ფარული მოსმენების საკითხზე პარლამენტში სპეციალური კომისიაა შექმნილი. კომისია ე.წ. გასაღების თემის გადაწყვეტის მიზნით, სამ მოდელზე მუშაობს, კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ არის 3 შესაძლო მოდელი, რომელიც მსოფლიო პრაქტიკაში არსებობს:
„ერთი მოდელია ის, რაც ჩვენთან დღემდეა და ასევე არის რამდენიმე ქვეყანაში, როდესაც თავად ის უწყება ახორციელებს ფარულ მოსმენებზე მიერთებას, რომელიც გამოძიებას ატარებს. მეორე სქემა უფრო გავრცელებულია – ის გულისხმობს იმას, რომ თავად GSM ოპერატორები და ინტერნეტპროვაიდერები ახორციელებენ ჩართვას ამ მოსმენაზე, მესამე სქემის მიხედვით კი, რაც ასევე იშვიათად გამოყენებაა - ასეთ ჩართვას აკეთებს ცალკე სახელმწიფო ორგანო, რომელსაც არ აქვს არნაირი გამოძიების, ანალიზის უფლება“.
რომელ მოდელს მიენიჭება უპირატესობა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც ცნობილია, საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავს „გასაღების“ GSM ოპერატორებისთვის გადაცემის მოდელს. რამდენად უსაფრთხო და სრულყოფილი შეიძლება აღმოჩნდეს ეს სისტემა, ამ თემაზე ექსპერტი, კახა კახიშვილი გვესაუბრება.
კახა კახიშვილი: ვერანაირად ვერ გავიზიარებ პოზიციას რომ ე.წ. გასაღები ჰქონდეთ მხოლოდ GSM ოპერატორებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვიცით, როგორი წვდომა აქვთ უცხო ქვეყნებს შიდა ინფორმაციებთან მიმართებაში.
ისეთი ტიპის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, როდესაც არ გვაქვს მყარად ჩამოყალიბებული პროფესიონალური უშიშროების სამსახურები, გასაღების ჩაბარება ექსკლუზიურად მხოლოდ GSM ოპერატორებისთვის, წინდაუხედავი გადაწყვეტილებაა. მით უფრო, როდესაც საქართველოში მოქმედი ყველა GSM ოპერატორი წარმოადგენს უცხო სახელმწიფოებს, თანაც ისეთს, რომლებსაც დიდი ინტერესი გააჩნიათ საქართველოს მიმართ.
დღეს საქართველოში GSM ოპერატორებიდან წარმოდგენილი არიან „ჯეოსელი“ - თურქეთი, „მაგთი“ - ნაწილობრივ აშშ, „ბილაინი“ - რუსეთი. სამივე კომპანიას, რა თქმა უნდა, აქვს საკუთარი ინტერესი საქართველოში. მეტიც, ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ეს კომპანიები მოქმედებენ მხოლოდ ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე.
მსოფლიოში, სადაც ინფორმაციის მოპოვებაზე მიდის ბრძოლა, როგორ დავიჯერო, რომ GSM ოპერატორებთნ, რომლებიც საქართველოში არიან წარმოდგენილნი, არ ხდება რაღაც ტიპის თანამშრომლობა იმ ქვეყნების სპეცსამსახურებთან, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ?
ისეთ პატარა ქვეყანას, სადაც ბევრ ქვეყანას სტრატეგიული ინტერესი გააჩნია და სადაც არ არსებობს კვალიფიციური სპეცსამსახურები, განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება.
გერმანიაშიც კი, მათ კანცლერს უსმენდა რუსეთის და აშშ-ს სპეცსამსახურები, ასეთ ვითარებაში GSM ოპერატორებისთვის ამ ფუნქციის ჩაბარება ქვეყნისთვის საფრთხედ შეიძლება იქცეს.
