჯახი ცხოვერობს“, - აცხადებს გაჩეჩილაძე.

ცაგარეიშვილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება დაცული იყოს, მაგრამ პროცესები საკმაოდ შორს არის წასული და დიდ ეკოლოგიურ კატასტროფებთან იქნება დაკავშირებული მომავალში.

გაჩეჩილაძის განმარტებით, ის მასშტაბები, რომელიც სტიქიამ მიიღო, საკმაოს გაზრდილია - აღმოსავლეთ საქართველოში გვალვების პერიოდი გახანგრძლივდა 54-დან 74-დღემდე და თუ 15-20 წელიწადში ერთხელ მეორდებოდა, ახლა 6-7 წელიწადში ერთხელ მეორდება. ასევე მოიმატა ქარიშხლების ინტენსივობამ დაახლოებით 5-ჯერ.

„ნახეთ, შავ ზღვაზე 5-6-7- ბალიანი ღელვები იყო და ეს შტორმები სწორედ ამასთან არის დაკავშირებული და კიდევ უფრო ხშირად განმეორდება საქართველოში - დაახლოებით 3-ჯერ მოიმატებს ინტენსივობა. ზღვის დონე ყოველწლიურად 2მმ-ით იზრდება, ზღვა წინ მოიწევს, ზღვის ტემპერატურა მატულობს, მეტი ტერიტორიები იტბორება და ა.შ. ნალექების რაოდენობა განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში სერიოზულად გაიზარდა. აღმოსავლეთ საქართველოში კი არის მოლოდინი, რომ ნალექების რაოდენობა 14%-ით შემცირდება გარკვეული პერიოდის შემდეგ“,- აცხადებს გიორგი გაჩეჩილაძე.

მისივე განმარტებით, ამას ერთი გამგეობა და ერთი საკრებულო ვერ გადაწყვეტს, ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომა, რასაც აკეთებს მთელი მსოფლიო. ყველა ცივილიზებული ქვეყანა ადაპტაციის პროგრამებს ქმნის, რომ როგორმე გაუმკლავდეს სტიქიას. პროგნოზებს აკეთებს, თავის ქვეყანაში რა არის მოსალოდნელი, სად შეიძლება დამბების, დამცავი მექანიზმების მშენებლობა, ეს ყველაფერი გაწერილი უნდა იყოს და მისი შესრულება სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.

გიორგი გაჩეჩილაძე: „ასეთ სიტუაციაში მაღალი პროფესიონალიზმია საჭირო, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებაში, ანუ გარემოს დაცვის სამინისტროში, ასევე ადგილებზე. ისე კი არა, თვითმმართველობის არჩევნები რომ ჩაატარეს და მოიყვანეს წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი.

გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა გაითვალისწინოს ის კონვენციები, რაც მიღებულია - ეს საერთაშორისო ვალდებულებებია. გარდა ამისა, სამინისტრო ყოველწლიურად უნდა აქვეყნებდეს ეროვნულ შეტყობინებას, რომელშიც უნდა იყოს აღწერილი, რა არის მოსალოდნელი და რა ფინანსები სჭირდება ამ ყველაფრის მოგვარებას.

საერთაშორისო ფონდები გაეროს დახმარებით ბოლო წლებში, აქტიურად არიან ჩართული ასეთი პროექტების დაფინანსებაში. მსოფლიო მასშტაბით ტრილიონზე მეტი დოლარია გათვლისწინებული. თუ ეს სამიტი ნორმალურად ჩაივლის, საქართველომ შეიძლება, რაღაც დახმარებაც მიიღოს ასეთი პროცესების რეგულირებისათვის. მარტო ფული არაფერს არ ნიშნავს, პროფესიონალიზმია საჭირო. ეს პროფესიონალიზმი ამ ხელისუფლების აქილევსის ქუსლია და ასე რატომ ხდება დღემდე ვერ გავიგე“.

გაეროს 2012 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში არსებული სახლები არასათანადო კედლების სახურავებისა და იატაკების მქონე სახლების რაოდენობა მთელი ოჯახების 42%-ს არ უვარგა, ანუ რისკის ქვეშ არიან. აღარაფერს ვიტყვით, მათზე, ვისაც საერთოდ არაფერი გააჩნია. ასეთი-8%-ია დაახლოებით 85 ათასი ოჯახი. როგორც გაჩეჩილაძე განმარტავს როდესაც კლიმატური პირობები რთულდება და პლუს ასეთი მდგომარეობა გვაქვს, ბევრი უბედურება შეიძლება, მოხდეს.

ეკოლოგიურ ცვლილებებთან ერთად პრობლემას ქმნის საქართველოში არსებული მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაც.

