ყანწით გალახული თამადა

ყანწით გალახული თამადა

ღვინო და ქართველები ერთგული მეგობრები არიან. ამ სიყვარულმა და ურთიერთგაგებამ დროის მკაცრ გამოცდას თავი ჩინებულად გაართვა. ისინი ძმაკაცობენ, ერთმანეთს არ ღალატობენ და ჭირსა თუ ლხინშიც გვერდი-გვერდ არიან.

ბახუსის ტყვეობაში ყოფნა სასიამოვნო განცდაა და იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მასთან დაკავშირებით მრავალი მოგონება არ გააჩნდეს. საქართველოში ღვინის სმის კულტი ხელოვნების დონეზეა აყვანილი. ამ დარგის “მეცნიერების” განვითარებაში ჩვენს ცნობილ თანამემამულეებს თავიანთი მოკრძალებული წვლილი შეაქვთ.

დღევანდელი საკვირაო-სახალისო მოგონებების მთავარი გმირი მისი უდიდებულესობა, ბატონი ბახუსი იქნება და ამ შესანიშნავ „პერსონაჟთან“ დაკავშირებულ რამდენიმე საინტერესო „მოგონებას“ შემოგთავაზებთ.

ჩვენი პირველი სტუმარი მსახიობი გიორგი გურგულია იქნება რომელიც ორ სახალისო ისტორიას გაიხსენებს. ბატონი გიორგი თავდაპირველად ერთ ქართულ სუფრას და მის „ორიგინალურ“ თამადას გაგვაცნობს.

„ერთი კოლორიტი თამადა იყო. მასთან ერთად სუფრასთან ჯდომა ერთ რამედ ღირდა. მოკლედ, ერთ დღესაც თამადად მიიპატიჟეს. დალია დიდი ყანწით სადღეგრძელო, ისევ შეავსო ყანწი ღვინით და ერთ-ერთ თანამოსუფრეს გაუწოდა. იმ კაცმა ხმადაბლა უთხრა, ვერ დავლევ თამადა ბატონო, გული მაწუხებსო. თამადამ რიხიანად შესძახა, რა იყო შე კაი კაცო, გული ჩვენც გვაწუხებს, მაგრამ მაინც ვსვამთ, გული აბა, რისი გულია, თუ არ შეგაწუხა ადამიანიო. იმ კაცმა ისევ ჩუმად მიუგო, არა ბატონო, მარტო გული კი არა, ღვიძლიც მაწუხებსო და ვერ დავლევო.

გადაირია თამადა, რას ჰქვია ღვიძლი გაწუხებს, რომ გეუბნები, გამომართვი ეს ყანწი და დალიე, ჩვენც გვაქვს ღვიძლი, მაგრამ ვსვამთო. შეწუხდა ის კაცი და ისევ უთხრა, ვერ გეახლებით, ნაღვლის ბუშტი მაწუხებს და აქვე მოვკვდები, ეგ რომ დავლიოო. თამადა თავისას უბერავს, ერთ დღეს ჩვენც კი მოვკვდებით, გამომართვი ეს ყანწი, ჩამომძვრა ხელები, ჩვენც გვაქვს ნაღვლის ბუშტი, ვსვამთ, მაგრამ ჯერ ცოცხლები ვართო.

მოკლედ არ მოეშვა. ბოლოს იმ კაცმა ყურში ჩასჩურჩულა თამადას: ნუ დამაძალებ შენი ჭირიმე, პათოლოგიური სიმთვრალე მაქვს, სულ მაგიჟებს სასმელი და გაპათოლოგება ამდენ ხალხში არ მინდაო. გაეცინა თამადას, კარგი რა, ჩვენზე გიჟი როგორ იქნები, ნუ გეშინია, შენ დალიე და ჩვენ აგიტანთო. მოკლედ, თავი ვერაფრით დაიხსნა იმ კაცმა და ბოლოს და ბოლოს, მიიტანა პირთან ეს დიდი, სავსე ყანწი. მოიყუდა... შეისვენა... გააგრძელა დალევა და დაცალა თუ არა, მოკიდა ბოლოში ცარიელ ყანწს ხელი, გააქანა და ისე გლიჯა თავში თამადას, გადააყირავა და ძირს უგონოდ დააგდო.

მერე უთქვამთ თურმე, ეს რა ჰქენი ბიჭო, ეს ჩვენი საამაყო, კოლორიტი თამადა როგორ გაიმეტეო. იმას კიდევ თავი უმართლებია, რა მექნა, არ მინდოდა, ვეხვეწე, ვემუდარე, ნუ დამალევინებ, თორემ გავაპათოლოგებ-მეთქი. არ დამიჯერა და კი მიიღო იმ ყანწით „აბაროტიო“.

