Nula poena sine crimen - არ არსებობს სასჯელი უდანაშაულოდ
ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა, ამა წლის სექტემბრის დასაწყისში გაავრცელეს ცნობა, რომ შსს-ს ყოფილი მინისტრი მერაბიშვილი, გირგვლიანის საქმეზე დაკითხვაზე უარს ამბობს. სავარაუდოდ, უარის მიზეზი ამჟამინდელი სამართალდამცავი და სასამართლო სისტემისადმი მისი უნდობლობაა. ამ ინფორმაციამ წარმოშვა იმის აუცილებლობა, რათა კიდევ ერთხელ, და შესაძლებელია განსხვავებული კუთხით, შეფასდეს ამ უმნიშვნელოვანესი საქმის პერიპეტიები და მასთან დაკავშირებული პრობლემები.
ადამიანის უფლებათა ევროპულo სასამართლოს მიერ, 2011 წლის 26 აპრილს გამოტანილ განჩინებასთან დაკავშირებით გირგვლიანის საქმეზე, სასამართლოს საინფორმაციო სამსახურმა იმავდროულად გაავრცელა პრეს-რელიზი, სათაურით: „საქართველოს ხელისუფლებამ ფაქტიურად არ გამოიძია 28 წლის მამაკაცის მოტაცების და მკვლელობის საქმე“. ამ დოკუმენტის დასაწყისში აღნიშნულია, რომ, “საქმე ეხება გირგვლიანის მკვლელობას სამართალდამცავი ორგანოების მაღალი თანამდებობის პირთა ჯგუფის მიერ, ქმედითი გამოძიების არ ჩატარებას და შესაბამისი სასჯელის არ მისჯას“.
განჩინების თანახმად, 2006 წ. 28 დეკემბრის ღამეს, შსს მაღალი თანამდებობის თანამშრომლებმა, შარდენ ბარში მყოფ შსს-ს ხელმძღვანელ პირთა, რომელთა შორისაც იმყოფებოდა შსს მინისტრის ცოლი, აუგად მოხსენიებისთვის, შურისძიების მიზნით, ძალის გამოყენებით მოიტაცეს გირგვლიანი და მისი ამხანაგი, შსს-ს განკარგულებაში მყოფი მანქანით აიყვანეს ოქროყანის სასაფლაოზე, ცემეს, აწამეს ისინი, ხოლო გირგვლიანი მოკლეს.
განჩინებაში დაფიქსირებულია, რომ მიუხედავად გარემოებებისა, რომლებიც გამოძიების დასაწყისიდანვე ადასტურებდნენ შსს ოფიციალური პირების თანამონაწილეობას ამ დანაშაულის ჩადენაში, იგივე სამინისტრო იყო ჩართული ამ საქმის გამოძიებაში. სასამართლომ განჩინებაში ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოები განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყვნენ, როდესაც სჯიან მკვლელობისათვის მსჯავრდებულ მათ სამართალდამცავ ორგანოთა თანამდებობის პირებს, იმ მიზნით, რათა ებრძოლონ დაუსჯელობის სინდრომს.
და კიდევ, გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულია, რომ „სასამართლო განსაკუთრებით გააოგნა ინსტიტუციურმა, უწყებრივმა კავშირმა და იერარქიულმა სუბორდინაციამ, საქმესთან უშუალო კავშირში მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის, დანაშაულში თანამონაწილე ოფიცრებსა და გამომძიებლებს შორის, რისი მაგალითიცაა ის, რომ შარდენ-ბარში სუფრასთან მყოფი ერთ-ერთი ოფიცერი იყო როგორც დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილების, ისე გამომძიებლების პირდაპირი იერარქიული უფროსი“.
განჩინებაში, მტკიცებულებასთან დაკავშირებით დაფიქსირებული უტყუარი ფაქტები უშუალო კავშირშია ამავე საქმეში არსებულ შეფასებასთან იმის თაობაზე, რომ „სასამართლომ განსაკუთრებით სავალალოდ მიიჩნია, რომ საქართველოს სასამართლეობმა უგულებელყვეს განმცხადებელთა ბრალდებები იმის თაობაზე, რომ საგამოძებო ორგანოების წარმომადგენლებმა გაანადგურეს და დამალეს მტკიცებულებები. მათ საქმის მასალებში ჩადეს სატელეფონო ზარების მხოლოდ ამონაკრები, მაშინ როდესაც მობილური ტელეფონის ოპერატორებისაგან მოპოვებული ჰქონ დათ სრული ინფორმაცია დამნაშავეთა და საქმესთან შემხებლობის მქონე ყველა პირს შორის შემდგარი კომუნიკაციის შესახებ, შემთხვევის ღამეს“.
