მოკლული მახარაძის მეგობრებს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით აპატიმრებენ

მოკლული მახარაძის მეგობრებს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით აპატიმრებენ

შს სამინისტრო ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული თენგიზ ერისთავის ოჯახის წევრების ბრალდებაზე განმარტებებს არ აკეთებს. for.ge-ს ინფორმაციით ერისთავის გარდა დაკავებულია დაახლოებით 7 ახალგაზრდა, რომლებიც მოკლული ლაშა მახარძის მეგობრები არიან. დაკავების მიზეზი კი იარაღის უკანონო ტარებაა. დაკავებულების ოჯახის წევრები მედიასთან არ კონტაქტობენ.

თენგო ერისთავის უდანაშაულობის დასამტკიცებლად, მისი მეგობრები და ოჯახის წევრები ქუჩაში გამოვიდნენ და სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. მათივე განცხადებით, ის უკანონოდ არის დაკავებული. დაკავებულის ახლობლების განცხადებით, პოლიცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაკავებულ ოქროპირიძეს ბრალი შეუმსუბუქონ და სწორედ ამიტომ მიმდინარებს მოკლული მახარაძის მეგობრების დევნა და თვალთვალი.

დაკავებულის დეიდა ამტკიცებს, რომ სამართალდამცველებმა თენგიზ ერისთავს 7 აბი ნარკოტიკული ნივთიერება „სუბოტექსი“ დაკავებისას ჩაუდეს და ამიტომ, ყველა ხერხს მიმართავს, რომ მისი დის შვილის უდანაშაულობა დაამტკიცოს.

რაც შეეხება დაკავების რეალურ მიზეზს, დაკავებულის ოჯახის განცხადებით, ერისთავი აბაშიძის ქუჩაზე მოკლული ლაშა მახარაძის მეგობარია და მათი ვარაუდით, დაკავება შესაძლოა ამ ფაქტს უკავშირდებოდეს. როგორც ცნობილია, აბაშიძის 48-ში 2 სექტემბერს 27 წლის ლაშა მახარაძე ორი გასროლით მოკლეს. მკვლეობიდან რამდენიმე საათში პოლიციამ მახარაძის მეგობრები დააკავა. დაკავებულებთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. თუმცა, ადვოკატების შესვლა შესაძლებელი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ფაქტი გახმაურდა.

მახარაძის სხვა მეგობრებთან ერთად პოლიციამ მაშინ თენგიზ ერისთავიც დააკავა. ერისთავი სამი საათის განმავლობაში იყო დაკავებული და ის ყოველგვარი დაკითხვის გარეშე გამოუშვეს. ერისთავის ინტერესებს საია იცავს. კახა კოჟორიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დაწყებულია საჩივრის მომზადება, რომელიც უახლოეს დღეებში პროკურატურაში შევა. კოჟორიძე ერისთავის დაკავების პერიოდში პოლიციელების მიერ კანონდარღვევაზე საუბრობს.

„თენგო ერისთავი პრობაციის ბიუროში მიდიოდა დეიდასთან ერთად, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. დაკავების მომენტში, როგორც ჩანს, პოლიციელებს ჰქონდათ ინფორმაცია, თითქოს მას ჰქონდა იარაღი, თუმცა აღმოჩნდა, რომ იარაღი ერისთავს არ გააჩნდა. ჩაატარეს ჩხრეკა, შემდეგ იყო პაუზა და ამ პაუზის შემდეგ იქ მყოფებმა გაიგონეს თენგო ერისთავის ხმა, რომელიც პოლიციელებს მიმართავდა - „რატომ მიდებთა ნარკოტიკს“ და ითხოვდა ჟურნალისტების დახმარებას.

საეჭვოა, რომ ნასამართლევი პირი, როგორიც თენგო ერისთავი იყო, ნარკოტიკული საშუალებებით მიდიოდეს პრობაციის ბიუროში, მაშინ, როდესაც წინა დღეებში მისთვის ცნობილი იყო, რომ მასზე საპოლიციო ზედამხედველობა ხორციელდებოდა“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

დაკავებული მახარაძის დეიდა, თამარ კეკელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პოლიციამ ვერ განსაზღვრა, რომ  თენგიზ ერისთავი პრობაციის სამსახურში მიდოდა. მისივე განცხადებით, ერისთავი აბაშიძეზე მოკლული ლაშა მახარაძის მეგობარია და დაკავება შესაძლოა, ამ ფაქტს უკავშირდებოდეს.

„დაგვეწია მანქანა, გააჩერეთო, შემოვარდნენ მანქანაში, ორ-ორი იარაღით დაგვადგნენ თავზე და იძახდნენ - სად არის იარაღი? დაიწყეს მანქანის ჩხრეკა, რაღაც არაადამიანურად, ცხოველურად. მე ვუყურებდი, რომ თენგოსაც ჩხრეკდნენ, იმ მომენტში აბსოლუტურად არაფერი არ იყო, ბავშვი სუფთა იყო, იმიტომ, რომ მიმყავდა პრობაციაზე.

