„თუ ქართული სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ქართველებით კომპაქტურად დასახლებულ უბანში მუსლიმანებს პანსიონის გახსნის უფლება აქვთ, მაშინ ჩვენ, ყველანი წავალთ აქედან“,- განაცხადა ქობულეთში, მუსლიმანთა პანსიონთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ადგილობრივმა მკვიდრმა თამაზ გოგიბერიძემ.
For.ge თამაზ გოგიბერიძეს იმ დეტალების შესახებ ესაუბრა, თუ რა პროცესები უძღოდა წინ მუსლიმანთა პანსიონზე ღორის თავის დაკიდებას.
- გთხოვთ, ჩემი კომენტარი მიაწოდოთ ბატონ ჯემალ პაქსაძეს. თუ ამას გააკეთებთ, მადლობელი ვიქნები. მუფტს გადაეცით, მას სახლში ვეპატიჟები, დავით აღმაშენებლის 626 ნომერში. დიდი სიამოვნებით, მორიდებით, მისალმებით მივიღებ, როგორც ჩემს ღვიძლს ძმას, ჩემი ოჯახის წევრს და შესაბამის დოკუმენტებს, ისტორიულ რელიქვიას დავუდებ მაგიდაზე, რომელიც ჩემი ოჯახიდან არ გასულა არასდროს. მას წავაკითხებ, რადგან მინდა, მან იცოდეს აჭარის რეალური ისტორია. მე არ ვარ გუშინდელი კაცი, მე ვარ ძირძველი მოსახლე. შთამომავალი გახლავართ იმ ადამიანის, ვინც აჭარა საქართველოს შეუნარჩუნა.
ეს მოხდა 1918 წელს, მაისის თვეში, აჭარაში 300-წლიანი ბატონობის, ხოლო უშუალოდ ქობულეთში 76-წლიანი თარეშის შემდეგ თურქებმა რეფერენდუმის ჩატარება გადაწყვიტეს. რეფერენდუმს ატარებდა ერთა ლიგა, დღევანდელი გაერო. ამ რეფერენდუმს ესწრებოდა რუსი, ფინელი და გერმანელი წარმომადგენელი. ეს ხდებოდა ქობულეთში. თურქი დარწმუნებული იყო ამ რეფერენდიმის გამარჯვებაში და მას სურდა, უსისხლოდ მიეერთებინა აჭარა. კენჭისყრისთვის, ერთი მხრივ, დადებული იყო თეთრი ურნა და თეთრი კენჭი და მეორე მხრივ - შავი ურნა და შავი კენჭი. იმ პერიოდში არავინ იცოდა წერა-კითხვა. ეს იყო არჩევანის განმსაზღვრელი, შავი კენჭი აღნიშნავდა საქართველოს, ხოლო თეთრი კენჭი-თურქეთს. სიტყვით გამოვიდა ჰასან თხილაიშვილი და მიმართა ქობულეთელებს, რომელთა დიდი ნაწილიც უკვე იყო ხოჯები, მოლები. რა თქმა უნდა, იქ იყვნენ თურქეთთან შეერთებით დაინტერესებული პირები. ჰასან თხილაიშვილმა მათ უთხრა, თუ დღეს ჩვენ წავაგებთ რეფერენდუმს, ჩვენ დავრჩებით თურქეთის შემადგენლობაში, მაგრამ, თუ მოვიგებთ, დავრჩებით ქართველებად და საქართველოს შემადგენლობაში.
თავად აიღო შავი კენჭი და ჩააგდო შავ ურნაში, ანუ ამით მან აჭარის დედასაქართველოსთან მიერთება გამოხატა. მას ქართველად დარჩენა სურდა. ამის შემდეგ ასკერებით (თურქეთის სულთნის კარზე გავლენიანი სამხედრო პირებით) გარშემორტყმულმა თურქმა გენერალმა ჰასან თხილაიშვილი ზარბაზანზე მიაბა ზღვაში გასასროლად და უნდა გაესროლა კიდეც, მაგრამ გერმანელმა უთხრა, თუ ის ძალას გამოიყენებდა, ამ შემთხვევაში, რეფერენდუმი არ შედგებოდა. შესაბამისად, ჰასან თხილაიშვილის ზღვაში გატყორცნა არ განხორციელდა. ანუ, აქ ლაპარაკი იყო ძალდატანებაზე.