ბატონი გიორგი კიდევ ერთ შემთხვევას მოგვიყვება, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ, ქალაქ მოსკოვში, ერთ თბილისელ „კაი ბიჭს“ შეემთხვა. რასაკვირველია ამჯერადაც მთავარი დამნაშავე „ბატონი ბახუსი“ ბრძანდებოდა.

„თბილისში ერთი კაი ტიპი ცხოვრობდა. ფულიც ჰქონდა, სახელიც, სიმპათიურიც იყო, კარგი ოჯახიშვილიც და თავისი სიტყვა ყველგან ეთქმოდა. დიდი ხანი მოსწონდა ერთი მოსკოველი გოგონა, რომლის ოჯახიც კულტურის სფეროში ყველას იცნობდა და მათ ოჯახში ხშირად იყრიდნენ თავს მაშინდელი ცნობილი სახეები. მამამისი მიხალკოვის ძმაკაცი იყო. ამ გოგოს საქმრო ჰყავდა და გამორიცხული იყო მასთან რაიმე კავშირის დამყარება. არადა, იმ გოგოსაც სიმპათიები ჰქონდა ამ ქართველი ბიჭის მიმართ.

გავიდა დრო. ერთ დღესაც, ამ ტიპს დაურეკა იმ გოგომ და უთხრა, იმ ბიჭს დავშორდი, შენთან მინდა ურთიერთობის დაწყება და იქნებ, ჩამოხვიდეო. მეტი რა უნდოდა ამას? ჩაიცვა, დაიხურა, გამოიწკიპა, ჩაიდო ჯიბეში ფული და გადაფრინდა მოსკოვში. შეხვდა იმ გოგოს მაგარ რესტორანში. თან, იმ გოგოს დაბადების დღე დაემთხვა. მიართვა დიდი ვარდები. ივახშმეს, კარგად დალიეს და კარგი დროც ატარეს. ეტყობა, რაღაცამ აწყინა, თან ინერვიულა და კუჭი აეშალა. გავიდა ტუალეტში. კაცების ტუალეტში რემონტი დახვდა, ქალების ტუალეტიდან კი რუსმა „ბაბუსიამ“ „პოლის ჯოხით“ გამოაგდო.

სხვა გამოსავალი აღარ იყო. იფიქრა, სახლში მივაცილებ, დავტოვებ და მერე რამეს მოვიფიქრებო. ერთი სული აქვს ამ გოგოს დაშორდეს და ტუალეტში შევარდეს. გამოვიდნენ გარეთ, დიდხანს მოუწიათ ტაქსის ლოდინი. როგორც იქნა, გამოჩნდა, გააჩერეს, ჩასხდნენ. გიჟს ჰგავს ეს ტიპი. სიცივეში ცოტა გადაუარა, მანქანაში კი სითბოში ისევ შემოუტია კუჭმა.

როგორც იქნა, მივიდნენ იმ გოგოს სახლთან. ის კი გადაეკიდა, გინდა თუ არა, დღეს ჩემი დაბადების დღეა და უნდა ამოხვიდე სახლში, მშობლები გაგაცნოო. გამწვანებული სახით დაეთანხმა, აბა, ხომ არ ეტყოდა, რაც სჭირდა? თან იფიქრა, იქ შევალ ტუალეტშიო.

მოკლედ, ავიდა და... გააღეს თუ არა კარი... კანჩალოვსკი, მიხალკოვი და რა ვიცი, კიდევ ბევრი ცნობილი სახე არ დახვდა სუფრასთან? სულ გადაირია. მიაწოდეს ჭიქა. ბოდიში მოიხადა, ხელს დავიბან ტუალეტში და მოვუჯდები სუფრასო. მივიდა, დაკავებული დახვდა. იმ გოგომ შეატყო სახეზე ფერი არ ადევს „როჟას“. უთხრა, ჩემს საძინებელში წამოწექი, გეტყობა, ცუდად ხარ, მე მანამდე ყავას მოგიხარშავო. მიაცილა საძინებლამდე, წამოაწვინა და გავიდა თუ არა ოთახიდან, წამოხტა ეს ტიპი, კარები გადაკეტა და ფანჯარას მივარდა, გამოაღო და გაუშვა.

