„მოდელირებული ქრონიკა“ - ამჟამად ეკა კვესიტაძის ავტორობით

„მოდელირებული ქრონიკა“ - ამჟამად ეკა კვესიტაძის ავტორობით

„ფრთხილად კვესიტაძევ, თორემ სასამართლოში მოგთხოვენ პასუხს!“ - ასეთნაირად ეხმიანება დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ეკა კვესიტაძის გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებს“, სადაც ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებულ აუდიოჩანაწერებზე დაყრდნობით, კვესიტაძე შეეცადა, დაერწმუნებინა აუდიტორია, რომ ციხეებში კრიმინალური ავტორიტეტების გავლენა დაბრუნდა და ისინი მართავენ სიტუაციას, როგორც ციხის გარეთ, ისე-შიგნით.

კონკრეტულად, ეკა კვესიტაძე აცხადებს, რომ კანონიერი ქურდები და კრიმინალური ავტორიტეტები სტაციონარული სატელეფონო აპარატებიდან თავისუფლებაზე მყოფ თანამზრახველებს უკავშირდებიან და საუბრობენ „ობშჩიაკის“ აკრეფაზე, გადარიცხვებზე, ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე ციხის შიგნით და გარეთ. კვესიტაძის თქმით, უმრავლეს შემთხვევაში, სატელეფონო კონფერენციების კოორდინაცია ერთი ცენტრიდან- ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან ხორციელდება, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდები - ტარიელ ფოცხვერია (მეტსახელად ტარასა) და სპარტაკ ჯაფარიძე იხდიან სასჯელს. ისინი აიძულებენ პატიმრებს, მათთან კონტაქტზე გავიდნენ.

აღნიშნული გადაცემის შეფასებისას ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს „მოდელირებული ქრონიკა“ ახსენდება. For.ge-სთან საუბარში იგი აცხადებს, რომ კვესიტაძის გადაცემაში ნაციონალების დროინდელი კადრები და აუდიოჩანაწერებია გამოყენებული.

„ეს გადაცემა „მოდელირებული ქრონიკის“ შინაარსისაა და ზუსტად იმავე მიზანს ემსახურება, რომ ადამიანები დააშინონ. კვესიტაძის მიერ ყველაფრის თავმოყრა, ამონარიდების გაკეთება საზოგადოების დათრგუნვისთვისაა, თორემ სასჯელაღსრულებაში არსებულ პრობლემებზე არავინ ჩუმდება. ამ გადაცემისთვის გამოყენებული ტარიელ ფოცხვერიას ფოტო ძველია. ამ ადამიანს ოთხი წლის წინ გაუკეთდა ოპერაცია და ხორხი ამოღებული აქვს. დეფორმირებულია მთელი მისი ყელი. დღეს ადამიანი უმძიმეს მდგომარეობაშია, ონკოლოგიურ საავადმყოფოში კიბოს მეოთხე სტადიით წევს. წარმოიდგინეთ, მორალურად და ადამიანურად რას ნიშნავს, როცა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი უყურებს ამ ყველაფერს. დანარჩენი პატიმრების და ე.წ. მაყურებლების საუბრის აუდიოჩანაწერებს რაც შეეხება, ერთ-ერთი პირი ამბობს, ნაციონალების მერე მდგომარეობა გაუმჯობესდაო. განა ამაში ეჭვი ვინმეს ეპარება? ციხე რომ ნაციონალების წასვლის მერე ადამიანური გახდა, განა ეს არარეალურია? იქ არის ხარვეზები, მაგრამ აღარ არის ტანჯვა-წამება, შეურაცხყოფა, ადამიანის გათელვა. ის, რომ ნაციონალების დროის დაბრუნება არავის უნდა, ესეც ხომ რეალობაა?! მეც იმავე ტექსტს ვიტყოდი, რასაც პატიმარი ამბობს, ნაციონალები რომ დაბრუნდნენ, ერთ ქვას მეც ვიპოვიო“, -აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი.

იგი ეჭვობს, რომ მსგავსი სიუჟეტები საეჭვოდ ემთხვევა ტარიელ ფოცხვერიას სასამართლო პროცესს და, როგორც წესი, ერთ-ორი დღით ასწრებს ამ პროცესებს, რომელზეც ტარიელ ფოცხვერია მძიმე ავადმყოფობის გამო ვერ ცხადდება.

უფრო მეტიც, მაია ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ აუდიოჩანაწერების ხმები, რაც კვესიტაძემ გამოიყენა, იდენტიფიცირებული არ არის. შესამოწმებელია სხვა ჩანაწერებიც, შეიცავს თუ არა ეს ჩანაწერები იმას, რაც ადამიანის დათრგუნვას ემსახურება.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ექსპერტი ფიქრობს, რომ ამ ჩანაწერების გამო ტარიელ ფოცხვერიას ადვოკატებმა უნდა უჩივლონ კვესიტაძეს, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოდელირებები დამთავრდეს.

„ჩვენ ვამბობთ, მოსმენები დამთავრდესო, ეს დაახლოებით ანალოგიური რამაა. ანონიმური წყაროთი მიღებული ჩანაწერები დაახლოებით მოსმენების ტოლფასია. თანაც, როცა ამას საზოგადოების დასათრგუნად ინტერპრეტაციისთვის იყენებ. გამიჭირდება თქმა, ციხეს მართავს თუ არა ვინმე. უბრალოდ, ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში - მამაკაცების თუ ქალების საზოგადოებაში არსებობს ლიდერის ტიპი. ციხე არის დახურული სისტემა და გარეთ მხოლოდ ჭორები გამოდის“.