აქ საუბარია იმაზე, რომ აჭარა და ქობულეთი გადაარჩინეს ქობულეთელებმა. ამის შემდეგ შედგა ყარსის ხელშეკრულება, რომელიც არ შედგებოდა, თუკი ამ რეფერენდუმს თურქები მოიგებდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ თურქები აქედან წაბრძანდნენ, ჩვენი ახალი თაობა, ქართველობა დაუბრუნდა ჩვენს ისტორიულ სარწმუნოებას-ქრისტიანობას. ჩვენ ყველანი ვართ ქრისტიანები და ჩვენს ძმებ მუსლიმანებთან ერთად ვცხოვრობთ. სახლში შენახული მაქვს ჩემი დიდი ბაბუისა და ბებიის ქეჩხო, რომელზეც ისინი ლოცულობდნენ. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, მათ ზურგზე ვახტებოდი. ეს მოგონებები მეხსიერებაში შემომრჩა. დედაჩემიც ნაწილობრივ მუსლიმანი იყო და ღმერთი სწამდა. ის ამბობდა, არც მუსლიმანი ვარ, არც ქრისტიანი, მაღლა ღმერთი მწამსო. აქ არანაირ დაპირისპირებაზე არ არის საუბარი.
მაშინ რამ გამოიწვია გაუგებრობა ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის?
- ახლა არ მინდა, მისი სახელი და გვარი ვახსენო, მაგრამ ბატონ მეპატრონესთან, ვინც ეს სახლი (რომელიც მოგვიანებით ისლამური პანსიონი გახდა) შეიძინა, მივიდნენ მეზობლები, მიულოცეს და ჰკითხეს, რას აკეთებთო. მან უპასუხა, ვაკეთებ ოფისს და სასტუმროსო. ღმერთს მადლობა, ოფისის და სასტუმროს მშენებლობა გასაგებია, განა ცოტა თურქია შემოსული აჭარაში? არ არის ეს ხალხი ბოროტად შემოსული. კი ბატონოო, -უთხრეს მეზობლებმა და წავიდნენ. გავიდა სამი-ოთხი თვე და ერთ-ერთი მეზობელი შევიდა მის სახლში და ნახა, რომ მეოთხე სართულზე არის უზარმაზარი საძინებელი „კაზარმა“. სულელი უნდა იყოს ვინმე, ამას ვერ მიხვდეს. ამის შემდეგ მეზობლებმა მიმართეს საკრებულოს, გამგეობას, განათლების სამინისტროს, მაგრამ არავინ ყურადღება არ მიაქცია.
მაშინ მე სამართლებრივ ჩარჩოებში გადავიტანე ეს საკითხი. დავინტერესდი, იქნებ, საჯარო რეესტრში იყოს დადებული დოკუმენტი, სადაც ეწერებოდა, რომ მესაკუთრე აქ არეგისტრირებს მედრესეს, ანუ მუსლიმანურ ინსტიტუტს, ყურანის სასწავლებელ ინსტიტუტს, იგივე პანსიონს. წესით, ეს ხომ უნდა დაარეგისტრიროს? ხომ არ შეიძლება, პანსიონში შეიყვანოს მოსწავლეები, გამოიწვიოს შანტაჟი, შეტაკება, რასაც მან რეალურად მიაღწია. საჯარო რეესტრიდან ყველა დოკუმენტი ამოვიღეთ, გვყავს იურისტი - როსტომ გუნთაიშვილი და ყველა დოკუმენტს მოვამზადებთ და წარვუდგენთ საზოგადოებას. მივედით და პანსიონის წინ ვიღაც ქალბატონი დაგვხვდა, რომელიც იქ მისულ ქართველ ქალბატონებს ეუბნება, მე ვარ თურქის მეუღლე და რად გინდათ ჩემი ქმარი, ალბათ, თქვენ ჩემს ქმართან ლოგინში ჩაწოლა გინდათო? ანუ, ეს იყო შანტაჟი თავიდან ბოლომდე, ეს იყო საინფორმაციო ვაკუუმი. როცა საინფორმაციო ვაკუუმია და არავინ არაფერი იცის, ცხადია, გარშემო კომპაქტურად დასახლებული ქრისტიანული სამყარო, მეზობლები აღშფოთდებოდნენ. ქრისტიანები იქ ცხოვრობენ და ამ დროს იქ მედრესეს აშენება გამართლებულია? მათ ხომ თავიანთი ადათ-წესები აქვთ? ამიტომ, ორ მეტრში აშენებული სახლის გვერდით მედრესეს აშენება რად უნდოდათ? ქობულეთში, ციხისძირის დასახლებაში ხომ არის ორი მედრესე, ორი სასწავლო ცენტრი? თუ საჭიროა, იქ გადაანაწილონ ბავშვები. ან სახელმწიფოს მოსთხოვონ, რომ თურმე იმის გამო, რომ აჭარაში არსებობს მედრესეს მშენებლობის მოთხოვნა, დართონ ამის გაკეთების უფლება. იქნებ, ქართულმა სახელმწიფომ თავად აუშენოს მათ მედრესე.