იქვე იდო ბულგაკოვის წიგნი, ტუალეტის ქაღალდად გამოიყენა, შვებით ამოისუნთქა, პიჯაკი გაიხადა, დაატრიალა ჰაერში, რომ სუნი გაენეიტრალებინა. ბოლოს, მივიდა, კარი გააღო და წამოწვა საწოლზე. შემოვიდა ის გოგო სინით, აანთო შუქი და რას ხედავს ეს „როჟა“ – თურმე, თაღით არის გადაყოფილი ოთახები და იქვე ამ გოგოს ძმას და რძალს სძინავთ. დასცხა. გაიხედა. ისინი თვალებდაჭყეტილი, შეშინებულები უყურებენ საწოლიდან. შერცხვა, მაგრამ, რა შერცხვა. წამოხტა, გამოვარდა გარეთ და მას მერე იმის ფეხი იმ სახლში კი არა, მოსკოვშიც აღარ ყოფილა.

ეს ამბავი მთელ თბილისში გავრცელდა. ბიჭები შაყირობდნენ, ამის დამსახურებაა რუსეთ-საქართველოს შორის რომ აირია სიტუაცია. აბა, რა იქნებოდა, შევარდა კულტურულ ოჯახში ქართველი კაი ბიჭი, თავზე იმასუქნა და ბულგაკოვიც ამოისვა ერთ ადგილას, ამის მერე აირია ჩვენს შორის ურთიერთობა და დაგვღუპა ხალხიო“.

ცნობილ ქართველ მსახიობს გია ფერაძეს ბახუსის ტყვეობაში ყოფნა ხშირად უწევდა. ერთხელაც ამ „სიყვარულის“ გამო ფრიად საჩოთირო მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ადრე რუსთაველის თეატრი გასტროლებზე მატარებლით მიდიოდა ხოლმე და სადგურზე ზღვა ხალხი აცილებდა, წარმატებით დაბრუნებულებს მეტი ხვდებოდა. გამცილებელ-დამხვედრების რიცხვში იყვნენ გიას მარჯანიშვილელი მეგობრები – ამირან ბუაძე და ასმათ ტყაბლაძე, რომლებსაც თეთრი შურით შურდათ გიას ხშირი წასვლა-ჩამოსვლა.

ერთი გაცილებისას ასმათმა მეგობრულად უსაყვედურა გიას:

– რა არის, ბიჭო, გასტროლებიდან რომ ჩამოდიხარ, ყველასთვის რაღაც ჩამოგაქვს და მე რატომ მივიწყებო.

თეატრის გასტროლებმა ამჯერადაც ტრიუმფით ჩაიარა და თბილისის ვაგზლის ბაქანზე დამხვდურების ტევა არ იყო.

და აი, მატარებელი ბაქანზე შემოვიდა. ყველა თავის ნაცნობს და ახლობელს ეძებს. მსახიობები ფანჯრებში არიან გადმოყუდებული და ისინიც მოუთმენლად ელიან ახლობლებთან ჩახუტებას.

ერთ-ერთი ვაგონის ფანჯრიდან გადმოკიდებული დგას მატარებელში ნაბახუსევი გია ფერაძე და დამხვდურებში ეძებს ვიღაცას. როდესაც თვალი მოჰკრა ასმათს, ყველას გასაგონად, ხმამაღლა გაჰყვირა:

– ასმათ! ტყაბლაძე! ნახე, რა ჩამოგიტანე!

ხელში ეჭირა ქალის წითელი ბიკინი, ფერადი ლიფები, „ფოხანა“ ნიფხავი და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ხალხის დასანახავად დროშასავით აფრიალებდა.

ნიკო ლეკიშვილს თბილისში კარგი მეგობრის სახელი აქვს. ის ძველი პლეხანოველია და ამ უბანთან ბევრი კარგი და სასიამოვნო მოგონებაც აკავშირებს. მის დიდ სამეგობროში ბევრი ისეთი ადამიანია, რომელთა ისტორიები დღესაც კი კარგად ახსოვთ თბილისში. ერთ-ერთ მათგანს ბატონი ნიკო დღესაც სიამოვნებით იხსენებს.

„ერთი პერიოდი „სუხოი ზაკონი გამოცხადდა. არ შეიძლებოდა დალევა, რესტორანში ქეიფი.

ერთ დღესაც, კახეთში, „ზაოდობაზე“ წავედით მთელი ჩემი სამეგობრო წრე და მაგრად წავუქეიფეთ. ერთ-ერთი მეგობარი იმ დროს ქარხნის დირექტორი იყო, მეორე მეგობარს კი ჩუმად მისთვის სურათები გადაუღია.

