ის, რომ უცხოელები საქართველოში შეძენილი მიწების გაყიდვას ცდილობენ, ეკონომიკის საკითხებში ექსპერტ ირაკლი ლექვინაძისთვის იმ გაუაზრებელი გადაწყვეტილების შედეგია, რომელიც ჩვენმა პარლამენტმა მიწის მორატორიუმთან დაკავშირებით 2013 წელს მიიღო.
როგორც ირაკლი ლექვინაძემ For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, თავის დროზე უცხოელებისთვის მიწების მიყიდვის შედეგად გარკვეული აქტივობა შეიქმნა. კერძოდ, საინტერესო პროცესი ვითარდებოდა საქართველოს აგროსექტორში, რადგან მოდიოდნენ უცხოელები არა მარტო აზიის, არამედ ბევრი ევროპული ქვეყნიდან და იმ სფეროში ქმნიდნენ საკმაოდ საინტერესო მეურნეობებს, თავისი ახალი ტექნოლოგიით, სადაც ყოველთვის შეინიშნებოდა ინვესტიციების სიმცირე.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, ადგილობრივები, საქმის არმცოდნენი და უსაქმურები აპროტესტებდნენ მიწების გასხვისებას. ეს მაშინ, როცა თავის დროზე სწორედ ამ ადამიანებმა მიჰყიდეს მიწები უცხოელებს და ამაში არანაირი ბრალი სახელმწიფოს არ მიუძღვის. უბრალოდ, მოგვიანებით, როდესაც ამ ადამიანებმა ნახეს წარმატებული პროექტები, დაიწყეს კამპანია უცხოელების წინააღმდეგ, რამაც შედეგი გამოიღო და მორატორიუმი გამოცხადდა.
„პატრიოტიზმით გაჟღენთილი არაკომპეტენტური პარლამენტარების განცხადებები გახდა ამ შეზღუდვის მიზეზი. დღეს ინვესტორების დიდი ნაწილი მიდის ჩვენი ქვეყნიდან, რაც სამწუხაროა, რადგან ეს ადამიანები უბრალოდ კი არ გადიან საქართველოდან, არამედ მათ გააქვთ ინფორმაცია უცხოეთში. ბუნებრივია, უცხოელები, რომლებსაც სურთ ჩვენს ქვეყნაში ინვესტირება, ხედავენ, რომ გარკვეული არაკომპეტენტური ჯგუფების საფუძველზე შეიძლება, აქ ყოველთვის შეიცვალოს კანონმდებლობა და ეს არასასურველს ხდის საინვესტიციო გარემოს. პირიქით, უნდა მივესალმოთ საქართველოში უცხოელი ინვესტორების დაშვებას, უბრალოდ, მიწების მორატორიუმისა და გაყიდვის ნაწილში გონივრულ შეზღუდვებზე შეიძლება ვისაუბროთ. მაგალითად, სასაზღვრო ზონა შეიძლება, არ გაიყიდოს და არ იყოს მიწის არამიზნობრივად გამოყენება დაშვებული“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
შეკითხვაზე, მცირემიწიან ქვეყანას აქვს თუ არა მიწების გასხვისების ფუფუნება, გვპასუხობს, რომ, თუ ქართველები ისე კარგად უძღვებიან საქმეს და არ სჭირდებათ უცხოური ინვეტიციები, მაშინ შეიძლება, არაფერს ცვლიდეს უცხოელებისთვის დაწესებული შეზღუდვა, მაგრამ ისეთ ქვეყნაში, სადაც აუთვისებელი მიწების დიდი ნაწილია და ადგილობრივი აგრობიზნესის არანაირი გამოცდილება არ არსებობს, როგორ შეიძლება, უარი ვთქვათ ასეთი განვითარების შესაძლებლობაზე?! მით უმეტეს, რამდენიმე წარმატებული მაგალითიც გვაქვს და უცხოელები ძალიან კარგად უძღვებიან საქმეს იმავე თხილის თუ ღვინის წარმოების სფეროში. უფრო მეტიც, საუბრობენ იმაზეც, რომ ჩინელებმა უნდა მოახდინონ სამეგრელოში ჩაის პლანტაციების აღდგენა. ამიტომ, თუ ინვესტორს არ შევუქმნით პირობებს, ბუნებრივია, ის არ დახარჯავს ფულს იმაზე, რაზეც თანასაკუთრების განცდა არ აქვს.
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი პაატა კოღუაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქართულ მიწას აქვს განსაკუთრებული მადლი და იგი ვერ ჰგუობს უცხო ტომს. ამის დასტური მარტო ის კი არ არის, რომ ამჟამად უცხოელები ყიდიან ქართულ მიწას, არამედ ჯერ კიდევ 90-იან წლებში გენმოდიფიცირებული კარტოფილი ვერ აღმოცენდა თიანეთის რაიონში.
