„დღემდე თვითნებურად მკურნალობდნენ ცხოველებს, რაც თვითშემოქმედება და დანაშაული იყო ცხოველის მიმართ“

„დღემდე თვითნებურად მკურნალობდნენ ცხოველებს, რაც თვითშემოქმედება და დანაშაული იყო ცხოველის მიმართ“

ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების სია შესაძლოა, გაიზარდოს. სააფთიაქო ბიზნესში ჩართული კომპანიები ჯანდაცვის სამინისტროს იმ წამლების სიას გადაუგზავნიან, რომლებსაც, მათი თქმით, უკუჩვენებები პრაქტიკულად არ გააჩნია და მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

წამლების რეცეპტით გაცემამ გაურკვევლობა წარმოშვა ცხოველების მეპატრონეებშიც. იმის გამო, რომ ცხოველებისთვის, ხშირ შემთხვევაში, იმ მედიკამენტებს იყენებენ, რომლებიც ჩვეულებრივ აფთიაქებში იყიდება (ანტიბიოტიკები, ტკივილ გამაყუჩებლები, ალერგიის წამლები), ისინი ეჭვობენ, ხომ არ გაიზრდება ფასი ვეტერინარის მომსახურებაზე.

ცხოველების მეპატრონეების თქმით, ამ ეტაპზე ვეტერინარს წამლის გაყიდვის უფლება არ აქვს, მან მედიკამენტი მხოლოდ დანიშნულებასთან ერთად უნდა გასცეს, რაც მომსახურების ფასშიც აისახება. კერძოდ, დღემდე ცხოველის მეპატრონე ყველაზე იაფ აფთიაქში იძენდა წამლებს, რაც ამიერიდან აღარ მოხდება. ცხადია, ვეტერინარი, რომელიც ბაზარზე შეიძენს წამალს, თავისი მომსახურების ანაზღაურებასაც მოითხოვს. ზოგ შემთხვევაში, შინაური ცხოველის, ამ შემთხვევაში ძაღლის წონა საკმაოდ მძიმეა. აქედან გამომდინარე, ვეტერინართან ხშირ ვიზიტს ტაქსით მომსახურების საფასურიც დაემატება, რაც ცხოველის მეპატრონეს დააწვება ტვირთად.

რამდენად რეალურია ცხოველთა მეპატრონეების პრობლემები? ამის შესახებ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ დამფუძნებელს და ხელმძღვანელს თეიმურაზ წიქორიძეს ვესაუბრეთ.

For.ge-სთან საუბარში თეიმურაზ წიქორიძე აცხადებს, რომ, პირველ რიგში, მოსაგვარებელია, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ვეტერინარიის დეპარტამენტმა ვეტერინარებსა და კლინიკებს (როგორც ჩვეულებრივ ექიმებს) რეცეპტის გამოწერის საშუალება მისცენ. აქამდე ძალიან ხშირად ვიღაცის კონსულტაციით ან თვითნებურად მკურნალობდნენ ცხოველებს და არასწორი დანიშნულების პრეპარატებს აძლევდნენ. უფრო მეტიც, 10-დან 9 ადამიანს არ მიჰყავდა ცხოველი ვეტერინართან, რაც თვითშემოქმედება და დანაშაული იყო ცხოველის მიმართ.

თეიმურაზ წიქორიძის თქმით, ვეტერინარის მომსახურება ყოველთვის ფასიანი იყო, თუმცა ყველასათვის გასაგებ მიზეზთა გამო, საქართველოში ვეტერინარების მომსახურება გაცილებით იაფი ღირდა, ვიდრე ევროპულ ქვეყნებში.

„კარგი იქნება, თუ ვეტერინარიის დეპარტამენტი ნებართვებს გასცემს ვეტერინარებზე, რომ მათ გამოწერონ წამლები. ამის შემდეგ ცხოველის მეპატრონე ანტიბიოტიკს თუ სხვა მედიკამენტს აფთიაქში შეიძენს. ეს სისტემა მოსაწესრიგებელია. დღეს კი ვეტერინარს არ აქვს რეცეპტის გამოწერის უფლება. ასეთ სიტუაციაში ვეტერინარულმა კომპანიამ თავად უნდა შეიძინოს პრეპარატები, კლიენტიც იქ უნდა მივიდეს და გაუკეთოს შინაურ ცხოველს ეს პრეპარატები. ეს ცოტა შეუსაბამობაშია, რადგან ძაღლის ყოველდღიური ტარება ვეტერინართან ცოტა რთულია. ვთქვათ, ათი დღის განმავლობაში ძაღლს გასაკეთებელი აქვს ანტიბიოტიკები, როგორ უნდა გადასცეს ვეტერინარმა ეს ანტიბიოტიკი? რა თქმა უნდა, კლიენტმა ამაში ფული უნდა გადაიხადოს. მე ვფიქრობ, ეს სიტუაციის გაძვირებას არ გამოიწვევს, მაგრამ თვითონ ვეტერინარული კომპანიები ამას თავს ვერ მოაბამენ. ამიერიდან ვეტერინარული კომპანიები უნდა ეცადონ, თავად შემოიტანონ ვეტერინარული პრეპარატები. სხვათა შორის, ეს მომსახურებას უფრო გააიაფებს, რადგან ვეტერინარული პრეპარატები გაცილებით ნაკლები ღირს, ვიდრე ჩვეულებრივი სამედიცინო პრეპარატი“, - აცხადებს თეიმურაზ წიქორიძე.