ქეიფი რომ დავამთავრეთ, წამოვედით თბილისში. გავიდა რამდენიმე დღე. ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე ვარ და ჩემმა მდივანმა შემომიტანა წერილი, რომელსაც თან ახლავს ფოტოები და წერილი – აი, ნახეთ ფაქტები, თქვენი დირექტორები რა დღეში არიან, გთხოვთ, მიიღოთ ზომებიო. ფოტოზე კი ის ჩემი მეგობარია გადაღებული ხელში უზარმაზარი ყანწით, მეორე სურათზე კი ხელები აქვს გაშლილი და წინ დიდი სუფრა და საჭმელ-სასმელი ჩანს. მაშინვე მივხვდი, ვინც იყო ამ ანონიმური ფოტოებისა და წერილის ავტორი. ეგრევე გადავურეკე ჩემს მდივანს და ვუთხარი ჩემს მეგობარზე – ამა და ამ ქარხნის დირექტორს დაურეკეთ და უთხარით, სასწრაფოდ აქ გაჩნდეს-მეთქი. გაკვირვებია, ნეტავ თვითონ რატომ არ მირეკავს პირადადო. რომ მოვიდა, მოსაცდელში ვაცდევინე ერთი საათი. ამას მიჩვეული არ იყო და სულ მთლად გადაირია, გული გაუსკდა თურმე შიშით, ნეტავ რა ხდება, ეტყობა, რამე სერიოზულიაო. კომპრომატები ჩემს მაგიდაზე გავშალე და ერთი საათის შემდეგ შემოვუშვი ოთახში. ვუთხარი: რა არის, ყველაფერს მიკეთებთ, რომ პრობლემა შემიქმნათ, დაგიშავეთ რამე, ქეიფს უნდა გადამაყოლოთ-მეთქი? გადაირია, რას ვაკეთებ, რა პრობლემებს გიქმნიო. გადახედა ფოტოებს და... ჯერ პატარა ჭიქებით ხელში იყო გადაღებული, მერე ცოტა დიდით, მერე დიდი ყანწით და... დაიწყო გინება: ოხ, ჭიჭინაძე, მე შენი... არ გამისკდა გულიო... მერეღა მიხვდა, რაშიც იყო საქმე, მაგრამ ხუმრობა გვაპატია მეგობრებს“.

დღევანდელი „ალკოჰოლური“ „მოგონებების“ ბოლო სტუმარი თავის დროზე ცნობილი ჯგუფი „ოთხი გიას“ ერთ-ერთი წევრი, ბატონი გია ნაცვლიშვილი იქნება.

„ერთხელ ახლობელთან მომიწია მისვლა. სუფრა გაიშალა. არ მიყვარს, როცა გადამეკიდებიან გინდა თუ არა იმღერეო. სიმღერასაც ხომ თავისი განწყობა უნდა? ცოტა ეშხში უნდა შეხვიდე, ცოტა განწყობა შეიქმნა, მოშინაურდე... მოკლედ, ჩემს წინ იჯდა უცხო ქალბატონი. ცოტა არ იყოს, კეკლუცობდა. გადამეკიდა, გინდა თუ არა იმღერეთ, ღმერთის წყალობაა, როცა ადამიანს სიმღერის ნიჭი აქვს, ალბათ, როგორ გსიამოვნებთ, როცა სიმღერას გთხოვენ, რატომ არ მღერით, მომღერალი არ ხართო. „გავატარე“ მისი ნათქვამი და გავაგრძელე ჭამა.

არ დაშოშმინდა. იმეორა და იმეორა: რატომ არ გინდათ, იმღეროთ, მოგვასმენინეთ თქვენი ნამღერი, სუფრას უხდება ქართული სიმღერაო. ისევ „გავატარე“. მოკლედ, არ გაჩერდა. ავდექი და ბოლოს ვუთხარი: უკაცრავად ქალბატონო, რა პროფესიის ბრძანდებით-მეთქი. გაუკვირდა, რაში გაინტერესებთ ჩემი პროფესიაო. ვუთხარი, მე მომღერალი ვარ და ეს იცით, მეც მაინტერესებს თქვენ რა პროფესიის ადამიანი ბრძანდებით-მეთქი.

გაიპრანჭა და მიპასუხა, გინეკოლოგი გახლავართო. მეც აღარ მოვერიდე და მივახალე: ჰოდა, რომ გადამკიდებიხართ, პროფესიით მომღერალი ხარ და იმღერეო, ახლა რომ გითხრათ, აბორტი გააკეთეთ, რას იზამთ-მეთქი. ამის შემდეგ, ისე გაჩუმდა ის ქალი, აღარ შევუწუხებივარ თავისი მოთხოვნებით. ასე რომ, ზოგჯერ, მართლაც რომ ხერხი სჯობია და არა ღონე და პროფესიული მონაცემი“.