მიწების გასხვისების წესი შეიცვალა

მიწების გასხვისების წესი შეიცვალა

მთავრობამ უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების ახალი წესები დაამტკიცა. ცვლილებათა პაკეტის ნაწილის მიმართ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს შენიშვნები აქვს და მათ არაკონსტიტუციურს უწოდებს. ამ ცვლილების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწებს საქართველოში ვეღარ შეისყიდის უცხოეთში დაფუძნებული კომპანია ან სხვა იურიდიული პირი.

როგორც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება უცხოელ ფიზიკურ პირზე ან უცხოურ კომპანიაზე, თუნდაც ის საქართველოში იყოს დაფუძნებული, ვერ მოხდება საქართველოს საზღვრის მიმდებარე ხუთკილომეტრიან ზოლში და მთავრობის მიერ დადგენილ შესაბამის ზონაში. სასაზღვრო ზოლსა და ამგვარ ზონებში ვერც ერთი ფიზიკური პირი ან უცხოური კომპანია სასოფლო-სამეურნეო მიწას ვერ შეისყიდეს. სამაგიეროდ, უცხოელი, რომელიც მემკვიდრეობით მიიღებს სასოფლო მიწას, შეიძლება, გახდეს ამ მიწის მესაკუთრე.

წულუკიანის თქმით, ეს ცვლილება ბევრ ჩვენ თანამემამულეს, რომელმაც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და დღეს უცხოელად ითვლება, საშუალებას მისცემს, წინაპრების მიერ მემკვიდრეობით დატოვებული სასოფლო-სამეურნეო მიწები საკუთრებაში მიიღონ.

შერეული ქორწინების შემთხვევაში კი, როდესაც საქართველოს მოქალაქე არის ერთი მეუღლე, ხოლო მეორე მეუღლე არის უცხოელი, სასოფლო-სამეურნეო მიწა შესაძლებელია იყოს მეუღლეთა საკუთრებაში. ხოლო განქორწინების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს უფლება ეძლევა, უპირატესი შესყიდვის წესით დაეუფლოს თავისი ყოფილი უცხოეული მეუღლის ქონებას.

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი პაატა კოღუაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნულის მიმართ თეა წულუკიანს ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს. უფრო მეტიც, მისი თქმით, მიწა არის შეუცვლელი, გაუმრავლებელი და „ამოწურვადი“ რესურსი, რომლის ფასიც თანამედროვე მსოფლიოში განსაკუთრებით აქტუალურია.

მოსახლეობის და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად კი მცირდება დაუმუშავებელი სოფლის მეურნეობის სავარგულები. აქედან გამომდინარე, იწურება რესურსიც. ამიტომაც უცხოელებზე მიწის განუსაზღვრელი ოდენობით გასხვისება ქვეყნის სასიცოცხლო ამოცანებთან შეუთავსებელია. სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება ყოველთვის უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი პროცესი და არ შეიძლება, მიწა ავტომატურად გაუთანაბრდეს სხვა ქონებრივ სიკეთეებსა და ღირებულებებს.

ამის მაგალითად ექსპერტს გერმანიის საკონსტიტუციო ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება მოჰყავს, სადაც განმარტებულია, „იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მიწა არ ექვემდებარება გამრავლებას და შეუცვლელია, აკრძალულია მისი გამოყენების სრულად მინდობა და დათმობა თავისუფალი ძალების განუსაზღვრელი თამაშისა და ცალკეული პირის შეხედულებისთვის“.

2012 წლის ივნისიდან 2013 წლის ივნისამდე საქართველოში უცხოელების მიერ შეიქმნა 395 იურიდიული პირი, რომლებმაც იყიდეს 271 ნაკვეთი. დღეის მგომარეობით (არა ზუსტი მონაცემებით), უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდულია 30000 ჰა-ზე მეტი სასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი.

