საზაფხულო „არდადეგების“ შემდეგ საკვირაო მასალების „გამოქვეყნებას“ კვლავ ვაგრძელებ და დღეს მორიგ სახალისო ისტორიებს შემოგთავაზებთ.
ამ რუბრიკის წინა „სერიალებში“ ჩვენი გმირები ქართველი პოლიტიკოსები, სპორტსმენები და ხელოვანები იყვნენ.
ბოლო დღეების განმავლობაში ქართული საზოგადოებისა და ადგილობრივი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაიძაბა. ნამდვილად არ ვაპირებ რომ დღევანდელ წერილს პოლიტიკური ელფერი მივცე. ქვეყანაში ისედაც დაძაბული მდგომარეობაა და არ მსურს გაგანია კვირა დღეს ამ თემებზე საუბრით მკითხველს თავი მოვაწყენო. ღარიბაშვილი - მარგველაშვილი ერთმანეთთან ურთიერთობას უჩვენოდაც დაალაგებენ, ბიძინა ივანიშვილი ტელეეკრანებიდან დროდადრო კიდევ არაერთხელ გამოგვეცხადება და საკუთარ მოსაზრებებს გაგვაცნობს. ადამიანი, გვარად ჭიკაიძე კი ბოლოს და ბოლოს საკუთარ ადგილას აღმოჩნდება და რომელიმე რაიონის მომცრო დასახლებული პუნქტის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე მოგვევლინება.
დღეს გადავწყვიტე სიტყვა თანამემამულე სამართალდამცველებს მივცე, ანუ მათ, რომლებსაც გაგანია საბჭოთა კავშირის დროს ოფიციალურად მილიციონერები, ხალხის ჟარგონზე კი სხვა სახელი ერქვათ.
იმედია ქართველი „მილიციონერები“ არ გამინაწყენდებიან და მკითხველის სამსჯავროზე რამდენიმე ძველ ისტორიას გამოვიტან. ამ მოგონებების ავტორებსაც დავასახელებ. იმედია ამ წერილს წაიკითხავენ და დამსახურებულ პენსიაზე მყოფები კიდევ ერთხელ გაიხარებენ.
თავდაპირველად სიტყვას პოლკოვნიკ ომარ ლაშხს გადავცემ.
„ორმოცი წელი ვიმუშავე სასჯელაღსრულების სისტემაში და დღე არ გავიდოდა, რომ კურიოზი არ მომხდარიყო. გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლებია და სამუშაოდ ციმბირის ქალაქ ნოვოკუზნეცკის მკაცრი რეჟიმის ციხეში გადამიყვანეს. ეს საპყრობილე ნიკოლოზ მეორეს დროს ააშენეს და საბჭოთა კავშირში ყველაზე მაღალი იყო. შვიდსართულიანი ციხის ბოლო სართულზე ქურდები იყვნენ მოთავსებული და მეც იქ გამამწესეს. ამ კორპუსის 88-ე საკანში ცნობილი ქურდი ანტონ გერასიმოვი, მეტსახელად „ბიტი“ იჯდა. მას 15 წელი ჰქონდა მისჯილი და მკაცრ იზოლაციაში იმყოფებოდა. „ბიტის“ მთელი მომსახურე პერსონალი ჰყავდა, რომელიც ადგილობრივი პატიმრებისგან შედგებოდა. ისინი მას ტანისამოსს ურეცხავდნენ, ფეხსაცმელებს უწმენდნენ, საჭმელს უმზადებდნენ. ერთი სიტყვით, „ბიტი“ ლორდივით ცხოვრობდა. თუმცა, ყოველი შესვლისას მის მსახურებს საგულდაგულოდ ვჩხრეკდით, რომ გაქცევისადმი მიდრეკილი ქურდისთვის ისეთი ნივთი არ შეეტანათ, რაც მას გაქცევაში შეუწყობდა ხელს.
„ბიტის“ მოსამსახურეებში განსაკუთრებით ლენა და ლუდა გამოირჩეოდნენ. ისინი გიგანტური აღნაგობის მამაკაცები იყვნენ და ქალის სახელები ჰომოსექსუალობის გამო ერქვათ. ლენა და ლუდა ქურდის ჰიგიენაზე ზრუნავდნენ და მის სამოსს უვლიდნენ.
