აჭარის მთავრობის სახლის წინ მუსლიმანმა მორწმუნეებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დღესაც გამართეს. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია. ისინი ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასა და ქობულეთში მედრესეს გახსნას ითხოვენ. დაბა ხულოს მეჩეთის იმამის - ასლან აბაშიძის განცხადებით, 26 სექტემბერს აჭარის მთავრობის სახლთან მასშტაბური აქციის გამართვა იგეგმება.
ამავდროულად, მუსლიმანები აცხადებენ, რომ ქობულეთის სკოლა-პანსიონში ოთხი მოსწავლე იმყოფება და მათ საკვებით უზრუნველყოფა სჭირდებათ. ამიტომ ისინი მთავრობას უსაფრთხოების გარანტიებს სთხოვენ, რათა პანსიონში შესვლის დროს ადგილობრივებთან დაპირისპირება თავიდან აიცილონ.
პარალელურად, ქობულეთში საპროტესტო აქციას მართავს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ქობულეთში მუსლიმანური სასწავლებლის გახსნას ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ მუსლიმანური პანსიონი თურქულ ექსპანსიას ემსახურება, სადაც ბავშვები თურქული გავლენით იზრდებიან. ამიტომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მორიგეობას განაგრძობენ, თანაც, კატეგორიულად აცხადებენ, თუ ქართული სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ქართველებით კომპაქტურად დასახლებულ უბანში მუსლიმანებს პანსიონის გახსნის უფლება აქვთ, მაშინ ყველანი დატოვებენ ამ ადგილებს.
ცოტა ხნის წინ ქობულეთის მკვიდრმა თამაზ გოგიბერიძემ For.ge-ს სთხოვა, ეშუამდგომლა მუფტთან, ჯემალ პაქსაძესთან, რათა მუფტი მას სახლში, დავით აღმაშენებლის 626 ნომერში სწვეოდა, სადაც მას დოკუმენტურად გააცნობდა აჭარის რეალურ ისტორიას.
For.ge-მ თამაზ გოგიბერიძის თხოვნა ჯემალ პაქსაძეს გადასცა და იმითაც დაინტერესდა, რას ფიქრობდა იგი, თუკი აჭარლები საკუთარ რეალურ ისტორიას ჩაუღრმავდებოდნენ და მიხვდებონენ, რომ გამუსლიმანება აჭარლების არჩევანი არ ყოფილა. მართალია, მათ არავინ უკრძალავდა მუსლიმანობას, მაგრამ იმ ფონზე, როცა უწმინდესის ნათქვამის არ იყოს, საქართველოში 300-ზე მეტი მეჩეთია და არცერთი ქართული სალოცავი თურქეთში არ არის, ხომ არ ფიქრობს, რომ მავანთ ქართველი მუსლიმანების გულწრფელი გრძნობის გამოყენება სურთ თავიანთი ექსპანსიური მიზნების მისაღწევად?!
For.ge-სთან აღნიშნულ თემაზე საუბრისას სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე აცხადებს, რომ მუსლიმანთა მასშტაბური აქციის შესახებ არაფერი სმენია და, უფრო მეტიც, პირადად იგი არასდროს ყოფილა აქციების მომხრე, ყოველთვის დიალოგის რეჟიმს არჩევდა, სადაც ქვეყნისა და ხალხისთვის საკეთილდღეო საკითხები წყდებოდა.
რაც შეეხება მოსაზრებას, რომ უცხო ქვეყნის ექსპანსიის ასაცილებლად, ხომ არ ჯობდა აჭარლებს თავიანთი კუთხის გამუსლიმანების შესახებ რეალური ისტორია გავუღრმავოთ, ჯემალ პაქსაძე მიიჩნევს, რომ ქართველი მუსლიმანებისთვის ყურანი ყველაზე დიდი მწერლის, ილია ჭავჭავაძის თაოსნობით ითარგმნა, რათა მათ კიდევ ერთხელ გაეცნოთ, რა იყო წმინდა რელიგია.
