სირიელი ამბოხებულებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე საწვრთნელი ბაზის შექმნის შესახებ ინფორმაციას, „Foreign Policy“-ის შემდეგ „როიტერი“ და „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს. გამოცემა აშშ-ის ოფიციალური პირის განაცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველომ აშშ-ს სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ცენტრის განთავსება შესთავაზა, მაგრამ უცნობია, მიიღებს თუ არა ვაშინგტონი თბილისის შეთავაზებას.
ამის მიუხედავად, ქართული მხარე ირწმუნება, რომ არავითარი სამხედრო ბაზის, მითუმეტეს სირიელი ამბოხებულებისთვის საწვრთნელი ბაზის შექმნა საქართველოს ტერიტორიაზე არ იგეგმება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ, თუ რა ფორმით მიიღებს საქართველო მონაწილეობას (ISIS) ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციის მიზნების მიღწევაში, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გადაწყდება.
Foreign Policy სტატიის საპასუხოდ, ოფიციალური თბილისი თვლის, რომ სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთვნელი ბაზის შეთავაზებაზე გავრცელებული ინფორმაცია, სავარაუდოდ, გაუგებრობაა, რომელიც უცხოურ პრესაში გავიდა. რაც შეეხება ICC-ის წინააღმდეგ მოქმედ კოალიციაში საქართველოს ჩართულობას, ეს ძირითადად ჰუმანიტარული მისიებით შემოიფარგლება.
იმის მიუხედავად, რომ ქართული მხარე სტატიაში მოყვანილ ფაქტებს ჟურნალისტის შეცდომად და სავარაუდო გაუგებრობად აფასებს, სტატიის ავტორი, ჟურნალისტ ჯონ ჰადსონი ამბობს, რომ პასუხს აგებს მოყვანილი ფაქტების სისწორეზე და არ აპირებს მის გასწორებას.
ჟურნალისტ ჯონ ჰუდსონის სტატია Foreign Policy-მ 23 სექტემბერს გამოაქვეყნა. მასში მოყვანილია არჩილ გეგეშიძის ციტატა, რომელიც ამბობს, რომ საქართველომ შესთავაზა ანტიტერორისტულ კოალიციას სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის გახსნა, შტატებს კი ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. თავად არჩილ გეგეშიძემ კი მასზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა. ამის პარალელურად, საქართველოში სირიელი მეამბოხეების გაწვრთნის შეთავაზებაზე,გამოცემა „როიტერი“ უორენ შტრობელის სტატიას აქვეყნებს, სადაც აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ ქართულმა მხარემ ვაშინგტონს სირიელი მეამბოხეების გაწვრთნა შესთავაზა.
„აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საქართველომ აშშ-ს სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ცენტრის განთავსება შესთავაზა, მაგრამ უცნობია, მიიღებს თუ არა ვაშინგტონი თბილისის შეთავაზებას“, - ნათქვამია სტატიაში და აქვე ხაზგასმულია, რომ აშშ-ს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში, სავარაუდოდ, ბევრი ქვეყანა ძირითადად პოლიტიკურ მხარდაჭერას შესთავაზებს.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს 54 ქვეყნის სია აქვს, რომლებიც აშშ-ს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილის შეტანას დაპირდნენ. მათ შორის არიან ქვეყნები დაწყებული ანდორას პატარა რესპუბლიკიდან, დამთავრებული უკრაინით. ამასთან, ავტორი ციტირებს აშშ-ის ოფიციალური პირის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ პროცესს კოორდინაციას სპეციალური ჯგუფი გაუწევს, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში ამ მიზნით შეიქმნა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ თუ საქართველო მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, საზოგადოებას ამის შესახებ ეცნობება. მისივე განცხადებით, კოალიციაში, სადაც აშშ-თან ერთად სხვა სახელმწიფოებიც არიან გაერთიანებული, საქართველო ჯერჯერობით, არ მონაწილეობს.