განჩინებაში ასევე დაფიქსირებულია, რომ საქართველოს მთავრობამ დაგვიანებით და ნაწილობრივ არასრულად წარუდგინა მოთხოვნილი მტკიცებულებები სასამართლოს, რითაც დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 38-ე მუხლი.
სტრასბურგის სასამართლოს, ოთხი წლის განმავლობაში, რა პერიოდშიც იგი იხილავდა ამ საქმეს, რომ მოეპოვებინა ეს მტკიცებულებები, უეჭველად დადასტურდებოდა, რომ ძირითადად სწორედ ამ სატელეფონო საუბრებისას ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მკვლელობასთან და მის დაფარვასთან დაკავშირებული ქმედებების დაგეგმვა და სახელმძღვანელო მითითებების გაცემა და ინფორმაციის მიღება ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ.
შეაჯამა რა მის ხელთ არსებული, დადგენილად მიჩნეული ფაქტები, სასამართლომ განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა შტოები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის მმართველი ორგანოების, ადგილობრივი სასამართლოების და საქართველოს პრეზიდენტის ჩათვლით - ყველანი ერთად მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით, რათა აღეკვეთათ მართლმსაჯულების განხორციელება ამ საშინელი, საზარელი მკვლელობის საქმეზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე სტრასბურგის სასამათლომ გამოიტანა სრულიად უსაფუძვლო, ალოგიკური და უსამართლო დასკვნა,რომ საქმეზე ადგილი ჰქონდა მხოლოდ კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურულ დარღვევას, სახელმწიფოს მიერ გირგვლიანის მკვლელობის საქმის არაეფექტური გამოძიების თვალსაზრისით. იმავდროულად სასამართლომ დაადგინა, რომ გირგვლიანის, შსს-ს მაღალჩინოსნების ხელიდან მკვლელობის საქმეში კონვენციის მეორე მუხლის არსებით დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
განჩინებაში დაფიქსირებულია, რომ “მიუხედავად იმისა, რომ სანდრო გირგვლიანი სახელმწიფოს წარმომადგენლების ხელში გარდაიცვალა, დამნაშავეები არ მოქმედებდნენ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ფარგლებში. დანაშაული ჩადენილ იქნა ბოროტმოქმედთა მიერ, თავიანთი მეგობრის დაბადების დღის კერძო წესით აღნიშვნის კონტექსტში. ისინი არ მონაწილეობდნენ პოლიციის მიერ დაგეგმილ ან სპონტანურ დევნაში.’’ (?!)
თუ რა რეალური ფაქტორების ზეგავლენით დაადგინა სასამართლომ, რომ მისივე დასკვნით, არგამოძიებულად აღიარებულ საქმეზე,საქართველოს ხელისუფალთა მხრიდან კონვენციის მე-2 მუხლის, ანუ გირგვლიანის სიცოცხლის უფლების არსებით დარღვევას არ ჰქონია ადგილი, აუხსნელ გამოცანად რჩება, ისევე როგორც აუხსნელია, რატომ არ იქნა გამოყენებული ამ უმსგავსო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში, რის საშუალებასაც იძლეოდა როგორც გადაწყეტილების სრული აბსურდულობა, ისე მის დადგენაში მონაწილე სამი მოსამართლის ერთობლივი, განსაკუთრებული აზრი, რომლებმაც მიიჩნიეს, რომ ამ საქმეზე სახელმწიფოს მიერ დარღვეულ იქნა კონვენციის მე-2 მუხლის არსებითი მხარეც, ანუ გირგვლიანის სიცოცხლის უფლებაც.
სრული ობიექტურობით და საქმეში არსებულ უამრავ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, ამ მოსამართლეებმა დადგენილად მიიჩნიეს, რომ სახელმწიფო ბრალეული და პასუხისმგებელია როგორც გირგვლიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფაზე, ისე ამ საქმის არ გამოძიებაზე.
