საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ საქართველოში ხელოვანებს საკუთარი თავის დამკვიდრება ძალიან უჭირთ. არაერთი ნაცნობი მხატვარი მყავს და მათი მონათხრობიდან ვიცი რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კატაკლიზმებისა თუ სოციალური სიდუხჭირის გამო მრავალი იმედის მომცემი მოქანდაქე, არქიტექტორი და ფერმწერი დავკარგეთ. ეს ადამიანები საკუთარ პროფესიაზე უზომოდ შეყვარებულები გახლდნენ, მაგრამ ქართულმა რეალობამ მძიმე გამოცდის წინაშე დააყენა. მრავალმა ხელოვანმა „ადგილობრივ“ ცხოვრებისეულ გამოცდას ვერ გაუძლო და საყვარელი საქმიანობის მიტოვება მოუხდა.
ბოლო ოცი-ოცდახუთი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ნიჭიერ შემოქმედებს თავისუფალი არჩევანის საშუალება არ დაუტოვა. პოლიტიკურ არასტაბილურობას ეკონომიკური სიდუხჭირე მოსდევს და ამ მეოცნებე ადამიანებს თავისუფალი არჩევანის საშუალება წაერთვა. ვინ იცის ამ ავადსახსენებელი „ქართული ცხოვრების“ გამო რამდენი ნიჭიერი პიროვნება დავკარგეთ.
ჩვენმა დღევანდელმა სტუმარმა შალვა ჭეიშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემია 1985 წელს დაასრულა. შალვა თავის თაობაში პერსპექტიულ და იმედისმომცემ ხელოვანად ითვლებოდა. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში არაერთი წარმატებული გამოფენა ჰქონდა და სპეციალისტები ჩინებულ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში სახვითი ხელოვნება დიდი პოპულარობით ვერ დაიკვეხნის და ახალგაზრდა შემოქმედი კარიერის დაწყებისთანავე არაერთი პრობლემის წინაშე დადგა. შალვა ჭეიშვილს საყვარელი პროფესიის მიტოვება არ სურდა, მაგრამ ადგილობრივმა მწარე რეალობამ სხვა გამოსავალი არ დაუტოვა. პერსპექტიულ ხელოვანს არაერთი სპეციალობის გამოცვლა მოუწია და ათი წლის წინ საკუთარი თავი ახალ სფეროში დაიმკვიდრა. დღეს ბატონი შალვა ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელია და უცხოელებს საქართველოს ღირთშესანიშნაობებს აცნობს.
შალვა ჭეიშვილს რამდენიმე დღის წინ ვესტუმრე და თავდაპირველად მისი სამხატვრო კარიერით დავინტერესდი.
- თბილისის სამხატვრო აკადემია 1985 წელს დავასრულე. რასაკვირველია ისევე როგორც ჩემი არაერთი ახალგაზრდა კოლეგა მომავალს ნათელ ფერებში ვუყურებდი და უახლოეს წლებს ოპტიმისტურად ვეგებებოდი. სამწუხაროდ ერთმა შემთხვევამ ამ ცხოვრებას რეალურად შემახედა და საყვარელ პროფესიაზე სერიოზულად ჩამაფიქრა.
აკადემიის ბოლო კურსზე ვიმყოფებოდი როდესაც ცოტა ხნით იმდროინდელ ლენინგრადში გავემგზავრე და თან რამდენიმე ჩემი ნახატი წავიღე. ამჟამინდელ სანკტ-პეტერბურგში ჩასვლისთანავე ნევის პროსპექტს მივაშურე და სურათები გასაყიდად გამოვიტანე. სამწუხაროდ რამდენიმე კვირის განმავლობაში ამ ნახატებით არავინ დაინტერესებულა. იქაურებისთვის თბილისურ მოტივებზე შექმნილი ტილოები უინტერესო აღმოჩნდა და ვერც ერთი მათგანი ვერ გავყიდე. ამასობაში საქართველოდან წაღებული ფული შემომაკლდა და ერთი ექსპერიმენტის ჩატარება გადავწყვიტე. ორი დღის განმავლობაში სანკტ-პეტერბურგის რამდენიმე ხედი დავხატე და გაგიკვირდებათ, ორიოდე დღეში უცხოელმა ტურისტებმა თავიდან ბოლომდე დაიტაცეს.