თენგოს ყვირილი გავიგე - რას შვრებით, რას აკეთებთო. თენგოს უახლოესი ძმაკაცი მოკლეს რამდენიმე ხნის უკან იარაღით აბაშიძის ქუჩაზე, ეტყობა, ამ ინციდენტს დაუკავშირეს ეს ამბავი. ვფიქრობ, ცდილობენ გადაფარონ დანაშაული“, -აცხადებს თენგიზ ერისთავის დეიდა, თამარ კეკელიძე.

დაკავებულის კიდევ ერთი ადვოკატი, დავით დადიანი აცხადებს, რომ ერისთავი სახლიდან პრაქტიკულად არ გამოდიოდა, რადგან მასზე მიმდინარეობდა თვალთავლი.

„იმ დღეს გამოვიდა სახლიდან. პრობაციაში მიდოდა. 20 დოლარი დაახურდავა, ბერძენიშვილის ქუჩაზე ყავა დალია, მობრუნდა უკან დეიდასთან შეთანხმებული იყო, რომ მიჰყოლოდა პრობაციის სამსახურში. როგორც თვითონ ჰყვება, ამოიცნო ერთ-ერთი მანქანა, რომელიც დეიდას მანქანის შორი-ახლოს მოძრაობდა და, რომელმაც მანამდე, მახარაძის პანაშვიდიდან ვაკის პოლიციაში გადაიყვანა. სწორედ, რომ ის მანქანა აედევნა და მოხდა მათი დაკავება.

პოლიციამ ვერ გაითვალისწინა, რომ ერისთავი პრობაციის სამსახურში მიდიოდა. ეს დასტურდება იმითაც, რომ პარასკევს იყო დეიდასთან ერთად მისული პრობაციის სამსახურში, მაგრამ სამსაშაბათს დაიბარეს, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. წარმოუდგენელია, რომ ადამიანი მიდის პრობაციაში და ჯიბეში ჩაიდოს 7 აბი „სუბოტექსი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით დადიანი.

რაც შეეხება მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძეს, ის ცხინვალის საოკუპაციო ხაზთთან მაშინ დააკავეს, როდესაც ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღსანიშნავია, რომ გიორგი ოქროპირიძისთვის, იგივე „ოქრიკასთვის“ ეს არაა პირველი პატიმრობა. ის ლევან თალაკვაძის განზრახ მკვლელობისთვის, იარაღის უკანონო ტარება-შენახვისა და ქურდობისთვის იყო გასამართლებული.

სასჯელთა შეკრებითობით, 16 წელი და 6 თვე ჰქონდა მისჯილი. თუმცა, ოქროპირიძეს საყოველთაო ამნისტია შეეხო, მას პატიმრობა 6 წლითა და 9 თვით განესაზღვრა. მოგვიანებით მან ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას მიმართა და ციხიდან გამოუშვეს.

ოქროპირიძესთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია მისი მეგობარი ვლადიმერ ბერძენიშვილიც, რომელიც დანაშაულის დამალვაშია ბრალდებული. სწორედ მისი მანქანით გადაადგილდებოდა ოქროპირიძე დანაშაულის დღეს. 

დაკავებული ოქროპირიძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. როგორც მან სასამართლოს სხდომაზე აღნიშნა, ის „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია, ასევე სპორტსმენია და გეგმაში ოჯახის შექმნა ჰქონდა.

„ჩემს მშობლებს მხოლოდ მე ვყავარ. როგორია, მიაძახონ, მკვლელი შვილი გაგიზრდიათო. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ ტრაგედიას ტრაგედიას ნუ დაამატებთ. არავის მოკვლა არ მდომებია, მით უმეტეს, ლაშა მახარაძის. ჩემს მიმართ ინტერესი ჰქონდათ მაღალჩინოსნებს და ეს მომიწყვეს. მე იქ არ ვყოფილვარ. მაშინ მოტივი მითხრას პროკურატურამ, რატომ მოვკლავდი ლაშა მახარაძეს“, - ამ სიტყვებით მიმართა ოქროპირიძემ სასამართლოს.

ლაშა მახარაძის დედა ნინო დიდებულიძე აცხადებს, რომ გიორგი ოქროპირიძე მისი შვილის ახლო მეგობარი არასდროს ყოფილა და არც ის შეესაბამება სიმართლეს, რომ ოქროპირიძეს მის უფროს შვილთან, თენგო მახარაძესთან ციხეში ყოფნის დროს კონფლიქტი ჰქონდა და შემდეგ ლაშაზე იძია შური. მახარაძის დედა „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ოქროპირიძემ მახარაძე იმიტომ მოკლა, რომ არ უთხრა იმ პიროვნების ადგილსამყოფელი, რომლის მკვლელობასაც გეგმავდა.

