„10 მილიონის საქმე“ - ნარმანიას ბრალდებები და ოპონენტთა კონტრბრალდებები

„10 მილიონის საქმე“ - ნარმანიას ბრალდებები და ოპონენტთა კონტრბრალდებები

„სი-ტი პარკის“ შემდეგ „ლიბერთი ბანკი“ - დედაქალაქის მთავრობა უწყების არქივში დაცული დოკუმენტების დეტალურ შესწავლას განაგრძობს. დავით ნარმანია ამტკიცებს, რომ მერიასა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება გარიგებისა და კორუფციის ნიშნებს შეიცავს.

უფრო კონკრეტულად კი, საუბარია დედაქალქის ბიუჯეტის მილიონობით ლარით დაზარალებაზე. მერის განცხადებით, თბილისის წინა მთავრობის დროს „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების შედეგად, დედაქალაქს წელიწადსა და 4 თვის განმავლობაში 10 მილიონ ლარზე მეტი დააკლდა.

ხელშეკრულება, რომელზეც დავით ნარმანია საუბრობს, თავდაპირველად 2010 წელს გაფორმდა, როცა მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად „ლიბერთი ბანკი“ გამოცხადდა. 2010 წლის 26 აპრილით დათარიღებულ დოკუმეტში აღნიშნულია, რომ ბანკი მერიის ანგარიშებზე არსებულ მიმდინარე ნაშთებს სარგებელს არიცხავდა წლიური 16,05%-ის ოდენობით ლარში არსებულ თანხებზე, 11%-ს - აშშ დოლარში არსებულ თანხებზე და 8%-ს ევროში არსებულ თანხებზე. ასე გრძელდებოდა სამი წლის განმავლობაში.

2013 წლის 17 აპრილს თბილისის მერიასა და ბანკს შორის ახალი შეთანხმება გაფორმდა - გარიგებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, რომლის მიხედვითაც, საპროცენტო სარგებლის დარიცხვა შემცირდა და განისაზღვრა შემდეგნაირად: „მინიმალური ზღვარის“ 40 მილიონი ლარის ქვემოთ არსებულ თანხას ამჟამად ერიცხება 16,05% ლარში არსებულ ნაშთებზე, ხოლო 40 მილიონ ლარზე ზემოთ არსებულ ნაშთს 4 პროცენტი, აშშ დოლარში არსებულ თანხებს ერიცხება 2 პროცენტი, ხოლო ევროში არსებულ თანხებს, ასევე, 2 პროცენტი.

„ვეჭვობთ, რომ ხელშეკრულებაში აღნიშნული ცვლილების შეტანა განპირობებული იყო გარიგებითა და კერძო ინტერესებით. შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციული ქმედებების ნიშნებსაც. აქედან გამომდინარე, მოძიებულ დოკუმენტაციას შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს ვუგზავნით“,- განაცხადა თბილისის მერმა სპეციალურ ბრიფინგზე და აღნიშნა რომ დედაქალაქის საბიუჯეტო კრიზისი სწორედ ამგვარმა პოლიტიკამ გამოიწვია.

დავით ნამრანია პირობას დებს, რომ ფაქტებისა და დოკუმენტების შესწავლას კვლავ გააგრძელებს და უკანონო ქმედებებზე უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს.

ბანკთან რამე ტიპის გარიგებას უარყოფენ მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები. თბილისის მერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დავით ნარმანიას ბრალდებები უსაფუძვლოა და მისი მთავრობის არაეფექტიანობის გადაფარვას ისახავს მიზნად.

„ნარმანიას სურს, ასეთი სკანდალური განცხადებებით გადაფაროს საკუთარი მთავრობის არაეფექტურობა და არაპროფესიონალიზმი. ეტყობა, არ იცნობს საბანკო სექტორს და იმ დროს და იმ მდგომარეობას, რა ხდებოდა საბანკო სექტორში და პროცენტის დაწევა რით იყო განპირობებული, მას აქვს დაკვეთა, იყოს აგრესიული და გამუდმებით ესროლოს ტალახი თბილისის წინა ხელისუფლებას. ასრულებს კიდეც. უცოდინრობა გამოვალინა წინა დღებშიც, შეცდომით ამბობს რიცხვებს, გამრავლების ტაბულასთან მწყრალად არის, ან პროცენტის გამოანგარიშება არ იცის. უდებენ რაღაც ციფრებს არაპროფესიონალები და ის იმეორებს. მაგალითად, გვიკიჟნებდა, რომ 18 ლარი გვქონდა ერთ კვადრატულ მეტრზე რეკლამის გადასახადი და და ჩამოვიყვანეთ 6-ზე. არადა, იყო კვარტალურად 18 და გახდა თვიურად ექვსი, მან ეს ვერაფრით გააცნობიერა“, - აცხადებს სევდია უგრეხელიძე და განმარტავს, რომ „ლიბერთი ბანკთან“ მერია თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად შეთანხმდა.

„საბაზრო ფასები იცვლება, ეს ახალი ამბავი ხომ არ არის?! აქედან გამომდინარე, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად შედგა ამ პროცენტზე შეთანხმება, გამომდინარე იქედან, რომ სხვა ვერ მოვძებნეთ, უკეთესი ფასები რომ შემოეთავაზებინა. ეს არის ჩვეულებრივი, თავისუფალი ეკონომიკის ამბავი. ისინი კი ჰპირდებიან ხალხს სოციალიზმის დამყარებას, მაგრამ სოციალიზმი ვერ ააშენა სტალინმა და მითუმეტეს, ვერ ააშენებს ნარმანია“, - აცხადებს უგრეხელიძე.