ამ შემთხვევის შემდეგ მივხვდი რომ ჭეშმარიტ მხატვრობასა და კომერციულ ნახატებს შორის დიდი სხვაობაა. თუ ჭეშმარიტი ხელოვანი ხარ და საკუთარ გზას არ გადაუხვევ შიმშილით კუჭი დაგეწვება. საპირისპიროდ, თუ ე.წ. კომერციულ ნახატებს შექმნი ამ ცხოვრების სარჩო არასდროს შემოგაკლდება.
თბილისში დაბრუნების შემდეგ იძულებული გავხდი ორი მიმართულებით მემუშავა. ოჯახი შიმშილით რომ არ მომეკლა უცხოელ ტურისტებზე გათვლილ სურათებს ვქმნიდი, თავისუფალ დროს კი საკუთარ თავზე ვმუშაობდი და „არამოთხოვნად“ ნახატებს ვხატავდი.
თქვენი ნამუშევრების მიმართ როგორი დაინტერესება იყო?
- სამწუხაროდ საქართველოში სახვითი ხელოვნება და ზოგადად კულტურა არც წინა საუკუნის 90-იან წლებში და არც ამჟამად არავის აინტერესებს. უფრო მეტსაც გეტყვით. დღეს თბილისში სხვადასხვა გამოფენები ხშირად იმართება, მაგრამ საზოგადოების მხრივ დაინტერესება პრაქტიკულად არ არსებობს. გალერეებში ძირითად ჩვენ და ჩვენი ახლობლები დავდივართ. იშვიათია ჩვენი ნამუშევრების დათვალიერება ჩვეულებრივმა ადამიანმა რომ მოინდომოს. ეს მდგომარეობა ძალიან მაკვირვებს. ამისი მიზეზი ალბათ თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში უნდა ვეძებოთ. არაერთი ნიჭიერი მხატვარი გვყავს და სამშობლოში მათ საერთოდ არ აფასებენ. ნუ ეწყინებათ თანამემამულეებს, მაგრამ ჩემს სამშობლოში დღეს კულტურული ფასეულობების აშკარა დევალვაცია შეიმჩნევა.
თავის დროზე არა მარტო მე, სხვა ახალგაზრდა მხატვრებსაც არაერთი საინტერესო პროექტი გაგვაჩნდა და მომავალს ნათელ ფერებში ვუყურებდით. სამწუხაროდ ცხოვრებამ გვიჩვენა რომ ოცნება და რეალობა განსხვავებული მცნებებია და საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის თავდაუზოგავად უნდა იბრძოლო. რასაკვირველია უცხოეთში ნიჭს უფრო მეტი დაფასება აქვს. არაერთი ქართველი საზღვარგარეთაა წასული, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია რომ სხვა ქვეყანაში მეორეხარისხოვანი ადამიანის სტატუსი გაგაჩნია.
ქართველ მხატვრებს გალერეებში ნამუშევრების გამოფენა უჭირთ...
- ეროვნული გალერეა დღეს თავის ფუნქციას ბოლომდე ვერ ასრულებს. გვრჩება კერძო გალერეები, რომელთა მუშაობა მათი მფლობელების გემოვნების გამოხატვასთან ერთად წმინდა კომერციულ დაინტერესებაზეა დაფუძნებული. ამ პირობებში მხატვარს საკუთარი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისათვის ჩვენება გარკვეულწილად უჭირს. შემოქმედს მართლაც რომ ორიგინალური ხედვა და განსხვავებული ნახატები უნდა ჰქონდეს რომ ამ გალერეების მფლობელთა გული მოიგოს და სურათები გამოფინოს. შეიძლება დარბაზის დაქირავებაც, რომელიც დღეში მინიმუმ 50 დოლარით იწყება. სამწუხაროდ ამგვარი ფუფუნების შესაძლებლობა მხატვართა დიდ ნაწილს არ გააჩნია. აქვე გეტყვით იმასაც, რომ თბილისში მხოლოდ ერთი-ორი გალერეაა, რომელიც მხოლოდ ნახატების გაყიდვიდან შემოსული პროცენტებით არსებობს. დანარჩენებს ზურგს სხვა ბიზნესი ან „ფულიანი“ ახლობლების დახმარება უმაგრებს.
ჩვენი მხატვრების ნამუშევრებს უცხოეთში უფრო აფასებენ...