განსაკუთრებულ აზრში, მოსამართლეებმა დააფიქსირეს, რომ „გირგვლიანი გარდაიცვალა პოლიციის ოფიცრების მიერ სასტიკი ცემის შედეგად,ისეთ ადგილას სადაც მისი მშველელი არავინ იყო. დამნაშავეები მოიქცნენ არა უბრალოდ თავიანთ უფლებათა გადამეტებით, არამედ ჩაიდინეს განზრახი დანაშაული,მაშინ როდესაც მათი ძირითადი მოვალეობა სწორედ დანაშაულის აღკვეთა იყო. ყოველგვარ ეჭვს გარეშეა,რომ ჩადენილი დანაშაული სახელმწიფოს უნდა შერაცხვოდა. აშკარაა, რომ საქართველოს სამართლებრივი სისტემა სათანადო სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. ეს ქმნის საფუძველს, რომ დანაშაულის ჩამდენი პოლიციის ოფიცრების ქმედებები, რომლებმაც უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უნდა შეერაცხოს და საქმის მასალების თანახმად, რეალურად და პირდაპირ შეერაცხება კიდეც საქართველოს სახელმწიფოს“.
წინამდებარე საქმეზე, ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანას იმის თაობაზე, თუ ვინ იქნებოდა ცნობილი მკვლელობაში დამნაშავედ, შსს სისტემაში სიკვდილის ესკადრონის შემქმნელი სახელმწიფო, თუ მასში დასაქმებული ფიზიკური პირები, კერძო სტატუსით, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. ნაცხროველთა ძალისხმევის შედეგად,ოთხი ხმით, სამის წინააღმდეგ, საქმე მათ სასარგებლოდ გადაწყდა, რაშიც გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოდან წარდგენილმა, საქმის განხილვაში მონაწილე ad hoc მეშვიდე მოსამართლე ირაკლი ადეიშვილმა, რომელიც ამჟამადაც საქმიანობს თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
ამდენად, განსასჯელ მერაბიშვილს ნაკლებად აქვს სანერვიულო, ვინაიდან იგი მისსავე შედგენილი კანონმდებლობით, და მის ამფსონთა მიერ ხელდასმულ მართლმსაჯულების ყასაბთა მიერ სამართლდება.
საბოლოო ჯამში, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა რომ სანდრო გირგვლიანის მამისთვის, მოპასუხე სახელმწიფო - საქართველოს, მორალური ზიანისთვის, რაც მას მიადგა სახელმწიფოს მიერ, გირგვლიანის მკვლელობის გამოუძიებლობით, უნდა გადაეხადა 50 000 ევრო.
ეჭვგარეშეა, რომ სახელმწიფო მოხელეთა მიერ წამებით მოკლული გირგვლიანის მშობლისთვის, არც მითითებული თანხა და არც ათასჯერ ამაზე მეტი, არაფერს ნიშნავს მისი ვაჟის სიცოცხლესთან შედარებით.
აღნიშნულთან მიმართებით იბადება მხოლოდ წმინდა სამართლებრივი, ლოგიკური კითხვა - თუკი კონკრეტულ შემთხვევაში, დანაშაული ჩაიდინა სახელმწიფო მოხელეთაგან შემდგარმა ბანდამ (რომელმაც, თუნდაც არ გამოიძია საქმე), რატომ უნდა დაისაჯონ და აგონ პასუხი თუნდაც მატერიალურად, საქართველოს რიგითმა უდანაშაულო მოქალაქეებმა, რომელთაგან აკრეფილი გადასახადისგან უნდა გადახდილიყო საკომპენსაციოდ განსაზღვრული თანხა.
საქართველოს უბადრუკ სისხლის სამართლის კოდექსშიც კი პირდაპირაა მითითებული, რომ პასუხისმგებლობის საფუძველია მართლწინააღმდეგობა და ბრალეული ქმედება.
ზოგადად, სტრასბურგის სასამართლოს მიერ, კომპენსაციის სახით დაწესებული ფულადი გადასახადი მხოლოდ სახელმწიფოებს ეკისრება, რითაც ერთის მხრივ ხდება უშუალოდ დაზარალებულთა მატერიალური კომპენსირება, ისე ფაქტობრივად,სახელმწიფოთა დასჯა თვითეულ კონკრეტულ შემთხვევაში, მართლმსაჯულების არაჯეროვანი აღსრულებისთვის, ან სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლების ხელყოფისთვის.
