საქართველო პრობაციონრებად და არაპრობაციონრებადა არის დაყოფილი

საქართველო პრობაციონრებად და არაპრობაციონრებადა არის დაყოფილი

პატიმართა რაოდენობით საქართველო ერთ–ერთი „მოწინავე“ ქვეყანაა. 100 გარდაცვლილი პატიმრიდან 70 ტუბერკულოზით იღუპება. მათი ასაკი 23-დან 48 წლამდე მერყეობს. ისინი პრაქტიკულად ჯანმრთელები შევიდნენ სასჯელაღსრულების სისტემაში. ოპოზიციის შეფასებით, საქართველო პრობაციონრებად და არაპრობაციონრებადაა დაყოფილი, რაც დამღუპველია ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის. 

სამოქალაქო მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ხელმძღვანელი ეკა ბესელია ყველა უკანონო პატიმარს სოლიდარობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ საქართველო პატიმართა რაოდენობის მასშტაბით „მოწინავეა“:

„ეს არის თემა, რომელსაც მხარდაჭერის თვალსაზრისით, არანაირი ბარიერი არ აქვს. შეუძლებელია იმ ვითარების მოთმენა, რაც დღეს პატიმართა რაოდენობის, მათ მიმართ მოპყრობის თვალსაზრისით საქართველოში ხორციელდება. შეუძლებელია, ადამიანებს არ ჰქონდეთ იმის მოთხოვნილება, რომ თავიანთი თანადგომით პატიმრობაში მყოფ პირებს მიეხმარონ“.

ბესელიას თქმით, მართალია, სიის მიხედვით, საქართველოში პოლიტპატიმართა რაოდენობა 51-ია, მაგრამ რეალურად გაცილებით მეტია:

„აცხადებენ, რომ მთლიანობაში პატიმართა რაოდენობა 23 ათას 600-ია. რეალურად ეს მაჩვენებელიც გაცილებით მეტია. თუმცა ამ რაოდენობის მიხედვითაც, ჩვენ მსოფლიოს სამეულში ვიმყოფებით“.

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ პატიმრები იმ ფაქტების თვითმხილველნი არიან, თუ როგორ შეჰყავთ მორგში მათივე თანასაკნელი დახოცილი ადამიანები:

„უკვე აქტუალურად მომწიფდა საკითხი, რომ საზოგადოება პარლამენტში ინიციატივით შევიდეს და ფართო ამნისტია მოითხოვოს. ფართო ამნისტია ნიშნავს, რომ ეს არ შეეხება მხოლოდ მძიმე დანაშაულებს, როგორიცაა მკვლელობა, გაუპატიურება, ნარკოტიკების გასაღება. დანარჩენ ყველა მუხლს მეტ-ნაკლებად მოიცავს. მაგალითად, პირობით სასჯელებს მთლიანად შეეხება და პატიმრებს აბსოლუტურად ათავისუფლებს ასეთი სასჯელებისგან. შესაბამისად, ზოგიერთ მათგანს უნახევრდება სასჯელი, ზოგს კი ერთი მესამედი შეეხება“.

კაკაბაძის თქმით, კონკრეტულად უცნობია, თუ რამდენ პატიმარს შეეხება ამნისტია, რადგან საქართველოში ინფორმაცია პატიმრების ზუსტი რაოდენობის შესახებ, ფაქტობრივად სახელმწიფო საიდუმლოების რანგშია აყვანილი.

პარლამენტის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე პატიმართა უფლებების დასაცავად დედათა კომიტეტის შექმნას არ გამორიცხავს. იგი მიიჩნევს, რომ უმწვავესი აქციები დაიწყება და მინისტრებს კაბინეტებში არ შეუშვებენ:

„შესაძლოა, დედათა კომიტეტები შეიქმნას. ეს ის კომიტეტებია, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში საზოგადოება ვერ აკეთებდა. ვფიქრობ, დედაშვილობისა და ბუნების ძალა ამ კომიტეტების შექმნას მოახერხებს. დაიწყება უმწვავესი აქციები. შეიძლება იქამდეც მივიდეს საქმე, რომ დედებმა მინისტრები კაბინეტში არ შეუშვან. ესაა ყველაზე უკიდურესი, რაც შეიძლება ამ ადამიანებმა გააკეთონ“.