„საკანალიზაციო სისტემა აჭარაში მრავალი წლის მანძილზე არ გამოცვლილა, ხშირ შემთხვევაში ის ამორტიზირებულია, კოლექტორები მძიმე მდგომარობაშია, ტალღებს უზარმაზარი რაოდენობით ქვიშა-ღორღი ამოაქვს და ქალაქის ინფრასტრუქტურას ანადგურებს“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

ბათუმის საკანალიზაციო სისტემის მოსაწესრიგებლად უდიდესი თანხებია დახარჯული, როგორც სააკაშვილის, ასევე შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც, თუმცა, პრობლემა ვერ მოგვარდა.

ცაგარეიშვილის განმარტებით, არსებობდა მსოფლიო ბანკის პროექტიც, რომლითაც მრავალი მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ სად წავიდა თანხები, ეს კითხვა უფრო პროკურატურის მისამართით უნდა დაისვას.

გიორგი ცაგარეიშვილი: „ნიშნისმოგებით არ ვსაუბრობ და ვინმეს ციხეში ჩაყუდება ნამდვილად არ მაინტერესებს, მაგრამ სად წავიდა, რა გაკეთდა ეს, რა თქმა უნდა, გასარკვევია. თუმცა ჩვენ ჩვენი საქმით უნდა დავკავდეთ და ბათუმში სარემონტო სამუშაოები გავაგძელოთ, თუ გვინდა, რომ ეს ქალაქი მართლაც ტურიზმის ცენტრად გადაიქცეს. ყოველწლიურად ახალი სასტუმროები შედის ექსპლოატაციაში და ამას შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა დავახვედროთ, ანუ ის, რაც ჩვენ, ხელისუფლებას გვევალება. წინა ხელისუფლების დროს ისე შენდებოდა სასტუმროები, რომ არავინ კითხულობდა საკანალიზაციო-საკოლექტორო სიტუაცია რამდენად იყო გამართული, გაუძლებდა თუ არა ამ დატვირთვას. უზარმაზარი სასტუმროებია მიერთებული ძველ კანალიზაციას, ისე, რომ გამტარიანობა არავის შეუმოწმებია. ეს ყველაფერი ერთად აღებული, აჭარის შავიზღვისპირეთში, რა თქმა უნდა, იწვევს ეკოლოგური და სანიტარული ფონის დამძიმებას“.

როგორც გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, ეს პრობლემა იცის აჭარის ხელმძღვანელმა ბატონმა ხაბაძემაც, მინისტრებმაც, ბათუმის მერმაც და ყველაფერს აკეთებენ, რომ ყველაფერი სწრაფად გამოსწორდეს.

აჭარის გარდა ანალოგიური პრობლემები მთელ შავიზღვისპირეთშია - საპორტო ქალაქად წოდებულ ფოთს, 21-ე საუკუნეში, საერთოდ არ გააჩნია საკანალიზაციო სისტემა. მაშინ როდესაც, მე-19 საუკუნის 50-60-იან წლებში მსგავსი პრობლემა წარმატებით გადაჭრეს დიდ ბრიტანეთში, რომ აღარაფერი ვთქვათ ძველ რომზე, სადაც საპირფარეშოები და საკანალიზაციო სისტემა კარგად იყო განვითარებული და ერთ-ერთ უძველეს საინჟინრო მოწყობილობად ითვლება „კლოაკა მაქსიმა“.

აი, რას ვკითხულობთ ფოთის ადგილობრივ მედიაში მიმდინარე წლის დასაწყისში: „ქალაქში ბევრია ისეთი საცხოვრებელი კორპუსი, სადაც სარდაფები და ეზოები ფეკალური მასებით, გამდინარე წყლით და სიბინძურით არის სავსე. მაგალითად, კოსტავას ქუჩაზე წლებია, რაც ეზოებიდან გამოსული სიბინძურე ქუჩასა და ტროტუარებზე გადადის, სამწუხაროდ ასეთ სურათს არაერთგან შეხვდებით ფოთში“.

გია ცაგარეიშვილის განმარტებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითრება საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა.

„როგორც ვიცი, აზიის განვითარების ბანკთან არის გაფორმებული საკმაოდ მოცულობითი ხელსკრულება და ამ მიმართულებით ძალიან მალე უამრავი პროექტი უნდა განხორციელდეს, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, თუმცა ფოთი გათვალისწინებულია თუ არა ამ პროექტში, არ მაქვს ინფორმაცია“, - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.

გიორგი გაჩეჩილაძის განმარტებით, როდესაც კომუნისტების დროს ფოთში რიონის კასკადი აშენდა, მას შემდეგ დაიწყო კატასტროფა, უკვე ზღვაშია მოქცეული ფოთის სასაფლაო, იპოდრომი, რამდენიმე დასახლებული პუნქტი, და ა.შ. კილომეტრნახევრით არის ზღვა გადმოწეული, იგივე მდგომარეობაა ანაკლიაში და იგივე ემუქრება აჭარის ზოლს დემირელის კაშხლის აშენების გამო. უკვე ორი სოფელია დატბორილი და ეს პროცესები გაგრძელდება. როგორც გაჩეჩილაძე აცხადებს, ძალიან დიდი თანხებია საჭირო იმისათვის, რომ ეს როგორმე შეაჩერო.

