ყველაფრის პატიება შეუძლებელია და პუშკინის გამოთქმის არ იყოს, სამართლიანი შურისძიება ზოგჯერ უდიდესი კეთილშობილებაა. სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდა, მათ შორის, ბიზნესმენების - მამია სანადირაძის, ანზორ ქოქოლაძის ორგანიზაციები, რომელთა ირგვლივაც თავი მოიყარეს რეჟიმისგან დაჩაგრულმა ადამიანებმა, პოლიტპატიმრებმა. ისინი ითხოვენ უკანონოდ წართმეული ქონების და ღირსების დაბრუნებას, მაგრამ, როგორც ჩანს, პროცესი დროში განგრძობადია. მიუხედავად იმისა, რომ „სამართლის სახლიც“ მსგავსი პროფილისაა, მისი დირექტორი ბეჟან ბეჟუაშვილი სამართლიანობის აღდგენის პერსპექტივას ხედავს.
For.ge „სამართლის სახლის“ დირექტორს ბეჟან ბეჟუაშვილს ესაუბრა.
როგორ აპირებთ სამართლის დაბრუნებას და რით არის გამორჩეული სამართლის სახლი?
- სამართლის სახლის შექმნის იდეა ეკუთვნის განსაკუთრებულ ადამიანს, რომლის დაჩაგვრასაც წინა ხელისუფლება შეეცადა და უპრეცედენტო რეპრესიები განავითარა მისი და მისი ოჯახის მიმართ.
საუბარია ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილზე. ბიზნესმენებს შორის იგი ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი იყო, რომელმაც ნაციონალების აგრესია საკუთარ თავზე იწვნია.
- სამწუხაროდ, ის არ იყო პირველი მსხვერპლი და - არც უკანასკნელი. 2010 წელს მოხდა ეს ამბავი, მაგრამ ქონებრივი ზიანის მიყენების მასშტაბით, ნაციონალების ცხრაწლიან ისტორიაშიც კი, უპრეცედენტო იყო მის მიმართ გამოყენებული გირაოს თანხა. მას 6 მილიონი ლარი შეუფარდეს. მსოფლიო სამართლის ისტორიაშიც, ალბათ, თითო-ოროლა ასეთ ფაქტს თუ ნახავთ, ისიც - მკვლელობასა და სხვა მძიმე დანაშაულზე. სამართლის სახლის შექმნის იდეაც სწორედ, თამაზ ელიზბარაშვილს ეკუთვნის. ამ ორგანიზაციის არსი იმაშია, რომ გაჭირვებულ კაცს, რომელსაც მორალურად, ფსიქიკურად და ქონებრივად მიყენებული აქვს ზარალი და არაფრის იმედი არ აქვს, მხარში დაუდგეს და სამართლებრივი მექანიზმით, კანონმდებლობაში არსებული თუ არარსებული (საკანონმდებლო ინიციატივების გატარებით) ნორმებით პატივი და ღირსება დაუბრუნოს.
ერთია სურვილი, მაგრამ მეორეა დღევანდელი რეალობა. თქვენმა წინამორბედმა ორგანიზაციებმა საწადელს ვერ მიაღწიეს, რაც თავსმოხვეულ კოაბიტაციას ბრალდება. თუმცა ხომ არ არის სხვა მიზეზები, რის გამოც დუმს ხელისუფლება?
- ზუსტად ამის თქმა მინდოდა. როგორი ორგანიზაციაც არ უნდა შექმნა, ისმის კითხვა, ვინ შექმნა ეს ორგანიზაცია, რა პროფესიის ადამიანებმა და რა მიზნით? გასაგებია, რომ დაკარგული ქონების უკან დაბრუნება სურთ, მაგრამ ის ორგანიზაციები შექმნეს ბიზნესმენებმა. თამაზ ელიზბარაშვილმა კი შექმნა იურიდიული კომპანია, რომელიც აერთიანებს ბაზარზე არსებულ საუკეთესო ინტელექტუალებს, პრაქტიკოსებს და თეორეტიკოსებს. ამ კომპანიაში არიან ცნობილი ადამიანები - ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი, რომლის დაწერილია საპროცესო კოდექსი; პროფესორი, სამოქალაქო საქმის სპეციალისტი ლალი ლაზარაშვილი, რომელიც უზენაესი სასამართლოდან მისთვის მიუღებელ პროცესთა გამო თავისი განცხადებით წამოვიდა; მიუნხენის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბაჩანა ჯიშკარიანი, რომელიც ორიენტირებულია ევროპული სამართლის ინტეგრაციაზე...
ბიზნესმენებსაც იურისტების გარეშე არ შეუქმნიათ საზოგადოებრივი მოძრაობები.