- სახვითი ხელოვნების ნამუშევარი ფუფუნების საგანს მიეკუთვნება. საკუთარი გამოცდილებით გეტყვით რომ ქართველი მხატვრების სურათების შეძენა ჩვენს თანამემამულეებსაც სურთ, მაგრამ შესაბამისი სახსრები არ გააჩნიათ. უფრო მეტსაც მოგახსენებთ. ცნობილი ქართველი მხატვრების ნახატებიც არ იყიდება. ეს სრულიად ქართული პრობლემაა და ამისი ძირითადი მიზეზი ერთია. ის ერის განათლების დეფიციტში უნდა ვეძიოთ. ამის გარდა მთავარი ფაქტორი ქვეყნის მიერ წარმოებული კულტურული პოლიტიკაა. საქართველოში კულტურა მეათეხარისხოვან სფეროდ მიიჩნევა. წლის განმავლობაში ეროვნულ გალერეასა და სახელმწიფო მუზეუმში ორი-სამი გამოფენა თუ ეწყობა და ამ ღონისძიებების ჩატარებით მაღალჩინოსნები მომგებიანი ქულების ჩაწერას ცდილობენ. სინამდვილეში ეს საკუთარი თავის მოტყუებაა. სახელმწიფო ხელოვანებს გვერდში უფრო აქტიურად უნდა ედგას. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკის გადამეტებულმა სიყვარულმა ყველა სხვა სფერო სრულიად დაჩრდილა.
რას ურჩევდით ახალგაზრდა ქართველ მხატვრებს?
- უპირველეს რიგში საკუთარი პროფესია უნდა უყვარდეთ და არ უღალატონ. თუ საქმეს გულით აკეთებ ადრე თუ გვიან წარმატებას აუცილებლად მიაღწევ. სხვა საქმეა რომ საქართველოში ნიჭიერი შემოქმედი პროფესიული თვალსაზრისით ვერ გაიზრდება. ამაში ბრალს ახალგაზრდებს ვერ დავდებ. ქვეყანაში უნდა არსებობდეს გარემო რომელიც ამ ხალხს სტიმულს მისცემს და სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად შესაბამის მოტივაციას მისცემს. ქვეყანაში შესაბამისი სოციალურ-ეკონომიური ფონიც უნდა არსებობდეს. სამწუხაროდ ამ ასპექტშიც მოვიკოჭლებთ. ამის გარდა საქართველოში ახალგაზრდა მხატვრების ხელისშეწყობის პოლიტიკაც უნდა მიმდინარეობდეს. ამ მხრივაც სასიკეთოს ვერაფერს გეტყვით. ქვეყნის მაღალჩინოსნები საკუთარ პოლიტიკურ კეთილდღეობაზე ზრუნავენ და იგივე ნიჭიერი შემოქმედების პრობლემები ჯერ არ აინტერესებთ. მერე გამოვა მავანი და მავანი პოლიტიკური მოღვაწე და, - საქართველოდან რატომ გარბიანო, ამ ახალგაზრდებს იქით დააყვედრის. ვიცი რომ ყველა ნიჭიერი მხატვარი აქედან წასვლას ცდილობს და ვერც გავამტყუნებ. რატომ უნდა დარჩნენ იმ ქვეყანაში, სადაც საკუთარი შესაძლებლობების თვითრეალიზაციას ვერ ახდენენ.
სამწუხაროდ საყვარელი საქმიანობის მიტოვება მოგიხდათ.
- მართალი ბრძანდებით. მძიმე არჩევანი უნდა გამეკეთებინა. ან კომერციული ნახატები შემექმნა, ანდა საკუთარი ნიჭი სრულად უნდა გამომევლინა, მაგრამ ულუკმაპუროდ მევლო. გადაწყვეტილების მიღება რთული აღმოჩნდა, მაგრამ რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთი პროფესია გამოვიცვალე. თავდაპირველად დიზაინით დავინტერესდი, შემდეგ კომპიუტერულ გრაფიკაში ვმუშაობდი. მოგვიანებით შვეიცარიის საელჩოში და „ბრიტიშ პეტროლიუმში“ შრომის უსაფრთხოების ოფიცრად ვსაქმიანობი. აქვე მოგახსენებთ, რომ რამდენჯერმე აშშ-ის საელჩოდან დამიკავშირდნენ და პერსონალური გამოფენის მოწყობა მთხოვეს. რასაკვირველია დავთანხმდი და ჩემმა ნახატებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. სამწუხაროდ ეს ზღვაში წვეთი გახლდათ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ნიჭიერი მხატვარი ჩვენს ქვეყანაში საკუთარი შრომით თავს ვერ შეინახავს. ამერიკელებმა ჩემი რამდენიმე ნახატი კი იყიდეს მაგრამ ეს თანხა რამდენ ხანს მეყოფოდა.