„ცალკე პრობლემაა მთელი საქართველოს მასშტაბით საკანალიზაციო სისტემა, ბათუმის სანიაღვრე სისტემას ხომ საერთოდ არ ეშველა. მილიონობით თანხები ჩაიყარა, მაგრამ ვერაფრით ვერ გაითვალეს მოსალოდნელ ნალექებზე. ფოთში ხომ საერთოდ, ტრაგედია ტრიალებს. ქობულეთს გამწმენდი მოწყობილობა არ აქვს, რაღაც მოძველებული კომუნისტებისდროინდელი დანგრეული ნაგებობაა, რომელშიც მარტო ქობულეთის კი არა, მთელი გურიის კანალიზაცია ჩაედინება და შავ ზღვაში ჩადის“,- აცხადებს გიორგი გაჩეჩილაძე.

ვერც გარემოს დაცვის, ვერც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროსთან დაკავშირება ვერ შევძელით. როგორც შევიტყვეთ, სტიქიასთან ბრძოლით არიან დაკავებულები. ასევე მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ უკვე შექმილია ფოთში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობის პროექტი, რომელიც 2015 წლიდან დაიწყება და 2018 წლამდე გასტანს. პროექტის ფარგლებში, მიწის გრუნტში ჩაიდება 153 კილომეტრი სიგრძის თვითმდენი და 21 კილომეტრის წნევიანი მილი, ქალაქის ორივე მიმართულებაზე - სამხრეთით და ჩრდილოეთით იმუშავებს 23 სატუმბი სადგური სველი და მშრალი ტუმბოებით, ამოქმედდება გამწმენდი ნაგებობა 84.000 კუბური მეტრის სიმძლავრით, რომელსაც ორი დამატებითი გამწმენდი ობიექტი ექნება.

რაც შეეხება ბათუმს, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტი უკვე დამტკიცებულია, გამოვლენილია გამარჯვებული ფირმა - გერმანული სამშენებლო კომპანია, გამოყოფილია თანხაც. გერმანიის განვითარების ბანკის თანადაფინანსებით ხდება მისი განხორციელება, 17 მილიონი ევროა გამოყოფილი იმისათვის, რომ მოწესრიგდეს ჭაობის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემა, რაც მთელ ქალაქს უქმნის პრობლემას და როგორც ბათუმის ვიცე-მერი ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განმარტავს, „საუკუნის პროექტი შეიძლება ეწოდოს ამ პროექტის განხორციელებას ჟილინის არხთან ერთად“.

მისივე განმარტებით, არსებობს სხვა პროექტიც - ბათუმში ორ ადგილას მოეწყობა სატუმბი სადგურები. ამ სადგურებიდან, რომლებიც სანიაღვრე სისტემასთან იქნება მიერთებული, მოხდება გადატუმბვა ზღვაში, დაახლოებით 900 მეტრი სიგრძის მილები ჩავა ზღვაში. ძლიერი წვიმის შემთხვევაშიც, სანიაღვრე არხები შეძლებენ წყლის მასის გატარებას და პრობლემა არ შეიქმნება. პროექტის განხორციელება წელს დაიწყება და 2015 წლის ბოლომდე დასრულდება და ეს ორი პროექტი, გახდება გარანტი, რომ ბათუმი აღარ დაიტბორება.

გიორგი გაჩეჩილაძის განმარტებით, ამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია, მაგრამ დიდი თანხები და სერიოზული პროფესიონალები სჭირდება, როგორც საინჟინრო თვალსაზრისით, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის სახით, რადგან ეს პასუხისმგებლობა კანონმდებლობის მიხედვით უკვე მათ აკისრიათ. რაც შეეხება თანხებს, როგორც გაჩეჩილაძე აღნიშნავს, მისი მოძიება შესაძლებელია, სწორედ ამ სამიტებიდან და საერთაშორისო კონვენციებიდან.

„იმიტომ გაუკეთა თავის დროზე „მწვანეთა პარტიამ“ რატიფიკაცია კლიმატის ცვლილების კონვენციას და შემდეგ კიოტოს ოქმს, რომ ეს იძლევა საშუალებას, საერთაშორისო დახმარებები მივიღოთ“, - აცხადებს გაჩეჩილაძე.

როგორც ჩანს, ხელისუფლება მართლაც გეგმავს ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრას, თუმცა მსგავსი დაპირებები არაერთი ხელისუფლებისგან მოგვისმენია. მდგომარეობა კი დღითიდღე საგანგაშო ხდება.