- ანზორ ქოქოლაძის ინიციატივით მოწყობილ შეკრებაზე ჩვენც ვიყავით მიწვეულნი. ასეთმა ორგანიზაციამ შეიძლება წამოაყენოს თეზისები, შეიძლება, პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთოს, მაგრამ აუცილებელია სწორი სამართლებრივი ნაბიჯები. რაც არ უნდა იძახონ, რომ დღეს ამოწურულია ყველა ხერხი და საშუალება, რომ გადახედონ მტკივნეულ საკითხებს, ამას არ ვეთანხმები. მწირი, მაგრამ გარკვეული საშუალებები დღევანდელ კანონმდებლობაშიც არსებობს. ამას სწორი დანახვა და რეალიზება სჭირდება. ჩემს კოლეგებს პატივს ვცემ, მაგრამ დამიტოვეთ უფლება, ვთქვა, რომ „სამართლის სახლის“ მთელ კოლექტივს განსაკუთრებული ხედვა აქვს. იმ შეხვედრაზე ერთ-ერთი სერიოზული გამოსვლა ჰქონდა ბატონ გია მეფარიშვილს, ბატონი ანზორის თხოვნით, რომელმაც თავისი კონცეფცია ჩამოაყალიბა. ამას ატაცება სჭირდება. ჩვენ მზაობა გამოვთქვით, ამ ორგანიზაციასთან სრულიად უანგაროდ ვითანამშრომლოთ ზოგადი კონცეფციების შექმნაში, მაგრამ ყველა საქმე, როგორც ცა და დედამიწა, განსხვავდება ერთმანეთისგან.
მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალების დროს სქემა ერთი იყო და ადამიანებს ქონების გადაფორმებას აიძულებდნენ?
- რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ბუნებაში ორი ერთნაირი ადამიანი არ არსებობს, ასევე, არ არსებობს ორი ზუსტად ერთნაირი სისხლის სამართლის საქმე. მიღებული სქემა ჰქონდათ ნაციონალებს, როგორ დაესაჯათ ადამიანები, მაგრამ ამ სქემაში უნდა ნახო სუსტი წერტილი და კანონიერების ფარგლებში მოაქციო შენი მოთხოვნა. ჩვენ ამ ინტელექტის გასაყიდად ვართ ამ ბაზარზე გამოსულნი.
კონკრეტულად რა გზას ხედავთ, რომ ამ ადამიანებმა მიტაცებული ქონება დაიბრუნონ?
- ცხადია, ყველა გასაღები ყველა ბუდეს არ ერგება. კვალიფიციური იურისტების დახმარებით, დღევანდელი კანონმდებლობითაც შეიძლება დაიბრუნონ წართმეული.
თუ ხელისუფლება არ მოდის შემხვედრ ნაბიჯზე? მათ შორის, შეუვალი არგუმენტებიც აქვთ - დაზარალებული ადამიანების ქონების დასაბრუნებლად ბიუჯეტში კოლოსალური თანხები არ არსებობს.
- აქ უკვე სხვა ბერკეტები ამუშავდება. წესით, აქ თანხების არარსებობაზე არ უნდა იყოს ლაპარაკი, არამედ - კეთილ ნებაზე. გეტყვით, რა ბერკეტებზეცაა საუბარი. მაგალითად, წარმოებაში ჩვენ გვაქვს საქმეები, რომლებზეც მოთხოვნა გავუგზავნეთ ეკონომიკის სამინისტროს. ვუთხარით, რომ ეს ე.წ. ნაჩუქარი ქონება, რომელიც თურმე პატიმრობაში მყოფი ადამიანის ოჯახმა სახელმწიფოს აჩუქა, ზეწოლის შედეგად, იძულებითი ქმედება იყო. შევახსენეთ ისიც, რომ დღევანდელი ეკონომიკის სამინისტრო იმ ეკონომიკის სამინისტროს სამართალმემკვიდრეა, ვინც მაშინ იჩუქა ქონება და გაფორმდა ხელშეკრულება. ანუ ორი ხელმოწერა აქვს ხელშეკრულებას - მჩუქებლის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის.