ტარიელ ფოცხვერიას ადვოკატი გოჩა გაგოშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეკა კვესიტაძეს ნაკლებად აინტერესებს, რა ხდება ციხეებში. უბრალოდ, მას აინტერესებს ის, რომ დააკნინოს დღევანდელი ხელისუფლება.

„ციხესთან მიმართებით ამ სიუჟეტს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია. ზოგი ჩანაწერი იყო 2011 წლის, ანუ ნაციონალების დროინდელი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პატიმარს, ტარიელ ფოცხვერიას რაც შეეხება, ვაცალოთ ადამიანს სიკვდილი, ეს ელემენტარულია მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე. იგი კიბოს მეოთხე სტადიაშია და, ალბათ, იმსჯელებს სასამართლო მის ავადმყოფობასთან მიმართებით. ნაკლებად მაინტერესებს კვესიტაძე, მას უნდა ბინძურ საქმეში ჩაგვითრიოს, მას ფოცხვერია საერთოდ არ აინტერესებს, დაერეკა და ეკითხა, ცოცხალია ეს ადამიანი?! კვესიტაძის გადაცემაში გახმიანებული საუბარი საერთოდ არ ყოფილა. თავის დროზე, როცა ტარიელ ფოცხვერია მეუღლესთან მისი კუთვნილი ვადით საუბრობდა ტელეფონზე, ხომ შეიძლებოდა, ის სატელეფონო საუბარი მაინც დაედოთ და შეედარებინათ?! ადამიანს ხმა არ აქვს და ამ დროს სატელეფონო საუბრების გამოა დაკავებული. ბრალდების მხარემ საქმეში რამდენიმე პირთან საუბარი ჩადო, ამ დროს მას ხმა, სამეტყველო აპარატი არ აქვს. უშუალოდ მოვითხოვე მეორე მხარის დაკითხვა, ვისაც ის „ესაუბრებოდა“, თუმცა ეს არ მომხდარა. უბრალოდ, პროკურატურამ ხმები დაყარა, რომ დიდი ფული იკრიბებოდა მოსამართლეზე გადასაცემად, შეეშინდა მოსამართლე დალი მეტრეველს, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, არ უნდოდა, თავი ვინმეს წინაშე ემართლებინა და იმიტომ მიუსაჯა ტარიელ ფოცხვერიას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა“, - გვითხრა გოჩა გაგოშიძემ.

მისი თქმით, კვესიტაძის გადაცემა შაბათს იყო და იმის გამო, რომ შაბათ-კვირას პატიმართან შეხვედრის უფლება ადვოკატს არ აქვს, იგი ტარიელ ფოცხვერიას ვერ შეხვდა. შესაბამისად, არ იცის მისი აზრი აღნიშნული აუდიოფაილების შესახებ. უბრალოდ, ადვოკატს მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ ციხეში არის ბაკჰანალია და ვინ რას აკონტროლებს, კაცმა არ იცის.

კონკრეტულად, ადვოკატის თქმით, მე-18 დაწესებულებასთან მიიყვანეს ვინმე ჭაღარა პიროვნება, ტარიელ ფოცხვერიას აღნაგობით, მისი მსგავსი ჯოხით, სპორტულები ჩააცვეს და ბადრაგის 20 თანამშრომელი დაუყენეს. პატიმრებმა როცა იკითხეს, 20 ბადრაგი რად უნდა, ვინ არის ასეთი დაკავებულიო, უთხრეს, ეს ფოცხვერიააო.

„ეს მოხდა ათი დღის წინ, მოტრიალდა და თურმე იქიდან დაუძახა „ფოცხვერიამ“, დაწყნარდით ციხეში, ჭკუაზე იყავითო. ამიტომ ამის ანალიზი მკითხველისთვის მიმინდვია. წელიწადია, ადამიანი პალატიდან ვერ გამოდის, ოთხ კვადრატშია, თავზე ადგას 12 თანამშრომელი და ვის სჭირდებოდა ამის გაკეთება?! ვინ აკონტროლებს და ვინ არ აკონტროლებს ციხეს, თვითონაც ვერ გაუგიათ“, - აღნიშნა ადვოკატმა და ის ფაქტიც გაიხსენა, რომ ცოტა ხნის წინ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ მათ ერთი პროცესი მოიგეს, რადგან აღნიშნულმა ტელეკომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ფოცხვერიამ სკაიპით მონათლა ვიღაც ქურდად. ეს მაშინ, როცა კაცს ხმა არ აქვს.

„ყოფილი პოლიტპატიმები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ციხეებს ყოველთვის აკონტროლებდნენ კრიმინალური ავტორიტეტები. მართალია, ამჟამად პატიმრებს აღარ აწამებენ, მაგრამ ნაციონალების ცხრაწლიანმა მმართველობამ თავისი კვალი პატიმრებზეც დატოვა და მათ ჯანმრთელობა შეურყია. ამდენად, დაგროვილმა აგრესიამ ახლა ამოხეთქა. ამიტომ ნანა კაკაბაძის აზრით, აუცილებელია, მსჯავრდებულებს ფსიქოსარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდეთ.

უფლებადამცველ ლია მუხაშავრიას ეკა კვესიტაძის გადაცემის აუდიოჩანაწერის ავთენტურობაში ეჭვი შეაქვს და კანონიერი ქურდების თემას ცრუ აჟიოტაჟად აფასებს.