სკოლებში, შესაძლოა, რელიგიის სწავლება აღდგეს

სკოლებში, შესაძლოა, რელიგიის სწავლება აღდგეს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე მიიჩნევს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგია ცალკე საგნად უნდა ისწავლებოდეს.

ეს განცხადება მან მედიისთვის დახურულ კონფერენციაზე „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება“ გააკეთა. ზაზა ვაშაყმაძის აზრით, გაუცხოება და ერთმანეთის არცოდნა ქმნის პრობლემებს -  გაუტანლობას, არატოლერანტულ გარემოს.

უფრო მეტიც, ზაზა ვაშაყმაძე მიიჩნევს, რომ ამ დრომდე რელიგიის პოლიტიკა უმცირესობების უფლებების დაცვაზე იყო ორიენტირებული. ამიერიდან კი მნიშვნელოვანია, პოლიტიკა შეიცვალოს და საშინაო და საგარეო უსაფრთხოების დისკურსი შემოვიტანოთ.

არასამთავრობოთა ნაწილი ზაზა ვაშაყმაძის ინიციატივას სარისკოდ აფასებს. ისინი მიიჩნევენ, რომ სკოლა რელიგიისგან განცალკევებით უნდა იყოს და რელიგიის სწავლება მხოლოდ სკოლის გაკვეთილების შემდეგ შეიძლება, თუკი ამის სურვილი მოსწავლეს ექნება. გარდა ამისა, არასამთავრობოები კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას. იმის გამო, რომ ჩვენი მოსახლეობის 90% მართლმადიდებელია, სავარაუდოდ, სკოლებში სწორედ მართლმადიდებლობის სწავლებას შეეცდებიან.

ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გნძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მას ვერ წარმოუდგენია ადამიანი, მით უმეტეს, თანამედროვე ადამიანი, რომელსაც არ აქვს ცოდნა რელიგიის შესახებ, რადგან რელიგია ეს არის კაცობრიობის ყოფიერების, კულტურული არსებობის შემადგენელი ნაწილი. მაგალითად, ადამიანი მეცნიერებაში ეძიებს ჭეშმარიტებას, ხელოვნებაში ეძიებს მშვენიერებას, ფილოსოფიაში ცდილობს ინტელექტის სრულყოფას, მაგრამ არის სფერო, რომელიც ამ ყველაფრის და ტექნიკური პროგრესის მიღმაა. ესაა ადამიანის შინაგანი სამყარო, ღრმა, მიუწვდომელი, მისტიური და ინტიმური, რომელიც ეხება სიცოცხლის არსს, მარადისობას, ცხოვრების საზრისს. ამ თემებს მხოლოდ რელიგია სცემს პასუხს. ხელოვნების, მეცნიერების, ფილოსოფიის გარეშე ადამიანი ბიოლოგიური ცხოველი იქნება, რომელსაც მხოლოდ გამრავლების და თვითგადარჩენის ინსტიქტი აქვს, ადამიანი რელიგიურობის გარეშე არ არის სრულყოფილი.

„ნეანდერტალების სამარხებიც კი აშკარად რელიგიური ნიშნით გამოირჩეოდა, ემბრიონის პოზაში, მძინარე ადამიანის პოზაში ისინი გაღვიძებას ელოდებიან. კაცობრიობის ისტორიას ვერ ვნახავთ რელიგიის გარეშე. ამიტომ, ბავშვი არ იქნება სრულყოფილი, თუ არ ეცოდინება კაციობრიობა და რელიგია რა ურთიერთმიმართებაშია ერთმანეთთან. გარდა ამისა, მართლმადიდებლობის გარეშე ქართულ ფსიქოტიპაჟს, ქართულ ფესვებს ვერ გავიგებთ. ამიტომ თუნდაც არაქართველმა მართლმადიდებლობა უნდა იცოდეს, რომ გაიგოს, როგორ კულტურულ სფეროში იმყოფება. ბავშვს შეიძლება ვასწავლოთ, ადამიანი როგორ ეძებდა ღმერთს და რა იპოვა. ისლამში როგორ ეძებენ ღმერთს, ბუდიზმი არის თუ არა რელიგია, ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით და ამ დროს მართლმადიდებლობა როგორ გვაძლევს გზას ღმერთისკენ. თუ პედაგოგი დაიწყებს ისლამის ლანძღვას ან დაკნინებას, რა თქმა უნდა, ბავშვი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება, მაგრამ არსებობს რელიგიის ისტორიის საოცარი კურსები, რომლებსაც მართლმადიდებელი პროფესორები ასწავლიან და არცერთი უცხო კონფესიის ადამიანი უხერხულობაში არ ვარდება, რადგან არავის აკნინებენ. აქ არის რისკფაქტორებიც, ამიტომ ეს გეგმა არ უნდა მივანდოთ არაკომპეტენტურ პედაგოგებს, რადგან რელიგია ადამიანის სულის მეხსიერებაა და აქ შეცდომის დაშვება მიუტევებელია. არ აქვს მნიშვნელობა, რელიგიის ისტორიას მაინდამაინც სასულიერო პირი წარუძღვება თუ არა. მთავარია ცოდნა, თორემ არაკომპეტენტურ სასულიერო პირს კომპეტენტური ერისკაცი სჯობს“, - აცხადებს მამა თეოდორე და განმარტავს, რომ პირადად იგი გაკვეთილების ლოცვით დაწყებას ეწინააღმდეგება, რადგან ლოცვა არ არის თეოლოგია, არ არის ღვთისმეტყველება, ეს არის ღმერთთან ურთიერთობა. ამიტომ საერო, საჯარო სკოლა არ არის იმისთვის, იქ ლოცვის გაკვეთილები ჩავატაროთ.

