ყოფილ ხელისუფლებას „სითი პარკი“ გადამხდელთა სიიდან „გამორჩა“

ყოფილ ხელისუფლებას „სითი პარკი“ გადამხდელთა სიიდან „გამორჩა“

კომპანია „სითი პარკს“, თბილისის ბიუჯეტში, ყოველთვიურად 10 ათას ლარზე მეტის გადახდა დაეკისრა. გადა ამისა დაგროვილ გადასახადს ერთჯერადად გადაიხდის.

ამის მიზეზი გახდა ის, რომ 7 წლის განმავლობაში კომპანიას დასუფთავების მოსაკრებელი არ გადაუხდია. საუბარია იმ ტერიტორიებზე, რომელიც „სითი პარკს“ ავტოსადგომებისთვის აქვს იჯარით აღებული. როგორც შპს „თბილსერვისჯგუფის“ იურისტი, დავით ჩანქსელიანი აცხადებს, 2007 წლიდან მოყოლებული, ანუ დედაქალაქის დასუფთავების საფასურის შემოღებიდან, ყველა იურიდიულ პირს აქვს ვალდებულება, ფუნქციონირების დაწყების დღიდან აცნობოს დასუფთავების სამსახურს და დადგეს მოსაკრებლის გადამხდელად აღრიცხვაზე.

„სითი პარკს“ უნდა სცოდნოდა, რომ არსებობს სავალდებულო გადასახადი მოსაკრებლის სახით, რომელიც პირდაპირ მიედინება ბიუჯეტში და უნდა დარეგისტრირებულიყვნენ გადამხდელად. რატომ არ დარეგისტრირდნენ, არცოდნის გამო თუ უბრალოდ, თავს არიდებდნენ გადასახადის გადახდას, ჩემთვის უცნობია“, - აცხადებს დავით ჩანქსელიანი.

როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, აღნიშნულის გამო დედაქალაქის მთავრობას 900 ათასი ლარის ზარალი მიადგა. თუმცა კომპანიას ერთჯერადად დედაქალაქის ბიუჯეტში, 145 ათასი ლარის შეტანა მოუწევს.

„იყვნენ ორგანიზაციები, რომლებიც მოსაკრებელს შემცირებული სახით იხდიდნენ. ამიტომ ჩემი დავალებით, დედაქალაქის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით სრული ინვენტარიზაცია მოხდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

როგორც დავით ჩანქსელიანი განმარტავს, შპს „სითი პარკს“, თბილისის მერიის მიერ მართვის უფლებით გადაცემული აქვს დედაქალაქის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში (დღეის მდგომარეობით) მოქცეული 416 912.5 კვადრატული მეტრი ტერიტორია, რაზეც ავტოსადგომების დასუფთავების მოსაკრებელი უნდა დაერიცხოს 1 კვადრატულ მეტრზე 0.025 ლარი თვეში.

კომპანიას დასუფთავების მოსაკრებელი შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი კატეგორიის მიხედვით 7 წლის განმავლობაში არ გადაუხდია. შედეგად, „სითი პარკი“ თბილისის ბიუჯეტს წლების განმავლობაში კუთვნილ შემოსავალს აკლებდა, რითაც დედაქალაქის ბიუჯეტმა 900 ათასი ლარით იზარალა.

როგორც მერიაში აღნიშნავენ, აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სითი პარკს“ ქ. თბილისის ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით, ყოველთვიურად 10 ათას ლარზე მეტის გადახდის ვალდებულება დაუდგინდა. ხოლო, წინა პერიოდისთვის (2013 წლის 1 ივნისიდან დღემდე) მას დაერიცხება გადაუხდელი მოსაკრებელი 145 ათას ლარზე მეტი.

„სითი პარკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძრვანელი ლევან ტაბიძე აცხადებს, რომ აღნიშნული გადასახადის შესახებ კომპანიას ინფორმაცია არ ჰქონია და მხოლოდ ამიტომ არ იხდიდა გადასახადს. როგორც ლევან ტაბიძე აცხადებს, ეს ინფორმაცია მხოლოდ ახლა, მედიიდან გახდა მათთვის ცნობილი. ტაბიძის განმარტებით, გასულ წლებში აღნიშნული გადასახადის თაობაზე არც მერიიდან არც დასუფთავების სამსახურიდან არავინ არ დაკავშირებია.

როგორც საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარე, ირაკლი აბესაძე აცხადებს, სითი პარკთან შეიძლება ბევრი პრეტენზია გქონდეს, მაგრამ ძალიან შორს არის კანონმდებლობისგან, რომ ამ კომპანიას მოსთხოვო დასუფთავების გადასახადის გადახდა.

