„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ჩვენების მიცემა ითხოვა. ბარამიძემ ადვოკატ ბექა ბასილაიას მიმართა, რომელიც ჟვანიას საქმეზე კობა ხარშილაძის უფლებებს იცავს, სასამართლოს წინაშე მოწმის სახით ჩვენების მიცემის შესაძლებლობა მიეცეს.
„ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე, რომლის თაობაზეც ამდენი ჭორი, ბინძური ინსინუაცია და დაუსაბუთებელი ბრალდება წლებია ისმის, ჩემი არაერთგზის საჯარო მიმართვის მიუხედავად, პროკურატურამ დღემდე არაფერი მკითხა. ამიტომ, მე მივმართე ადვოკატ ბექა ბასილაიას, რათა მომეცეს შესაძლებლობა სასამართლოს წინაშე მოწმის სახით ჩვენება მივცე.
იმედი მაქვს, სასამართლოში მოსამართლე და ამ საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვის შემთხვევაში, მოისმენენ რაც მე ვიცი ამ საქმეზე და დასრულდება ზურას გარდაცვალების საქმის პოლიტიკური მიზნებით, ზურას მეგობრებისა და ერთგული თანამებრძოლების უსირცხვილოდ და ცილისმწამებლურად გამოყენება“, - აცხადებს გიორგი ბარამიძე.
ბარამიძეს დღესვე უპასუხა, ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ და აღნიშნა, რომ ეს არის გამოძიების კომპეტენცია და თუ ჩათვლიან, რომ უნდა დაკითხონ, დაკითხავენ.
„ზურას საქმეზე ყველა კითხვას პასუხს გასცემს გამოძიება. ბარამიძის განცხადებას რაც შეეხება, ეს მისი პრობლემაა, ნამდვილად არ ვაპირებ ამ ადამიანის განცხადების კომენტირებას. საერთოდ არ შედის ეს ჩემს ინტერესში. ჩემი ინტერესია, რომ საქმის გამოძება დასრულდეს, ჩემთვის მნიშვნელოვანია რა დასკვნას დადებს გამოძიება და ეს დასკვნა ამ წლის განმავლობაში დაიდება. შემიძლია გითხრათ, რომ 2014 წელს ამ საქმის გამოძიება არ გასცდება. ასე რომ, ვარ მოლოდინის რეჟიმში. ბარამიძის განცხადება ჩემთვის საერთოდ არაა მნიშვლენოვანი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გოგლა ჟვანიამ.
ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუფოვის გვამს ექსჰუმაცია, აშშ-დან დნმ-ის პასუხის მიღების შემდეგ ჩაუტარდება. for.ge-ს ინფორმაციით პროკურატურამ აშშ-ში უკვე გაგზავნა მონაცემები და ამჟამად დნმ-ის ანალიზის პასუხის მოლოდინში არიან. მთავარი პროკურატურა ოფიციალურად ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. ქვემო ქართლის გუბერნატორის ყოფილი მოადგილის, რაულ უსუფოვის მამა, იაშა უსუფოვი for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ გამოძიება აშშ-დან დნმ-ის პასუხს ელოდება.
„გვამის ექსჰუმაცია ჩატარდება, მაგრამ ჯერ ანალიზების პასუხს ველოდებით. დეტალებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გეტყვით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას იაშა უსუფოვმა, რომლის განცხადებით, გიორგი ბარამიძე საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით საუბრობს.
ყოფილი პრემიერის ძმა, გოგლა ჟვანია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქმის გამოძიება 2014 წელს დასრულდება.
როგორც ცნობილია, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულია სამი პირი - ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია, დაცვის უფროსი კობა ხარშილაძე და ექსპერტი ლევან ჩაჩუა. სამივე მათგანი პატიმრობაშია. ახალი ხელისუფლების პირობებში, ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში განაცხადეს, რომ არ არის გამორიცხული, ზურაბ ჟვანიას ცხედარს ექსჰუმაცია ჩაუტარდეს.
პატიმრობაში მყოფი ლევან ჩაჩუას ადვოტაკი, ზურაბ ტაბიძე აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაცია ამ დრომდე არ ჩატარებულა. ადვოკატის თქმით, ექსჰუმაციის შესახებ დადგენილება დაცვის მხარეს არ მისვლია, რაც ნიშნავს, რომ პროცედურა არ ჩატარებულა.
„არ ვიცი დნმ-ის ანალიზი გაიგზავნა თუ არა, შეიძლება გაგზავნილია, მაგრამ ჩემთვის ცნობილი არაა. დადასტურებით ვიცი, რომ გვამის ექსჰუმაცია არ ჩატარებულა, რომ ჩატარებულიყო, მხარეებს გაგვაცნობდნენ დადგენილებას ექსჰუმაციის დანიშვნის შესახებ. ჩვენ არ მივიღებდით მონაწილეობას, მაგრამ უნდა გვცოდნოდა. რადგან არ უცნობებიათ, ნიშნავს, რომ არ ჩატარებულა.
ექსჰუმაციასთან დაკავშირებით შუამდგომლობით მივმართე გამოძიებას, რომ ექსჰუმაციის პროცესში, მონაწილეობა მიაღებინონ ლევან ჩაჩუას, როგორც ექსპერტს და ასევე მე, რომელიც მის ინტერესებს ვიცავ. მაგრამ საქმის გამომძიებელმა ნადოიმ მომწერა პასუხი, რომ თქვენ კანონით არ გაქვთ უფლება, რომ მონაწილეობა მიიღოთ გვამის ექსჰუმაციაში და უარი გვეთქვა შუამდგომლობაზე. ეს არის ის, რაც შემიძლია გითხრათ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ ტაბიძემ.
ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ გარდა ძველი მასალებისა, მას მაისის შემდეგ, პროკურატურის მხრიდან არანაირი მტკიცებულებები არ მიუღია. როგორც ცნობილია, ჩაჩუას წინასასამართლო სხდომა მაისში უნდა გამართულიყო, მაგრამ რამდენჯერმე გადაიდო. პროცესი 22 სექტემბერს არის ჩანიშნული, თუმცა ადვოკატისთვის უცნობია, გადაიდება თუ არა ისევ სასამართლო პროცესი.
„ძველის საქმის გარდა, პროკურატურას არანაირი მტკიცებულება ამ ხნის განმავლობაში არ გადმოუცია. მათ კიდევ 2 დღე აქვთ და დღეს, ან ხვალ ველოდები ინფორმაციას, თუ კიდევ არ გააგრძელეს საგამოძიებო ვადა. ვაპირებ, რომ წინასასამართლო სხდომაზე დავაყენო შუამდგომლობა ლევან ჩიჩუას საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შესახებ“, - აცხადებს ადვოკატი.