ამ დარღვევებს მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, რაც საქართველოს პირობებში ჯამურად, კანონმდებლობის უგვანო და/ან მართლმსაჯულების განმხორციელებელთა არაკომპენტეტურობასა და კანონის მორჩილების ნაცვლად, მხოლოდ თანამდებობრივი დაქვემდებარებით განპირობებულ, უაპელაციო მორჩილებაში გამოიხატება.
ეს მორჩილება კი, ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყნებში უზრუნველყოფს მოსამართლეთა და პროკურორთა სტაბილურად განცხრომაში ყოფნას, ხელშეუხებლობის გარანტიის საფარველ ქვეშ, რასაც ნულამდე დაჰყავს მართლმსაჯულების არსი.
არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ საქართველოში, ახლო მომავალში, ვინმე, ვისაც ეს ეხება გაითვითცნობიერებს მართლმსაჯულების დარგში არსებულ უმძიმეს მდგომარეობას, რასაც ისიც მოწმობს, რომ ამ მიმართებით პრიორიტეტულ პრობლემათა განსაზღვრაც კი მიუღებელ სახეს იღებს.
დღეს აქტიურად განიხილება მოსამართლეთა სამუდამო არჩევის საკითხი, რაც მავანთა აზრით, მათი დამოუკიდებლობის სრული გარანტია იქნება. ეს თეზისი აბსურდულია, ვინაიდან მართლმსაჯულების ობიექტურად აღსრულებას უზრუნველყოფს მხოლოდ
1. გამართული კანონმდებლობა, რომლის მიღებაც მხოლოდ გონიერ,განათლებულ და სინდისი- ერ პარლამენტარებს ძალუძთ.
2. მართლმსაჯულების აღმსრულებელთა, პირველ რიგში მოსამართლეთა კადრების აღზრდა ტრადიციული ქართული და ევროპული სამართლის, ისევე როგორც საერთაშორისო სასამართლოების პრეცენდენტული გადაწყვეტილებების საფუძველზე, რასაც ნუცას დიდ სკოლად გადაქცეული საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ვერ და არ უზრუნველყოფს.
3. სასამართლოთა საქმიანობის სრული გამჭვირვალობა, რაც უზრუნველიყოფა სასამართლოს მიერ გამოტანილი ყველა გადაწყვეტილების თუ განაჩენის დროული, დაუყონებლივი გასაჯაროებით. ეს, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს კანონთა აღსრულების ერთგვაროვნებას, მეორე მხრივ კი კონტროლის დაწესებას იმაზე, თუ რამდენად ფლობენ მოსამართლეები იურისპრუდენცია, წერა-კითხვის უნარს, ელემენტალურ ლოგიკას და რაც მთავარია აქვთ გამოცდილება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ორგანოებში მოკალათებულმა შარიკოვებმა ლუსტრაციის შიშით დაუშვან ამის განხორციელება.
სამწუხაროდ, რჩება მხოლოდ ერთი გამოსავალი, რაც უმსგავსო განაჩენთა და გადაწყვეტილებების გამოტანისთვის მკაცრი სასჯელის დაწესებაში უნდა გამოიხატოს. სასჯელის ძირითად სახედ კი, მოსამართლეთა მიერ დაზარალებულ პირთათვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია, განმეორებით ჩადენილი ანალოგიური ქმედებისათვის კი ხანგრძლივი დროით გადაყენება და სამუდამოდ დათხოვნა უნდა დაწესდეს. ყოველგვარი საყვედურები,შენიშვნები თუ მითითებები მგლის თავზე სახარების კითხვის ტოლფასია.
