„არ გვსურს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობიდან ლუკა კურტანიძის წასვლა გაგდებითი ფორმით მოხდეს“

„არ გვსურს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობიდან ლუკა კურტანიძის წასვლა გაგდებითი ფორმით მოხდეს“

კვერცხები, სირცხვილის დერეფანი და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. სპორტის სამინისტროში გამართული ჭიდაობის პრეზიდიუმის პარალელურად, სპორტსმენები ლუკა კურტანიძის პოსტიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. ისინი სკანდირებდნენ - „ნაძირალა“, „გაეთრიე აქედან, შე არაკაცო“.

ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ლევან თედიაშვილი პირადად შეხვდა ლუკა კურტანიძეს და დათმობისკენ მოუწოდა, თუმცა მისგან პასუხი არ მიუღია.

„განა რა იშოვება ფედერაციაში ასეთი, რომ ამად ღირს?! არავის უნდიხარ და თავი შეაჯავრე. უნდა ჩატარდეს არჩევნები და აირჩეს ის პიროვნება, ვინც მოჭიდავეებს უნდათ. მან კი, პირველ რიგში, ბოდიში უნდა მოუხადოს სპორტსმენებს“, - განაცხადა თედიაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი სოსო ჯაჭვლიანი სპორტის სამინისტროსთან, მოვლენათა ეპიცენტრში მივიდა. შენობაში შესვლამდე დეპუტატმა ვითარებაში გარკვევა და სპორტსმენებთან გასაუბრება სცადა და აღნიშნა, „პოლიტიკურად არ გამიგოთ, მაგრამ ასეთ რამეს სააკაშვილის დროს ვერავინ გაბედავდა“, - რაზეც სპორტსმენებისგან პასუხად მიიღო, რომ ის მთავრობა მოჭიდავეებს ამას არ აკადრებდა.

სპორტსმენები მიიჩნევენ, რომ ლუკა კურტანიძე ძალიან დიდი წარსულის მქონე მოჭიდავეა, მაგრამ მისი ხასიათიდან გამომდინარე, რთულია რამის თქმა.

მოჭიდავეთა უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ლუკა კურტანიძის მიერ დაანონსებული საკადრო ცვლილებებია. მას შემდეგ, რაც ლუკა კურტანიძემ მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო შედეგები შეაჯამა, გადაწყვიტა, რომ როგორც ბერძნულ-რომაული, ისე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამწვრთვნელო შტატებში ცვლილებები განეხორციელებინა. კონკრეტულად, ბეგი დარჩიას და რევაზ მინდორაშვილს მთავარი მწვრთნელის პოსტი უნდა დაეტოვებინათ. ამის გამო გასულ კვირას სპორტსმენებმა ლუკა კურტანიძეს კაბინეტის კარი აუჭედეს.

დღევანდელი დაპირისპირების შემდეგ კი, ლუკა კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად მაინც დარჩა. თანამდებობაზე რჩებიან ის მწვრთნელებიც, რომელთა გათავისუფლებასაც ლუკა კურტანიძე აპირებდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ჭიდაობის ფედერაციაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ჭიდაობის ფედერაციას ზედამხედველობას სამეთვალყურეო საბჭო გაუწევს.

„გაიტანეთ კურტანიძე, სანამ ფიზიკური დაპირისპირება და ვიღაც მსხვერპლი არ გამხდარა“, - აცხადებს ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი რამაზ ნოზაძე. For.ge-სთან საუბარში რამაზ ნოზაძე განმარტავს, რომ ლუკა კურტანიძის ადგილას სხვა კაცი მაშინვე გადადგებოდა, როგორც კი მას კაბინეტის კარი აუჭედეს.

„აქ არ ვიყავი, დამირეკეს ბიჭებმა და მითხრეს, ჭიდაობის ფედერაციაში რაც ხდებოდა. ჩამოვედი და გვერდში დავუდექი მოჭიდავეებს. არ მოსწონთ ეს კაცი და ძალით უნდა იყოს თანამდებობაზე? არ გვინდა საქართველოს ნაკრები? ასე ვერ ვასახელებთ საქართველოს. გული მტკივა, რომ შედეგი არ გვაქვს. მის ხელში ჭიდაობას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. უახლოეს მომავალში პრეზიდიუმი შედგება და უნდა დატოვოს პოსტი, თორემ ბიჭები ამბობენ, აღარ შევალთ ფედერაციაში და აღარ ვივარჯიშებთო. მე პირადად არ ვცნობ ამ პიროვნებას ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე და მთლიანი ნაკრებიც ამავე აზრისაა“, - აცხადებს რამაზ ნოზაძე და ლუკა კურტანიძის თანამედებობაზე დანიშვნის პირველ დღეებსაც იხსენებს, როცა კურტანიძემ კონფლიქტი მოაწყო და ვეტერანი მოჭიდავე სცემა. ამდენად, მისი თქმით, სპორტსმენებში ბრაზი დაგროვდა და ახლა იმპულსურად ამოხეთქა.

ქართული სპორტის ლეგენდამ, ვეტერანმა მოჭიდავემ დავით გობეჯიშვილმა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდუმის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. გამოსვლისას მან აღნიშნა, „დავით გობეჯიშვილს არ ეკადრება იმ ოჯახში ყოფნა, რომლის ხელმძღვანელიც ელდარ კურტანიძეა“. For.ge-სთან საუბარში დავით გობეჯიშვილი აცხადებს, რომ გადადგომისკენ ლუკა კურტანიძეს ჭიდაობის მსოფლიო და ოლიმპიურმა ჩემპიონმა- ლევან თედიაშვილმაც მოუწოდა, თუმცა მანამდე იგი პირველი იყო, რომელმაც კურტანიძეს უთხრა, სადაც ლუკა კურტანიძე იქნებოდა, იქ მას არაფერი ესაქმებოდა.

„იმდენად აურ-დაურია ფედერაციაში ვითარება, რომ ჩათვალეთ, მაგის იქ გაჩერება ჭიდაობის დაღუპვის ტოლფასია. პრობლემა ძალიან ბევრია, მას პირში უთხრეს სათქმელი. რაც მაგას გაუკეთეს სპორტსმენებმა - კარები აუჭედეს, კვერცხები დაუშინეს, ნამუსიანი კაცი აუცილებლად თვითონვე გადადგებოდა, მაგრამ არა მგონია, თავად დააპიროს გადადგომა. ორივე ნაკრები მისი წინააღმდეგია. მისი შემცვლელი ძალიან ბევრი გვყავს ჭიდაობის ფედერაციაში. გამოსავალი ერთია, ჭიდაობის სამყარომ მას უნდა უთხრას - „წადი!“. არა მგონია, ჭიდაობის ფედერაციაში დასაყრდენი ჰყავდეს, ასეთი ადამიანი შეიძლება ერთი-ორი იყოს“.

ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი პარლამენტარი კახა გეწაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თავად ძალზე კარგი მდგომარეობა დატოვა ჭიდაობის ფედერაციაში (როგორც ფინანსური, ისე სპორტსმენთა მომზადების მხრივ) და მისთვის გაუგებარია, რა არის წარუმატებელი ჩემპიონატების მიზეზი ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში.

„რაც დღეს ხდება ჭიდაობის ფედერაციაში და როგორი მმართველობაცაა, არ ვარ ამ საქმეში გარკვეული. კარგად იცით, ფედერაციაში ლუკა კურტანიძის მისვლისთანავე მოხდა დაპირისპირებები, დამსახურებული ადამიანების, ვეტერანების წიხლქვეშ გაგდება. ეს თავიდანვე ცუდი ტონი იყო. შემდეგ უკვე ბიჭები გაიხლიჩნენ, რამდენიმე ჯგუფად დაიყვნენ და ერთმანეთში დაძაბულობა ჰქონდათ. ეს ცუდია ჭიდაობის ოჯახისთვის. ამდენი ხალხი ჩემს წინააღმდეგ რომ გამოსულიყო, არანაირი მორალური უფლება არ მექნებოდა, დავრჩენილიყავი ამ პოსტზე. ყველა საქმეს ცოდნა უნდა, თანამდებობაზე დაჯდომა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი თვითონ გაკეთდება“.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ იურიდიული კონსულტაციის გავლის შემდეგ ჭიდაობის ფედერაციამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რათა ყველაფერი ცივილური ფორმით მოხდეს.

„ჩვენ არ გვსურს, ლუკა კურტანიძის წასვლას გაგდებითი ფორმა მიეცეს. სპორტსმენების მოთხოვნაა, წავიდეს, თავი დაგვანებოს, რომ ვივარჯიშოთ, ჩვენი საქმე დაწყნარებულ გულზე ვაკეთოთ. თავის დროზე მოჭიდავეთა 90%-მა ლუკა კურტანიძეს ხმა მისცა. დღეს კი ეუბნებიან - „წადი!“ მწვრთვნელი სპორტსმენებისთვის, თითქმის, სულიერი მამაა, მისი გათავისუფლება სპორტსმენზე მოქმედებს. ბიჭები ამბობენ, რომ ხელოვნური ჩარევა და ხელშეშლა იყო. ისინი მიხვდნენ, რომ ფედერაციის პრეზიდენტისგან მოდიოდა ეს ყველაფერი. რომც დატოვონ, არ იმუშავებენ მწვრთვნელები მის ხელში. იქნებ, მოიძებნოს ისეთი ადამიანი, რომელიც ყველასთან შევა ურთიერთობაში და ფინანსურ მხარესაც გამოასწორებს“, - აღნიშნა მანუჩარ კვირკველიამ.