„ნარკოტიკი, უშუალოდ ირაკლი კოდუამ ჩამიდო“

„ნარკოტიკი, უშუალოდ ირაკლი კოდუამ ჩამიდო“

ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. ნამორაძე, რომელიც ბიზნესმენ დავით კოდუას ცემაში ბრალდებულია, 50 ათას ლარიანი გირაო დაეკისრა. ნამორაძეს არ დაუმტკიცდა ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილეობა, რის გამოც გაჩნდა მისი გირაოთი გათავისუფლების შესაძლებლობა. 

გარდა ამისა, ადვოკატების ინფორმაციით, ნამორაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დამძიმდა. მას აქვს გულის დაავადება, ასევე გაზრდილია უფრო მძიმე დაავადების განვითარების რისკი, რის გამოც ესაჭიროება სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში მკურნალობა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებას ეთანხმება დავით კოდუას მხარე, რომელსაც ნოშრევან ნამორაძის მეუღლე სასამართლო პროცესით ემუქრება. ნინო სუთიძის განცხადებით, მას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაურეკა და კომენტარი სთხოვა ლაურა ღაჭავას განცხადებაზე, თითქოს, ერეკლე კოდუამ ნოშრევან ნამორაძე იმიტომ დაიჭირა, რომ ის ნარკოვაჭარი იყო. სუთიძის თქმით, თუ მისი მეუღლე ნარკოვაჭარი იყო, ერეკლე კოდუას ამის დამამტკიცებელი ოპერატიული მასალა უნდა გააჩნდეს.

„მივმართავ ლაურა ღაჭავას, რომ თუ არ დადებს მასალას მისი ე.წ. გენერალი შვილი ერეკლე კოდუა, რომ ნოშრევან ნამორაძე ნარკოტიკს ყიდდა, სასამართლოს წესით აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა, მინიმუმ ბოდიშის მოხდა. ხომ იყო მისი შვილი გენერალი, ძალიან ძლიერი ოპერატიული მუშაკი, მაშინ აუცილებლად უნდა ჰქონდეს ნოშიკოს ნარკოვაჭრობის ამსახველი მასალა. მე მოვითხოვ, დადოს ეს მასალა. გარდა ამისა, მივმართავ ნანუკა ჟორჟოლიანს, რომ სპეკულაციებსა და ტყუილებს თავი გაანებოს.

ამჯერად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნოშრევან ნამორაძე გიორგი კვირიკაშვილის ახლობელია. არც ჭიკაიძესთან გვაკავშირებს არანაირი ნაცნობობა. ამის დამადასტურებელიც დადოს, გარდა იმისა, რომ საპატრიარქოში ჩვენს გარდა 150 ჩვეულებრივი მოქალაქე იყო სტუმრად. დაანებოს ამ მინისტრებს თავი. გვესმის, რომ ძალიან მტკივნეულია, ცუდად ხდებიან, როცა ახალ მთავრობას უყურებენ, მაგრამ შეეგუონ, რადგან სამუდამო არაფერია. ასევე ხდებოდნენ მოქალაქეები, როცა მის ე.წ. გენერალს უყურებდნენ... მაშინ რაც უქნა ხალხს მისმა ქმარმა... მერე გამოდის და „ბულოვკა“, „ტუფლი“ - რა ენაზე ლაპარაკობს, რომ ვერ გააგებინა საზოგადოებას, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ ამ სპეკულაციებს თავი დაანებოს“, - აცხადებს ნინო სუთიძე.

ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ჩადენილ დანაშაულს ნანობს, თუმცა აგრძელებს ბრძოლას მისი კუთვნილი ბიზნესის დასაბრუნებლად, რომელიც მას ძმებმა კოდუებმა იძულების წესით წაართვეს.

for.ge ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძეს ესაუბრა.

ელოდებიდით, რომ სასამართლო მიიღებდა ასეთ გადაწყვეტილებას? გამოძიების არც ერთ ეტაპზე სხეულის მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდება არ ყოფილა წაყენებული, თუმცა, ფაქტია, რომ დავით კოდუას საკმაოდ მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა...