ერთ მშვენიერ დღეს, ლენამ და ლუდამ, „ბიტის“ სამოსი ამოუტანეს და, სანამ საკანში შევუშვებდით, ჩხრეკაზე დავაყენეთ. მათ აკრძალული არაფერი აღმოაჩნდათ და უკვე „ბიტისთან“ უნდა შეგვეშვა, რომ ლენამ გაზები გამოუშვა შემდეგ უკანალზე იტაცა ხელი და საშინლად აღრიალდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ლენას უკანალში სამი ცალი ფოლადის ხერხი და ფოლადისავე კაუჭი აღმოაჩნდა, რომლებიც „ბიტისთან“ მიჰქონდა, მას კი ფოლადის გისოსები უნდა გადაეხერხა. შემდეგ თოკი გამოება კაუჭზე და ამ გზით ციხიდან გაქცეულიყო. ორმოცი მეტრის წვრილი, გამძლე კაპრონისგან დამზადებული თოკი უკვე ლუდას უკანალში აღმოვაჩინეთ და ასე აღვკვეთეთ „ბიტის“ გაქცევის მცდელობა ციხიდან...“
ციხის თემას პოლკოვნიკი ლევან კუხიანიძე გააგრძელებს.
„მოსკოვში, ბუტირკის ციხის ქალთა კორპუსს „კატის სახლს“ უწოდებენ და ერთი პერიოდი იქ მომიწია მუშაობა. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ქალებთან მუშაობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე, თუნდაც ყველაზე თავზეხელაღებულ მამაკაც პატიმრებთან. საქმე ისაა, რომ ქალი მაცდურია, ხოლო პატიმარი ქალი – ორმაგად მაცდური, რადგან უამრავი თავისუფალი დრო აქვს და ათას ოინს იგონებს გასართობად და სექსუალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
წარმოიდგინეთ, როგორი გასაძლებია, როდესაც საკანში შედიხარ და ოც-ოცდაათ სრულიად შიშველ ქალს ხედავ, რომლებიც ლოგინში გეპატიჟებიან. ასეთი შემთხვევისთვის მკაცრი ინსტრუქტაჟი გვქონდა გავლილი და ინსტრუქციით, რა თქმა უნდა, სქესობრივი ურთიერთობა სასტიკად გვეკრძალებოდა. გარდა ამისა, ორი ზედამხედველიდან ერთი, საკნის გარეთ უნდა დარჩენილიყო, მეორეს კი საჭიროებისამებრ შეეძლო საკანში შესვლა.
ერთხელ, „კატების სახლის“ 22-ე საკანში, სადაც 20 ქალი იჯდა, ჩვენი ორი ახალი, ახალგაზრდა თანამშრომელი გავგზავნე, რომლებსაც ორი პატიმარი ქალი უნდა წამოეყვანათ დაკითხვაზე. ბევრი რომ არ გავაგრძელო, სამი საათის მერე ჩემთან გამომძიებელი მოვიდა და გაბრაზებული ტონით მომთხოვა პატიმრების მოყვანა. გულმა ცუდი მიგრძნო, ქალთა კორპუსში გავიქეცი, 22-ე საკანში შევიჭყიტე და რას ვხედავ: ჩვენი თანამშრომლები ნარებზე არიან დაბმულები, სასქესო ორგანოებზე კანაფები აქვთ შემოჭერილი და ოცი შიშველი პატიმარი ქალი მათ სათითაოდ აუპატიურებს...
მე დამხმარე ბიჭები გამოვიძახე, საკანი იერიშით „ავიღეთ“ და იქიდან ცოცხალ-მკვდარი გაუპატიურებული თანამშრომლები გამოვიყვანეთ. ისინი ისეთი დაუძლურებულები იყვნენ, რომ სარეაბილიტაციოდ ერთი თვე დასჭირდათ და კარგა ხანს ქალის ხსენებაც აღარ უნდოდათ..“
ბატონი ლევანი კიდევ ორ „სახალისო“ შემთხვევას მოგვიყვება.
„ეს უჩვეულო კურიოზი გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს მოხდა მოსკოვის ერთ-ერთ საიუველირო ფაბრიკაში, სადაც ძვირფასი ქვებისგან სხვადასხვა სამკაულებს ამზადებდნენ და ოქროსა და პლატინის ჩარჩოებში სვამდნენ.