ამის შემდეგ ტურისტული სააგენტოს ჩამოყალიბების იდეა დაგებადათ.
- დაახლოებით ათი წლის წინ ერთ-ერთმა ახლობელმა უცხოელი ტურისტების მომსახურეობის კომპანიის ჩამოყალიბება შემომთავაზა. ამ იდეას თავდაპირველად ერთგვარი სკეპტიციზმით ვუყურებდი, მაგრამ მომავალმა მაჩვენა რომ ჩემი შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა.
თავდაპირველად ოფისი შარდენის ქუჩაზე გვქონდა. ორი მომხიბვლელი ქალიშვილი დავიქირავეთ და საქმიანობაც გავაჩაღეთ. მოგეხსენებათ 2004 წელს საქართველოში ინფრასტრუქტურა მაღალ დონეზე განვითარებული არ გახლდათ და უცხოელებისათვის მინიმალური კომფორტის შესაქმნელად გვარიანი ოფლის ღვრა მოგვიწია. მახსოვს რომ პირველი სტუმრები იტალიელები გახლდნენ. ისინი შარდენზე სეირნობდნენ, შემთხვევით ჩვენს ოფისში შემოვიდნენ, დაინტერესდნენ და პირველი ტურიც შეგვიკვეთეს. თავდაპირველად თუშეთში ავიყვანეთ, შემდეგ კი ყაზბეგში გადავიყვანეთ. ბავშვებივით აღტაცებულები გახლდნენ და განსაკუთრებულ კომფორტს არ გვთხოვდნენ. საქართველოს მთიანეთს როგორც ერთგვარ ეგზოტიკურ კუთხეს ისე უყურებდნენ, ღამეს კარვებში ატარებდნენ, ძირითადად ფეხით მოგზაურობდნენ და არანაირ პრეტენზიას არ გამოთქვამდნენ.
ამის შემდეგ ჩემმა მეგობარმა სხვა, „ფულიანი“ სამსახური იპოვა და ახლადგახსნილი კომპანიის საქმეებს სრულიად მარტო შევეჭიდე.
ათი წლის განმავლობაში თქვენი კომპანია ალბათ შესამჩნევად გაიზრდებოდა.
- ვერ ვიტყვი რომ შესამჩნევად. ჩვენი საქმიანობა სეზონური ხასიათისაა. უცხოელებს ძირითადად ზაფხულობით და შემოდგომის დასაწყისში ვემსახურებით. ამის და მიხედვით თანამშრომლებს რამდენიმე თვით ვქირაობ. მათი რაოდენობა 3-4 ადამიანიდან 20-მდე მერყეობს. შარდენის ქუჩაზე ოფისი რამდენიმე წლის წინ დავხურეთ და პოტენციურ სტუმრებს ძირითადად სპეციალური ვებ-გვერდის დახმარებით ვპოულობთ. უფრო მეტიც. თავად გვიკავშირდებიან და მომავალ მარშრუტებს წინასწარ გვიკვეთავენ. ერთსაც გეტყვით. არ მკითხოთ წელიწადში რამდენ ადამიანს ემსახურებით და რა მოგებას ნახულობთო. ამაზე საუბარს ყოველთვის თავს ვარიდებ. ერთს კი გეტყვით. მიმაჩნია რომ ეროვნულ საქმეს ვემსახურები და უცხოელებს ჩემს ქვეყანას მაქსიმალურად ახლოს ვაცნობ.
ძირითადად რომელი ქვეყნის მოქალაქეებს ემსახურებით?
- გამიჭირდება თქმა. ისე, ყველაზე მეტნი ალბათ მაინც გერმანელები არიან. გამიკვირდა, მაგრამ რუსი ტურისტების ნაკლებობასაც არ ვუჩივით. ეს ხალხი საქართველოში ერთგვარად დაკომპლექსებულები ჩამოდიან, ალბათ პოლიტიკური ფაქტორის გამო. მათთან არაერთი საუბრის ჩატარება გვიწევს და თავად რწმუნდებიან რომ მათი თავდაპირველი შიშები სრულიად უაზროთა კატეგორიას განეკუთვნებოდა. გეტყვით იმასაც რომ განსაკუთრებული პოპულარობით კახეთის რეგიონი და მთიანეთი სარგებლობს.
