„საზოგადოების წინაშე დაგვანახონ ის ხალხი, ვისაც ვითომდა ბიზნესწილები გამოვართვი თუ სხვა რაიმე ზიანი მივაყენე“, - ასე გამოეხმაურა შსს-ს გენინსპექციის ყოფილი უფროსი ზვიად ჯანყარაშვილი, ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს. მიქიაშვილი პრემიერ-მინისტრის ნათესავს მუქარაში ადანაშაულებს. ჟურნალისტი განმარტავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის მამიდაშვილი, ზვიად ჯანყარაშვილი მისი მისამართით სიტყვიერ მუქარას ახორციელებს, მიზეზი კი ჯანყარაშვილის „ანატომიაა“ რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გავა.
ჯანყარაშვილის ამბობს, რომ სამწუხაროა, როცა ადამიანი კონკრეტულ გარემოში თვითდამკვიდრების, ნდობის მოპოვების თუ სხვა მიზეზის გამო თავს უფლებას აძლევს, იცრუოს ან ცილი დასწამოს სხვა ადამიანს. მისივე თქმით, თავს ვალდებულად თვლის პასუხი გასცეს იმ ადამიანების უტიფარ მოქმედებებს და განცხადებებს, ვისაც სირცხვილი დაუკარგავს და ტყუილს კადრულობს.
„ენას ძვალი არ აქვს, მითუმეტესს უზნეო ადამიანის ენას და რადგან ასეა, ცუდი არ იქნება თუ ქალბატონი ნათია მიქიაშვილის ოჯახის წევრი დაადასტურებს იმ მუქარას, რომელიც ვითომდა მე შევუთვალე. საზოგადეობის წინაშე დაგვანახონ ის ხალხი, ვისაც ვითომდა ბიზნესწილები გამოვართვი თუ სხვა რამე ზიანი მივაყენე.
თუნდაც ერთი ადამიანი მაინც მანახონ, რომელიც ჩემს ასეთ მოქმედებას დაადასტურებს რაიმე დამაჯერებელი ფორმით. ამის შემდეგ საზოგადოებამ შეაფასოს ცრუ და მართალი და თავად დაუდოს ზღვარი ცრუ სიმართლის ტირაჟირებას. ჩემი მხრივ, გარკვეულწილად მესმის იმ ადამიანების ვინც ჩემი სახელის გასვრას ცდილობს, თავისი გასაჭირი აქვთ“, - აცხადებს ზვიად ჯანყარაშვილი.
ჯანყარაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება ნათია მიქიაშვილი და ინტერესდება საიდან იცის მან გადაცემის შინაარსი, როდესაც მას სიუჟეტისთვის ტექსტი ჯერ დაწერილიც არ აქვს.
„ბატონო ზვიად გადაცემის შინაარსზე თქვენ როგორ საუბრობთ რომლის ტექსტიც კი არ მაქვს დაწერილი. ან რა იცით რომ იქ მიყენებულ ზიანზეა საუბარი. არა დედას ვფიცავარ, რა სამწუხაროა, რომ არ იცით რას ნიშნავს თვითდამკვიდრება. მე დიდი ხანია ეს ადგილი მაქვს დამკვიდრებული. იმ დროს როდესაც თქვენ არ ვიცი სად იყავით, ალბათ, გადაზიდვებში და ბიზნესს აკეთებდით, მე ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე საზოგადოებას საქმის კურსსში ვაყენებდი. სხვა ტრაგედიებს არ მოვყვები, თქვენ კი უბრალოდ ასიათასობით ადამიანის ნაწვალებზე ხელისუფლებაში მოხვედით და მგონია რომ გათავხედდით კიდეც ბატონო ზვიად. მე არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი და არც თქვენ გირჩევთ“, - წერს ნათია მიქიაშვილი.
მიქიაშვილი ჯანყარაშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს და აქვე აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს არ ყოფილა.
