„ოქროს შუალედი“ - რა ფართში უნდა ეტეოდეს პრეზიდენტი

„ოქროს შუალედი“ - რა ფართში უნდა ეტეოდეს პრეზიდენტი

რამდენ ოთახსა და, კონკრეტულად, რამდენ კვადრატულ მეტრ ფართში უნდა დაეტიოს საქართველოს პრეზიდენტი? - ეს კითხვა ჯერ კიდევ გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო პერიოდიდან არსებობს და პერიოდულად კვლავ აქტუალური ხდება ხოლმე.

ახლად არჩეული პრეზიდენტი მთავრობის კანცელარიის „ორ ოთახში“ მართლაც შესახლდა, მაგრამ, ავლაბარში აღმართული საპრეზიდენტო სასახლის „უპატრონოდ“ დარჩენის „შიშმა“, სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემამ, თუ კომფორტზე მოთხოვნილებამ ადგილსამყოფელის შეცვლა მალევე გადააწყვეტინა.

გიორგი მარგევლაშვილის ამგვარი ნაბიჯი, უმალვე დაიწუნეს მისმა ერთგვარმა „ხელდამსმელებმა“ - ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ მარგველაშვილმა „ხასიათი გამოავლინა“ და მასთან მანამდე არსებული მეგობრული ურთიერთობა კრიტიკის რეჟიმში გადაიყვანა.

მარგველაშვილის კრიტიკის „არიას“ საკუთარი ხმები მალევე დაუმატეს კოალიცია „ქართული ოცნების“ სხვადასხვა წარმომადგენლებმა. ასე დაიწყო ახალი პოლიტიკური რაუნდი - „პრეზიდენტთან კინკლაობა“, შემდეგ ამას დაემატა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერისა და გაეროს სამიტზე წასვლის საკითხები. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, კინკლაობების ტურში პრეზიდენტზე ყოველთვის პრემიერი იმარჯვებს. საზოგადოება კი მსუბუქი ჟანრის დაპირისპირების ამსახველი ამბების მომსწრე ხდება.

ჩნდება კითხვები, ვის აძლევს ხელს პრეზიდენტისა და მთავრობას შორის ურთიერთობების გამწვავების დემონსტრირება და რატომ ვერ ხერხდება ერთი შეხედვით, საკმაოდ მარტივი საკითხების სახელისუფლებო გუნდის შიგნით, „შიდა სამზარეულოში“ მოგვარება.

„მე, ზოგადად, ვფიქრობ, რომ ის შენობა, რომელშიც დღეს პრეზიდენტია, ალბათ, რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანისთვის შეიძლება გაკეთდეს“ - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია. ცოტა უცნაური კი არის, სოფლის მეურნეობის მინისტრი სასოფლო-სამეურნეო საკითხებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ეტაპზე რომ პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხზე სასაუბროდ იცლის, მაგრამ, ალბათ, ჟურნალისტების კითხვას თავი ვერ აარიდა და თქვა კიდეც ის, რაც „პოლიტკორექტულად“ მიაჩნდა.

პოლიტიკური კონტექსტი კი ამჯერადაც ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, როდესაც „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მარგველაშვილის მიერ დაკავებული ფართის თითოეული კვადრატული მეტრი საბაზრო პრინციპით დაითვალა.

„ცალკე საკითხია სასახლის თემა. მე სპეციალურად არ ვაღვივებ ამას, ველოდები, რას იზამს საზოგადოება, მასმედია. ეკონომიკური ხასიათის კითხვებია. 16 ათასი კვადრატული მეტრის ფართობისაა სასახლე, მას (მარგველაშვილს) რეალურად სჭირდება 3 ათასი. 16 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის სასახლე უკავია - გადაამრავლეთ, იმ უბანში ერთი კვადრატული მეტრის გირაობა რა ღირს და ნახავთ, რომ 2-3 მილიონი დოლარი ზედმეტი იხარჯება. მე არ მინდა ამის გაღვივება, თუმცა ეს ყველაფერი მიწყნარებულია იმის გამო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ასე აწყობს“ , - განაცხადა ივანიშვილმა.

მოგვიანებით კი პარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი მარგველაშვილთან 2-3 თვის წინანდელი შეხვედრის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ იმ დროს პრეზიდენტი თანახმა იყო ათონელის ქუჩაძე მდებარე მშენებარე რეზიდენციის დასრულების შემდეგ ადგილსამყოფელი შეეცვალა.