მეცნიერის თქმით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფონდი ჩვენს ქვეყანაში 3 მილიონი ჰექტარია, აქედან სახნავი მხოლოდ და მხოლოდ 800 ათასი ჰექტარია. ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე კი დარჩა სადღაც 720 ათასი ჰექტარი, დანარჩენი აფხაზეთსა და ცხინვალშია. გარდა ამისა, ქართული მიწა რთულ ვერტიკალურ პირობებშია განლაგებული. ბარში მხოლოდ 14%-ია ასეთი მიწები, დანარჩენი კი არის მთა და მთის ძირები. ამდენად, ამ მიწების დამუშავებას სპეციალურად ჩამოყალიბებული ტრადიციები სჭირდება.
„უცხოელები ძირითადად ყიდულობენ სწორედ ასეთ ინტენსიურ სავარგულებს ბარში. ერთი რამ მინდა გაიგონ პარლამენტის იმ წევრებმა, რომლებიც გულდათუთქულნი განიცდიან ამ თემას, არავითარ ინვესტიციებზე არ არის ლაპარაკი, სოფლის მეურნეობა ეს არის არაინვესტიციატევადი დარგი. ჩვენი მთელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან, სადღაც მაქსიმუმ, 300 ათასი ჰექტარია ინვესტიციატევადი, დანარჩენი არაინვესტიციატევადია. საერთოდ, საქართველოში კიტრის, პომიდორის და მწვანილის მოსაყვანად არავინ ჩამოდის, ჩამოსულთაგან ყველას თავიანთი ინტერესები აქვთ. მათ კარგად დაინახეს, რომ აქ ამის შესაძლებლობები, დიდი მასშტაბები არ არის.
შემოდის ახალი კანონი, ცვლილებები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კანონმდებლობაში და უცხოელებზე მიწის გასხვისებასთან მიმართებით ისეთივე რეგულაციები იქნება, რომლებიც გააჩნია დასავლეთის მაღალგანვითარებულ ქვეყნებს. ჩვენ ამისთვის ბრძოლა არ დაგვიკლია. ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში ჯანსაღი პოზიცია აქვთ ამ საკითხის მიმართ, ასევე, მინდა აღვნიშნო თეა წულუკიანის ჯანსაღი დამოკიდებულება საკითხის მიმართ. აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი ძალიან გაიზარდა ამ კუთხით, მან ბევრი რამ წაიკითხა და სწორად აფასებს საკითხებს, მაგრამ ეს ულტრალიბერალური განცდები - ვაიმე უცხოელები... უი, ინვესტიციები... - ვერ მოიცილა. არაფერი გვჭირს საიმისო, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარება ვიღაც გადამთიელებს ვანდოთ. დავეხმაროთ სოფლის მეურნეობას, ქართულ სოფელს, გლეხკაცს და მას შეუძლია, თავისი პროდუქციით გამოკვებოს ქვეყანა“,- აცხადებს პაატა კოღუაშვილი.
ამასთან, ფიქრობს, რომ საქართველოში შემოსული ღარიბი მრავალშვილიანი ოჯახების ნაკადის შესაჩერებლად, შესამუშავებელი გვაქვს მექანიზმი უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფასის გაზრდასთან დაკავშირებით. ასეთივე მექანიზმი მუშაობს მსოფლიოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც. მაგალითად, არგენტინის კანონმდებლობაში ჩაწერილია, რომ უცხოელებზე მიწის მხოლოდ 20%-ის გაყიდვა შეიძლება, მაგრამ ამ 20%-ის შიგნით ისეთი წარმოუდგენელი შეზღუდვები ჩადეს, რომ ვერავინ ყიდულობს არგენტინის მიწას. ეს შეზღუდვები ეხება უცხოელის ლეგალურ ცხოვრებას, აგრარულ განათლებას, ფინანსურად უზრუნველყოფილ პროგრამას, ბიზნესგეგმას, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს არგენტინის ინტერესებთან. ასევე ხდება დანიაში, ნორვეგიაში, ავსტრიაში, პატარა შვეიცარიაში (რეგიონი ლუქსემბურგის აღმოსავლეთ ნაწილში).
„საქართველოს მოსახლეობის რეფერენდუმის ჩატარებამდე ეს საკითხი საჯარო განხილვის საგანი უნდა გახდეს. 1-ელ ოქტომბერს „ქართულ ოცნება“ ამ პირობით არ მოსულა ხელისუფლებაში. ეს ჩვენ უნდა შეგვეკითხონ, ანუ ამ მიწის მთავარ მესაკუთრეს - საქართველოს მოსახლეობას. წინადადება შემომაქვს, უცხოელებისთვის განსაზღვრული იყოს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწის ფონდის 5%, ხოლო, როცა ეს 5% შეივსება, ამის შემდეგ უცხოელი მიწას ვერ იყიდის, მას შეეძლება მხოლოდ იმ უცხოელისგან იყიდოს მიწა, რომელიც საქართველოში ცხოვრობს“.