მისი აზრით, დედათა კომიტეტებში უპირველესად გაერთიანდებიან ის ადამიანები, როლებიც ყველაზე მეტად არიან დაინტერესებულნი:

„ის დედები, რომელთა შვილებიც ამ წუთში რისკის ქვეშ არიან, რომლებსაც წამება, ცემა და უკურნებელი სენით დაავადება ემუქრება, რისგანაც დაზღვეული არავინაა. 23 წლის თამაზ დადვანი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, მაგრამ იგი დაავადდა და ერთ თვეში გარდაიცვალა“.

ლორთქიფანიძის თქმით, 100 გარდაცვლილი პატიმრიდან 70 ტუბერკულოზით იღუპება. მათი ასაკი 23-დან 48 წლამდე მერყეობს, მაშინ, როცა ისინი, პრაქტიკულად, ჯანმრთელები შევიდნენ სისტემაში:

„იმის გამო, რომ ციხეებში ადამიანებს აწამებენ, არაადექვატურად ექცევიან, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა არ არსებობს, პასუხი ვინმემ უნდა აგოს. პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან ჯანდაცვის, სასჯელაღსრულების მინისტრები. ამ ორმა მინისტრმა პირდაპირი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რაც ხდება მათ სისტემაში. ის, რომ უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი სამედიცინო კომისია არ მუშაობს, ეს დანაშაულებრივი გულგრილობაა. მათ უფლებამოსილება ავალდებულებს, განახორციელონ ის, რაც კანონითაა გაწერილი“.

კონსერვატიული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო რამდენიმე წელიწადია, ყოველწლიურად ასობით ადამიანი ახალგაზრდულ ასაკში იღუპება. ამას ემატება ციხეებში ნაადრევად გარდაცვლილებიც:

„ამ ადამიანებში ვგულისხმობ არა მარტო წამების შედეგად დაღუპულებს, არამედ მათაც, რომლებიც ტუბერკულოზის გამო დაიღუპნენ. ტუბერკულოზის არანორმალურად მაღალი მაჩვენებელია საქართველოს ციხეებში, რითაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა. ეს მიუთითებს, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს ამ დაავადების პრევენციისთვის“.

ჩხარტიშვილის აზრით, ხელისუფლება შეგნებულად სჩადის ამას, რადგან რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიცილოს თავიდან:

„ხელისუფლება ამ ადამიანების ნაწილს შეგნებულად იცილებს. მათთვის საზოგადოება მაღალი ტვირთია. ამ მხრივ ხდება საზოგადოების გაცხრილვა, მათი რაოდენობის შემცირება. მთლიანობაში, ამ ყველაფერს თანაბრად შეიძლება დაერქვას კატასტროფა, რომლის ერთადერთი წამალიც საზოგადოებს აქტიობაა“.

მისი თქმით, საქართველოს ციხეებიდან ამ ადამიანების გამოყვანა და გათავისუფლება თითოეული ჩვენგანის ვალია:

„თუ მათ ვერ გავათავისუფლებთ, ჩათვალეთ, საქართველოსაც ვერ გავათავისუფლებთ. ზოგადად, მიდგომის შეცვლა უმნიშვნელოვანესია. არ შეიძლება ქვეყანაში წვრილმანი დანაშაულისთვის ადამიანებს ათობით წელს აძლევდნენ, მაშინ, როცა მკვლელებს ან საერთოდ არ ხდიან მართლმსაჯულების ობიექტად, ან 3-4 წლის შემდეგ ათავისუფლებენ, ხშირ შემთხვევაში, სააკაშვილის უშუალო ხელშეწყობით“.

პარლამენტის წევრი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ საქართველო პრობაციონრებად და არაპრობაციონრებადაა დაყოფილი, რაც ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის დამღუპველია:

„ვფიქრობ, დროულია ამგვარი საპროტესტო აქციების ჩატარება, რადგან საზოგადოება უმძიმეს მდგომარეობაშია. ქვეყანა დაყოფილია პრობაციონრებად და არაპრობაციონრებად, დაკავებულებად და არადაკავებულებად. ეს საშინელებაა. უამრავი პატიმარი გვყავს. ოფიციალური სტატისტიკა რომც გავითვალისწინოთ, 24 ათასი პატიმარი ჩვენისთანა ქვეყნისთვის ტრაგედიაა“.

ცაგარეიშვილის თქმით, პატიმართა სიმრავლე იმ ნულოვანი ტოლერანტობის შედეგია, რომელიც სააკაშვილმა ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ კინოს სახლთან „საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ ინიციატივით, გაიმართა პატიმართა მიმართ სოლიდარობის აქცია „მე პატიმარი ვარ!“