როგორც პაატა კოღუაშვილი აცხადებს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ნებისმიერ სახელმწიფოში სტრატეგიული დანიშნულების ობიექტადაა მიჩნეული და მსოფლიოს უმრავლეს სახელმწიფოში ამ ტიპის მიწის უცხოელებზე გასხვისება ძირითადად შეზღუდულია, ან დაშვებულია მხოლოდ გარკვეული და კონკრეტული წინაპირობით.

მაგალითად, ლატვიის მიწის პრივატიზების კანონმდებლობის შესაბამისად, ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოს მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს მიწა და ტყე არ შეუძლიათ შეიძინონ.

დანიის კანონმდებლობის გარეგნული ლიბერალური ხასიათის მიუხედავად, აქ ქონების შეძენა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. თუ დანიაში ჩასულია სხვა ქვეყნის მოქალაქე ან იურიდიულ პირი და მას უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების დამადასტურებელი რეგისტრაცია არ აქვს, დანიის იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე, ის მიწას ვერ შეიძენს.

დანიის კანონმდებლობა განსაკუთრებით მკაცრია ზაფხულის დასასვენებელი სახლების შეძენასთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია პოპულარულ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ზღვის სანაპიროზე, სადაც მოქმედი სპეციალური შემზღუდავი წესები „ანტი გერმანული წესებითაა“ ცნობილი. ეს რეგულაციები შემუშავებულია გერმანელების მიერ სანაპირო ზოლში საკუთრების შეძენის შეზღუდვის მიზნით.

თურქეთის კანონმდებლობით, უცხოელზე გაყიდული თურქეთის მიწა მთლიანობაში არ უნდა აღემატებოდეს 2.5 ჰექტარს. (გამონაკლის შემთხვევებში, რაოდენობის გაზრდა მაქსიმუმ 30 ჰექტრამდეა შესაძლებელი). მემკვიდრეობით მიღებულ მიწაზე არ არსებობს შეზღუდვა.

უცხოელთა საკუთრებაში შეიძლება იყოს არგენტინის მთლიანი ტერიტორიის მაქსიმუმ 20%. არგენტინის პრეზიდენტი ქრისტინა ფერნანდეს დე კირჩნერი თავის კანონპროექტს მიწის უცხოელთა საკუთრებაში გადაცემის შემოფარგვლის აუცილებლობას შემდეგნაირად ასაბუთებს: „არგენტინა არაა პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავს რეგულირებას აწესებს. ასეთივე რეგულირებები აქვთ ბრაზილიას, კანადას, აშშ-ს და საფრანგეთს. შეზღუდვა დაწესებული აქვთ ასევე სხვა განვითარებულ ქვეყნებს“.

გერმანიის კანონმდებლობით, უცხოელებს მიწის საკუთრებაზე იგივე შეზღუდვები აქვთ, როგორც გერმანიის მოქალაქეებს. სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენისთვის აუცილებელია განცხადების წარდგენა, რომელშიც დასაბუთებული უნდა იყოს სასოფლო-სამეურნეო მიწის განვითარების გეგმა. ფიზიკური პირი, რომელიც საკუთრებაში იძენს მიწის ნაკვეთს, უნდა იყოს 18 წლის. გერმანიაში საკმაოდ ფრთხილია მიდგომაა სასოფლო სამეურნეო მიწის არასათანადო გამოყენებასთან დაკავშირებით.

საინტერესოა რუმინეთის მაგალითი, სადაც მოქალაქეობის არმქონე პირებს მიწის შეძენა მხოლოდ ნაცვალგების პრინციპით შეუძლიათ. ეს ნიშნავს, რომ რუმინეთში უცხოელის მიერ მიწის შეძენა შესაძლებელია ქვეყნებს შორის შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში და ისიც მხოლოდ იმ პირობის გათვალისწინებით, თუ მეორე ქვეყანაც რუმინეთის მოქალაქეებს ანალოგიურ უფლებას მისცემს.