თუმცა, მიქიაშვილის ტელეკომაპნია „მაესტროს“ ერთ-ერთმა დაფუძნებელმა მამუკა ღლონტმა ის ფაქტი შეახსენა, როგორ შეაგდეს ტელევიზიაში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შესახებ მომზადებული ფილმის შემდეგ „ბომბი“. გარდა ამისა, მისი ყოფილი პროდუსერი და „ანატომიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი სოფო ჭანტურია ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ჟურნალისტის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არ ხდებოდა ზეწოლა მათზე.
„მიუღებელია ჩემთვის საუბარი იმაზე, რომ არ ყოფილა ზეწოლა. საკმაო ზეწოლა ხორციელდებოდა ჩვენზე და ნათიას ალბათ კარგად ახსოვს სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით მომზადებული ფილმი, როდესაც პირდაპირ „ბომბი“ შემოაგდეს მაშინ ტელეკომპანია „მაესტროში“ და დღემდე გამოუძიებელია ეს ფაქტი. ვერ ვიტყვი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არ ხდებოდა ზეწოლა, მითითება ან ვიღაცის გამოგზავნა და რაღაცის თხოვნა, თუმცა ეს არასოდეს არ გაგვითვალისწინებია“, - აცხადებს სოფო ჭანტურია.
ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი მეგობრობდა „ქართული ოცნების“ წევრებთან და მათ შორის პრემიერ მინისტრის მეუღლის მამიდაშვილთან, ზვიად ჯანყარაშვილთან. როგორც for.ge-სთან საუბრისას მიქიაშვილის გარემოცვა ამბობს, ჯანყარაშვილი მისი ერთ-ერთი წყარო იყო. მიქიაშვილის და ჯანყარაშვილის ურთიერთობაზე საუბრობს სოფო ჭანტურია, რომლის განცხადებით, საკმაოდ კარგი და ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა ზვიად ჯანყარაშვილთან.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ნათია მიქიაშვილმა „ანატომიასთან“ ერთად მოღვაწეობა ტელეკომპანია მე-9 არხზე გააგრძელა. სწორედ მე-9 არხზე მუშაობის დროს დაინტერესდა „კავკასუს ონლაინის“ თემით. მიქიაშვილმა კომპანიის კანონიერ მესაკუთრეს, ბიზნესმენ მამია სანადირაძეს შესთავაზა ფილმის მომზადება, თუმცა თავდაპირველად სანადირაძისგან უარი მიიღო, რადგან მას იმედი ჰქონდა რომ პროკურატურა სწრაფად გამოიძიებდა „კავკასუსის“ საქმეს და ადვოკატმა ურჩია ზოგიერთი დეტალის გახმაურებისაგან დროებით თავი შეეკავებინა.
მოგვიანებით, 2013 წლის მარტში, „ანატომიის“ ჯგუფი ისევ დაუკავშირდა ბიზნესმენს და ამჯერად უკვე თანხმობა მიიღო თანამშრომლობაზე. მოძრაობა „დააბრუნეს“ დამფუძნებელი ბესარიონ გაბუნიას თქმით, როდესაც აშკარა გახდა, რომ პროკურატურამ ძიების პროცესი ძალიან შეანელა მამია სანადირაძისათვის ქონების წართმევის საქმეზე, ბიზნესმენმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიეღო მონაწილეობა ფილმში, რომელიც ტელეკომპანია მე-9 არხის ეთერით გავიდოდა.
„ვიცოდით რომ ნათია მიქიაშვილი იყო ობიექტური, მებრძოლი ჟურნალისტი. მას სააკაშვილის ზეობის პერიოდში ჰქონდა გაკეთებული ფილმი შარანგიების ჯგუფზე, რომელთაც სხვა ფირმებთან ერთად მთავრობის დახმარებით „კავკასუს ონლაინიც“ მიითვისეს. შევთანხმდით, რომ ფილმი იქნებოდა ობიექტური, ორივე მხარის აზრის დაფიქსირებით. დაიწყო ჩაწერა, დაახლოებით 2 კვირაში შემოგვითვალეს, რომ ეს გადაცემა ვერ გაკეთდებოდა. თუ რატომ, ეს თვითონ ქალბატონ ნათიას უკეთესად ეცოდინება. ამის შემდეგ გავიდა ერთი თვე და გვითხრეს, რომ ახლა შესაძლებელია ამ ფილმის გაგრძელება და ეთერში გაშვება. განახლდა ჩაწერები. წინასწარ ვიყავით შეთანხმებული, რომ ჩვენ გვექნებოდა მოწინააღმდეგე მხარის ცილისწამებაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა.
