საქართველოში კიბერპოლიცია იქმნება. იურისტთა ჯგუფი მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც უახლოეს დღეებში პარლამენტში შევა. რომელი ქვეყნის მოდელზე გაკეთდება არჩევანი, ჯერჯერობით უცობია. კანონპროექტის ერთ-ერთი ავატორი, იურისტი ირმა ჭკადუა for.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ სპეციალური ჯგუფი სწავლობს ყველა ქვეყნის მოდელს.
სავარაუდოდ, იურისტთა ჯგუფი არჩევანს ამერიკულ მოდელზე გააკეთებს, სადაც კიბერპოლიციას თეთრ სახლზე უფრო მეტი ბიუჯეტი აქვს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ი კიბერპოლიცია ძალიან ეფექტური სამსახურია, რომელშიც ასევე გაერთიანებულია დაზვერვის სამსახური, ანუ ელექტრონული დაზვერვა.
„ჩვენ ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული კონკრეტულად რომელი ქვეყნის მოდელი იქნება გაზიარებული, მაგრამ უახლეს 10 დღეში ეს კანონპროექტი მზად იქნება. პარლამენტის წევრების გარკვეული ნაწილი მზად არის მხარი დაუჭირონ კანონპროექტს, კონკრეტულად ვინ, არ მინდა ჯერ ამაზე დეტალური საუბარი. უბრალოდ მთხოვეს კანონპროექტზე მუშაობა. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს, ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.
რაც შეეხება დანაშაულს და მისი კვალიფიკაციას, იურისტი განმარტავს, რომ ეს იქნება ადმინისტრაციული დანაშაუალი, მაგრამ პარალელურ რეჟიმში გამოიწვევს ცვლილებების შეტანას სისხლის სამართლის კოდექსში. მისი თქმით, კიბერპოლიცია მთელს მსოფლიოში კარგად აპრობირებული სამსახურია და თვლის, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე კიბერპოლიცია აუცილებლად უნდა არსებობდეს საქართველოში.
„რა ფორმით ჩამოყალიბდება, ეს ბუნებრივია არ ვიცით, მაგრამ მისი აუცილებლობა საქართველოში ნამდვილად არის. მე არ ვარ სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი, მაგრამ არ მსიამოვნებს როცა ვიგებ, რომ ვიღაცა ვიღაცას თავს ესხმის. ამბობენ, რომ პოლიტიკოსმა უნდა აიტანოს ლანძღვა-გინება, მაგრამ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში მინისტრს და პარალამენტის წევრებს ასე ამორალურად არსად არ ლანძღავენ და თავს არ ესხმიან, როგორც ეს საქართველოში ხდება.
ყველაზე ღირსეულ ადამიანს შეუძლიათ ღირსება შეულახონ და ამისთვის არავინ არ ისჯება. 4 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს საქართველოში, დაახლოებით 3 მილიონამდე მოქალაქე სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია, ეს ნიშნავს, რომ ერთ ადამიანს აქვს 4-5 ავატარი, რომლებიც ამ კიბერთავდასხმებს აწყობენ. ეს რაღაცით უნდა დარეგულირდეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის მაისში საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კიბერუსაფრთხოების სტრატეგიას 2013-2015 წლებისათვის, რომელიც კიბერუსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ მთავარ დოკუმენტს წარამოადგენს. სტრატეგიას გააჩნია სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად არის გაწერილი დაგეგმილი ღონისძიებები.
ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი თვლის, რომ გაზიარებული უნდა იქნას ის გამოცდილება, რომელიც დასავლეთის ქვეყნებშია. რა სახის სასჯელი უნდა იყოს, ჯარიმა თუ პატიმრობა, ეს, ალბათ, სამსჯელოა.
„ის, რომ სოციალური ქსელით მიყენებული შეურაცხოფა, ფაქტიურად უტოლდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ცოტა უფრო შორს უნდა წავიდეთ, ვიდრე ეს არის ცილისწამება. რთულია ყველა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მითუმეტეს, თუ კი, ვირტუალური ხასიათი ეძლევა ამ დანაშაულს. ეს არის მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამისთვის სამოქალაქო წესით ვიდავოთ, თუ სისხლის სამართლებლივი სანქციები იქნას დაწესებული, აი ეს არის სადავო“, - განმარტავს for.ge-სთან საუბრისას გელა ნიკოლეიშვილი.
იურისტი ლევან ალაფიშვილის განმარტებით, იმისათვის, რომ შეიქმნას კიბერპოლიცია, აუცილებელია კანონში არსებობდეს შესაბამისი ნორმა. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურულად რაიონული პოლიციის განყოფილებები, გამომძიებლები სათანადოდ კვალიფიციურად უნდა გყავდეს აღჭურვილი.
„გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ ძალიან მარტივი რამ - იდენტიფიკაციის საშუალება აქვს სახელმწიფოს? სოციალური ქსელით მიყენებულ შეურაცხყოფაზე მე რომ მივმართო პოლიციას ვიღაცის წინააღმედ და იმ ვიღაცამ, რომ თქვას, ეს ჩემი არ არისო, როგორ უნდა მოახდინონ ამის იდენტიფიკაცია, ამისთვის მზად არიან?
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გადადეს, მოწეთა სასამართლოში დაკითხვის წესი გადადეს და ამისთვის არიან მზად? მეეჭვება, რომ ამ ყველაფრისთვის მზად იყვნენ“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
მისივე განცხადებით, პირველ რიგში, მთავრობამ უნდა იზრუნოს კიბერუსაფრთხოებაზე და სახელმწიფოს სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანების დანერგვაზე, რათა მოხდეს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.