ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე პოსტს შეინარჩუნებს. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება მას მხარს უჭერს და თანანმდებობიდან მის გაშვებას გამორიცხავს.for.ge-ს ინფორმაციით, სპორტსმენებსა და კურტანიძეს შორის არსებული კონფლიქტის თაობაზე მსჯელობა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ დახურულ სხდომაზე გაიმართა, რომელიც დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
წყაროს ცნობით, ფრაქციის სხდომაზე, რომელსაც გია ვოლსკი უძღვებოდა, სპორტის კომიტეტის წევრმა, დეპუტატმა, შოთა ხაბარელმა ფედერაციაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და ლუკა კურტანიძე დაიცვა.
მისი ინფორმაციით, სხდომაზე ხაბარელმა აღნიშნა, რომ ლუკა კურტანიძეს ებრძვიან და მან პოსტი უნდა შეინარჩუნოს.
„ხაბარელმა აღნიშნა, რომ კურტანიძეს გვერდში უნდა დავუდგეთ და ის თანანმდებობიდან არ უნდა წავიდეს. როგორც ხაბარელმა თქვა, კურტანიძე ფედერაციას სამაგალითოდ უძღვება. ის ასევე აკონტროლებს ფინანსებს და მის მიმართ შავი პიარი არის აგორებული“, - განუცხადა for.ge-ს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.
აღსანიშნავია, რომ შოთა ხაბარელმა ლუკა კურტანიძე დეპუტატების წინაშე, ორი დღის წინ, ბიუროს სხდომის დაწყემდეც აქო და კანონმდებლებს მისი დაცვისკენ მოუწოდა.
ხაბარელმა განაცხადა, რომ კურტანიძე პოსტზე ოთხი წლის ვადით არის არჩეული და მისი თანანმდებობიდან წასვლა სპორტსმენებმა არ უნდა გადაწყვიტონ.
„თუ ახლა პრეცედენტს დავუშვებთ, რომ გადაწყვეტილება სპორტსმენებმა მიიღონ, სხვა ფედერაციებშიც იგივე პრობლემის წინაშე დავდგებით“, - მიმართა ბიუროს სხდომის დაწყებამდე თანაგუნდელებს ხაბარელმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, სპორტის სამინისტროში გამართული ჭიდაობის პრეზიდიუმის პარალელურად, სპორტსმენები ლუკა კურტანიძის პოსტიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. ისინი სკანდირებდნენ - „ნაძირალა“, „გაეთრიე აქედან, შე არაკაცო“. ამას გარდა, მოჭიდავეებმა კურტანიძეს სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს და კვერცხები ესროლეს.