„ეს არის სრული აბსურდი, იმიტომ, რომ დასუფთავების მოსაკრებელს იხდის კომპანია, რომელსაც საკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთი ან თუნდაც იჯარით აღებული, რომელზედაც ავტოპარკინგს აწყობს. თუ ჩავთვლით, რომ მას იჯარით აქვს გადაცემული მიწის ნაკვეთები და ეს ასე არ არის, მაშინ უნდა ვთხოვდეთ იჯარის გადასახადს. შესაძლებელია შემოსავლების სამსახურმა მოსთხოვოს ქონების გადასახადი და ა.შ. სითი პარკს იჯარით აქვს აღებული პარკირების მართვის სფერო, ანუ არამატერიალური ქონებრივი სიკეთე და აქ საუბარი არ არის მიწის ნაკვეთზე. მიწის ფართით სარგებლობენ ავტომობილების ის მესაკუთრეები, რომლებიც იქ მანქანებს აყენებენ, სითი პარკს ევალება მისი რეგულირება, რაც გულისხმობს იმ ტერიტორიის პარკირების ადგილად მოწყობას და მის შემდგომ კონტროლს. კომპანიას არ აქვს შემოსავალი თითოეული ადგილიდან, გადასახადის დღევანდელი სისტემიდან გამომდინარე, ანუ მიწის ნაკვეთთან მიბმული ეს გადასახადიც არ არის. ამიტომ აბსურდულია, კომპანიას მოსთხოვო ამ გადასახადის გადახდა. ამიტომ არ ვთხოვდით მას არასდროს დასუფთავების მოსაკრებელს. არც გადაიხდის ეს კომპანია ამ გადასახადს და არც დაეკისრება სასამართლოში დავის შემთხვევაში. ასე რომ, მორიგი „ჭიქაში ქარიშხალი“ ვიხილეთ ნარმანიასგან“.

როგორც აბესაძე განმარტავს, ტროტუარებისა და ქუჩის იმ ნაწილის დასუფთავება, რომელსაც სითი პარკი იყენებს, ეკუთვნის ქალაქს და უნდა დაუფთავოს ნარმანიამ.

კანონის მიხედვით, ქ. თბილისის მთავრობის 2013 წლის 31 მაისის №17.02.622 დადგენილებისა და ქ.თბილისის საკრებულოს 2013 წლის 31 მაისის №7-22 გადაწყვეტილების მე–3 მუხლის მე–9 პუნქტის თანახმად, „დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან, დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის და ნებისმიერი ცვლილებების შემთხვევაში) არაუგვიანეს 30 დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ დედაქალაქის დაგვა–დასუფთავების და ნარჩენების მართვის სამსახურს ან ოპერატორს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დასუფთავების მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე“.

როგორც ცნობილია, იმის გამო, რომ ამ პერიოდში საკანონმდებლო ბაზა სამჯერ შეიცვალა, დარიცხვა ავტოსადგომების ფართზე უნდა განხორციელდეს ქ. თბილისის საკრებულოს 2013 წლის 31 მაისის №7-22 გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან, ანუ 2013 წლის 1 ივნისიდან.

დავით ჩანქსელიანის განმარტებით, იქვეა გაწერილი, რომელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს როგორ უნდა დაერიცხოთ მოსაკრებელი.

დანართში მოცემულია ობიექტები, რომლებმაც უნდა გადაიხადონ დასუფთავების მოსაკრებელი დედაქალაქის ბიუჯეტში. ამ კომპანიების სიაში შედის, სასტუმროები, პოლიკლინიკები, მაღაზიები და მათ შორის, ღია და დახურული ავტოსადგომები. დახურულ ავტოსადგომებზე დაწესებულია 0,025 ლარი 1კვ. მერტზე.

როგორც დავით ჩანქსელიანი განმარტავს, იგივე, საკრებულოს გადაწყვეტილებით, ნებისმიერი დაწესებულება, მეწარმე და ა.შ. ვალდებულია ფუნქციონირების დაწყებიდან მიმართოს დასუფთავების სამსახურს. რაკი ამ ტერიტორიის დასუფთავებას ნარჩენების შეგროვებასა და გატანას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანო, ვინც ფუნქციონირებს ამ ტერიტორიაზე, მან უნდა გადაიხადოს მოსაკრებელი.

„სითი პარკმა“ კარგად იცოდა, რომ ასეთი ვალდებულება ჰქონდა, რადგან კანდელაკის ქუჩაზე მათ გააჩნიათ სათავო ოფისი, რომელიც დარეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად და 1 კვ.მეტრზე ერიცხებათ 0,1 ლარი. ანუ ნებისმიერი იურიდიული პირი, ვისი საქმიანობის შედეგადაც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია, ეს გადასახადი გადაიხადოს“, - განმარტავს დავით ჩანქსელიანი.

როგორც მერიაში აცხადებენ „სითი პარკის“ გარდა დედაქალაქში კიდევ ბევრი იურიდიული ფირმაა, რომლებსაც ევალებოდათ ამ გადასახადის გადახდა, მაგრამ არ იხდიდნენ. თუმცა დაახლოებით 70% დედაქალაქში რსებული კომპანიებისა, ამ მოსაკრებლის გადამხდელად რეგისტრირებულია.

მოკლედ, შეიძლება, ვიფიქროთ, რომ ძველ ხელისუფლებას თავისი „VIP კომპანიების“ სია გააჩნდა, რომლებსაც, შეძლებისდაგვარად, გარკვეული გადასახადებისგან ათავისუფლებდა. შესაძლოა, საქმე გარკვეულ საკანონმდებლო ლაფსუსთანაც გვქონდეს, რომელსაც კომპანია სათავისოდ იყენებდა და ამაში ყოფილი ჩინოვნიკებიც ეხმარებოდნენ.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სითი პარკი, ამ ეტპზე უცნობია, როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, „კომპანია შეისწავლის, რა აქვს გადასახდელი, როგორ უნდა მოხდეს ეს და შესაბამისად იმოქმედებს“.