გადაცემის ეთერში გასვლა დაანონსებული იყო წინასწარ და ეს ვადა ახლოვდებოდა, ვაწუხებდით ქალბატონი ნათიას თანამშრომლებს, რომ რა ხდება - თუ ჩაწერეთ მეორე მხარე და გვეუბნებოდნენ, რომ არავინ არ ჩაგვიწერიაო. წინა დღეს გვითხრეს, რომ ჩავწერეთ მეორე მხარეო. მივედით „ანატომიის“ ოფისში და გვითხრეს, რომ არაფერი საინტერესო არ ხდება, თუ რამის დამატება გინდათ, ჩაგწერთ და ხმას დავადებთო.
ეს გადაცემა ისე გავიდა, ყველაფერი ისე იყო დადგმული, რომ განცვიფრებული დავრჩით. ეს იყო ცალმხრივი გაშუქება პრობლემის და აბსოლუტურად საწინააღმდეგო, რამდენიმე წლის წინ, ნათიასვე გაკეთებული ფილმისა. არ ვიცი ეს მატერიალური დაინტერესების გამო მოხდა თუ ვინმეს ბრძანება იყო, რომ ამ სახით გასულიყო, მაგრამ ფაქტია, რომ გადაცემა გაკეთდა ისე, თითქოს, დამნაშავე იმაში, რომ ფირმა წაართვეს არის თავად მამია სანადირაძე, ხოლო „მიშას“ ჯიბის ბიზნესმენები მხოლოდ საქართველოში სიმართლისა და კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად იღწვიან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ბესარიონ გაბუნია.
სწორედ „კავკასუს ონლაინზე“ მომზადებული ფილმის შინაარსი მიუღებელი გახდა თავად გადაცემის პროდუსერისა და ჟურნალისტისთვის და მათ პროტესტის ნიშნად დატოვეს „ანატომიის“ ჯგუფი. ამავე გადაცემის პროდიუსერი სოფო ჭანტურია ამბობს, რომ ბიზნესმენ მამია სანადირაძეს შესახებ მომზადებული ფილმი გახდა მასსა და ნათია მიქიაშვილს შორის უთანხმოების მიზეზი.
ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ მოძრაობა „დააბრუნეს“ დამფუძნებელი ბესარიონ გაბუნია და for.ge-ს მთავარი რედაქტორი, გიორგი იაკობაშვილი მე-9 არხის გენერალურ დირექტორს ლუბა ელიაშვილს შეხვდნენ.
„მე-9 არხის იმედი გვქონდა, არხზე გასული ნებისმიერი ინფორმაცია საზოგადოებაში ნდობით სარგებლობდა. ამდენად, საინტერესო იყო რას გააკეთებდა ნათია მიქიაშვილის ჯგუფი. პირადად ჩემთვის საინტერესო იყო, იმდენად რამდენადაც ჩემთვის პრინციპის ამბავია ჩემი პორტალის „presa.ge“-ს დაბრუნება, რადგან ეს მიბმულია „კავკასუს ონლაინზე“ და ამიტომ მაინტერესებდა ეს თემა. მე ვიყავი საქმის კურსში, რომ ამ ფილმზე დაწყებული იყო მუშაობა. ნათია მიქიაშვილის, როგორც ჟურნალისტის კვალიფიკაციაში ეჭვი არ მეპარებოდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ბოლო-ბოლო საზოგადოება მეტ-ნაკლებად სრულ სურათს იხილავდა ამასთან დაკავშირებით და ვისთვისაც საჭიროა, იმისთვის ეს იქნებოდა ძალიან მწარე.