მერიის კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი აბესაძე, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა „ლიბერთი ბანკთან“ ხელშეკრულების გაფორმების პროცესში, ნარმანიას ბრალდებას უპასუხისმგებლო განცხადებას უწოდებს. აბესაძე თბილისის მერს თავად სდებს ბრალს - ბანკისთვის საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო.

„2013 წელს, როცა „ლიბერთი ბანკთან“ ხელშეკრულების განახლების აუცილებლობა დადგა დღის წესრიგში, მნიშვნელოვნად იყო დაკლებული პროცენტები სესხებზე, რომელსაც ბანკები გასცემდნენ, შესაბამისად, დაწეული იყო პროცენტები დეპოზიტებზე, რომელიც ბანკში იყო. ამიტომ, „ლიბერთი ბანკმა“, რომელსაც ხელშეკრულების ვადა ეწურებოდა, უარი განაცხადა იგივე განაკვეთით ხელშეკრულების გაგრძელებაზე, ხოლო, საქართველოში მოქმედი სხვა კომერციული ბანკების მხრიდან თბილისის მერიას მაქსიმალური შეთავაზება 8% ჰქონდა. შესაბამისად, ყველაზე კარგი პირობა კვლავ „ლიბერთი ბანკის“ იყო, რომელმაც განაცხადა თანხმობა, დეპოზიტზე განთავსებულ პირველ 40 მილიონ ლარზე განაკვეთი ყოფილიყო 16% და იმის ზემოთ განთავსებულ თანხებზე 4%. რეალურად, 2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულება იყო საუკეთესო და ბიუჯეტის ინტერესები აბსოლუტურად ზედმიწევნით იყო დაცული“,- განუცხადა for.ge-ს ირაკლი აბესაძემ. მისი განმარტებით, თბილისის მერის მიერ წამოწეულ საკითხს, დარღვევის აღმოჩენის კუთხით, არანაირი მომავალი არ აქვს და ნარმანიას, პირიქით, მოუწევს ბოდიშის მოხდა იმ პირების მიმართ, ვინც კორუფციულ სქემაში მოიაზრა.

თბილისის მერის განცხადებებს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა თავად „ლიბერთი ბანკი“. ბანკის ხელმძღვანელობა განმარტავს, რომ 2013-2014 წლებში, მიმდინარე და ვადიან ანაბრებზე განთავსებული ნაშთების, ბაზარზე არსებული საპროცენტო სარგებლის განაკვეთების მნიშვნელოვნად შემცირების გამო, სხვა ქართული ბანკების მსგავსად „ლიბერთი ბანკმა“ საპროცენტო სარგებლის დარიცხვა 30-მდე სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციასთან შეამცირა და, ამ მხრივ, ვერც თბილისის მერია იქნებოდა გამონაკლისი.

„ლიბერთი ბანკის“ ინფორმაციით, მერიისთვის ძველი პირობებით თანამშრომლობის შემთხვევაში, მათ დამატებით 6-10 მილიონი ლარის გადახდა მოუწვდათ, ეს კი ბანკისთვის საზიანო იყო, რადგან წმინდა მოგებას, სავარაუდოდ, გაანახევრებდა.

დავით ნარმანიას მიერ, „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებით, ქალაქის ძველი მთავრობის წინააღმდეგ გამოთქმული განცხადებები და პრეტენზიები საფუძვლიანად მიიჩნია ეკონომიკურ საკითხთა ანალიტიკოსს დემურ გიორხელიძეს. იგი ამტკიცებს, რომ ბანკი არც ძველი პირობებით ზარალობდა და ამის გარკვევა ძალიან მარტივია, თუ ვინმე შესაბამის თანხებს დეტალურად დაითვლის.

„წინა ხელისუფლება არ წარმოადგენდა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც საბაზრო პრინციპებით, კონკურენციის საფუძველზე განათავსებდა შეკვეთებს და შემდეგ სწორი, სამართლიანი და ობიექტური ტენდერების საფუძველზე არჩევდა სახელმწიფო მომსახურების, ანდა, პროდუქციის მომწოდებელს. ისინი თავინთ კლანებს, თავიანთ ბიზნესჯგუფებს აძლევდნენ ამ დავალებას, შემდეგ კი სანაცვლოდ გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებდნენ. არ დაგვავიწყდეს, რომ „ლიბერთი ბანკი“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის ბანკია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დემურ გიორხელიძე.

ანალიტიკოსის განმარტებით, 10 მილიონი ლარით, რომელიც ბიუჯეტს დააკლდა, თბილისში ბევრი სასარგებლო რამის გაკეთება შეიძლებოდა და მთავრობას ეს თანხა უნდა შეენარჩუნებინა.

„ბატონი დავით ნარმანიას განცხადებებს, წესით, უნდა მოჰყვეს სამართლებრივი შეფასება. სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გაარკვიონ, რამდენად მართებული იყო ეს გადაწყვეტილება და რამდენად იზარალა თბილისის ბიუჯეტმა. ხელისუფლება უფრო ძლიერი რომ იყოს, ამ ადამიანებს, სასამართლოში ძალიან მწვავე კითხვებზე მოუწევდათ პასუხების გაცემა“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.