ეს ქონება დღემდე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და პირვანდელი მფლობელისთვის მისი დაბრუნება სხვა მოქალაქის უფლებას არ დააზარალებს. ამ ქონებას ვერც ეკონომიკის სამინისტრო იყენებს, საცხოვრებელში არავინ ცხოვრობს, სახელმწიფო ვერანაირ შემოსავალს ვერ იღებს, პირიქით, პარტახდება წართმეული ქონება. იმით აპელირება, რომ მიშას დროინდელი მოსამართლეები არ გიბრუნებენ ქონებას, არასწორია. სასამართლოს თავი რომ დავანებოთ, ესაა ორ სუბიექტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც უკანონოდაა წაღებული. ეკონომიკის სამინისტროდან პასუხი ან არ მოდის, ან ამ ტიპის განცხადებებს აგზავნიან პროკურატურაში. ვეუბნები, პროკურატურაში მე უშენოდაც ვიყავი, იქაც დაწერილი მაქვს განცხადება და კბილაშვილის დროს იქაც აჩემებული ფრაზები ჰქონდათ, რომ თურმე არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადახედვის საშუალება. სხვათა შორის, პროკურატურის დღევანდელი ხელმძღვანელობა ასეთ პასუხს აღარ იძლევა, აშკარად პროგრესია, მინდა მკითხველმაც იცოდეს, უკვე განსხვავებაა კბილაშვილის და დღევანდელ პროკურატურას შორის. ეს ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. გასაგებია, პროკურატურამ უნდა გაარკვიოს, რა სახის იძულებას ჰქონდა ადგილი, ეს დროში გაწელილი პროცესია, არავინ იჭრება პროკურორის ფუნქციაში, მაგრამ ეკონომიკის სამინისტროსთვის საკმარისი არ უნდა იყოს, როცა ვეუბნები, რომ არ ყოფილა კეთილი ნება და დააბრუნოს ქონება? სახელმწიფოს ხომ კაპიკი არ აქვს გადახდილი ამ ქონებაში?! მივდივარ სასამართლოში, მოპასუხედ ეკონომიკის სამინისტროა და აქ ხდება საოცრება. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ისე გამალებით იცავენ ადეიშვილის დროინდელ პოზიციას, რომ უკეთესად ნაციონალებიც ვერ მოახერხებდნენ. თქვენი მეშვეობითაც მინდა, ვკითხო კვირკაშვილის უწყებას - რას აკეთებთ? მეჯიბრებიან, იურისტის მოედანზე შემოდიან? მეუბნებიან, მართალია, ქმარს საპროცესო გაუფორმეს, მაგრამ ცოლს ხომ არ გაუფორმეს? ცოლი რატომ აჩუქებდა ქონებას და ეს სადაური იძულებააო? თანაც, არგუმენტად მოჰყავთ, საქმე ხანდაზმულიაო. ეს სირცხვილია. როცა საქმის ხანდაზმულობით აპელირებენ, ე.ი. აღიარებენ, რომ ქონება იძულებითაა წართმეული.
კონკრეტულად რომელ ქონებაზეა საუბარი?
- ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი, გვარად კევლიშვილი, ნაციონალებმა შეთითხნილი ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით იგი საპროცესო გარიგებით გამოვიდა. ციხეში ყოფნისას მას ერთ-ერთ პირობად წაუყენეს მის მფლობელობაში არსებული ფართის სახელმწიფოსთვის გადაცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უარზე იყვნენ საპროცესო გარიგების შედგენაზე. გამოუვალი მდგომარეობა იყო და ამ კაცმა ხელი მოაწერა, მაგრამ სანტერესო ისაა, რომ ჩუქება საპროცესო გარიგებაში ასახული არ არის. ანუ ეს არის კანონგარეშე თემა. თურმე პატიმრობაში მყოფ ადამიანს „გონება გაეხსნა“ და ქონება არალეგალურად აჩუქა სახელმწიფოს. ეს საპროცესოში რომ ასახულიყო და ერთ-ერთ პირობად ყოფილიყო, კიდევ გასაგები იქნებოდა. საპროცესო გაფორმების შემდეგ ეს ქონება უკვე სამ დღეში გაუფორმეს იმ გამომძიებელს, ვინც იძიებდა კევლიშვილის საქმეს. ჩვენ ვითხოვთ და მივიღებთ კიდეც ამ ქონებას. ყადაღაც დაადო სასამართლომ და მაქვს იმის განცდა, რომ ცხრაწლიანი რეჟიმის შემდეგ მოსამართლე ეცდება, სამართალი აღადგინოს. ეს არ გამორიცხავს, საქმეს სტრასბურგშიც გავაგრძელოთ, ჩვენ ამ დარგის პროფესორებიც გვყავს.