წარმოიდგინეთ ექსკლუზიურად მხოლოდ GSM ოპერატორებს აქვთ მოსმენის უფლება, მათ კონტროლს კი ვერავინ ვერ ახორციელებს და ამ დროს, ქვეყნის უმაღლესი პირების საუბრების მოსმენის საშუალება ეძლევათ თავისუფლად. ამას შემდგომში გამოიყენებენ თუ არა სხვა ქვეყნების სპეცსამსახურები, ეს სხვა საკითხია, მაგრამ თეორიულად შანსი რომ ექნებათ და შესაბამისად - ცდუნება, ესეც ცხადია.
თუ ვინმე იტყვის, რომ სხვა ქვეყნების სპეცსამსხურები კანონს არ დააღღვევენ, მსოფლიოში კარგად არის ცნობილი მოსმენების სკანდალები - ევროსაბჭოს ჩინოვნიკებს უსმენენ! არ მაქვს ილუზია, რომ საქართველოსაც არ უსმენენ, მაგრამ კიდევ უფრო გამარტივება ამ საქმის, ვფიქრობ, წინდაუხედაობაა.
ვის შეიძლება ჰქონდეს მოსმენის უფლება ისე, რომ არც მოსახლეობის უფლებები დაირღვეს და არც ქვეყნის უსაფრთხოება?
- არც შს სამინისტროს არ უნდა ჰქონდეს ავტომატურ რეჟიმში მოსმენის საშუალება, მაგრამ შესაძლებელია შემუშავდეს ისეთი მექანიზმი, სადაც იქნება სამმაგი კონტროლი. ორი გასაღებიდან ერთ-ერთი შეიძლება ჰქონდეს შს სამინისტროსა და სპეცსამსახურებს, მეორე - GSM ოპერატორებს. ორი გასაღების ერთდროულად ამოქმედების გარეშე არც ერთ მათგანს არ მიეცემა მოსმენის საშუალება და მეტიც, უნდა შეიქმნას ნდობის ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს ორივე მხარეს.
არის ისეთი პროგრამები, რომლითაც შესაძლებელია ტრაფიკის კონტროლი - თუ სასამართლომ გასცა 1000 ნებართვა მოსმენაზე, პროგრამას შეუძლია დააფიქსიროს, რომ რეალურად 1001 აბონენტი ისმინება, ანუ გადაცდომაა და ნდობის ჯგუფი ჩაერთვება ამ საკითხის განხილვაში. ვფიქრობ, ასეთ მოდელზე შეიძლება მუშაობა.
ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოდის ინიციატივით, რომ გასაღები GSM ოპერატორებს გადაეცეს. როგორ ფიქრობთ, მათ შეიძლება, არ აქვთ ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხეების არსებობის შესახებ?
- მესმის იმ არასამთავრობოების, რომლებიც აცხადებენ, რომ მხოლოდ შს სამინისტროს არ უნდა ჰქონდეს წვდომა და უნდა არსებობდეს გარანტია, რომ შს ყველას არ მოუსმენს. მაგრამ არ უნდა შექმნა მოდელი, რომლითაც ასეთ საშუალებას მისცემ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს.
ასე რომ, საჭიროა ისეთი სქემის შემუშავება, რომლის მაქსიმალურად გაკონტროლება იქნება შესაძლებელი და არავის არ ექნება მოსმენის განხორციელების ექსკლუზიური უფლება.
ვინ შეიძლება შედიოდეს ნდობის ჯგუფში?
- პროფესიონალებთან ერთად შეიძლება იყვნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სასამართლო ხელისუფლების წარმომადენლები და ასეთმა ჯგუფმა განახორციელოს მონიტორინგი, დავუშვათ, პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინსპექციის პატრონაჟის ქვეშ. ამას ვამბობ მაგალითისთვის, რადგან საკითხს სჭირდება სერიოზული შესწავლა და ნაჩქარევად ასეთი საკითხები არ წყდება.