- მოვისმინე შეფასება, რომ ეს იყო მძიმე დანაშაული. კონკრეტულად, ეს იყო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ამ მუხლით იყო საქმე აღძრული. მესმის და გათვიცნობიერებულიც მაქვს რაც მოხდა, ვაღიარე დანაშაულიც. სწორედ, აღიარებიდან გამომდინარე წარიმართა პროცესები ისე, როგორც წარიმართა. მოლოდინი მქონდა, რომ ობიექტურად უნდა წარმართულიყო სასამართლო პროცესი. არანაირი საშიშროება არ არსებობდა იმისა, რომ მივმალულიყავი, ეს ხომ არარეალობა იყო. ჩემი ფეხით ჩავბარდი, ვაღიარე ყველაფერი. კითხვის ნიშანიც არ იყო იმისა, რომ მე გავიქცევი.

დავით კოდუა ამბობს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს, თუმცა, მისი ძმა გიორგი კოდუა არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას. მაგალითად მოჰყავთ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი, რომელ საქმეზეც ბრალდებულია ირაკლი კოდუა და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული...

- მე არ ვიცი გელაშვილის საქმეში რა მტკიცებულება დევს, ვერ გიპასუხებთ იმაზე, რაც არ ვიცი. თუმცა, გაგონილი მაქვს და ვიცი, რომ თანამდებობის პირები არინ ჩართული. ის, რაც ჩემს შემთხვევაში მოხდა, სულ სხვა არის, ვიდრე ის, რაც გელაშვილის შემთხვევაში, სადაც თანამდებობის პირი უკვეთავს მეორე თანამდებობის პირს დანაშაულს, მერე ის თანამდებობის პირი უკვეთავს თავის ხელქვეითებს, ამ შემთხვევაში სპეცდანიშნულების რაზმსს. არც შეიძლება ამ ორი ფაქტის ერთმანეთთან შედარება. ორივე შემთხვევაში ცემაა, მაგრამ ვინ მოქმედა და როგორ, ეს არის მთავარი.

როგორ ფიქრობთ, მოჰყვება თუ არა ამ ინციდენტს გაგრძელება დავით კოდუას მხრიდან, ელოდებით შურისძიებას?

- თითოეული ჩვენთაგანის ბედი უფლის გადასაწყვეტია. დაე გადაწყვიტოს. თუ მე დასასჯელი ვიქნები და კონკრეტულად კოდუას მხრიდან, გამოჩნდება, ცხოვრება გვაჩვენებს. თავის ნებაა, როგორც უნდა ისე მოიქცეს. აქამდე დამიჭირა კიდეც, ერთად დაგეგმეს ძმებმა ეს ყველაფერი. ჩემმა ოჯახმა დიდი დარტყმა მიიღო მათგან. შანსი მივეცი, რომ მოენანიებინა, ბოდიში მოეხადა, შეიძლება ყველაფერი დარეგულირებულიყო, მაგრამ ადამიანი როდესაც ოჯახს აგიწიოკებს, ისე გაგწირავს, რომ 20-30 წლით ან უვადო პატიმრობით გიშვებს საპატიმროში, მისგან დანაშაულის აღიარებას უნდა ელოდო? ხვდებით რა სიმძიმის დანაშაულზეა ლაპარაკი? - ერთი ხელის მოსმით გადამისვევს ხელი და ისე გამიშვეს ციხეში.

თუმცა, კოდუას მხარე ირწმუნება, რომ თქვენი დაკავება მოხდა აბსოლუტურად სამართლიანად, ვინაიდან საქმე ეხებოდა ნარკორეალიზაციას და ბრალდება რის გამოც იყავით დაკავებული, შეთითხნილი არ ყოფილა.

- დავით კოდუა ამბობს, რომ მე არ ჩამიდია ნარკოტიკიო. ნარკოტიკი ჩამიდო უშუალოდ მისმა ძმამ, ირაკლი კოდუამ. კონკრეტულად მოქმედება იყო ასეთი - შედგა ძმები კოდუების საუბარი, ირაკლი კოდუა გეგმავს ამ საქმეს და აკეთებენ იმას, რაც მათ უნდათ. ჩემს კომპანიონს გოგა ზაქაიძეს ამუშავებენ - უთხრეს არ მოიქცევი ისე, როგორც ჩვენ გეტყვით, გაიზიარებ ნამორაძის ბედს. შეშინებულმა და კუთხეში მომწყვდეულმა ამჯობინა ემოქმედა ისე, როგორც კოდუებს უნდოდათ. გოგა ზაქაიძესთან გარიგებით მაიძულეს, რომ მთელი ბიზნესი წილობრივად იძულების წესით გადაგვეფორმებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში გარანტირებული იყო ჩემი ისევ საპყრობილეში შებრუნება. პლუს ნახევარი მილიონი დოლარიც გადამახდევინეს. საზღვრები ჩამიკეტეს. შეგიძლიათ ნახოთ 2008 წლის შემდეგ რამდენი ხანი ვერ გავდიოდი ქვეყნიდან.