„საერთოდ, იქნება სახელმწიფო შენობების საკითხი ჩავაბაროთ იმას, ვისაც ეკუთვნის. ეს საკითხი მგონია, რომ მოგვარებადია, უბრალოდ ნაბიჯებია სწორად გადასადგმელი“, - განაცხადა უსუფაშვილმა და არ დააკონკრეტა, თუ რას გულისხმობდა „მოგვარებაში“.

როგორი იქნება ადმინისტრაციის და პრეზიდენტის პოზიცია, თუ ამ საკითხზე პარლამენტი იმსჯელებს და პრეზიდენტის მიერ ავლაბრის სასახლის შენობით სარგებლობას სრულად ან ნაწილობრივ შეზღუდავს? - ამ კითხვით for.ge-მ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა. პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ რეზიდენციის საკითხზე ადმინისტრაციაში დამატებითი კომენტარი არ კეთდება.

„21 ივლისს პრეზიდენტმა უკვე გაუგზავნა მთავრობის კანცელარიას შესაბამისი პასუხი, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში გადასვლას არ აპირებს და ამის შემდეგ პოზიცია არ შეცვლილა“, - აცხადებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში და განმარტავენ, რომ დღეს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია შენობის ადმინისტრაციულ ნაწილში მუშაობენ, უშუალოდ, სასახლეში კი მხოლოდ შეხვედრები იმართება ხოლმე.

პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის საკითხზე ძველ პოზიციაზე რჩება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი. მისი თქმით, ყველაზე უპრიანი იქნებოდა, პრეზიდენტის რეზიდენცია სახელმწიფოს ხელნაწერთა ინსტიტუტისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, ან უნივერსიტეტისთვის გადაეცა. დეპუტატი ფიქრობს, რომ ავლაბრის სასახლის განკარგვის საკითხზე მსჯელობა კანონმდებლებს არ მოუწევთ.

„არ მგონია, ამ შენობების განკარგვის საკითხი პარლამენტის მსჯელობის საგანი გახდეს, აქ, უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ ამ შენობებს დღეს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სახით ჰყავთ მმართველი, ხოლო, ეკონომიკის სამინისტროს სახით - მესაკუთრე. ეს შენობები ეფექტიანად უნდა იქნას გამოყენებული. ბატონი ბიძინა მართალია, როცა ამბობს, რომ ეფექტური მენეჯმენტი მცირე დანახარჯების გამოყენებაზე გადის, თუ დიდი დანახარჯი გასწიე მართვაზე, ის მენეჯმენტი ეფექტური ვერ იქნება“,- განუცხადა for.ge-ს ზაქარია ქუცნაშვილმა.

იურისტი ლევან ალაფიშვილი კი საკუთარ შეფასებაში ყურადღებას იმ ფაქტორზე ამახვილებს, რომ პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია და საკუთარი უფლებამოსილების ჯეროვნად შესასრულებლად შესაბამისი ფართი და ფინანსური მხარდაჭრა სჭირდება.

„პრეზიდენტის ინაუგურაციიდან თითქმის წელიწადია გასული, ამ პერიოდში მას სჭირდებოდა და სჭირდება სამუშაო პირობები და აპარატი რომელსაც 2 ან 3 ოთახში ვერ დატევ. უცხოელთა მიღებები, სამუშაო შეხვედრები, სხდომები, სხვა ყოველდღიური რუტინა სად უნდა წარმართულიყო ან წარიმართოს - ამ კითხვაზე პასუხია მნიშვნელოვანი. თუკი ვინმე დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განთავსების შენობისთვის ახალი ფუნქციის მოძიებაზე ზრუნავს, ეგებ ამასთან ერთად პარლამენტის შენობაზეც, და რაც კანონით აკისრია იმ ფუნქციის შესრულებაზე, უფრო მეტად ეზრუნა“,- განუცხადა for.ge-ს ალაფიშვილმა.

პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხზე წარმოებული პოლიტიკური კინკლაობის შფასება for.ge-მ პოლიტოლოგებსაც სთხოვა. სოსო ცისკარიშვილი აცახდებს, რომ დღეს, როცა მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, რა მიზნით უნდა გამოიყენებოდეს ავლაბრის სასახლე, ამ საკითხზე მარგველაშვილის მუდმივი კრიტიკა მხოლოდ პოლიტიკური ბოღმაა.