გარდა ამისა, როდესაც ასეთ საკითხს აყენებ, კარგად უნდა იცნობდე სხვა ქვეყნების პრაქტიკას. ისეთ ქვეყანში, სადაც ორი წელია ვსაუბრობთ, რომ შესაძლოა, ნაცმოძრაობას ჰქონდეს პორტატული მოსასმენი აპარატურა, რითაც მას აქვს საშუალება უმაღლესი თანამდებობის პირებს მოუსმინოს და ეს აპარატურა ვერ მოიძებნა ამდენი ხნის განმავლობაში, ასეთ პირობებში მთელი „გასაღებების“ ჩაბარება შეუსწავლელი GSM ოპერატორებისთვის, სახიფათოა.
როგორ ფიქრობთ, არ ხდება ამ აპარატურის პოვნა თუ ვერ ხდება?
- ვფიქრობ, რომ ვერ ხდება. ეს ურთულესია - როგორ ფიქრობთ, გერმანიის სპეცსამსხურებს არ ჰქონდათ სურვილი, რომ აღეკვეთათ მერკელისთვის უცხო ქვეყნებს მოესმინათ? - როგორც ჩანს, არსებობენ უფრო ძლიერი სპეცსამსახურები, რომლებიც ამას ახერხებენ.
თუმცა ისიც ფაქტია, რომ უკვე ორი წელია, ვერ ვიპოვეთ, ვინ გაიტანა ეს აპარატურა, ვერ მოხერხდა დადგენა, ვის ჰქონდა წვდომა ამ აპარატურაზე, ვის შეიძლებოდა გაეტანა და ახლა სად შეიძლება იყოს. ეს ვერ გაგვირკვევია და 21-ე საუკუნეში ინფორმაციაზე წვდომის გასაღების გადაცემა GSM ოპერატორებისთვის სრულიად წარმოუდგენელი რამ არის - საქართველოს მოქალაქეებს შს სამინისტროსგან დავიცავთ, მაგრამ ვერ დავიცავთ სხვა ქვეყნების სპეცსამსხურებისგან.
თეორიულად, შეიძლება რომ სწორედ უცხო ქვეყნის მხარდაჭერით დაემალა ეს აპარატურა ნაცმოძრაობას?
- ბევრ ქვეყანას გააჩნია ინტერესები საქართველოში, მათ შორის იმ ქვეყნებსაც, რომელთა GSM ოპერატორებიც არიან ჩვენთან წარმოდგენილი. მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოს მოქალაქე იყოს დაცული უკანონო მოსმენისგან. როდესაც ამ ამოცანის შესრულება გინდა (და ეს თუ განხორციელდა, ძალიან კარგი იქნება), სანაცვლოდ არ უნდა დაუშვა, რომ იგივე საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის საშუალება მისცე სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს.
თუ გაქვთ ინფორმაცია სხვა ქვეყნებში როგორი მექანიზმები მოქმედებს?
- სხვადასხვაგვარი პრაქტიკაა - ევროპულ ქვეყნებს ვგულისხმობ. არის ქვეყნები, სადაც მოსმენებზე წვდომის უფლება ექსკლუზიურად სპეცსამსახუერებს გააჩნიათ, არის ქვეყნები, სადაც GSM ოპერატორებს გააჩნიათ მოსმენის ბერკეტი, მაგრამ როგორც წესი, GSM ოპერატორები არიან ადგილობრივები. მესამე მოდელი იშვიათია, რადგან ძვირი ჯდება, ეს არის ორმაგი კონტროლი.
დღეს, როდესაც აპელირებას ახდენ, რომ მხოლოდ GSM ოპერატორებს ჰქონდეს ეს უფლება, შს სამინისტროს მაინც რჩება შესაძლებლობა მოუსმინოს ვისაც სურს, უბრალოდ, დიდი რაოდენობით პორტატულ მოსასმენ აპარატურას შემოიტანს. ამ ყველაფერს საკანონმდებლო ბაზის გამკაცრება და სისტემური მიდგომა სჭირდება. რაღაცის ცალსახა აკრძალვით სასურველ შედეგს ვერ მიიღებ.