გქონდათ მცდელობა, რომ ქვეყნიდან გასულიყავით?

- რა თქმა უნდა. არაერთხელ დავწერე განცხადება. მოტივს რატომ არ უნდა გავსულვიყავი ქვეყნიდან, არ მეუბნებოდნენ. მეუბნებოდნენ, რომ შენ ვერ გახვალ ქვეყნიდან და მორჩა. ამის უკან იდგნენ კოდუები, მათ არ უნდოდათ ჩემი გაშვება ქვეყნიდან. პრაქტიკულად, კოდუების ტყვე ვიყავი. ხმას ამოვიღებდი და ისევ უარესი ელოდა ჩემს ოჯახს. გადმოცემაც მიჭირს რა გადაიტანა ჩემმა ოჯახმა, მოსაყოლადაც არაა მარტივი.

რატომ მიიღეთ გადაწყვეტულება, რომ ფიზიკურად დაპირისპირებოდით და არა სამართლებრივად?

- ეს იყო შემთხვევითი შეხვედრა. საუბრიდან გამომდინარე მოხდა ის, რაც მოხდა, რასაც ვნანობ და ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას. ადამიანები ვართ და არავის არ გვიხარია ამის ყურება. სამართლებლივ გზას რაც შეეხება, ახლაც მიმდინარეობს გამოძიება, დაკითხულია ხალხი, ალბათ გამოძიება იტყვის თავის სათქმელს.

როგორ ფიქრობთ, დაიბრუნებთ თქვენს კუთვნილ ქონებას, რომელიც თქვენს მეუღლეს გადააფორმებინეს კოდუას სახელზე?

- არ შევეგუები, ბოლომდე ვიბრძოლებ კანონიერი გზებით. მჯერა, რომ ჭეშმარიტება იზეიმებს. პირველ რიგში, უნდა მომეხსნას ნასამართლეობა. შვილები მეზრდება, წლების შემდეგ როცა გაიგებენ, რომ მათი მამა ნასამართლევია ამ კონკრეტულ დანაშაულზე, როგორიც არის ნარკოტიკები, ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია. ეს სიბინძურე და შეურაცხმყოფელი ბრალდება უნდა მომეხსნას, მერე ამას მოყვება დანარჩენი, ქონება და ა.შ.

არსებობს ინფორმაცია, რომ თქვენ გქონდათ თქვენი დაცვის სამსახური, წლების წინ თქვენი სამსახური იცავდა „ბიტლკლუბს“, ასევე უშუალოდ თქვენ იცავდით დავით კოდუას. იყავით მისი დაცვის უფროსი?

- არავისი დაცვა არ ვყოფილვარ, ეს სისულელეა. შორს მივდივართ ამ საუბრით. 2006 წელს გავიცანი და 2008 წელს დამიჭირა. ორი წელი ვიცნობდი მას მხოლოდ. რაც შეეხება მის განცხადებას ანტალიასთან დაკავშირებით, ჩემს ჩამოსვლას და შეხვედრას, დიახ ასე იყო. როგორც გითხარით, ჩემს პარტნიორ გოგა ზაქაიძესთან ერთად ვიყავი ანტალიაში დასასვენებლად. რომელმაც ბოლო წამს, როდესაც სახლში ვბრუნდებოდით თქვა, რომ არ მოვდივარო. გამიკვირდა რატომ ამბობდა უარს, რადაგან ბილეთებიც ნაყიდი გვქონდა. საქართველოში რომ ჩამოვედი, უკვე, ნათელი იყო რატომ არ წამოვიდა. წინასწარ იყო დაგეგმილი - უთხრეს, შენ არ გაემგზავრები მასთან ერთად. იმიტომ, რომ დაგეგმილი იყო ჩემი დაკავება. კონკრეტული ადამიანები არიან, რომლებიც გოგა ზაქაიძეს ხელს ადებენ ამ დანაშაულში თანამონაწილეობაზე.