სამი კვირის განმავალობაში ველოდით ფილმს. ფილმზე მუშაობიდან 10 დღის მერე გვქონდა ინფორმაცია, რომ ფილმზე მუშაობა დასრულებული იყო. თუმცა, ამის მერე გავიდა სამი კვირა, ფილმი არ გადიოდა. ერთ დღეს უცებ გადის მე-9 არზე ეს ფილმი. აბსოლუტურად იმის საწინააღმდეგო იყო, რაც სინამდვილეში მოხდა. ყველაფერი იყო სწორედ იმ სცენარით და იმ არგუმენტებით გაჯერებული, რასაც ყოველთვის ახმოვანებდა სააკაშვილის კარის ბიზნესმენების მხარე, ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს შარანგიებზე და ხვიჩა მაქაცარიაზე“, - აცხადებს გიორგი იაკობაშვილი.
მისი თქმით, მთავარი იყო, რომ ფილმი ობიექტური ყოფილიყო.
„ჩვენ ვიცოდით დაახლოებით როგორი უნდა ყოფილიყო ეს ფილმი, ვინაიდან მეორე მხარეს არგუმენტები არ ჰქონდა. აღმოჩნდა ისე, რომ მათი არგუმენტები და მათი სიტყვები იყო. ქრონომენტაჟსაც რომ შეხედოთ, დაახლოებით 20 პროცენტი ერთ მხარეს უკავია, 80 პროცენტი მეორე მხარეს. რაც მთავარია, აღმოჩენილი იყო ადამიანი, რომელიც იმას კი არ ამბობდა, რომ მამიას წაართვეს „კავკასუს ონლაინი“ არამედ ამბობდა, რომ მე მამიამ წამართვა „კავკასუს ონლაინიო“. პირადად ვესაუბრე მაშინდელი მე-9 არხის ხელმძღვანელს ლუბა ელიაშვილს, როცა მოვუყევი ეს ყველაფერი, მინდა გითხრათ, რომ ასეთი გაბრაზებული ლუბა ელიაშვილი ჯერ არ მინახავს.
ასეთი სიტყვები თქვა ლუბამ: „აი თურმე რატომ გადადო სამი კვირის განამავლობაში ნათია მიქიაშვილმა ამ ფილმის გაკეთება“. პირდაპირ ვიტყვი რისი ეჭვიც მაქვს - ამ ხნის განმავლობაში ნათია მიქიაშვილმა გააკეთა ჯერ როგორც უნდა გაეკეთებინა ობიექტურად, მერე ჩამოიარა ვიღაც-ვიღაცეები და ამის შემდეგ მოხდა დედააზრის შეცვლა. დანარჩენი... თქვენ თვითონ შეგიძლიათ გამოიტანოთ დასკვნა“, - აცხადებს იაკობაშვილი.
მისივე განცხადებით, ამდენი ხნის განმავლობაში დუმდა, რადგან წარსულის მწარე გამოცდილება ჰქონდა.
„2002-2003 წლებში რასაც ვამბობდი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და პირადად მიხეილ სააკაშვილზე ლამის მოსაკლავად დამდევდნენ. ახლა ნათია მიქიაშვილზე ეს რომ მომეყოლა არავინ დამიჯერებდა. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ დამიჯერებენ. თუნდაც ის ფაქტი, რომ მე-9 არხზე ნამუშევარი ადამიანი უცებ მიდის და „რუსთავი 2“-ზე იწყებს მუშაობას, ეს ფაქტი ჩემთვის ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.
ჩემთვის პირადად „რუსთავი 2“ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული ძალაა, მისი ყველა თანამშრომელი ჩემი ნაცნობია, ახლობელი თუ ბიძაშვილი, ყველას ამ კონტექსტში განვიხილავ. ნათია მიქიაშვილსაც ამ კონტექსტში განვიხილავ. ის ფილმი რომ ნახოთ მაშინვე გამოიტანთ დასკვნას, რომ ნათია მიქიაშვილი საკუთარ თამაშს თამაშობდა. საუბარი არაა იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ატარებდა, რა თქმა უნდა, აუცილებლად ასე იქნებოდა“, - აღნიშნა იაკობაშვილმა.