რუსეთში დაახლოებით 400 მილიონი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაა. აქედან 129 მილიონი კერძო საკუთრებაშია, დანარჩენი კი სახელმწიფოს საკუთრებაში. 2006 წლამდე რუსეთში არსებობდა აკრძალვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესყიდვაზე უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ. თუმცა იმის გამო, რომ რუსეთში ძალიან დიდი რაოდენობის გამოუყენებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაა, 2006 წელს გაუქმდა მსგავსი აკრძალვა. გამონაკლისია სასაზღვრო ტერიტორიასთან არსებული სასოფლო სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისება. ასეთი ტერიტორიების ზუსტი დასახელება რამდენიმე წელი უცნობი იყო, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის 2011 წლის ბრძანებით განისაზღვრა ის ტერიტორიები, რომელიც ექცეოდა უცხოელებისთვის შესასყიდად აკრძალული ტერიტორიების ნუსხაში. საკმაოდ გრძელ სიაში აღმოჩნდა რუსეთის 380 რეგიონალური ქვედანაყოფი - შორეული აღმოსავლეთის და ციმბირის ტერიტორიული საზღვრები, ქალაქი კალინინგრადი და მის ახლოს მდებარე სასოფლო თუ არასასოფლო სამეურნეო მიწები. უცხოელებს ეკრძალებათ უკრაინასთან მოსაზღვრე ქალაქ ბელგოროდის მიმდებარე ტერიტორიებისა და, რა თქმა უნდა, ქალაქი სოჭისა და აზოვის ზღვასთან მოსაზღვრე ტერიტორიების მიმდებარე მიწების შეძენა. გრძელ ჩამონათვალში გვხდება ასევე, აკრძალვა კრასნოდარის და მთლიანი კავკასიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ სასოფლო სამეურნეო მიწებზეც.

უცხოელი ინვესტორებისთვის საინტერესოა უკრაინის ნაყოფიერი მიწები. უკრაინაში 32 მილიონი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწაა. მიუხედავად იმისა, რომ მიწის ზოგიერთი ნაწილი რადიაციულად დასხივებული იყო, ისინი მაინც ძალიან ნაყოფიერად ითვლება. ამიტომაც ბუნებრივია უცხოელთა ინტერესი ამ მიწების შეძენაზე. სწორედ ამან გამოიწვია უკრაინაში მიწის მორატორიუმის შემოღება, რომელიც 2012 წლის ბოლომდე კრძალავდა მიწის გაყიდვას.

ამდენად, პაატა კოღუაშვილის დასკვნით, არცერთ თანამედროვე ქვეყანაში მიწაზე საკუთრება არ წარმოადგენს გამოყენების აბსოლუტურ უფლებას და ის რეგულირდება სხვადასხვა ნორმატიული აქტით. ევროკავშირის რიგ ქვეყნებში სახელმწიფო დონეზე (ირლანდია, ჩეხეთი) იკრძალება ან იზღუდება სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ან არარეზიდენტი იურიდიული პირებისათვის გადაცემა. მსგავსი დამოკიდებულებაა ამ საკითხისადმი თურქეთში, ავსტრიაში, იაპონიაში, ისლანდიაში, ახალზელანდიაში, მექსიკაში, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში. პოლონეთში სანებართვო სისტემა მოქმედებს. დანიაში ერთ პირს უფლება არ აქვს, ჰქონდეს 2 ნაკვეთზე მეტი 24 ჰა საერთო ფართობით, ამასთან, ნაკვეთებს შორის მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 20 კილომეტრს.

