კაცი, რომელსაც ფულის თვლა არ უყვარს

კაცი, რომელსაც ფულის თვლა არ უყვარს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიას ქონება და საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ჯანაშიას დაუყადაღეს საბანკო ანგარიშები, მათ შორის ანგარიში, რომელზეც პენსიის თანხა ერიცხება. თემურ ჯანაშიას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების გაფლანგვაში ედება ბრალი. აღმკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ მას გირაო შეუფარდა. 

სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, გამოძიებით დადგენილია, რომ თემურ ჯანაშიას საპენსიო ანგარიში გახსნილი აქვს „ლიბერთი ბანკში“, ხსენებულ ანგარიშზე პროკურატურას ყადაღის დადება არ მოუთხოვია და ბრალდებულ ჯანაშიას სრული უფლება აქვს განკარგოს მასზე არსებული საპენსიო თანხა.

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით სასამართლომ ყადაღა დაადო ჯანაშიას სხვა იმ საბანკო ანგარიშებს, სადაც განთავსებულია ამ უკანასკნელის პირადი თანხა, დაახლოებით, 270 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის არსებობაც ბრალდების მტკიცებით, ჯანაშიამ დამალა და არ ასახა საჯარო მოხელის ქონებრივ დეკლარაციაში.

თეიმურაზ ჯანაშია ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო საჯარო მოხელე და ამ პერიოდში მიღებული შემოსავლები აშკარა შეუსაბამობაში მოდის მის მიერ შეძენილ უძრავ ქონებასთნ და პირად ანგარიშებზე განთავსებულ თანხებთან, რომელთა წარმომავლობა გამოძიების შესწავლის საგანს წარმოადგენს, ვინაიდან შეიცავს სსკ-ის 194-ე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) და 355-ე მუხლებით (საჯარო მოხელის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში განზრახ არასრული მონაცემის შეტანა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

თემურ ჯანაშიას ყადაღადადებული ქონება კი ასე გამოიყურება - თბილისში, წერეთელის გამზ. N10-ში მდებარე 112.58 კვ/მ კომერციული ფართი; ყვარელში მდებარე 2391 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ყვარელში მდებარე 1668 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; მცხეთის რაიონში, სოფელ კოტორაანთკარში მდებარე 1500 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ჯანაშიას ყოფილი მეუღლის ხათუნა ნუცუბიძის საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონება თბილისში: დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში მდებარე 800 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში მდებარე 2101 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. N5-ში მდებარე 74.20 კვ/მ საცხოვრებელ ბინა და 25.10 კვ/მ ავტოსადგომი;

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. მე-5 კვარტალში მდებარე 62.15 კვ/მ საცხოვრებელ ბინა;

თბილისში, გაგარინის ქუჩაზე მდებარე 18 კვ/მ ავტოსადგომი; შვილის ნიკოლოზ ჯანაშიას საკუთრებაში არსებული ქონება ქ. ბათუმში, ნურეთინ ჩარმიქლის ქ.N5-ში მდებარე 53.69 კვ/მ მშენებარე საცხოვრებელი ბინა;

შვილის სანდრო ჯანაშიას საკუთრებაში არსებული ქონება თბილისში, გაგარინის ქ. N1-ში მდებარე 104 კვ/მ საცხოვრებელი ბინა და თეიმურაზ ჯანაშიას სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსებული 270 000 აშშ დოლარი.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თეიმურაზ ჯანაშიას, ბრალად ედება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 392 827 ლარის გაფლანგვა, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

სახელმწიფო ბრალდება განმარტავს, რომ ვინაიდან არსებობდა საკმარისი მონაცემები, რომ მოსალოდნელი ქონებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, ბრალდებული ჯანაშია გაასხვისებდა ან სხვაგვარად გადამალავდა მისი და მასთან დაკავშირებული პირების სახელზე რიცხულ ქონებას, ასევე გადამალავდა მის საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხას, რაც ხელს შეუშლიდა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ბრალდებულ თემურ ჯანაშიას ქონებას და საბანკო ანგარიშებს დაედო ყადაღა. 

გამოძიების მტკიცებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჯანაშიამ ზემოთ მითითებული ორი უძრავი ქონება ჩუქების გზით გადააფორმა არასრულწლოვან შვილებზე და დააფიქსირა მეუღლესთან განქორწინების ფაქტი. აღნიშნული ქმედება ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ჯანაშიას მხრიდან ადგილი ჰქონდა ქონების გადამალვის მცდელობას. ეს ფაქტი სხვა არგუმენტებთან ერთად სასამართლოს მიერ იქნა გაზიარებული და საფუძვლად დაედო ყადაღის შუამდგომლობის დაკმაყოფილებას.

დსს-ის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ჯანაშია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მას მხოლოდ ის ქონება გააჩნია, რაც დეკლარაციაშია მითითებული. რაც შეეხება ანგარიშს, რომელზეც სდსს-ის ყოფილ უფროსს დაახლოებით 270 ათასი დოლარი ერიცხება, ჯანაშია დაზუსტებით ვერ ამბობს, ერიცხება თუ არა მას რომელიმე ანგარიშზე აღნიშნული ოდენობის თანხა. 

„აბსოლუტურად ყველაფერი დეკლარირებულია. ჩემს ანგარიშებზე წვდომა ამჟამად არ მაქვს, რადგან დაყადაღებულია. შესაძლოა, ეს თანხა მქონდა. დეკლარაციაში ჩაიხედეთ და თავად ნახეთ. პროკურატურას კი პასუხს ცალკე გავცემ. ყველა შემოსავალი არის აბსოლუტურად ლეგალური და ამაში სამარცხვინო არაფერია. რა თანხაც ჩემს ანგარიშზე არის, აბსოლუტურად ლეგალური შემოსავალია და ამის მტკიცებულებას წარვადგენ სასამართლოზე.

ეს არის ჩვეულებრივი შავი პიარი, ისევე როგორც გაფლანგვა, რაზეც ბრალი მაქვს წარდგენილი. ერთი რამ მაინტერესებს, რა შუაშია ჩემი შემოსავალი, როდესაც მედავებიან გაფლანგვას. პროკურორი მეუბნება, რომ ასე მავალებენო. მე მაგალითად ასეთ დავალებას ვიღებდი, რომ კანონი უნდა შემესრულებინა. შესაბამისად ვახორციელებდი ჩემს სამსახურეობრივ მოვალეობას, ვასრულებდი კანონს.

ჩემი დავალება, რასაც ვასრულებდი იყო კანონიერი, ხოლო დავალება, რომელსაც ესენი ასრულებენ, აბსოლუტურად უკანონოა. ყველა მტკიცებულებას წარვადგენ სასმართლოში. მაგრამ, ეს 270 ათასი დოლარი არაფერ შუაში არაა იმ ბრალთან, რაც წარდგენილი მაქვს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თემურ ჯანაშია.