მაგალითად, მე ავაშენე გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია ფიჭვნარში, დასავლეთ საქართველოს ყველაზე დიდ სასაფლაოზე. ამ ხნის კაცმა სამჯერ შემოვიარე ფეხით 2500 ოჯახი, შევკრიბე 110 ათასი ლარი, დღედაღამ ვიშრომეთ, სახელმწიფოსგან ერთი თეთრიც არ მიგვიღია, გარდა ტერიტორიაზე ეკლესიის მშენებლობის ნებართვის, რაც საჯარო რეესტრში იყო დარეგისტრირებული. სწორედ ეს არის გამჭვირვალე პროცესი.
მუსლიმანურ პანსიონთან დაკავშირებით ფიქრობთ, რომ ეს თურქულ ექსპანსიას ემსახურება და აქ ბავშვები თურქული გავლენით იზრდებიან?
- რა თქმა უნდა, ამას ვერ ხვდებით? ამიტომ ქართველები ჭკუაზე უნდა მოვიდნენ. ხალხი არაფერ შუაში არ არის, მიმართონ გამგეობას, საკრებულოს, აიღონ ნებართვა, ისინი გამოყოფენ მიწას და ხვალვე დაიწყონ მშენებლობა. პირადად მეც მივალ და მეც დავდებ რამდენიმე ლარს, ეს არის ცივილური მეთოდი ორი ძმის-მუსლიმანი და ქრისტიანი ძმის, მაგრამ, როცა კაცი შემოიპარება თურქეთიდან, იყიდის და არეგისტრირებს კერძო საკუთრებას, არავის არაფერს ეუბნება და ჩუმად ხსნის მედრესეს, ამას რა ჰქვია? ექსპანსია არ ჰქვია?
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მუსლიმანური პანსიონის წინ ჯვრის კურთხევას აპირებთ.
- ეს სიცრუეა, არავინ არ აპირებს ჯვრის კურთხევას, არც ვიკადრებთ ამას, რომ ქრისტიანები და მუსლიმანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ის რეაქცია, ღორი რომ დაკლეს და ჩამოუკიდეს, იმ ქალბატონის სიტყვებმა გამოიწვია. მან აკადრა სამ დიასახლისს, ჩემს ქმართან დაწოლა გინდათო. ეს იყო კაკალაძის ქალი, ქალებმა ლამის გაგლიჯეს ეს დედაკაცი, რადგან საეჭვო რეპუტაციის ქალებად აღიარა სამივე ქალბატონი.
მუფტი ამბობს, რომ მუსლიმანები გულნატკენნი არიან. ადგილობრივი მუსლიმანების რეაქცია როგორია?
- ერთი მუსლიმანი მაინც მოვიდეს ჩვენთან. ოღონდ, ამას არ უნდა ჰქონდეს ორგანიზებული ხასიათი, არც ჩვენს აღშფოთებას არ ჰქონია ორგანიზებული ხასიათი, სპეციალურად ვინმეს ხალხი არ შეუკრებია. უბრალოდ, ქალებს შორის პირველი შეტაკების შედეგად გავარდა საშინელი ხმები მთელ ქობულეთში, ნათესავმა ნათესავს დაურეკა, მეგობარმა - მეგობარს, შეურაცხყოფას გვაყენებენ, გვაგინებენ, არაფერს გვეკითხებიან, მაშინ ჩვენ უნდა ავდგეთ და ქობულეთიდან წავიდეთო. ამიტომ ყველა ნათესავი იქ მივედით. იქ ჩემი ნათესავები ცხოვრობენ, ჩემი ჭირისუფლები. არცერთი სასწავლებლის გახსნა არ შეიძლება, არც ინგლისურის, არც ფრანგულის, არც თურქულის, თუ არ გაქვს შესაბამისი ნებართვა. რა საბუთი აქვთ? აქვთ იურიდიულად სადმე დარეგისტრირებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მათ ქობულეთში სურთ მედრესეს აშენება?
ღორის თავის კარებზე მიჭედებას თქვენ როგორ აფასებთ?