„თუკი ჩვენ გადავწყვეტთ ამას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, რა სახით მივიღებთ მონაწილეობას, ეს გადაწყვეტილება ბუნებრივია, საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, მაგრამ არანაირი საწვრთნელი ცენტრის განლაგებაზე საქართველოში საუბარი არ არის“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ამბობს, რომ კოალიცია ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია, რადგან დასავლეთი ეძებს გამოსავალას, როგორ მოხდეს რეგიონში ვითარების სტაბილიზაცია.
„ეს არ არის ერთგვაროვანი პრობლემა. ამიტომ გარკვეულწილად საუბრები ამ თემაზე შესაძლებელია, თუმცა, შეფასება იმისა, რაში ვიღებთ მონაწილებას და რამდენად სახიფათოა, სანამ ინფორმაცია არ გვექნება, ნაადრევია. გასაგებია ხელისუფლების პოზიციაც, რადგან ამ საკითხზე საქართველოს საბოლოო პოზიცია არაა ჩამოყალიბებული. შესაბამისად, რადგან პრესას აინტერესებს, ნაადრევი განცხადება მხოლოდ დააზიანებს ქართულ საგარეო პოლიტიას“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპტერი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ სირიელების საწვრთნელი ცენტრი არა, მაგრამ საქართველოში ტერორიზმის კვლევისა და პრევენციის რეგიონალური ცენტრი ნამდვილად უნდა შეიქმნას, რადგან ჩრიდლო კავკასია სულ უფრო აქტიურად ხდება ტერორისტების ადამიანური რესურსით მომარაგების წყარო და ფაქტია, რომ რუსეთი ამ პრობლემას მარტო ვერ აუდის. რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესშია ამ პრობლემასთან საერთო ძალისხმევით გამკლავება.
„ვიმეორებ, არა სამხედრო მეთოდებით, რაც ბუნებრივია დამღუპველია, რადგან ეს საზღვრის გაღმა-გამოღმა ანტიტერორისტული ფრონტის გახსნის ტოლფასი იქნება. არამედ, სწორედ იმ პრობლემების შესწავლითა და პრევენციით, რაც ჩრდილო კავკასიას ტერორისტების ინკუბატორად აქცევს. ეს უნდა იყოს ცენტრი, რომელიც რეგიონის ყველა ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს ეხმიანება და ბუნებრივია, ჩვენი უპირველეს პარტნიორთან - აშშ-სთან უნისონში“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კი, დარწმუნებულია, რომ შეთავაზება ქართული მხრიდან ნამდვილად არსებობდა და აშშ-იც ბუნებრივია გაგებით მოეკიდება ასეთ შეთავაზებას. პოლიტოლოგისთვის გაუგებარია, მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობას და პარლამენტს 4 თვე დასჭირდათ უკრაინის მხარდამჭერი განცხადების გაკეთებაზე ისე, რომ რუსეთი არ გაენაწყენებინათ, ახლა რატომ არ ერიდებიან რუსეთის განაწყენებას.
„თუ ეს ცენტრი აქ დაარსდა, რუსეთი ამას აღიქვმას თავის საწინააღმდეგოდ. დღეს თუ ბაშარ ასადი ისევ არის სირიის პრეზიდენტი, ეს მხოლოდ პუტინის წყალობით არის. ამიტომ, სირიელი მეამბოხეებისადმი ნებისმიერი ფორმით დახმარება, ეს იქნება რუსეთის საწინააღმდეგო აქცია. ეს არის არათანმიმდევრული პასაჟები საგარეო პოლიტიკაში, რაც შემაშფოთებელია. ერთი ხელით თითქოს ვცდილობთ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას, მეორე ხელით კი, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ურთიერთობა არ იყოს ეფექტური და ამას არ მოჰყვეს საქართველოსათვის სასარგებლო შედეგი“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
პოლიტოლოგის განმარტებით, თუ სირიელი ამბოხებულებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე საწვრთნელი ბაზა შეიქმნა, ეს იქნება ძალზედ სარისკო, ვინაიდან, ახლო აღმოსავლეთის ამ ვითარებაში ნებისმიერი ფორმით ჩართვა, ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, ძალზედ დიდ რისკებთან იქნება დაკავშირებული.