გამოცემა vox.com მიხეილ სააკაშვილის შესახებ „ნიუ-იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიას განიხილავს და წერს, რომ საქართველოში ექსპორტისათვის არასაკმარისი დემოკრატია აღმოჩნდა. „მისი მთავრობა ასევე დევნიდა დამოუკიდებელ მედიას და სააბოლოდ შეაჩერა ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიების მაუწყებლობა“, -ნათქვამია პუბლიკაციაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის ადმინისტრაცია პოლიტოლოგებმა სტივენ ლევიცკიმ და ლუკან ვეიმ დაახასიათეს როგორც ,,კონკურენტული ავტორიტარიზმის“ მაგალითი - მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა თანამდებობა არაძალადობრივი ,,ვარდების რევოლუციის“ შედეგად დაიკავა.
„მისი მთავრობა არც ისე დემოკრატიული იყო, პირიქით, სააკაშვილმა სასამართლო სისტემა თავისი მოკავშირეებით დააკომპლექტა და დააპატიმრა თავისი კრიტიკოსები (რომელთაგან ზოგიერთს ბრალი დასდეს ქვეყნის ღალატში). მისი მთავრობა ასევე დევნიდა დამოუკიდებელ მედიას და სააბოლოდ შეაჩერა ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიების მაუწყებლობა. სააკაშვილის ხელმეორე საარჩევნო კამპანია 2008 წელს, როგორც ლევიცკი და ვეი აღნიშნავენ, ,,შეილახა სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებით, მედიის მიკერძოებით, ოპოზიციის მხარდამჭერთა დევნითა და დაშინებით",- წერს სტატიის ავტორი.
პუბლიკაციის მიხედვით, 2008 წელს,, მიხეილ სააკაშვილის ძალისხმევა დაებრუნებინა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - მარცხით დამთავრდა.
„მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური მიმომხილველის, ჯეისონ ჰოროვიცის სტატია, ერთი შეხედვით, ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის დაბრუნების გეგმებს ეხება, საბოლოოდ ავტორი თავისი სტატიის უდიდეს ნაწილს ნიუ-იორკის ღამის ცხოვრებაზე ყოფილი პრეზიდენტის შეხედულებებს უთმობს.
შედეგად, სტატიაში ვერ ვხედავთ პრობლემებით სავსე და პუტინის რუსეთთან ომის შედეგად დაზარალებული საქართველოს მომავლის სიღრმისეულ ხედვას. მეორე მხრივ, სტატიაში არის ფარული მინიშნება, რომ სააკაშვილს დაუყოვნებლივ უნდა დაეთმოს „რეალითი შოუ“.
უფრო სიღრმისეულ პოლიტიკურ პროფილს, ალბათ, ამაოდ შეეწირა ძვირფასი აბზაცები იმის ახსნა-განმარტებისთვის, რომ ,,პოლიტიკური მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქცია“ იყო ის პერიოდი, როცა ათიათასობით ადამიანი რამდენიმე თვის განმავლობაში ქუჩებში იყო გამოსული — და რომ ,,რეპრესიები" თავისთავად მოიცავდა არა მხოლოდ თვით საპროტესტო გამოსვლების დარბევას, არამედ ასევე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, რომელმაც, სხვა შეზღუდვებთან ერთად, დახურა ყველა კერძო ტელემაუწყებლობა.
სტატიაში შეიძლებოდა Human Rights Watch-ის ანგარიშის ციტირება, რომელმაც დაგმო საქართველოს მთავრობა საპროტესტო აქციების ძალადობრივი, სასტიკი დარბევისა და განსხვავებული პოლიტიკური აზრის დევნის გამო“,- წერს სტატიის ავტორი.
გამოცემა ტაფტის უნივერსიტეტის მიერ ექს-პრეზიდენტისთვის თანამშრომლობაზე უარის შესახებაც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს: „სამსახურის პოვნა ბრძოლის ტოლფასი აღმოჩნდა სააკაშვილისთვის, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ამერიკელი დამქირავებლები უსაფუძვლოდ მგრძნობიარენი არიან ისეთი უმნიშვნელო პირადი საკითხების მიმართ, როგორიცაა ,,კორუფციაში დადანაშაულება".
სტატიის ბოლოს აღნიშნულია, რომ სააკაშვილის პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში, ციხის ოფიციალური პირები ვიდეოფირზე გადაიღეს ,,პატიმართა ერთიმეორის მიყოლებით წამების, დაცინვისა და მათზე სექსუალური ძალადობისა, ცოცხის ტარის გამოყენებით გაუკუღმართებული სექსუალური ძალადობისას."
„ხელმისაწვდომი მტკიცებულებები გვეუბნება, რომ პასუხისმგებლობა ამ სასტიკი ძალადობისათვის, მიდის სახელმწიფო ხელისუფლების მაღალ ეშელონებამდე. როგორც ჩარლზ ფეირბანკსმა აღნიშნა ,,ატლანტიკაში“ ამ სკანდალის გამომჟღავნების შემდეგ, პენიტენციარული სისტემის ხელმძღვანელის მოადგილე ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი იყო, რომელიც რეალურად გადაღებულ იქნა პატიმართა მიმართ განხორციელებული ძალადობის დროს“,- ნათქვამია პუბლიკაციაში.
http://www.vox.com/2014/9/21/6549209/saakashvili-georgia-president-brooklyn-williamsburg-human-rights