პროფესიონალი კადრების არყოლის, თუ იგნორირების გამო, არცერთი ეს პუნქტი შესრულებადი არაა. გვაქვს მხოლოდ ერთი რეალობა, რომლის მიხედვითაც სავარაუდო და თეორიულად დასაშვებია, რომ თანამდებობის პირთაგან, პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, მხოლოდ ორ ადამიანს - პრემიერ მინისტრს და პარლამენტის თავჯდომარეს შეიძლება სურდეთ ქვეყანაში მართლმსაჯულების გამართული ფუნქციონირება.სამწუხაროდ ისინი ვერ შეძლებენ პარლამენტართა უმრავლესობას აუმაღლონ ინტელექტი და გაურეცხონ სინდისი, ვერც უვიც ლექტორთა არმადას მოაშორებენ უმაღლეს სასწავლებლებს და ვერც ვერავის აიძულებენ გამოსცეს ყველა სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება, გაანალიზოს და კრიტიკულად შეაფასოს ეს დოკუმენტები, რათა უზრუნველიყოს სამართლის ერთგვაროვანი განხორციელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საიტზე განთავსებულია დოკუმენტი სათაურით „საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესები“, რომელიც დეკლარაციული ხასიათის ლოზუნგების და მოწოდებების ნაკრებს წარმოადგენს. იგი ძალზედ შემოკლებითაა გადმოწერილი დიდი მოცულობის დოკუმენტიდან - „ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს #3 მოსაზრება მოსამართლეთა პროფესიული ქცევის პრინციპებისა და წესების, კერძოდ ეთიკის, შეუფერებელი ქცევისა და მიუკერძოვებლობის თაობაზე. ’’ხსენებული დოკუმენტი გარკვეულ წარმოდგენას ქნის, თუ რა პრინციპებზეა აგებული მოსამართლეთა პასუხისმგებლობა დასავლეთში. მოსამართლეთა პასუხისმგებლობის საკითხს არეგულირებს ასევე,მოსამართლეთა ქცევის ფუნდამენტური პრინციპების - დიდი ქარტია, მიღებული ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს მიერ, 2010 წელს. ორივე დოკუმენტი უშვებს მოსამართლეთა პერსონალურ პასუხისმგებლობას, მათ მიერ მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობისთვის.
აქსიომაა, რომ მოსამართლეთათვის და სამართალდამცავი ორგანოების მუშაკთათვის უმნიშვნელოვანესი უფლებამოსილებების მინიჭება იმავდროულად უნდა წარმოშობდეს გარკვეულ სამართლებრივ ნორმათა არსებობის აუცილებლობას, რაც უზრუნველყოფს მითითებულ პირთა რეალურ პასუხისმგებლობას და იძლევა მათ მიმართ ზემოქმედების კანონიერი საშუალებების გამოყენების უფლებას, მათ მიერ სერიოზული შეცდომების, გადაცდომების და დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში.
მოკლედ შევეხებით მხოლოდ მოსამართლეთა პასუხისმგებლობას დასავლურ ქვეყნებში, ვინაიდან მართმსაჯულების განხორციელებებისას , მათი როლია საბოლოო და გადამწყვეტი.
მოსამართლეებს, რომლებიც თანამდებობრივი უფლებამოსილების აღსრულებისას ჩაიდენენ ქმედებას, რომელიც ნებისმიერ პირობებში მიიჩნევა დანაშაულად (მაგალითად ქრთამის აღება), არ შეუძლიათ მითითება მათ იმუნიტეტზე. ზოგ ქვეყანაში განუზრახავი სასამართლო შეცდომებიც კი შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულად. ასე მაგალითად, შვედეთში და ავსტრიაში მოსამართლეები(რომლებიც, როგორც წესი, გათანაბრებულები არიან სახელმწიფოს სხვა მოხელეებთან) შეიძლება დაისაჯონ (მაგალითად დაჯარიმდნენ) ზოგ შემთხევაში უხეში დარღვევებისათვის (მაგალითად პირის დატუსაღებისთვის ან საპყრობილეში გამწესებისთვის დადგენილ ვადაზე ძალზე გადამეტებული ხნით.)
ევროპულ ქვეყნებში, მოსამართლეები პასუხს აგებენ წინასწარ შეცნობილი, შეგნებული, აშკარად არასწორი გადაწყვეტილებებისთვის და სხვა უხეში დარღვევებისთვის, განსაკუთრებით სახელმწიფო დონეზე, მას შემდეგ, რაც მხარე დაადასტურებს მის უფლებას კომპენსაციაზე სახელმწიფოს მხრიდან. ასე მაგალითად, ჩეხეთში, სახელმწიფოს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა ზიანისათვის, რომელიც მიყენებულია სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებით, ან არამართლ ზომიერი ქმედებით, მაგრამ ამის შემდეგ, მას უფლება აქვს რეგრესული სარჩელი წაუყენოს მოსამართლეს.
