სარეკლამო ლაგამი ტელევიზიებისთვის

სარეკლამო ლაგამი ტელევიზიებისთვის

სატელევიზიო რეკლამების მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილება მზადდება. მაუწყებელს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მათ შორის ე.წ. „პრაიმ ტაიმში“, სარეკლამო ჭრისთვის მხოლოდ 12 წუთი ექნება. სავარაუდოდ, ეს ტელევიზიების შემოსავლებს „დაარტყამს“, შესაბამისად, მაუწყებლებს ახალი კომბინაციის მოფიქრება მოუწევთ.

ამ ეტაპზე მოქმედი კანონმდებლობით, მაუწყებლებს სარეკლამო დროისთვის მთლიანი სამაუწყებლო ბადის 20% აქვთ გამოყოფილი (4 საათი და 48 წუთი 24-საათიან ბადეში) და მაუწყებლებს შეუძლიათ საკუთარი სურვილისამებრ გამოიყენონ სარეკლამო დრო.

რა თქმა უნდა, მაუწყებლები ხშირად საკუთარი სურვილისამებრ იყენებენ სარეკლამო დროს და რეკლამები „პრაიმ ტაიმში“ დიდი დოზით ხვდება. ეს ერთდროულად დამკვეთების მოთხოვნაცაა და ტელევიზიების სურვილიც. ყველაზე ყურებად გადაცემებში რეკლამა ძვირი ღირს, შესაბამისად, მაუწყებლები მეტ შემოსავალს იღებენ და გადაცემებს რეკლამებით „ბერავენ“. მაყურებლებისთვის კი ეს დიდი დისკომფორტია, რადგან ხშირად გადაცემის ხანგრძლოვობას რეკლამის საერთო დრო აღემატება კიდეც.

როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესსამსახურის უფროსი, ხატია ყურაშვილი აცხადებს, კანონმდებლობაში ცვლილებებზე მუშაობის დაწყება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნორმებს უკავშირდება. „საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით აიღო ვალდებულება, რომ თავის საკანონმდებლო ბაზას ჰარმონიზაციაში მოიყვანდა ევროპის ერთიან სივრცესთან. შესაბამისად, საქართველომ აიღო აუდიოვიზუალური დირექტივის შესრულების ვალდებულებაც“, - აღნიშნა ხატია ყურაშვილმა.

ახალი რეგულაციით 20%-იანი შეზღუდვა ძალაში რჩება, თუმცა ის არა 24-საათიან ბადეს, არამედ ყოველ საათს შეეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაუწყებელს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მათ შორის, „პრაიმ ტაიმში“ სარეკლამო ჭრისთვის მხოლოდ 12 წუთი ექნება. გამოდის, რომ ტელევიზიებს საერთო სარეკლამო დრო იგივე დარჩება, მაგრამ მისი მთელი დღე-ღამის განმავლობაში გადანაწილება მეუწევთ. საღამო ხანს კი ტელევიზორთან მიმჯდარი მაყურებელი დაუსრულებელი რეკლამებით აღარ დაიტანჯება.

ამის შემდეგ, სავარაუდოდ, საეთერო „პრაიმ-ტაიმში“ რეკლამა საგრძნობლად გაძვირდება, რადგან იქ მოხვედრის სურვილი ბევრ დამკვეთს ექნება, მაგრამ ახალი რეგულაცია ამის შესაძლებლობას ცოტას თუ მისცემს. მაუწყებლები, კი ფინანსურად რომ არ იზარალონ, სარეკლამო ტარიფებს აუცილებლად გადახედავენ.

ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით, ევროპის სივრცეში მოქმედი აღნიშნული დირექტივა, საქართველოში 5 წლის ვადაში უნდა განხორციელდეს. როგორც ხატია ყურაშვილი „ბიპიენთან“ აცხადებს, სამუშაო პროცესი საწყის ეტაპზეა და ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება ამ პროექტის საკანონმდებლო ორგანოსთვის წარდგენა.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ტელევიზიებს სხვადასხვა დაფინანსების წყარო შეუწყდათ და ბიზნესის წესებით თამაში მოუხდათ, ბევრი მათგანი ფინანსური პრობლემის წინაშეც აღმოჩნდა და იძულებული გახდა, გადაცემები დაეხურა ან თანამშრომელთა შემცირება გამოეცხადებინა.

ამ ვითარებიდან ერთი შეხედვით გამოსავალი რეკლამაზე ფასების მკვეთრი შემცირება გახდა. ტელევიზიების სურვილმა, რაც შეიძლება მეტი რეკლამის დამკვეთი მიეზიდათ, სარეკლამო ბაზარზე ვითარება ძალიან შეცვალა. მათ მიერ სატელევიზიო რეკლამაზე შეთავაზებული ფასები თითქმის ინტერნეტრეკლამის ფასებს გაუტოლდა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სატელევიზიო რეკლამაზე შემცირებული ფასები ოფიციალურ „პრაისლისტებში“ არ ასახულა.

ოფიციალურად გასული წლის განმავლობაში სატელევიზიო რეკლამის ფასი მცირედით, მაგრამ მაინც გაიზარდა. არაოფიციალურად კი ტელევიზიები რეკლამის დამკვეთებს, სარეკლამო ბიუჯეტის შესაბამისად, 30%-50%-იან ფასდაკლებებს სთავაზობდნენ. მოკლედ, სარეკლამო ბაზარზე წესების გარეშე ბრძოლა გაჩაღდა...

ახლა ამ „წესების მოწესრიგებაში“ კომუნიკაციების ეროვნული კომისია ჩაერთო. ასე რომ, მაუწყებლებს ახალი კომბინაციის მოფიქრება მოუწევთ.