უცხოელები ადგილობრივ ტრადიციებს როგორ ეგუებიან?
- საქართველოს ნებისმიერ კუთხეში თავისი სპეციფიური ტრადიციები და ადათ-წესები არსებობს. ამის შესახებ უცხოელებს სპეციალურ ინსტრუქციებს წინასწარ ვუტარებთ და ისინიც ადგილობრივი „კანონების“ დარღვევას მაქსიმალურად ერიდებიან. ალბათ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ, თუშეთში ორმა უცხოელმა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ახალგაზრდა ყმაწვილმა მდინარე ალაზნის ნაპირებთან ერთმანეთის გაქანებული ხვევნა-კოცნა წამოიწყეს. თუშებმა ისინი გვარიანად მიბეგვეს და სოფლიდანაც გააძევეს. ამდაგვარი ინციდენტი ჩვენს ტურისტებს არ მოსვლიათ და დარწმუნებული ვარ მომავალშიც არ შეემთხვევათ.
კახეთის რეგიონი და სიღნაღი მესმის, მაგრამ იგივე მთიან რეგიონებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა როგორი განვითარებულია?
- ამ რეგიონის მკვიდრმა მოსახლეობამ ახალ დროებას მხარი აუღო და იგივე ომალოში რამდენიმე საოჯახო ტიპის სასტუმრო გაიხსნა. მართალია მათი მომსახურეობის დონე იგივე ევროპის მაღალმთიანეთში არსებულ პირობებს შესამჩნევად ჩამოუვარდება, მაგრამ უცხოელი სტუმრები მაინც კმაყოფილები რჩებიან. ისინი ჩვენში განსაკუთრებული კომფორტის საძიებლად არ ჩამოდიან. მათთვის საქართველო განსაკუთრებით საინტერესო და ამოუცნობი ქვეყანაა. ჩვენში ეს ხალხი ძირითადად გარკვეულ ეგზოტიკას ეძებს და აქედან სამშობლოში ყოველთვის ნასიამოვნებები ბრუნდებიან.
ერთსაც გეტყვით. აქაური მომსახურეობის ფასები საკმაოდ ძვირია. მაგალითად იგივე ომალოში, ორსაწოლიანი ოთახი თავისი კვებით, დღე-ღამეში 100 ლარი ღირს. ამის მიუხედავად ჩვენს სტუმრებს ეს თანხები არ ეცოტავებათ და სიამოვნებით იხდიან.
თქვენს კომპანიას რუსეთ-საქართველოს ომის დროს აქტიური მონაწილეობა მიუღია.
- მართალი ბრძანდებით. იმ მძიმე დღეებში თავდაპირველად „სი-ენ-ენის“ კორესპონდენტები დაგვყავდა და ამ ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ და გაშვებულ სიუჟეტებში ჩვენი მოკრძალებული წვლილიც იყო. ომის ბოლო დღეებში კი ირლანდიელ ჟურნალისატებს ვემსახურებოდით. ოკუპირებულ რეგიონებში შეღწევა რომ შედარებით ადვილი ყოფილიყო, მე ირლანდიელად მომნათლეს და სპეციალური საშვიც გამომიწერეს, ჩემი მანქანა კი ამ ტელეკომპანიის ფერებში გადავღებეთ.
შალვა, ტურისტული ბიზნესი კარგია, მაგრამ მხატვრობას თავი საბოლოოდ დაანებე?
- ამჟამინდელი საქმიანობა დიდ დროსა და ენერგიას მართმევს. სიმართლე გითხრათ ძირითადი პროფესიისთვის იშვიათად ვიცლი. რასაკვირველია თბილისში ყოფნისას, ძირითადად ღამის საათებში ხელში ფუნჯს ვიღებ და საყვარელ მოლბერტს დროდადრო ვუბრუნდები. რასაკვირველია ამ ნახატებს ფართო ჩვენებებისთვის ან გასაყიდად არ ვქმნი. ვფიქრობ რომ წარმატებული ტურისტული სააგენტო გამაჩნია, რომელიც ათი წლის თავდაუზოგავი შრომით ავაწყვე, მაგრამ მოწოდებით მაინც მხატვრად ვრჩები.