პარლამენტის ხელმძღვანელობამ ურჩი დეპუტატები დასაჯა. სხდომების გაცდენის გამო, 14 დეპუტატს მაისს-ივნისის ხელფასიდან საერთო ჯამში 15 227 ლარი ჩამოეჭრათ.
შესაბამისი გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობამ მას შემდეგ მიიღო, რაც საგაზაფხულო სესიაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა რეგლამენტში არსებული იმ ჩანაწერის დაცვა მოითხოვა, რომლის გათვალისწინებითაც, კანონმდებელს რამდენიმე არასაპატიო გაცდენის გამო, ხელფასის 10 პროცენტი ეჭრება.
დასჯილ დეპუტატებს შორის უმცირესობის ცხრა წევრია, ორი დამოუკიდებელი დეპუტატი, ხოლო სამი უმრავლესობის წარმომადგენელი.
კერძოდ, მაისში, ვიცე-სპიკერ გიორგი ბარამიძეს ხელფასიდან - 1101 ლარი ჩამოეჭრა, მარიკა ვერულაშვილს - 758 ლარი, გოგა ხაჩიძეს - 861ლარი, გიორგი კარბელაშვილს - 861 ლარი, აკაკი მინაშვილს - 861 ლარი, დავით საყვარელიძეს - 861 ლარი, გიორგი მელაძეს - 861 ლარი, კობა ნაყოფიას- 758 ლარი, ირაკლი ჩიქოვანს - 1067 ლარი, მარიამ საჯაიას - 1895 ლარი, ხოლო რამაზ ნიკოლაიშვილს - 1257 ლარი.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობამ მარიამ საჯაია და რამაზ ნიკოლაიშვილი ივნისშიც დასაჯა და მათ ხელფასიდან ისევ სოლიდური თანხა ჩამოაჭრა. თუ ამერიკაში სასწავლებლად წასულ საჯაიას ხელფასის 30 პროცენტი - 1137 ლარი დაექვითა, ნიკოლაიშვილს ხელფასის 40 პროცენტის - 1676 ლარის დათმობა მოუწია.
საჯაიასა და ნიკოლაიშვილის გარდა, ივნისში ხელფასიდან თანხები კიდევ რამდენიმე დეპუტატს ჩამოეჭრა. მათ შორის, გია გაჩეჩილაძეს 419 ლარი დაექვითა, გოგი თოფაძეს - 463, 5 ლარი, ვიქტორ ჯაფარიძეს კი - 390, 5 ლარი.
დეპუტატების ანაზღაურებიდან დაქვითული თანხები პარლამენტის ბიუჯეტში დარჩება თუ წინა მოწვევის უწყების ტრადიციისამებრ, რომელიმე სოციალურ ფონდში გადაირიცხება, ამის შესახებ ინფორმაციას საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი არ ფლობს და for.ge-ს ჰპირდება, რომ საკითხს გაარკვევს.
მერვე მოწვევის პარლამენტის ხელმძღვანელობას რეგლამენტში გაწერილი სანქციები 2012 წლის 21 ოქტომბრის შემდეგ მალევე რომ გამოეყენებინა, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში ხშირად კვორუმის პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ რატომღაც, დავით უსუფაშვილი სანქციების ამოქმედებისგან თავს იკავებდა და კანონმდებლებს საკუთარი ვალდებულების შესულებას სიტყვიერად სთხოვდა. მას შემდეგ, რაც მისმა არც თხოვნამ გაჭრა და არც მუქარამ, სპიკერი მუქარის აღსრულებაზე გადავიდა, რამაც ნაწილობრივ შედეგი გამოიღო, რადგან მიმდინარე წლის მარტის შემდეგ, კომიტეტებისა და პლენარულ სხდომებს შედარებით მეტი დეპუტატი ესწრებოდა და კვორუმის პრობლემაც შედარებით მოგვარდა.
რაც შეეხება ხელფასების დაქვითვის პროცესის გაგრძელებას, კახიანის ინფორმაციით, სექტემბრის მონაცემები ოქტომბრის დასაწყისში შეჯამდება. შესაბამისად, პარლამენტის ხელმძღვანელობას დასასჯელ დეპუტატთა ახალი სიის შედგენა ოქტომბერში მოუწევს.