საქართველოს მთავარი ვეტერინარი მიხეილ სოხაძე For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ რეცეპტების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, დავით სერგეენკოს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია, რადგან უცხოეთშიც ასეა. ვეტერინარულ წამლებს (გარდა ტილების წამლებისა და მალამოსი), უცხოეთშიც რეცეპტით იძენენ. უფრო მეტიც, შეუძლებელია ანტიბიოტიკების ან სხვა სამკურნალო საშუალებების ურეცეპტოდ შეძენა, რადგან ისინი სხვადასხვა დარღვევებს იწვევენ ორგანიზმში, ან რაღაც პერიოდში ცხოველისგან შეიძლება აღმოჩნდეს რძეში, ხორცში, ან ექსკრემენტებში. ამიტომ ამაზე მეთვალყურეობა ვეტერინარის კომპეტენციაა.

„არასწორად გამოყენებული ვეტერინარული პრეპარატი ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე თითოეული ადამიანის მიერ ურეცეპტოდ მოხმარებული მედიკამენტი, რადგან ცხოველებიდან შეიძლება რძეში მოხვდეს და მასობრივი პრობლემები გამოიწვიოს. ამის რეგულაცია აუცილებელია. ეს სისტემა კარგა ხანს დეგრადაციას განიცდიდა და არ არსებობდა ლიცენზირების სისტემა. ამიერიდან ყველა ვეტერინარს რომ მივცეთ წამლის გამოწერის უფლება, ეს არასწორი იქნება და არც კანონი გვაძლევს ამის საშულებას. ამიტომ იურიდიულად დარეგისტრირებულ ვეტერინარებს ექნებათ მათთვის საჭირო წამლების სააფთიაქო ბაზიდან შეძენის შესაძლებლობა. ეს მათაც მისცემს გარკვეულ სტიმულს, შემოიტანონ ის პრეპარატები, რაც მანამდე არ იყიდებოდა. ვეტერინარულ კლინიკებს შეუძლიათ, სამედიცინო აფთიაქიდანაც კი წაიღონ ის წამლები, რომლების გაცემაც რეცეპტითაა საჭირო, მაგრამ ისინი ამას ვერ გაყიდიან, უბრალოდ, მომსახურებაში გაწერენ, წავლენ, გაუკეთებენ პირუტყვს, გადასახადსაც აიღებენ და პლუს მომსახურების საფასურსაც. რაღაც ეტაპზე შეიძლება, გაძვირდეს არა წამლის ღირებულება, არამედ ვეტერინარის მომსახურება, რადგან ცხოველების მეპატრონეები წამალს ვერ იყიდიან და იძულებულნი იქნებიან, ეს ვეტერინარმა გააკეთოს და თანხა ვეტერინარს გადაუხადონ. თუმცა მოგვიანებით, როცა ვეტერინარული პრეპარატები გაჩნდება ქსელში, ის გაცილებით იაფი ეღირება. ეს წმინდა წყლის ბიზნესია, უბრალოდ, გააჩნია, ბიზნესმენები ან ვეტაფთიაქების მფლობელები როდის შემოიტანენ ამ პრეპარატებს“, - აღნიშნა მიხეილ სოხაძემ.

რაც შეეხება საქართველოს რეგიონებს, ქვეყნის მთავარი ვეტერინარი იზიარებს იმ აზრს, რომ რაიონებში პრობლემა პრობლემად დარჩება, სანამ ვეტაფთიაქები არ განვითარდებიან და ვეტსამკურნალოებად არ ჩამოყალიბდებიან. აქამდე ისინი

არ რეგისტრირდებოდნენ, რადგან ამის საჭიროება არ იყო და არც მოსახლეობა არ მიდიოდა მათთან. რეცეპტების სისტემის დანერგვა კი სტიმული იქნება, რომ რაიონებში ეს დარგი განვითარდეს. საბოლოო ჯამში, ეს აისახება იმ პირუტყვის ჯანმრთელობაზეც, რომელიც ჩვენს სუფრაზე ხვდება.