იტალიაში სახელმწიფოს, განსაზღვრული პირობების არსებობისას, შეუძლია ანაზღაურება მოსთხოვოს მოსამართლეს, რომლის ქმედებამაც წარმოშვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.
ბელგიაში არსებობს მოსმართლეთა მხრიდან ზარალის ანაზღაურების მექანიზმი, იმ შემთხვევაში, როდესაც მათ ბოროტად ისარგებლეს მინიჭებული უფლებამოსილებით.
გერმანიაში გათვალისწინებულია სახელმწიფოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა სასამართლოს მიერ დაშვებული დარღვევისათვის, მაგრამ, იმავდროულად, სახელმწიფოს შეუძლია აღძრას ზარალის ანაზღაურების საქმე ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც იგი იძულებულ იქნა დაეფარა ზარალი.სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულებისთვის, მოსამართლეები შეიძლება დაჯარიმდნენ, შეუმცირდეთ ხელფასი, გადაყვანილ იქნან სხვა თანამდებობაზე ან დათხოვილ იქნან სამსახურიდან.
ისლანდიაში, იმ შემთხვევაში, როდესაც მოსამართლემ განზრახ გამოიტანა უსამართლო გადაწყვეტილება, როდესაც იგი იყენებს უკანონო მეთოდებს აღიარების მისაღებად, ან როდესაც მან მითითება მისცა უკანონო გამოძიების ჩატარებაზე, სახელმწიფო სამოქალაქო-სამართლებრივად აგებს პასუხს, მაგრამ შეუძლია მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება მოსამართლისაგან, თუკი მისი ქმედება განზრახი ხასიათის იქნება.
საფრანგეთში, კანონმდებლობით განსაზღვრული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულია მოსამართლეთა სამოქალაქო პასუხისმგებლობა, იმ შემთხვევაში თუკი დადგინდა მოსამართლის პირადი ბრალი.
პორტუგალიაში, პროფესიულ მოვალეობათა შეუსრულებლობა მოსამართლის მოქმედებით, ან მუშაობაში გამოვლენილი ნაკლოვანებებით,რომლებიც შეუთავსებელია სამოსამართლო თანამდებობის ღირსებასთან, ისჯება ხელფასის 5-დან 90 დღიანი ოდენობის ჯარიმით,თანამდებობის განხორციელების შეჩერებით 20-დან 240 დღემდე, პენსიაზე იძულებით გაშვებით, ან თანამდებობიდან დათხოვნით.
2012 წელს, ბრიუსელში ბაზირებულმა, ევროპის მოსამართლეთა და პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრმა ჩაატარა კვლევა, ევროპელ მოსამართლეთა და პროკურორთა უშუალო მონაწილეობით. გააანალიზა რა ევროპის ქვეყნებში მოსამართლეთა და პროკურორთა დისცი პლინარული პასუხისმგებლობის არსებული სისტემა, დაასკვნა, რომ მოსამართლეთა და პროკურორთა მიმართ, კანონით დადგენილ შემთხვევებში, დისციპლინური დევნის და შესაბამის სანქციათა გამოყენება, მათზე დაკისრებულ მოვალეობათა ობიექტურად განხორციელების მნიშვნელოვანი გარანტიაა.
„დაუსჯელობა დანაშაულისთვის უდიდესი ხელშეწყობაა’’ - ეს სიტყვები ციცერონს ეკუთვნის. თუკი სახელმწიფოს მესვეურთ სურთ ქვეყნის უსამართლობის ჭაობიდან ამოყვანა, მათ უნდა განახორციელონ რადიკალური,პოზიტიური ცვლილებები უდანაშაულოთა ინტერესების დაცვის და დამნაშავეთა მკაცრი პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის მიზნით, თუნდაც ეს დამნაშავენი სამართალდამცავი ან სასამართლო ორგანოების წარმომადგენელნი იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში პროგრესულად გაღრმავდება სამართლებრივი ნიჰილიზმი, რასაც პირდაპირ მივყავართ მასობრივ განუკითხაობასთან და ძალადობასთან. დიდი უსამართლობაა, როდესაც დანაშაულის ჩადენისთვის დამნაშავე არ ისჯება, მაგრამ სამართლებრივი კატასტროფაა, როდესაც ამავე დანაშაულისთვის სრულიად უდანაშაულეები აგებენ პასუხს.