„შედარებით ლიბერალურია მიწის გასხვისების საკითხი ესპანეთში, მაგრამ იქაც ისეთი პირობებია, რომ უცხოელი მიწის ბაზარზე ვერ შევა. საფრანგეთში შეზღუდულია ვენახების (ფრანგი ერის სიამაყის საგანი) და, განსაკუთრებით, დიდი ფართობის მიწის შეძენა. ახალ ზელანდიაში შექმნილია მიწის დაცვის ტრიბუნალი. უცხოელებისათვის მიწის მიყიდვაზე შეზღუდვა აშშ-ის ნახევარზე მეტ შტატშია მიღებული. ამასთან, რაც უფრო სასოფლო-სამეურნეო მიმართულებისაა შტატის ეკონომიკა, მით უფრო მკაცრია აკრძალვა და უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვის სრულ აღკვეთას გულისხმობს. ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ მკაცრ მოთხოვნებს, რაც ეხება სპეციალურ სასოფლო-სამეურნეო განათლებას, აგრარული შრომის გამოცდილებას, სოფლად ცხოვრებას, სათანადო კაპიტალის ფლობას და სხვა. ამის შედეგია ის, რომ აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო მიწის მხოლოდ 1%-ზე ნაკლები ეკუთვნის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ძირითადად ევროპელები და კანადელები არიან“.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებაში გათვალისწინებულია ეროვნული ინტერესები და ის, თუ რას წარმოადგენს ქართველი კაცისთვის მიწა. განსაზღვრულია ყველა ნიუანსი, გამონაკლისი და მიდგომა, რომელიც მათ აძლევს საშუალებას საქართველოში შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო მიწები. ეს ცვლილება არ დააზარალებს არც ქვეყნის ეკონომიკას და არც ინვესტიციების განხროციელებას შეუშლის ხელს.

„თუ მიწა სჭირდებათ, მათ შეუძლიათ აიღონ იჯარით ან სხვა ფორმით, პრივატიზება არ არის ეკონომიკური გამოსავალი“, -განაცხადა ოთარ დანელიამ.

თეა წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროებთან ერთად პროექტზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. პროცესში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, აგრარული სექტორის ექსპერტები. პოზიციების შეჯერებით შეთანხმება მოხდა ცვლილებების იმ პროექტზე, რომელიც მთავრობის სხდომამ დაამტკიცა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სამინისტროებს, რომლებიც ცვლილებათა ამ პაკეტზე მუშაობდნენ, ცალსახად შეუძლიათ განაცხადონ, რომ ეს არის ყველაზე დაბალანსებული მოდელი, რომელიც ერთი მხრივ, იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, საქართველოს, როგორც მცირემიწიანი ქვეყნის, სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ამავე დროს, იცავს უცხოელი ინვესტორების უფლებებს.

კანონში ჩნდება დათქმა, რომ უცხოელ ფიზიკურ პირს ან უცხოურ იურიდიულ პირს, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში (აქ იგულისხმებიან ის იურიდიული პირები, რომელთა 50%-ზე მეტს ფლობს უცხოელი) ექნებათ უფლება, შეისყიდონ სასოფლო-სამეურნეო ტიპის მიწა არანაკლებ 5 ჰექტარი და მაქსიმუმ 100 ჰექტარი. აღსანიშნავია ისიც, რომ სერიოზული საინვესტიციო წინადადებების პირობებში საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს უფლებას, კონკრეტული საინვესტიციო პროექტების მქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ხელი შეუწყოს და დართოს ნება, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ტიპის მიწებს შესაბამისი დარგობრივი სამინისტროების დეტალური შესწავლის შემდეგ ფლობდნენ.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უცხოელებზე მიწის მიყიდვა ევროპის ბევრ ქვეყანაში შეზღუდულია:

„ეს მოქმედებს ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში და ჩვენ არანაირად, არავინ გვავალდებულებს ვიყოთ ულტრალიბერალურები ამ მიმართულებით. ეკონომიკური ზრდა ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ გვაქვს გარკვეული თავისებურებები ჩვენს ქვეყანაში. საქართველო არ არის უხვმიწიანი ქვეყანა, ვცხოვრობთ რთულ რეგიონში და აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ გარკვეული რეგულაციები სასოფლო-სამეუნრეო მიწების პრივატიზების კუთხით უნდა არსებობდეს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.