„არც მართლმადიდებლობა და არც ისლამი - ეს არ არის ჩვენი ქვეყნის რელიგია, ორივე სათავეს იღებს უცხოეთიდან. ქართველი მუსლიმანები კარგად ვაცნობიერებთ, რომ რომელიმე მეზობელი ქვეყნის რელიგიას კი არ ვატარებთ, არამედ ჩვენ ვართ ძირძველი ქართველები. ჩვენი ბაბუების დაცულია აჭარა და, პირიქით, აჭარა რომ დედასამშობლოსთან შეერთებულიყო, ჩვენმა ქართველმა მუსლიმანებმა დაიცვეს. ერთ გოჯ ქართულ მიწასაც არავის დავუთმობთ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ქართული ინტერესი, სულისკვეთება თითოეული ქართველი მუსლიმანის დასაცავია. ვაფასებთ არა მარტო საქართველოს პატრიარქს, არამედ მართლმადიდებლურ რელიგიასაც. მივესალმებით, რომ საქართველოს სურს თურქეთში ტაძრების აგება და ქართული ძეგლებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭება. ეს ჩვენი ძირძველი ტერიტორია, ჩვენი მიწა-წყალია და მართლმადიდებლების თუ ქართველი მუსლიმანების საერთო ინტერესს წარმოადგენს. საერთაშორისო და ჩვენი კონსტიტუციის სამართალი უფლებას აძლევს ადამიანს, ჰქონდეს სიტყვის, აზრისა და რელიგიის სრული თავისუფლება. ჩვენ ვართ ეროვნებით ქართველები, ხოლო აღმსარებლობით - მუსლიმანები. ამიტომ მეჩეთის, მუსლიმანური პანსიონის ან ნებისმიერი საკულტო ნაგებობის მშენებლობა უნდა წყდებოდეს სამუფტოს საჭიროების მიხედვით. მეჩეთის აშენების საჭიროება კი მუსლიმანებს დღეს ნამდვილად აქვთ, მაგრამ ჩვენ გვინდა ეს ქართული წყაროთი დაფინანსდეს. ჩვენი ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს გვერდში დგომით ავაშენოთ მეჩეთი“, - აცხადებს ჯემალ პაქსაძე.
როცა მას შევახსენეთ, რომ ტრადიციულად ქართველი გაიგივებული იყო მართლმადიდებლობასთან და აჭარელ მუსლიმანებშიც დღემდეა შემორჩენილი ეს ფესვები - ჭადზე ჯვრის გამოსახვის ტრადიცია, ჯემალ პაქსაძემ აღნიშნა, რომ ხიმშიაშვილები, მიქელაძეები, ბეჟანიძეები, - ბევრი ქართველი მუსლიმანი მოღვაწეობდა საქართველოსთვის. უფრო მეტიც, ქალაქ ბათუმის ცენტრალური მეჩეთი ხიმშიაშვილის სახელობისაა. თუმცა აქვე მან განმარტა, რომ ქართველი მუსლიმანების მღელვარების თემატიკა არ უნდა გამოიყენოს იმ ძალამ, რომელსაც კიდევ ერთხელ სურს რაღაც ქმედება განახორციელოს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ.
„ამიტომ ჩვენ ნაბიჯს არ ვდგამთ, ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და ველოდებით მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ ეს საჭირბოროტო საკითხები ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოგვარდეს. ღმერთისა და კანონის მორჩილები ვართ. ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესის, უსა ფრთხოების შელახვისგან. პირადად ჩემი მოწოდებაა, სიყვარულითა და ძმობით გვიცხოვრია და კვლავაც ასე უნდა ვიცხოვროთ, არ უნდა მივცეთ რაღაც ძალებს იმის საშუალება, რომ ქვეყანაში შექმნან შუღლი“.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მერაბ აბაშიძე For.ge-სთან საუბრისას არ გამორიცხავს, რომ რელიგიური დაპირისპირების მცდელობა აჭარაში ვინმეს მიერ იყოს მართული. ამიტომ მერაბ აბაშიძე მზადაა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატ თემურ კახიძესთან ერთად შეხვდეს მუსლიმანებს, რათა ოქროს შუალედი გამოინახოს.
