კობახიძეს „ძალადობის წახალისებაში“ ადანაშაულებენ

კობახიძეს „ძალადობის წახალისებაში“ ადანაშაულებენ

არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთი ჯგუფი პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს „ძალადობის წახალისებაში“ ადანაშაულებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი თვლის, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის „შუბლის გახვრეტით“ შურისძიების გამართლება განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ ძალადობისა და კრიმინალის წახალისების მცდელობას წარმოადგენს. განცხადება ამყარებს არსებულ სექსისტურ სტერეოტიპს, რომ აგრესიული და ძალადობრივი ქცევა ღირსებისა და „კაცურობის“ გამოვლინება კულტურულად დასაშვები ქცევაა. მსგავსი შეფასებები განსაკუთრებით საშიშია ისეთ პატრიარქალურ საზოგადოებაში, სადაც ხშირია ე.წ. „ღირსების დანაშაულები“.

„გარდა ამისა, მანანა კობახიძის განცხადება, ქალს წარმოაჩენს, როგორც არასრულფასოვან არსებას, რომელსაც თავად არ შეუძლია საკუთარი ღირსების დაცვა და დამოკიდებულია მისი ოჯახის წევრი კაცების ქცევაზე. ეს მიდგომა განსაკუთრებით შემაშფოთებელია გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელის მხრიდან და საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს მიერ გაცხადებული გენდერული პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებული სექსისტური, პატრიარქალური და ძალადობრივი ღირებულებების და ქცევის წესების ცვლილებაზე უნდა იყოს მიმართული.

სრულიად მიუღებელია პარლამენტის ვიცე-სპიკერის მხრიდან კრინიმალური მდგომარეობის გაუარესების საკითხზე არასერიოზული მსჯელობა, რაც არსებული პრობლემის არაღიარებას და მისი მნიშვნელობის გაუფასურების მცდელობას წარმოადგენს“, - ნათქვამია არასამთავრობოთა ერთი ნაწილის ერთობლივ განცხადებაში.

ვიცე-სპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას აქვს გამოხატვის თავისუფლება. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, კობახიძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. „არ ვთვლი საჭიროდ, რომ კიდევ პასუხი გავსცე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მანანა კობახიძემ.

საქმე ეხება 12 სექტემბერს პარლამენტის ვიცე სპიკერის განცხადებას, რომელიც მან „ფეისბუქის“ საკუთარი გვერდის საშუალებით გაავრცელა. არასამთავრობოთა შეფასებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერის მხრიდან აღნიშნული განცხადება წარმოადგენს პოლიტიკური და კულტურული მიუღებლობის საფუძველზე, ძალადობის წახალისებას და ამყარებს გენდერულ სტერეოტიპებს.

რაც შეეხება კობახიძის ცნობილ განცხადებას, ის წერს: „როცა სრულიად უცნობი ადამიანები უკანასკნელი სიტყვებით ილანძღებიან, ყოვლად უზნეო და ამორალურ პოსტებს დაგიდებენ ეს ვითომ კაცები, სინამდვილეში არაკაცები, ბილწსიტყვაობენ და თანაც, ქალის მიმართ, აი, მერე მეუღლემ ან ძმამ ან შვილმა მართლა შუბლი რომ გაუხვრიტოს, მერე არ გვითხრას ვინმემ კრიმინოგენული ვითარება დამძიმდაო, შეურაცხყოფის და ლანძღვის თმენის ვალდებულება ნამდვილად არ აქვთ ადამიანებს. ისე, პოლიტიკოსიც ადამიანია“, - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

იურისტი ლია მუხაშავრია ფიქრობს, რომ ვიცე-სპიკერმა ამ განცხადებით დაარღვია პოლიტიკოსისთვის დადგენილი გამოხატვის შეზღუდული თავისუფლების ფარგლები, რადგან მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლება არსებობს პოლიტიკოსისთვის და ვალდებული არიან გამოავლინონ თმენის ვალდებულება.

„არ არიან ჩვენსავით თავისუფანლი, რომ გამოხატონ ყოველგავრი მოსაზრება. რა თქმა უნდა, აქ შეიძლება ზღვარი გაივლოს, რომ ეს არაა ძალადობისკენ მოწოდება, ან ძალადობის წახალისება, მაგრამ ნამდვილად არაა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებული განცხადება. სამწუხაროდ პოლიტიკოსებს უნდა შევახსენოთ, რომ როდესაც ისინი ხდებიან პოლიტიკოსები და განსაკუთრებით, მაღალი თანამდებობის პირები, მაშინ მათი თავისუფლება კერძო და პირადი ცხოვრების შეზღუდვები, პრაქტიკულად, არ არსებობს.

პირიქით, კმაყოფილი უნდა იყოს, თუ კი, მის მიმართ უარყოფითი კომენტარები არსებობს, რადგან ეს მას აიძულებს იყოს ფორმაში და ანგარიში გაუწოს საზოგადოებას. ამ თანამდებობის გამო მას უნდა ჰქონდეს უფრო მეტად შეზღუდული უფლება, არ გამოხატოს მისი თანამდებობისთვის შეუფერებელი სიტყვები, როგორიც გამოხატა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშავრიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციებს ლოგიკაში არ მიყვება იურისტი ირმა ჭკადუა და აცხადებს, რომ შეიძლება როგორც სპიკერის და უფლებადამცველის მხრიდან მიუღებელი იყოს ეს განცხადება, მაგრამ ამავდროულად, ის არის ჩვეულებრივი ადამიანი და ვალდებული არ არის აიტანოს შანტაჟი და მუქარა. ჭკადუა თვლის, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ასეთი ტიპის დანაშაულის აღმოფხვრაზე.

„რაც შეეხება კრიმინოგენური ვითარების დაძაბვას, ის რაც დღეს ხდება, ეს არის 9-წლიანი საშინელი რეჟიმის შედეგი. ის 23 ათასი პატიმარი, რომელიც ციხეში იყო და ამნისტიით დატოვეს საპყრობილე, მათი ფსიქიკა არის შერყეული, მათ სჭირდებოდათ სერიოზული ფსიქოლოგიური კურსების გავლა, იმისათვის, რომ მათი ადაპტაცია მომხდარიყო ამ საზოგადოებასთან. თითოეული მათგანი გამოვიდა გაბოროტებული, შურისძიების წყურვილით.

ამ ადამიანებს სცემდნენ, აუპატიურებდნენ. მათ მეუღლეებზე მიდოდა შანტაჟი, პირადი პაემნების ვიდეო ჩაწერა ხდებოდა და ყველამ კარგად იცის, რომ იყო ფაქტები, როდესაც მაშინდელი ციხის თანამშრომლებს დაპატიმრებულის მეუღლეებთან ჰქონდათ სქესობრივი კავშირი. დანაშაულის მთელი კასკადია, რომელიც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა ამ ადამიანების წინააღმდეგ და ეს ადამიანები არინ გაბოროტებულები. მე მაინც ვფიქრობ, რომ მანანა კობახიძის განცხადება ამ კონტექსტშია გაკეთებული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუა.