ერთწლიანი პაუზის შემდეგ, შესაძლოა, პარლამენტმა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყოს, რომლის წინააღმდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპროცედურო ომი გამოაცხადა და მათ სასარგებლოდ, ინიციატივის განხილვა შეჩერდა.
საკანონმდებლო ორგანოს კანონპროექტის განხილვის პროცესის განახლება სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა მოსთხოვა, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შემსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, 400 ლარით დაჯარიმდება. უმრავლესობა ცვლილებების მიღებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, უმცირესობა კი, ინიციატივის მხარდაჭერას არ აპირებს და პროტესტის ფორმას კვლავ მიმართავს.
როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, ერთი წლის წინ, კანონპროექტის მიღება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის, გრიგორი კარასინისა და სხვა პირების მხრიდან წამოყენებულ მოთხოვნას უკავშირდებოდა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ხელისუფლება რუსეთის მოთხოვნების გატანას კვლავ ცდილობს.
„არაერთხელ გაჟღერდა, რომ ხელისუფლება ამ კანონის ინიცირებას რუსეთის მოთხოვნის შესაბამისად ახდენდა. ამ კანონის მიღების წინააღმდეგნი ვართ, რადგან იმ პირების მიმართ სამართლებრივი რეჟიმი მცირდება, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობენ და გადაადგილდებიან. ეს ცვლილებები ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ქართული მხარის პოლიტიკას გაუგებარს გახდის, რაც დაუშვებელია. ქვეყანა სამართლებრივ რეჟიმთან მიმართებაში თანმიმდევრული უნდა იყოს. ხელისუფლება ამბობს, რომ თითქოს, კანონპროექტის მიღება ევროპულ ვალდებულებებს უკავშირდება, რაც ტყუილია“, - აღნიშნავს დეპუტატი, რომლისგან განსხვავებითაც, მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ პროექტის მიღება ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ქართული მხარის ვალდებულებებს უკავშირდება.
პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, პარლამენტმა საკითხი ბოლომდე უნდა მიიყვანოს, რადგან ინიციატივის მიღება ევროპული ვალდებულება გახდა.
მისი თქმით, კანონის დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს, რადგან ხშირად, უდანაშაულო ადამიანების მიმართ „სისხლის სამართლის კოდექსით“ გასამართლება ხდება.
„საკითხი მნიშნელოვანია და რაც შეიძლება, სწრაფად უნდა გადაწყდეს. რაც შეეხება ნაციონალებს, მათი ქცევა სასაცილოა, რადგან ისინი თავიანთი ცოდვების სხვაზე გადაბრალებას ცდილობენ“, - აღნიშნავს მინისტრი, რომლის მსგავსად, უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პროექტზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს და მიღებული იქნეს.
for.ge-სთან საუბარში ლევან ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ ეს საკითხი უკვე მომწიმფებულია საიმისოდ, რომ ცვლილება განხილული იქნეს.
დეპუტატის შეფასებით, მედგარ წინააღმდეგობას ოპოზიცია სწევს, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ ცვლილების მიღება ევროპულ მოთხოვნას უკავშირდება.
„შეთანხმებული ვართ, რომ ამ საკითხს ხელს მოვკიდებთ. შესაძლებელია, უახლოეს მომავალში, თემას დავუბრუნდეთ კიდეც. ხანგძლივი საპროცედურო ბრძოლის გზით წავალთ და ოპოზიციაზე კიდევ ერთხელ გამარჯვებთ. შეიძლება, საკითხზე ერთი-ორი დღე დაიხარჯოს, მაგრამ საქართველო ამისთვის მოიცლის, რადგან მსგავსი ვალდებულება გაგვაჩნია. არ მგონია, რომ ოპოზიციამ გვითხრას, ამ საკითხის გამო, ევროპასთან ურთიერთობა უნდა შევწყვიტოთო“, - აცხადებს დეპუტატი, რომლის პათოსს იზიარებს ევროინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარე.
ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ ევროპა ქართულ მხარეს ნებისმიერ შეხვედრასა და ფორუმზე მიუთითებს, რომ სერიოზული ნაბიჯი იქნება, თუ კანონი გადაიხედება.
კანონმდებელის ინფორმაციით, ცვლილებები ვენეციის კომისიასთან უკვე გავლილია და რისკებიც მინიმუმამდეა დაყვანილი.
„ნაციონალების აგრესიული პოლიტიკის წყალობით ის შედეგი მივიღეთ, რაც მივიღეთ. ეს პროცესი იმის გამო გაიწელა, რომ შესაძლო რისკს ყურად ვიღებთ, რომელიც შეიძლება მომავალში წინ დაგვიდგეს. ყველა ერთად უნდა დავსხდეთ და ამ მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბროთ, რადგან დასავლეთი გვთხოვს, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ“, - აღნიშნავს დოლიძე.
თანაგუნდელების მსგავსად, ცვლილებებს მხარს უჭერს გია ვოლსკი და ამბობს, რომ კანონპროექტში ისეთი არაფერი დევს, რომელიც ქვეყანას ზიანს მიაყენებს.
„ინიციატივაში სწორედ ქვეყნის ინტერესებია წარმოჩენილი. რა საკვირველია, განხილვას დავუბრუნდებით, რადგან საკითხი არ მეგულება, რომლის თაობაზეც ოპოზიციას დესტრუქციული დამოკიდებულება არ აქვს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, პარლამენტში, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა კამათისა და დაპირისპირების ფონზე ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნაციონალების მიერ წამოწყებული საპროცედურო ომის გამო, ცვლილებების პირველი მოსმენით მიღება რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტში მიმდინარე პროცსების ფონზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალი მავთულხლართების გაბმა დაიწყო, რის გამოც ხელისუფლებამ ცვლილებების განხილვის პროცესი პირველი მოსმენით შეაჩერა.
კანონპროექტის თანახმად, პირველ შემთხვევაში, პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის სფეროდან გადატანილია ადმინისტრაციული სამართლის სფეროში.
ამასთან, ცვლილებებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში დადგება - თუ ასეთი ქმედება პირმა ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგ ჩაიდინა.
კანონში უცვლელი რჩება ის პუნქტი, რომლის თანახმადაც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის სპეციალურ თანხმობას საქართველოს მთავრობა გასცემს.
ასევე, კანონპროექტის მიხედვით, აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისთვის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ის პირი, რომელიც საქართველოს მთავრობის სპეციალური თანხმობის გარეშე შევიდა/შევა აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცა საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შემდეგ მიიღებს საქართველოს მთავრობის სპეციალურ თანხმობას.
აღნიშნული ცვლილებების ალტერნატიულ ვარიანტად, ნაციონალებმა მოითხოვეს, რომ კანონის პირველად დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ჯარიმა გავრცელდეს არა მხოლოდ ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ შესულ მოქალაქეებზე, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.