„ძალზე სენსიტიური თემაა. როცა საუბარია ჩვენს სუნიტ მუსლიმან ძმებზე, აუცილებელია, უფრო ღრმად ისტორიაში წვდომა და მოსაძიებელია ის მომენტი, ხომ არ არის აქ ვინმეს ზედმეტი ინტერესები. თუ ჩვენს მუსლიმან ძმებს სჭირდებათ სამლოცველოები, ეს აუცილებლად უნდა აშენდეს, ოღონდ ვერანაირად ვერ გავიზიარებ აზრს, რომ ეს არაბმა, თურქმა ან ვინმე სხვამ ააშენოს. ჩვენ თვითონ უნდა ავაშენოთ ეს სამლოცველოები. საკმაოდ მძიმე ფაქტი მოხდა ქობულეთში- მუსლიმანურ პანსიონზე ღორის თავის ჩამოკიდება. მესმის, ესპანეთშიც მოხდა ანალოგიური შემთხვევა, მაგრამ რაღა მაინცდამაინც ევროპიდან ვიწყებთ ცუდი რამის გადმოღებას? ნამდვილად ტოლერანტული ქვეყანა ვართ. ჩემი დიდი ბაბუა-ბებიები, ყველანი მუსლიმანები იყვნენ, მაგრამ დღემდე შემორჩენილია, რომ როცა მუსლიმანი ქართველები ჭადს აცხობენ, ჯვარს უსვამენ ხოლმე. თითქოს ჭადი ოთხად ადვილად ტყდებაო, მაგრამ ეს ვიღაცის თვალის ასახვევად იყო. სინამდვილეში, ეს იყო სიმბოლო. ამიტომ უფრო მტკიცე პოზიცია უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას. სიმტკიცე ნიშნავს პრობლემის ღრმად წვდომას, იმ ადამიანების აზრის გაზიარებას, საუბარს, მათ ჩვენი არგუმენტებიც უნდა გავაცნოთ. ძალიან მძიმე სიტუაციაა დედამიწაზე. მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა და პლანეტის არსებობის მოდელი შეიმუშავეს სტალინმა, ჩერჩილმა და რუზველტმა, ეს მოდელი უკვე აღარ მუშაობს. ნახევარი საუკუნეა, რაც პლანეტაზე ომი აღარ ყოფილა. ზოგადად, კაცობრიობას ახასიათებს ხოლმე ბრძოლა, მოძრაობა, ამიტომ რთული პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში. გადაჭამეს ღარიბაშვილ-მარგველაშვილის ურთიერთობით, არადა, ეს მეასედი პრობლემაა, უპირველესია, რომ ჩვენ არ ვიცით, რა ხდება ერაყში, ირანში. არ ვიცით, რა მოხდება, როგორც კი ამერიკის ჯარები გავლენ ავღანეთიდან. ამიტომაც გამიჩნდა ეჭვი, ხომ არ არის აჭარაში მიმდინარე პროცესები მართული?!“- აცხადებს მერაბ აბაშიძე.
მისივე თქმით, საქართველოში ოთხი დიდი რელიგიური გავლენაა - მართლმადიდებლური ეკლესიის, სუნიტური თურქული სამუსლიმანოს გავლენა, ასევე, ქვემო ქართლში შიიტური (ირანი, ერაყი) გავლენა და გრიგორიანული ეკლესიის სერიოზული გავლენაა. ოთხი სხვადასხვა ეკლესიის სერიოზული გავლენა შეიძლება, ერთგვარ მინუსად ჩაითვალოს, მაგრამ, ამავდროულად, ეს უნდა გამოვიყენოთ დადებით კონტექსტში სიტუაციის დასაბალანსებლად.
***
და ბოლოს, პარალელები ისტორიიდან აშკარაა. რა თქმა უნდა, აჭარის მკვიდრ ქართველებს, უფლება აქვთ თავიანთი რელიგიური მრწამსი ჰქონდეთ, მაგრამ გასულ საუკუნეებშიც იყო მცდელობა, რომ აჭარელი მუსლიმანების გულიბრყვილო, გულწრფელი რელიგიური გრძნობები კონკრეტული ქვეყნის ექსპანსიას მომსახურებოდა. ამიტომ საჭირო იყო აჭარელი მუსლიმანი ქართველებისთვის იმის შეხსენება, რომ სასტიკი სისხლისღვრით მოხდა მათი წინაპრების გამუსლიმანება და სპარსეთსაც კი არ გამოუჩენია ისეთი სისატიკე, რასაც ოსმალები იჩენდნენ.
კერძოდ, აჭარის დიდი გულშემატკივარი, საზოგადო მოღვაწე ზაქარია ჭიჭინაძე 1931 წლის მიწურულს ქართველ მწერალს- იოსებ იმედაშვილის ანდერძად უბარებდა: „აჭარელ აბაშიძეებსა და მუსლიმან ქართველებს ეტყვი, რომ ისინი ქართველები არიან და დედასამშობლო საქართველოს არ უღალატონ, საქართველოს კალთა მაგრა დაიჭირონ, რომ ჩვენი სამშობლო ისევ აღორძინდეს, როგორც თამარის დროს იყო“.
მანამდე კი, 1890 წელს აჭარაში მცირე დროით ჩასვლისას ზაქარია ჭიჭინაძემ 280-მდე სოფელი მოინახულა და ყველაზე მეტი სითბო უსამართლოდ დაჩაგრულ ქართველ მაჰმადიანებს დაუტოვა, გააცნო თავიანთი ისტორია და ავბედითი ყოფა. სოფელ ქოხათთან ერთ მაღალ მთაზე მას ოთხარშინიანი თლილი ქვის სახრჩობელა უნახავს, რომელიც „ოსმალებს იმ დროს აღუმართავთ, როცა ხალხს გამუსლიმანება დაუწყეს. ვინც გამუსლიმანებაზე უარს იტყოდა, ჯაჭვით აბამდნენ, თუ ვერ გასტეხდნენ, ახრჩობდნენ. ასე და ამგვარად, აქ ბევრი ქართველობა დახოცილა, ბევრი წამებულა, მოწამეობის გვირგვინით შემკობილა და სახრჩობელასაც გმირულად მიჰგებებია. ახლა წმინდად იცავენო თავის ქართველობას“, - ვკითხულობთ მის მოგონებებში.