როდესაც ”აგენტ 007”-ის წიგნის ავტორი, იან ფლემინგი, თავისი ნაწარმოებისათვის მთავარი გმირის შექმნაზე ფიქრობდა, ყველა ის საინტერესო ადამიანი გაიხსენა, ვიზეც კი ოდესღაც წაუკითხავს და გაუგონია. იგი ასევე მისი ნაცნობების წრეშიც ეძიებდა გამორჩეულ პიროვნებებს. აი მაგალითად, სუპერჯაშუშმა სახელი ერთი ცნობილი ორნიტოლოგისაგან მიიღო, რომელსაც გამოცემული ჰქონდა ნაშრომი, თემაზე ”დასავლეთ ინდოეთის ჩიტები”. ამ წიგნს ბევრი მკვლევარი საუკეთესო სახელმძღვანელოდ მიიჩნევს, როდესაც საქმე კარიბის რეგიონის ფრინველებს შეეხება.
მოკლედ, როგორც ალბათ მიხვდით, ამ ორნიტოლოგს ჯეიმს ბონდი ერქვა. მანერები კი აგენტმა რეალურ ცხოვრებაში მოღვაწე ჯაშუშებისაგან აითვისა, ესენი იყვნენ - სიდნი რეილი და უილიამ სტეპენსონი. ხოლო, გამომდინარე იქიდან, რომ თავად ფლემინგი ბრიტანეთის საზღვაო დაზვერვაში მუშაობდა, მის გმირს სხვა ნაკლებად ცნობილი ჯაშუშების ზნე-ჩვეულებებიც აქვს ათვისებული.
საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი, ”აგენტი 007” არასოდეს დაიწერებოდა, იან ფლემინგი თავის ბოსსთან რომ არ მორიგებულიყო. საქმე ისაა, რომ როდესაც მწერალი კომპანია ”კემსლი ნიუსფეიფერ”-ში გადავიდა სამუშაოდ, მან უფროსს მოთხოვნა წაუყენა, რომ წელიწადში ერთხელ, 2-თვიან შვებულებას მიიღებდა.
მისი ეს მოთხოვნა ხელმძღვანელობამ დააკმაყოფილა და 1953-დან 1964 წლამდე, ფლემინგი საზაფხულო არდადეგებს იწყობდა, მთელი ამ დროის განმავლობაში კი რაღა თქმა უნდა ”ბონდიანას” ახალ-ახალ ნოველებს ქმნიდა. როგორც წესი, იანი თავის მამულში მოღვაწეობდა, ამ მამულის სახელწოდება კი არც მეტი არც ნაკლები, ”ოქროს თვალი” გახლავთ (”Golden Eye”).