„მე მაგალითად, ლექციებს ვატარებ საჯარო დაწესებულებებში და არსად არ ვიწყებ ლოცვით, თუკი არ მთხოვეს. ამით გარკვეული უხერხულობა, ალბათ, შეექმნებათ სხვა აღმსარებლობის ადამიანებს. მაგრამ ეს პრობლემა გადაწყვეტადია, ნუ დავიწყებთ ლოცვით, ბავშვებს ვასწავლოთ რელიგიის ისტორია და მართლმადიდებლობა, რადგან მართლმადიდებლობა თავად წარმოაჩენს თავის სიდიადეს. მართლმადიდებლობა არის მზე, როცა ყველა სხვა რელიგია არის ვარსკვლავი. ამიტომ მას არ სჭირდება სხვა რელიგიის დამცირება“.

თეოლოგი ლევან აბაშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუ ჩვენ გვინდა, ახალგაზრდები იყვნენ განათლებულნი, მათ ესმოდეთ, რა არის რელიგია, მაშინ სკოლებში რელიგიის დანერგვა საშური საქმეა და, თავისთავად, ცოდნა ხელს შეუწყობს ტოლერანტულ დამოკიდებულებას. ადამიანს რომ ეცოდინება თავისი თანამოქალაქის სარწმუნოება, ეს დაეხმარება, რომ თუნდაც შემთხვევით მის რელიგიურ გრძნობას შეურაცხყოფა არ მიაყენოს. მეორე მხრივ, თეოლოგი ფიქრობს, რომ ეს არ უნდა გადაიქცეს ქადაგებად და ინდოქტრინაციად (ანუ კლასები სალოცავ კუთხედ არ უნდა იქცეს), ბავშვებს სკოლაში არ უნდა ვუქადაგოთ რომელიმე ერთი სარწმუნოება. ამ შემთხვევაში, საუბარია მართლმადიდებლობაზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიაა.

„მართლმადიდებლური ტრადიცია საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია. თუ გინდა, ქართული კულტურა გაიგო, მართლმადიდებლობას უნდა გაეცნო. თავისთავად, ქადაგება კარგია, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს სკოლაში. ასევე, უნდა ისწავლებოდეს სხვა რელიგიებიც. მართლმადიდებლებმა უნდა ვიცოდეთ ისლამი, ებრაელთა რელიგია, ახალი რელიგიები, სხვა ტიპის კონფესიები. მართლმადიდებლობას უნდა დაეთმოს დიდი ადგილი სწორედ იმიტომ, რომ ეს საქართველოა. რისკებისგან თავის დაზღვევა ძნელია, რადგან მასწავლებელი როცა შედის კლასში, ხშირად ის გულანთებული მართლმადიდებელია და შეიძლება, ბავშვებს მართლმადიდებლობისკენ მოუწოდოს. ისეთი მასწავლებლებიც ვიცი, რომლებიც ბავშვებს ეკითხებიან, მონათლული ხარ? რატომ არ ხარ მონათლული? ეს არ არის მისი საქმე, მისი პრეროგატივა არაა იმის გარკვევა, ბავშვი რომელ სარწმუნოებას ეკუთნის, თუ არცერთს არ ეკუთვნის. სახელმწიფო გამოყოფილია ეკლესიისგან, ამიტომ ასეთი აღრევა, თუ სად მთავრდება ეკლესიის ქადაგება და სად იწყება სკოლა, კარგი არ იქნება არც ეკლესიისთვის, არც სახელმწიფოსთვის“,- აცხადებს ლევან აბაშიძე.

ამასთან, გერმანიის მაგალითსაც იხსენებს, სადაც კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელიც ასწავლის სკოლაში და პროტესტანტულიც, მაგრამ ეს არჩევითი, ნებაყოფლობითია და დაბალ კლასებში მშობლები ირჩევენ, უნდათ თუ არ უნდათ რელიგიის სწავლება. თანაც, რელიგიის საგანი ბოლო ან პირველ გაკვეთილს ემთხვევა, ანუ, თუ ბავშვს არ უნდა, ის უსაქმოდ კი არ იქნება გაკვეთილების შუაში, არამედ სახლში წავა, ან უფრო გვიან მივა სკოლაში.

„თუ სკოლაში ასწავლის ეკლესიის წარმომადგენელი, მაშინ ეს უნდა იყოს მკაცრად ნებაყოფლობითი, მაგრამ, თუ სახელმწიფო ასწავლის, ის უნდა იყოს მკაცრად ნეიტრალური. ეს პრინციპი უნდა დავიცვათ. ადამიანი, რომელმაც არ იცის რელიგია, ვერც ისტორიას გაიგებს, ვერც ხელოვნების ისტორიას და ძალიან ბევრ რამეს ვერ გაიგებს. სადღაც ხომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, რა არის ქრისტიანობა, ბიბლია? სად უნდა ვასწავლოთ? ალბათ, სკოლაში, მაგრამ საშიშროება და რისკები იქნება“.