ორდღიანი წვიმის შედეგად აჭარის რეგიონში ნალექი შეწყდა, თუმცა სინოპტიკოსების პროგნოზით, 23 სექტემბრის ღამეს აჭარაში ამინდი კვლავ გაუარესდება და მოსალოდნელია დიდი ოდენობით ნალექიც. ეს ახალ საფრთხეს უქმნის რეგიონს, რომელმაც 2-დღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად უზარმაზარი ზარალი მიიღო. დაზიანებულია როგორც სოფლების, ასევე ქალაქების, მათ შორის, ბათუმის ინფრასტრუქტურა.
„პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი იყო ჯგუფი. ამ ჯგუფში რამდენიმე სამინისტროა გაერთიანებული, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, შს სამინისტრო და კრიზისების მართვის ცენტრი. ჩვენი ჯგუფები ადგილზე არიან, ასევე გზების დეპარტამენტი მუშაობს. შეფასება, თუ რა ტიპის და რამხელა ზარალი იყო, ამაში ადგილობრივ მთავრობას დაეხმარებიან ჩვენი ჯგუფები. ტექნიკაც ადგილზეა მობილიზებული. დღეს ღამე ველოდებით ამინდის გაუარესებას და საკმაოდ დიდი ნალექია მოსალოდნელი“, - აღნიშნა დავით შავლიაშვილმა და დასძინა, რომ მოხდება ზარალის აღწერა, რის შემდეგაც მთავრობა განიხილავს, თუ რა სახის დახმარება შეიძლება გაეწიოთ დაზარალებულებს.
შაბათ-კვირას მოსულმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა კი რეგიონის თითქმის ყველა რაიონი დააზარალა. ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, რამდენიმე მონაკვეთზე დაზიანდა ბუნებრივი აირის მილები, მოგლეჯილია ხეები. ძლიერმა ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები.
20-21 სექტემბერს ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები და რამდენიმე უბანი დაიტბორა. დატბორილი იყო სარდაფები და პირველი სართულები. პრობლემები შეექმნათ პირველ სართულზე განლაგებული კომერციული ფართების მეპატრონეებს. დაზიანდა ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები. წვიმის შედეგად ხელვაჩაურსა და ქობულეთში მეწყრული მოვლენები დაფიქსირდა. ბათუმსა და ქობულეთში დაიტბორა ცენტრალური ქუჩები და გარეუბნები.
აჭარის მთავარ ქალაქში საოცარი წყალდიდობა იყო. მოსახლეობა ყველაფერს სანიაღვრე სისტემების გაუმართაობას აბრალებს. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.
„წყალდიდობა უხვმა ნალექმა გამოიწვია და არა გაუმართავმა სისტემამ“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ. მისივე ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც წყლის სისტემები მოწესრიგებულია, მძიმე სიტუაცია არ ყოფილა.
„პრობლემა შექმნა ქალაქის გარეუბნებმა, ბონი-გოროდის და თამარის დასახლებებში წარმოქმნილმა პრობლემებმა ქალაქში იჩინა თავი. ე.წ ჭაობის დასახლება კი ფერიის მთიდან წამოსულმა ნიაღვარმა დატბორა. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მესამე ფაზის განხორციელება 15-20 ოქტომბერს დაიწყება, შესაბამისად, მომავალი წლისთვის ბათუმში მსგავსი პრობლემები აღარ უნდა გვქონდეს“, - აღნიშნა ხაბაძემ.
მისი თქმით, ქალაქში ყველა კოლექტორი არის მზა მდგომარეობაში და ფუნქციონირებს. ერთადერთი რაც იყო, წყლის სისტემასთან დაკავშირებით, მეჯინისწყლის აუზების ნაწილში ტრანსფორმატორი გადაიწვა და ქალაქის ნაწილს წყლის მოწოდება შეუწყდა.
რაც შეეხება კომპენსაციების ნაწილს, მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ მეწყერის შედეგებს ოთხი გეოლოგი სწავლობს: „მიყენებული ზარალი დიდი იქნება. დავალება მიღებული აქვთ მუნიციპალიტეტებს და მდგომარეობას შეისწავლიან“, - აცხადებს ხაბაძე.
სტიქიით დაზარალებულ აჭარაში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილი ჩავიდა. მან ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მოინახულა 36 წლის ამირან სამნიძე, რომელიც მეწყრის ჩამოწოლის დროს დაშავდა.
„აქ იმიტომ მოვედით რომ მხარში ამოვუდგეთ აჭარის მთავრობას, აგრეთვე იმისთვის, რომ გვენახა, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები და ბუნებრივია, დაზარალებული მოქალაქეც მოვინახულეთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ სტიქია, ეს არის საერთო პრობლემა, რომელსაც მთავრობა ერთობლივი მუშაობით უნდა გაუმკლავდეს.
აჭარის სტრუქტურებმა რეგიონში უხვი ნალექის მიერ მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად აჭარის სამ მუნიციპალიტეტს ბათუმს, ხელვაჩაურსა და ქობულეთს 3 დღის განმავლობაში შეფერხებით მიეწოდებოდა სასმელი წყალი და ელექტროენერგია. ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში კი 13 ოჯახი დააზარალა მეწყრულმა პროცესებმა.
„წვიმებმა გამოიწვია მეწყერული მოვლენები ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. ხელვაჩაურში განსაკუთრებით დაზარალდა სოფელ ჩელტისა და ზანაქიძეების მოსახლეობა. მეწყერმა ამ სოფლებში 13 ოჯახი დააზარალა, ჩამოწოლილმა მიწის მასამ ჩაიყოლა ადგილობრივთა საკარმიდამო ნაკვეთები და ეზოების საყრდენი კედლები.
ასევე მეწყერსაშიში მდგომარეობა შეიქმნა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფლებში ხალასა და ჩაქვის მე-7 რაიონებში, დაიმეწყრა შიდა სასოფლო გზები, თუმცა გუშინ საღამოს უკვე ყველა გზა იყო გაწმენდილი. შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ მთელი ღამისა და დღის განმავლობაში. ამ მომენტისთვის შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე ხდება სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა და დატბორილი შენობებიდან წყლის ამოტუმბვა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ხელვაჩაურის გამგებლის მოადგილის ნოდარ ხალვაშის თქმით, ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწოლილმა მიწის მასამ სოფლის სასაფლაოს კედელი დააზიანა, ხოლო ერთი საფლავი მეწყერმა ჩაიტანა, თუმცა ჭირისუფალმა სასაფლაოს აღდგენა მოახერხა.