„ასეთი კინკლაობა ხელს აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამგვარ ინტერესს მას უკმაყოფილებს „ქართული ოცნება“. როგორც ამბობენ, ჯერ უნდა დავუმიზნოთ და მერე ვისროლოთ და არა - პირიქით. კი, ბატონო, გამოვიდეს ხვალვე იმ შენობიდან პრეზიდენტი, მერე, რას უპირებენ იმ შენობას, რამე პროგრამა თუ გააჩნია ვინმეს, ვინმესთან თუ არიან ამაზე შეთანხმებულნი, თუ რა უნდა მოხდეს იმ სივრცეში?! არანაირი მოსაზრება არ არის. არის, მხოლოდ ბოღმა იმის მიმართ, რომ პრეზიდენტი ახორციელებს კონსტიტუციურ საქმიანობას ისე, რომ თავს არ მიიჩნევს „ქართული ოცნების“ ლიდერად“,- აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ცისკარიშვილი.

პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხის საზოგადოებრივი კონსესუსის გზით გადაჭრის მომხრეა პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე.

„დღევანდელი ფუნქციების მატარებელ პრეზიდენტს ამხელა რეზიდენცია არ შეეფერება და არ შეესაბამება. ეს ცალსახაა და საამისოდ არც ივანიშვილის მიერ კვადრატული მეტრების დათვლაა საჭირო და არც რამე მჩხიბავობა. ცხადია, პრეზიდენტს, რომელსაც აღარ აქვს აღმასრულებელი ფუნქციები, ხელისუფლებაში და არის როგორც გარკვეული მედიატორი და ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლო, მას უფრო მოკრძალებული რეზიდენცია შეეფერება - რა თქმა უნდა, საპატიო და ღირსეული, მაგრამ დღევანდელთან შედარებით მოკრძალებული. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ მართლები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ პრეზიდენტმა რეზიდენცია უნდა შეიცვალოს. რა ფუნქციური დატვირთვა უნდა მიეცეს ამ სასახლეს, ეს უკვე სხვა საკითხია და გარკვეულ სერიოზულ განსჯას მოითხოვს“, - აცახდებს for.ge-სთან საუბრისას ვაჟა ბერიძე და აღნიშნავს, რომ მსგსავსი პრიმიტიული საკითხები განხეთქილების ვაშლად არ უნდა იქცეს ქვეყანაში, სადაც ტერიტორიული მთლიანობა აღსადგენია და მწვავედ დგას ეკონომიკური და სოციალური პრობლემები.

რაც შეეხება მსგავსი საკითხების პოლიტიკურ გუნდში განხილვის თემას, ბერიძის განმარტებით, ასეთი რამ ვერ მოხდება, რადგან „ქართული ოცნება“ როგორც ერთიანი პოლიტიკური გუნდი არ არსებობს, ხოლო, პრეზიდენტ მარგველაშვილს მიაჩნია, რომ უპარტიო უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ამას არანაირი კანონი არ ავალდებულებს.

პოლიტოლოგის განმარტებით პოლიტიკურ სისტემაში გიორგი მარგველაშვილის ადგილსა და როლს დღეს მოქმედი საქართველოს კონსტიტუცია კარგად განსაზღვრავს, რაც იმას ნიშნავს, რომ უფლებამოსილებების განხორციელების დროს მას მთავრობასთან შეთანხმება უწევს. სამომავლოდ კი ქვეყნის საპარლამენტო მოდელზე გადასასვლელად შესაბამისი რეფორმებია განსახორციელებელი და პრეზიდენტის ადგილი და როლიც მეტად დაკონკრეტდება.

„ბევრი პრობლემა, წინააღმდეგობა და ჩიხი მოუტანა საპრეზიდენტო მმართველობამ ქვეყანას - გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის მმართველობის პირობებში. იქნებ, უფრო მორგებული ყოფილიყო ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე საპარლამენტო მმართველობა, რომელიც უნდა ჩამოავაყალიბოთ საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებების გზით. ამის შემდეგ კი ჩვენს პრეზიდენტს ექნება დაახლოებით ისეთი ფუნქციები, როგორიც აქვს იტალიაში, გერმანიაში და არა, ვთქვათ, საფრანგეთში, სადაც პრეზიდენტს აღმასრულებელი ხელისუფლების გარკვეული ბერკეტები გააჩნია“, - აცახდებს ვაჟა ბერიძე.