ერთ მშვენიერ დღეს „მურში“ ფაბრიკის დირექტორი მოვიდა და განაცხადა, რომ 8 საამქროდან, სადაც კოლიეებს ამზადებდნენ, 9 ცალი სამ-სამ კარატიანი ბრილიანტის თვალი დაიკარგა, რომელთა საერთო ღირებულება 120 ათასი მანეთი იყო. მოკვლევამ უჩვენა, რომ ფაბრიკის თანამშრომლების მიერ ქურდობის ფაქტი გამორიცხული იყო, რადგან მათ ყოველი გამოსვლისას საგულდაგულოდ ჩხრეკდნენ. ქვებს ვერც საამქროში დამალავდნენ, რადგან მილიციამ ყველაფერი გადაჩხრიკა და ვერაფერი აღმოაჩინა. ერთი სიტყვით, გამოძიება ჩიხში მოექცა, რადგან ვერც თანამშრომლების საგულდაგულო დაკითხვამ გამოიღო შედეგი. არადა, ქვები დაკარგული იყო, ქურდი რეალურად არსებობდა და საჭირო იყო მოგვეძებნა. ის ცხრა ცალი ქვა გვერდიგვერდ მდებარე ორი მაგიდიდან დაიკარგა. ერთ-ერთ მათგანთან ვინმე იური ლისოვი მუშაობდა, მეორესთან კი – ისააკ როტმანი.
ორი კვირის მერე ქურდობა განმეორდა და ლისოვისა და როტმანის მაგიდებიდან ისევ ცხრა ცალი სამ-სამ კარატიანი ბრილიანტი დაიკარგა, კვლავ 120 ათასი მანეთის ღირებულებით...
ბევრი რომ არ გავაგრძელო, საამქროში ვიდეოკამერები დავაყენეთ და სწორედ იმ დროს ჩავრთეთ, როდესაც ქვები იკარგებოდა, ანუ, მაშინ, როცა საამქროს თანამშრომლები შესვენებაზე გადიოდნენ და საამქრო ცარიელდებოდა. შესრულდა თუ არა 13 საათი და 15 წუთი, საამქროში ღია ფანჯრიდან საფოსტო მტრედი შეფრინდა. ის პირდაპირ ლისოვისა და როტმანის მაგიდაზე დაფრინდა, სპეციალურად ღიად დატოვებულ ვიტრინაში ჩაძვრა, ბრილიანტები აკენკა და ისევ უკან გაფრინდა. დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იყო: წინასწარ მობილიზებულმა ოპერატიულმა ტექნიკურმა ჯგუფმა მტრედის მარშრუტს მისდია და ქურდმა ფრინველმა ისინი ისააკ როტმანის სახლში მიიყვანა. როტმანს მტრედი მზესუმზირის სუნზე ჰყოლია დაგეშილი და ქურდობის დღეს, როცა ის შესვენებაზე გადიოდა საამქროდან, თავის და გვერდით მდგარ დახლში მდებარე ძვირფას ქვებს შეუმჩნევლად უსვამდა მზესუმზირის ზეთს და ამგვარად იზიდავდა გაწვრთნილ ფრინველს...“
წინა საუკუნის დასაწყისში, ქალაქ მოსკოვში ერთი იღბლიანი ქართველი ბინის ქურდი „მოღვაწეობდა“. ალბათ უმჯობესი იქნება თუ სიტყვას კვლავ ლევან კუხიანიძეს გადავცემთ.
„გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში, მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს ახალბედა ინსპექტორი ვიყავი და სულ რაღაც ოთხი თვის დაწყებული მქონდა მუშაობა, რომ ცნობილი ბინის ქურდის, ოთარ მელაძის, მეტსახელად „ჭინკას“ ძებნაში ჩამრთეს. თბილისელი „ჭინკა“ მოსკოვში მოღვაწეობდა და საბჭოეთის დედაქალაქის ბობოლებს მუსრს ავლებდა. ის ისე მოხერხებულად შედიოდა ბინებში და ასუფთავებდა მათ, რომ თვალის შევლებასაც კი ვერავინ ასწრებდა.