„ალბათ, ლაშას ვიღაცების ადგილსამყოფელი ჰკითხა, რომ დაეხოცა. ლაშამ კი უთხრა, არ ვიცი, სად არიან, დაბადების დღეზე მივდივარო. ამ დროს ამოიღო იარაღი და ესროლა. ლაშას არავისთვის არაფერი დაუშავებია. მკვლელი კი, თურმე, სიით დადიოდა, უნდა დაეხოცა ხალხი, ეს ცნობილია, ბევრს ემუქრებოდა მოკვლით. დარწმუნებული ვარ, ლაშა იმ სიაში არ ყოფილა. შემთხვევით გადაეყარა მას აბაშიძის ქუჩაზე. ეტყობა, ქუჩაში შეყოვნდა, ალბათ, ვინმეს ელოდებოდა და ამ დროს გამოიარა ოქროპირიძემ ბერძენიშვილის მანქანით. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ის მანქანა ისევ უკან წამოვიდა და ლაშასთან გააჩერა. რომ ამბობს, მე არ მომიკლავს, იქ არ ვყოფილვარო, ტყუილია.

თალაკვაძის მკვლელობის დროსაც გაიძახოდა დედამისი, ჩემს შვილს არ მოუკლავს მეგობარი, პოლიციამ მოკლა და ჩემს შვილს დააბრალაო. არადა, მაშინ, როცა დედამისი კბილებით გლეჯდა ყველაფერს, ციხეში ოქროპირიძე პატიმრებთან აღიარებდა, რომ თალაკვაძე მან მოკლა. ახლაც იმავეს ცდილობენ, მაგრამ არ გამოუვათ, პირველი წუთიდან ცნობილია, რომ ჩემს შვილს არაკაცმა ოქროპირიძემ ესროლა“, -აცხადებს ნინო დიდებულიძე.

რაც შეეხება ლევან თალაკვაძის მკვლელობას, რის გამოც ოქროპირიძე სასჯელს იხდიდა, მოკლულის დედა, ჟუჟუნა თააკვაძე უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს მანანა კობახიძეს მიმართავს და აცხადებს, რომ კობახიძე დანაშაულის არასწორ ინტერპრეტაცაიას აძლევს.

„წავიკითხე ინტერვიუ, სამწუხაროდ, ინტერვიუში ჩანს პროფესიული არაკომპეტენტურობა, რადგან მანანა კობახიძე დანაშაულის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს. რასაც წერს - სიცრუეა. ნუთუ არ იცით რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი მას, მისი სახელის ხსენებაც მზარავს. ნუთუ არ გაღელვებთ ამ ბიჭების სიკვდილი? დაფიქრდით, ეს არ არის პოლიტიკური რეკლამა. ჩვენი შვილები იხოცებიან, ის კი აუღელვებელი სახით, სრულიად საქართველოს წინაშე თავს იმართლებს“, - ამბობს ჟუჟუნა თალაკვაძე.

თავად მანანა კობახიძე განმარტავს, რომ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ დაკავებული ოქრიპირიძე ციხეში აწამეს. მისი თქმით, უდოს კომისია ასეთ ფაქტებს ითვალისწინებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე უდოს კომისიამ დეტალურად განიხილა. ადამიანი არის წამების მსხვერპლი, საქმეში დევს არაერთი მტკიცებულება, რომ ის აწამეს, სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ მის მიმართ არ ყოფილა სამართლიანი სასამართლო. სრული პასაუხისმგებლობით ვამბობ, რომ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომ ის იყო ნაწამები, უდოს კომისია ასეთ ფაქტებს ითვალისწინებს. ყველა იცნობს დედამისს, ეს ქალბატონი ხმალამოღებული იბრძოდა თავისი შვილის უფლებებისთვის, სწორედ იმ მოტივით, რომ მის შვილს აწამებდნენ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ წამებას მის მიმართ ადგილი ნამდვილად ჰქონდა. მე მოიწია მისი ინტერესების დაცვა სასამართლოში, სწორედ წამების საქმეზე და ეს საქმე გასაჩივრებული იყო ევროსასამართლოში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მანანა კობახიძემ.

დღის ბოლოს ოქრიპირიძის დედამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი შვილს საპატიმროში ფიზიკურად გაუსწორდნენ და ის სასტიკად ნაცემი ბათუმში, სხვა დაწესებულებაშია გადაყვანილი. ამასთან, ცირა გოდერძიშვილის განცხადებით, ოქროპირიძემ პროტესტის ნიშნად თვითდაზიანებებიც მიიყენა.

„საკნიდან გაიყვანეს, სასტიკად სცემეს. ფეხზე ვერ დგებოდა, მერე შუადღისას კარცერში გადაიყვანეს, სადაც ურტყამდნენ და ეუბნებოდნენ გუანტანამოს მოვაწყობთო. თვითონ მიიყენა დამატებით დაზიანებები, იმიტომ, რომ თავში ურტყამდნენ მოშიმშილე პატიმარს. მერე კიდევ გუანტანამოთი და რაღაცეებით ემუქრებიან თანამშრომლები. ყველას ამოცნობა შემიძლიაო. ადამიანი გადასარჩენია. უთითხნიან ისევ ძველი მეთოდებით ბრალდებებს“, -აცხადებს ცირა გოდერძიშვილი. სასჯელაღსრულების სამინისტროში გიორგი ოქროპირიძის ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ, თუმცა ადასტურებენ, რომ ოქროპირიძე ბათუმის დაწესებულებაშია გადაყვანილი, მიზეზად კი მის თენგიზ ერისთავთან კონტაქტს ასახელებენ.