- ეს იყო სტიქიური რეაქცია იმ ქალბატონის არაადეკვატურ ქმედებაზე. იმ ქალბატონმა რაც იკადრა, იმას დაახიეს თავზე ის ღორი, პირადად მე არასამთავრობოს თავმჯდომარე ვარ. მუფტს გადაეცით, თუ მას ვინმე აფასებს აჭარაში, ჩვენც ვაფასებთ, მაგრამ ხომ შეიძლება, ეს მოხდეს ნორმალურად?! ამდენი ბრძოლის, დავის შემდეგ ერთხელ მაინც მოვიდეს ვინმე, მუფტის წარმომადგენელი და გვითხრას, ძმებო, ქართველებო, გვინდა, გავხსნათ მედრესე, რადგან ვერ ვეტევით ორ პატარა მედრესეში, ამიტომ გვინდა მესამე მედრესე. რატომ არ უნდა იყოს ეს პროცესი გამჭვირვალე? დიდი სიამოვნებით შევხვდებით მუფტს, თუკი იგი იკადრებს თამაზ გოგიბერიძესთან, ნუგზარ ჟორდანიასთან, როსტომ გუნთაიშვილთან, რეზო სტამბოლიშვილთან, მერაბ ბლადაძესთან, ანუ ხუთი არასამთავრობოს წარმომადგენელთან შეხვედრას. მუფტს ვეტყვით, ბოდიშს გიხდით, თუ გაწყენინეთ, მაგრამ ეს იყო წინასწარ გამიზნული აგრესია, რაზეც ადგილობრივი მოსახლეობა წამოეგო.
გამორიცხავთ, რომ მომხდარით შეიძლება ესარგებლათ პროვოკატორებს? სხვათა შორის, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ქობულეთში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებას პროვოკაციას უწოდებს.
- ირაკლი ღარიბაშვილი გუშინდელი კაცია, ჯერ ახალგაზრდაა, მოვიდა ხელისუფლებაში და ჰგონია, რომ ყველაფერი იცის. მე ვარ 67 წლის კაცი, ეგ არის 33-ის, ვის დაუხევია მეტი პერანგი, მას თუ მე? მაგან იცის, რა არის აჭარა? იცის აჭარის ისტორია? იცის ჰასან თხილაიშვილმა როგორ გადაარჩინა აჭარა?
მაგრამ გარკვეულმა ძალებმა ხომ შეიძლება ღორის თავის დაკიდება პროვოკაციისთვის გამოიყენონ?
- რა თქმა უნდა, ზუსტად ეს უნდოდა მაგ ქალს, რომ მერე მიემართა თურქეთის საელჩოსთვის, თურქეთის სახელმწიფოსთვის, რომ თურმე ირღვევა მისი უფლებები. კი, მაგრამ 500 ოჯახის უფლება არ არის უფლება და ერთი თურქი კაცის უფლება უფლებაა?!
ერთი წლის წინ აჭარლები ამბობდნენ, რომ ექსპანსია თვალშისაცემი იყო და ცალკეულ ქუჩებზე თურქები ქართველ მღვდლებს არ უშვებდნენ. დღემდე გრძელდება ასეთი ფაქტები?
- დღემდე გრძელდება. ბათუმში ქუთაისის ქუჩაზე გაიარა მღვდელმა და ცემით გამოაგდეს. აბა, რომელიმე ანაფორაჩაცმული თუ გაივლის იმ ქუჩაზე?! თუ ქართულად დაილაპარაკე, გეტყვის, „გით“-ი, ანუ წადი აქედანო. თურქეთი უზარმაზარი სახელმწიფოა, დიდი ფულის პატრონი, ჩვენ ვართ მშიერ-მწყურვალი პატარა სახელმწიფო. გასაგებია, ღარიბაშვილს მე ვუგებ, აბა, რა შეფასება უნდა მისცეს მომხდარს, ხომ არ გადაიკიდებს თურქეთის ხელისუფლებას, მაშინ, როცა 450 ათასი კაცი ახლა თურქეთში წელმოდრეკილი მუშაობს და სახლში ას დოლარს აგზავნის? ხომ არ გააგონებს თურქეთის ხელისუფლებას, რომ ქართველები მართლები ვართ და თურქები არ არიან მართლები, მაშინ იმ 450 ათასი კაციდან 50 ათასს მეორე დღესვე გამოყრიან აქეთ.
მუსლიმანური პანსიონი ყურანის შესწავლის ადგილია, საიდანაც ნიჭიერ ბავშვებს თურქეთში აგზავნიან და შემდეგ უკან აბრუნებენ. აქ გოგონებსაც ამზადებენ. წარმოიდგინეთ რამდენი მუსლიმანი და ქრისტიანია აჭარაში ან ქობულეთში? დავითვალოთ, მათი ორი სასწავლებელი ქობულეთშია, კიდევ არის ხულოში, ქედაში, შუახევში. ამიხსენით, ამდენი სასწავლებელი რისთვის უნდათ? ყველა მეორე მოლა ხომ არ იქნება?