ერთხელ „ჭინკამ“ უმაღლესი საბჭოთა პარტიული ფუნქციონერის ბინა გაასუფთავა და ძვირფას ნივთებს სამი ცალი ბრინჯაოს მონეტაც გააყოლა, რომლებიც თურმე იულიუს კეისრისდროინდელი ყოფილა. გაქურდული ფუნქციონერი თავგამოდებული ნუმიზმატი ყოფილა და როგორც მოგვიანებით ჩვენი უფროსი გვიყვებოდა, თურმე, ასე ღრიალებდა „მურის“ უფროსის კაბინეტში: „თავებს წაგაცლით, თუ კეისრის მონეტებს არ მომიძებნით. მსოფლიოში სულ ხუთი ცალი მსგავსი მონეტაა და სამი მე მაქვსო“. გაქურდულ ფუნქციონერს მონეტების ფოტოები აღმოაჩნდა, რომლებიც გავამრავლეთ და უნიკალური მონეტების ძებნას შევუდექით. თუმცა, არც მონეტები ჩანდა და „ჭინკას“ კვალიც ვერსად აღმოვაჩინეთ.
ამ შემთხვევიდან ექვსი თვის მერე თბილისში, ჩემი დის ქორწილში ჩამოვედი სამი დღით. ორდღიანი ქეიფის შემდეგ, როგორც იქნა, სუფრას თავი დავაღწიე, ტაქსიში ჩავჯექი და უთენია რიყეზე გავემგზავრე ხაშის საჭმელად და ასი გრამი არყის დასაყოლებლად, რომ „პახმელიაზე“ გამოვსულიყავი. დიღმის მასივიდან მოვდიოდით სანაპიროზე, დაახლოებით „დინამოს“ სტადიონის ქვემოთ ახალგაზრდა გოგონა ჩავისვით, რომელიც საკმაოდ კონტაქტური აღმოჩნდა და გამოველაპარაკე. რა დასამალია და მაშინ ახალგაზრდა, უცოლო ვიყავი და ვიფიქრე, გოგონას ხინკალზე დავპატიჟებ, შემდეგ წავიყვან და გავერთობით-მეთქი...
გოგონა სახაშეში წამომყვა, ჩემთან ერთად კარგად მოილხინა, სახლშიც ამომყვა და ის-ის იყო საქმეზე უნდა გადავსულიყავით, რომ მან ჩანთა გახსნა და სიგარეტის ამოღებისას, იქიდან კეისრისდროინდელი მონეტა გადმოვარდა. ამის დანახვაზე მე ლამის თვალები გადმომცვივდა ბუდიდან, რადგან ისე კარგად მქონდა შესწავლილი ამ მონეტების ფოტოები, შეცდომა გამორიცხული იყო. აბა, რაღა მექალებოდა... იმ გოგონას ჩემი ვინაობა გავუმხილე და კატეგორიულად მოვთხოვე, ეღიარებინა, თუ საიდან ჰქონდა ეს მონეტები.
ჩემი სტუმარი დამწყები ბაცაცა აღმოჩნდა და მითხრა: წუხელ, ვიღაც ლოხმა მომხსნა ტრასიდან და ეგონა, მაგრად მოილხენდა ჩემთან. მე კი მას „კლოფელინით“ გავუმასპინძლდი, მივაძინე და მთელი ღამე „ვშმონავდი“ მის „ბაითს“. მაგრამ ამ „სირობის“ მეტი ვერაფერი აღმოვაჩინეო. გოგონამ ისიც აღიარა, რომ ჩემს დაძინებას და გაქურდვასაც აპირებდა. რა დროს ეს იყო. გოგონას შევპირდი, არ დავიჭერდი, თუ სამაგიეროდ, მის გაქურდულ ბინას მაჩვენებდა. გოგონა დამეთანხმა. მე იარაღი ჩავიდე, მამაჩემის მანქანას მოვაჯექი და ახალგაზრდა ბაცაცასთან ერთად დიდუბისკენ გავემართე. გოგონას მიერ გაქურდული ბინა ხუთსართულიანი სახლის ბოლო სართულზე მდებარეობდა. მე პისტოლეტი მოვიმარჯვე და აღნიშნული ბინისკენ წავედი, გოგონა კი ხელბორკილით მანქანის საჭეზე მივაბი. ბინაში სახურავიდან ფრთხილად ჩავძვერი, საძინებელში შევიპარე და მხვრინავი „ჭინკა“ შემრჩა ხელში...
ის თურმე, თავისი ნათესავის ბინაში იმალებოდა და რომ გავკოჭე, მხოლოდ ამის მერე იკადრა გაღვიძება. ასე ორიგინალურად გამოვედი „პახმელიაზე“ და მოსკოვში რომ კეისრის მონეტები ჩავიტანე, მთელი „მური“ ჩემს წარმატებაზე საუბრობდა“.