„მანანა ბერიკაშვილმა და სახელმწიფომ გიორგი ღვინიაშვილს  ბოდიში უნდა მოუხადონ“

„მანანა ბერიკაშვილმა და სახელმწიფომ გიორგი ღვინიაშვილს ბოდიში უნდა მოუხადონ“

ბარბარე რაფალიანცის საქმეზე უმცირესობა დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, უმრავლესობა კომისიის შექმნას არ აპირებს და პოლიტიკურ სპეკულაციებზე აპელირებს.

2012 წელს ტრაგიკულად გარდაცვლილი ათი თვის ბავშვის საქმეზე კომისიის შექმნის საკითხზე პარლამენტში, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ, მაგრამ დიდი ალბათობით კომისია არ შეიქმნება.

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას საგამოძიებო პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ კი, კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე აზრი ორად გაიყო.

როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა განუცხადა, არჩევნების წინა დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ საზარელი მკვლელობა დააბრალეს. ორი წლის შემდეგ კი, გამოძიების შედეგად არაფერი გაირკვა.

მისი თქმით, ახლა უკიდურესად საეჭვო ვითარება ირკვევა, რომ თურმე, რაფალიანცების ოჯახს ადვოკატი ამჟამინდელმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მაშინდელმა ოპოზიციონერებმა დაუნიშნეს.

„მოქმედი ხელისუფლების მიმართ არავითარი ნდობა არ გაგვაჩნია იმდენად, რამდენადაც ეს საქმე საკუთარ კონტროლზე მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აიყვანა. მან ამ საქმის გამოსაძიებლად არაფერი გააკეთა. როგორც ხედავთ, ამ საქმეზე უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგი ამ დანაშაულს საზარელსაც უწოდებს და იმისკენ იხრება, რომ საქმე გამოძიებული უკვე უნდა ყოფილიყო“, - აღნიშნავს თაქთაქიშვილი.

კანონმდებელი არ ელის, რომ პარლამენტი საგამოძიები კომისიას შექმნის, მაგრამ ამბობს, რომ უმცირესობა ყველა სამართლებრივ გზას ამოწურავს, რათა სიმართლე გაირკვეს როგორც გარდაცვლილი რაფალიანცის ოჯახისთვის, ასევე მოსახლეობისთვის.

თანაგუნდელის მსგავსად, გივი თარგამაძეც ხელისუფლებას აკრიტიკებს და for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ძალიან აშკარაა, ვისი ჩადენილია ეს ფაქტი.

თარგამაძის განცხადებით, ხელისუფლებას საკუთარ დანაშაულზე ლაპარაკი არ უნდა, რადგან ამ საქმეს ნებისმიერი ობიექტური გამოძიება ბოლომდე ძალიან სწრაფად მიიყვანს.

„საკმარისზე მეტია ინფორმაცია, რომ დადგინდეს ეს აქტი როგორ განხორციელდა. გედევან ფოფხაძე ამ ფაქტს შემზარავს ეძახის, მაგრამ მისი თანაგუნდელი, რომელმაც ეს ფაქტი გაახმოვანა, მინისტრის მოადგილეა და ეს ორი ფაქტი როგორ ეხამება ერთმანეთს, გასაღები აქ არის. ჩაკეტილი წრეა, რომელშიც ეს საბრალო ოჯახი ტრიალებს უკვე ორი წელია“, - აღნიშნავს თარგამაძე.

აღსანიშნავია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე უმრავლესობაში განსხვავებული პოზიციები აქვთ.

ბიუროს სხდომაზე, სადაც კომისიის შექმნის საკითხზე იმსჯელეს, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ ოპონენტების ინიციატივას მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ამ გახმაურებულ საქმეს წერტილი უნდა დაესვას და საგამოძიები პროცესი ბოლომდე იქნას მიყვანილი. ამ განცხადების გამო, პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატს მიკროფონი გამოურთო და რეგლამენტის დაცვა მოსთხოვა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ კი, უმცირესობა პოლიტიკურ სპეკულაციებში დაანაშაულა. დავით უსუფაშვილმა მიკროფონო მასაც გამოურთო. მოგვიანებით კი, for.ge-სთან საუბარში დოლიძემ საკუთარი პოზიცია დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბარი უხერხულია.

დოლიძის თქმით, კომისია უნდა შეიქმნას როგორც რაფალიანცის, ასევე გირგვლიანის, რობაქიძისა და ვაზაგაშვილის საქმეებზე.

პოზიცია არ შეიცვალა გია ვოლსკიმ და მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ სპეკულაციებს აგრძელებს.

ვოლსკის შეფასებით, კომისიის შექმნას არანაირი აზრი არ აქვს.

„ზოგი საკითხი ძალიან მძიმეა და ნაციონალების პოლიტიკურ სპეკულაციებზე აყოლა, საქმისთვის სიკეთის მომტანი არ იქნება. საქმის გამოძიება ჩვენ რომ არ მოვითხოვოთ, ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს საკითხი გამოძიებული იქნება“, - განუცხადა for.ge-ს ვოლსკიმ, ლევან ბერძენიშვილი კი, საკითხზე სიღრმისეულად საუბრობს და ამბობს, რომ გიორგი ღვინიაშვილს მანანა ბერიკაშვილმა და სახელმწიფომ ბოდიში უნდა მოუხადონ.

for.ge-სთან საუბარში ბერძენიშვილი აცხადებს: „საქმის გამოძიება უნდა მოხერხდეს. რა აფერხებს, არ ვიცი, მაგრამ პროკურატურას საქმის დამთავრება უნდა მოვთხოვოთ. საარლამენტო კომისია ხმაურის გარდა არაფერს არ მოგვცემს. ხმაური იქნება იმაზე, რომ არ გაიხსნება და ეს წაუგებელი თამაშია. საპარლამენტო კომისია ნებისმიერ საქმეზე უნდა მოვითხოვოთ. გირგვლიანის საქმეში მთელი მსოფლიო ჩაერია და განაჩენში წერია, რომ მკვლელებს სახელმწიფომ ხელი დააფარა, მაგრამ ამაზე კომისია ვერ შევქმენით. უფრო მეტიც, ესენი ისხდნენ და უსინდისოდ გველარაკებოდნენ, რომ ერთი გირგვლიანის გამო მინისტრს ხომ არ დავიბარებთო. მაგათ, რაფალიანცი ადარდებთ? - არა, მაგრამ ეს პოლიტიკაა. გასაგებია, რომ მათ მიმართ იყო დაშვებული შეცდომა, როცა მათ ის დააბრალეს, რაც მათი გაკეთებული არ იყო“, - აცხადებს დეპუტატი.

ბერძენიშვილის მოსაზრებით, უმცირესობა მართალია, რომ რაფალიანცის საქმე გამოუძიებელია.

„ღვინიაშვილს შეიძლება დანაშაული სხვა საქმეებში აქვს, ან არ აქვს და ეს სასამართლომ უნდა დაადგინოს, მაგრამ ამ საქმეში სუფთაა და დამბრალებელი არ იყო მართალი. ბოდიში მოსახდელია, მაგრამ ვისაც მოსახდელი აქვს, მან უნდა მოიხადოს. საგამოძიებო პროცესი ამდენი ხანი გაგრძელდა და იქნებ, ვინმეს ღვინიაშვილი დამნაშავე ჰგონია. ღვინიაშვილს ბოდიში სახელმწიფომაც უნდა მოუხადოს. მუდმივად იქნება ინსინუაციები, მაგრამ სიმართლე არ დაიმალება“, - დასძენს ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს.