საყდრისის დაცვის კომიტეტმა კარვების ბანაკის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, კომიტეტის ყველა წევრი არ ფიქრობს, რომ კარვების აქცია უნდა შეწყდეს. ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი, რომელიც საყდრისის დაცვის კომიტეტის ერთ-ერთი წევრია, აცხადებს, რომ საყდრისი კვლავ საფრთხეშია და კარვის დატოვებას არ აპირებს.
საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრი ირაკლი მამალაძე კი for.ge-სთან იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც, ამ ეტაპზე საყდრისში დარჩენა მიზანშეწონილად აღარ მიაჩნია.
მამალაძეს საამისოდ რამდენიმე არგუმენტი მოჰყავს. პირველი, რომ უახლოეს დღეებში საყდრისის საკითხზე თბილისში სასამართლო პროცესები უნდა დაიწყოს, მეორე, რომ კომიტეტს აღარ აქვს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისგან გამოგზავნილი თანხები, რომლითაც კარავში მყოფ აქციის მონაწილეებს საკვებისა და სამგზავრო ხარჯები უნაზღაურდებოდა და მესამე, არსებობს საფრთხე, რომ საყდრისის გადასარჩენად საზოგადოებრივ საწყისებზე დაწყებული მოძრაობა პოლიტიკური შეფერილობის გახდეს, რადგან ბოლო პერიოდში, ამ მხრივ, განსაკუთრებით გააქტიურდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები.
„აბსურდია იმაზე საუბარი, თითქოს, ჩვენ გვითქვამს, რომ ჩავალთ საყდრისში, ძალით ავიღებთ კარავს და დავშლით იქაურობას. აქციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებამ რატომღაც გააღიზიანა ჩვენი მეგობარი ნინო მიქიაშვილი. მას სურს, იქ დარჩეს და ვერც ვერავინ დაუშლის. ორ თვეზე მეტია, საყდრისში არის ჩიორა თაქთაქიშვილის ბიძაც, რომელიც თავისებურად იცავს საყდრისს, ჩვენ ვერც მას დავუშლით რამეს. ვინც ნინო მიქიაშვილს იცნობს, ძალიან კარგად იცის ისიც რომ, მან თუ რაღაც გადაწყვიტა ხელს ვერავინ შეუშლის - ჩვენ კი არა პოლიცია ვერ გამოიყვანს კარვიდან. ჩვენ, უბრალოდ, სიმბოლურად გვინდოდა გამოგვეცხადებინა, რომ დასრულებულად ვაცხადებთ კარვების აქციას, რომელიც დაიწყო საყდრისის გადარჩენის კომიტეტმა და თვეებია, მიმდინარეობს. ეს აქცია აუცილებლობით იყო გამოწვეული, რადგან სახელმწიფომ და RMG gold-მა არ დატოვეს სამართლებრივი სივრცე, რომ ჩვენ გვებრძოლა, ამიტომ ჩავედით ადგილზე, შეიძლება ითქვას, ფიზიკურად დავუპირისპირდით ტრაქტორებს. შემდეგ მოვახერხეთ ის, რომ საია-ს დიდი დახმარებით მოვიგეთ ორი სასამართლო პროცესი და სასამართლო გადაწყვეტილებით RMG gold-ს იქ ეკრძალება სამუშაოების წარმოება. შესაბამისად, დღეს ეს პროცესი შეჩერებულია. თუ სასამართლო გადაწყვეტილებას არ აღასრულებს კომპანია და კულტურის სამინისტრო, მაშინ პროტესტი საყდრისში კი არა სხვა ადგილზე უნდა გამოვხატოთ“, - აცხადებს ირაკლი მამალაძე.
საყდრისის კომიტეტის წევრების ნაწილი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე საყდრისში ყოფნაზე მნიშვნელოვანი თბილისში „ბრძოლაა“ და რესურსი, რომელიც გააჩნიათ, სასამართლო პროცესებისა და დიპლომატიური კორპუსისკენ უნდა გადანაწილდეს. ისინი, ცოტა ხნის წინ, „იუნესკოს“ პარიზის ოფისიდან გამოგზავნილ წერილზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობას კონკრეტული რეკომენდაციები გამოეგზავნა და საყდრისის საკითხზე სათანადო რეგირება შესაბამის უწყებებს დაევალა.
„ბოლო პერიოდში საყდრისიდან მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია, რომ კულტურულ ძეგლს იცავენ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები. ძალიან კარგი, უნდა დაიცვას ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, მაგრამ ჩვენ საყდრისის კომიტეტი ვემიჯნებით ყოველგვარ პარტიას და არასდროს ვიქნებით ასოცირებული პოლიტიკურ ძალებთან. კომიტეტი შეიქმნა საზოგადოებრივ საწყისებზე და ასეთივედ დარჩება. ისე კი, თუ ვინმეს საყდრისის დაცვა სურდა, შეეძლო სხვა კარვები გაეშალა. ის კარვები კი იყო ჩვენი და კერძოდ „დავითიანის“ მიერ მოწყობილი. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ახლა, სწორედ, იქ არიან და მორიგეობენ“,- აცხადებს ირაკლი მამალაძე და განმარტავს, რომ საყდრისის დამცველთა აქციას ადგილზე სოლიდარობას სალომე ზურაბიშვილის პარტიის წარმომადგენლებიც უცხადებდნენ, მაგრამ მათ იქიდან საკუთარი პარტიის სახელით განცხადებები არასდროს გაუვრცელებიათ.
„ნინო მიქიაშვილი ასევე კომიტეტის წევრია. ნინო მუდმივად ავრცელებს იქიდან ინფორმაციას, რომ ჩამოვიდა „პატრიოტთა ალიანსის“ ესა თუ ის ჯგუფი. ირმა ინაშვილს კარგად ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ამის მიუხედავად უფრო მნიშვნელოვანია კომიტეტის გადაწყვეტილება, რომ პოლიტრიკურ ძალებთან არ გაიგივდეს ჩვენი აქცია. ბოლო დღეებია „პატრიოტთა ალიანსი“ განსაკუთრაბით გააქტიურდა, მიაქვთ საკვები, საჭირო ნივთები, მორიგეობენ და როგორ შეიძლება, ეს მივიწეროთ ჩვენ. უხერხულიც არის, გარკვეულწილად", - აცხადებს ირაკლი მამალაძე.
„საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის“ წევრები განმარტავენ, რომ საყდრისის ბედს მხოლოდ საყდრისის დაცვის კომიტეტი გადაწყვეტს და კულტურული ძეგლი შენარჩუნდება იმ სახით, როგორც ეს იყო პრეისტორიულ ხანაში. მანამდე კი მათი განმარტებით, საყდრისის საკითხმა უკვე ბევრი ადამიანი მიაყენა კედელთან და მათ კონკრეტული პრობლემებიც შეუქმნა.
„ექსკლუზიურად მაქვს ინფორმაცია, რომ უცხოურმა ფონდებმა, შეწყვიტეს თანამშრომლობა იმ არქეოლოგებთან, ვინც საყდრისის დანგრევას მოაწერეს ხელი, მათ წინააღმდეგ განხორციელებულია სანქციები. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ მათგანს დაგისახელებთ. სანდრო ლიჩელის წინააღმდეგ ამოქმედებულია სანქციები - მას რამდენიმე ფონდმა ხელშეკრულება შეუწყვიტა. ამ ადამიანებს, არა მხოლოდ არქეოლოგებთან მუშაობა აეკრძალებათ, მალე პირდაპირ აუდიტორიებიდან გამოყრიან საკუთარი სტუდენტები“, - აცხადებს ირაკლი მამალაძე.
„საყდრისის დაცვის კომიტეტი“, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს აერთიანებს, უახლოეს პერიოდში საყდრისის საკითხზე კულტურის ახალ მინისტრთან შეხვედრას გეგმავს. მიხეილ გიორგაძესთან შეხვედრა აქამდეც უნდა შემდგარიყო, თუმცა, მიზეზად ტექნიკური პრობლემები დასახელდა.
მინისტრათა შეხვედრამდე კი ირაკლი მამალაძე განმარტავს, რომ უძველესი ოქროს მაღაროს ტერიტორიაზე თუ დღეს არსებული ვითარება შეიცვლება და ტრაქტორები ისევ ამუშავდება, ყველა ორგანიზაცია, რომელიც საყდრისში 14 აპრილს ჩავიდა, კვლავ ჩავა ადგილზე და პროცესების არასასურველ განვითარებას შეაფერხებს.
რამ გამოიწვია „საყდრისის დაცვის კომიტეტის“ წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა, რა ფორმით აპირებენ კარვების დაშლის მოწინააღმდგეები აქციის გაგრძელებას და რეალურია თუ არა საფრთხე, რომ საზოგადოებრივი აქცია რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გაიგივდეს? - ამ კითხვებზე პასუხისთვის for.ge „საყდრისის კომიტეტის“ წევრს ნინო მიქიაშვილს დაუკავშირდა. მიქიაშვილმა ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ ოპონენტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დამატებით რამის თქმას არ აპირებს, ძირითადი სათქმელი კი „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე უკვე თქვა.
ჟურნალისტის განმარტებით, დეზინფორმაციაა "საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საყდრისის გვერდითა ბორცვზე მიმდინარე კარვების აქცია იშლება.
„საყდრისის დასაცავად აქცია არ იშლება, გრძელდება. ჩვენ - ირაკლი ლომიძე და მე, ნინო მიქიაშვილი იქ ვრჩებით და საყდრისის დაცვას ვაგრძელებთ ისე, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით“, - აცხადებს ნინო მიქიაშვილი და აღნიშნავს, რომ საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ კომიტეტს ფინანსები და სხვა რესურსები ამოეწურა და კარვების აქციას ამიტომ წყვეტენ, რაც, მისივე თქმით, დეზინფორმაციაა და კარვების აქცია შემოწირულობებით კვლავ ფინანსდება. შემოწირულობების შესახებ დეტალური ინფორმაცია „ფეისბუქში“ მის პირად გვერდზეა გამოქვეყნებული.
„ამ თანხებს საერთო არაფერი აქვს საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივ კომიტეტთან და არც სხვა რომელიმე ორგანიზაციასთან“,- აცხადებს ნინო მიქიაშვილი და აღნიშნავს, რომ კომიტეტს ცალკე ანგარიში აქვს, რომელზეც ჩარიცხული და დახარჯული თანხის ირგვლივ მას და ირაკლი ლომიძეს მხოლოდ ის ინფრომაცია აქვთ, რომ ზაფხულის დასაწყისში კარვების აქციისთვის ორჯერ გამოგზავნეს რამდენიმე დღის საკვები, ერთხელ გადაიხადეს დენის ფული, დაახლოებით, 30 ლარამდე და გაუგზავნეს მაცივარი, რომელშიც 100 ლარი გადაიხადეს, მაგრამ ეს მაცივარი ტექნიკური პრობლემების გამო ვერ აამუშავეს. ამის გარდა იყო წვრილმანი ხარჯებიც - სატელეფონო ხარჯების სახით.
მიქიაშვილი ადასტურებს, რომ კარვების აქციას საყდრისში „პატრიოტთა ალიანსის“ ბოლნისის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეუერთდნენ და აღნიშნავს, რომ თბილისში მყოფები კარვების აქციას ვერ შეწყვეტენ, რადგან ამ აქციაში ფიზიკურად არ მონაწილეობენ.