ამ საქმესთან დაკავშირებით კიდევ სხვა საინტერესო ფაქტია, რომ კაცმა ციხიდან მეუღლეს გაუფორმა ქონება, რომელიც დაუყოვნებლივ სახელმწიფოს აჩუქა ქალმა და მცირეწლოვანი შვილით ქირით გადავიდა საცხოვრებლად. ანუ გამოდის, ცოლმა ორი წლის ბავშვი გარეთ დატოვა და ბინა თურმე სახელმწიფოს შესწირა. ამავე საქმის მიხედვით, ასევე მოიქცა მეორე პატიმრის - ლურსმანაშვილის მეუღლეც და 87 კვ.მეტრი ბინა დღემდე პროკურატურის ბალანსზეა. სარჩელები შეტანილი გვაქვს და ვხედავთ პოზიტივს ამ საქმეში.
ადამიანებს ვერ გაურკვევიათ, რა პლატფორმითაც მოვიდა ბიძინა ივანიშვილი, რატომ შეიცვალა პოზიცია?! სანამ იგი პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ერთ-ერთ პირველ მიმართვაში მოუწოდა ადამიანებს, სამართალი აღადგინეთ და დააბრუნეთ მიტაცებული ქონებაო. მისი ცხოვრებაც ამის მაგალითია, არავისთვის არაფერი წაურთმევია. უბრალოდ, ის დიქტატი რომ აღარ არის, თანამედროვე მინისტრები, მათ შორის, ეკონომიკის მინისტრიც ვერ ღებულობს გადაწყვეტილებას.
სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოხელისგან გაჟღერდა 7 მილიარდი ლარის თემა, რომელიც თურმე სახელმწიფოს ვალად დაედება სამართლიანობის აღდგენის შემთხვევაში. არაფერს არ ეფუძნება ეს 7 მილიარდი, ვერავინ ამას ვერ დაამტკიცებს, რადგან, ელემენტარულად, ამის დადგენა რომ დაიწყო, მინიმუმ, ეს საქმეები უნდა გამოიძიო. თუ შენ ამ განცხადებას სეიფში დადებ და აპრიორი ჩათვლი, რომ ეს ქონება მთხოვნელს ეკუთვნის, მაშინ 7 მილიარდი კი არა, შეიძლება, 40 მილიარდიც არ გეყოს. მაგრამ როცა თითოეულ საქმეს განიხილავ, იქ შეიძლება არც არაფერი ეკუთვნის იმ კაცს და ჰგონია, რომ ეკუთვნის.
ბიძინა ივანიშვილის მოწოდების შემდეგ ვინმეს დაუბრუნეს ქონება? შედეგი დადგა? დღეს თუ არის იმის რესურსი დარჩენილი, რომ ამჯერად ირაკლი ღარიბაშვილისგან წამოვიდეს ეს კატეგორიული მოთხოვნა?
- ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა სრულად გამოხატეს პოლიტიკური ნება და მზად არიან ამ საკითხის მოსაგვარებლად. ბატონი ირაკლის ბოლო განცხადება ნიშნავს აბსოლუტურ მზაობას სამართლიანობის აღდგენისა და ქონების დაბრუნების ნაწილში. მაგრამ აქ მეორე თემაა მთავარი - რომ ითხოვ, გეკუთვნის?
ანუ შეიძლება, რომელიმე ბიზნესმენი ან დაზარალებული სხვის ქონებას უკანონოდ ითხოვს?
- არ გამოვრიცხავ. შესაძლოა, ცალკეულ ადამიანს ისე აქვს ეს ფაქტი აღქმული, რომ დაზარალებულად მიიჩნევს თავს. სახელმწიფო არ უნდა იყოს ჩუმად და მათ პასუხი უნდა გასცეს. კონკრეტული ადამიანის ფსიქოლოგიაც მნიშვნელოვანია, თუ როგორ დააყენებ საკითხს. თამაზ ელიზბარაშვილმა პირდაპირ მოითხოვა, ან დამიბრუნეთ ქონება - 6 მილიონი ლარი, თუ არადა, ციხეში ჩამსვით. ამაზეც წავიდა, ეს მოხდა 2012 წლის შემდეგ. ხომ არ გგონიათ, იოლად მიიღო ქონება? ვიომეთ ამისთვის მის ადვოკატებთან ერთად. ამიტომ არსებობს მთხოვნელის პოზიცია და არის მომთხოვნის პოზიცია. ერთია, შენ რომ იცი, გეკუთვნის ქონება და მოითხოვ ამას სახელმწიფოსგან და მეორეა, როცა უბრალოდ, მორიდებით ითხოვ ამას. ამიტომ ვეუბნები ჩემს კლიენტებს, ხარ მაგარი, ხარ დარწმუნებული შენ სიმართლეში, შეგიძლია ბრძოლა? მაშინ მივაღწევთ საწადელს, როგორც ეს თამაზ ელიზბარაშვილის შემთხვევაში მოხდა.
ადამიანი ქირაობს წარმატებულ ადვოკატს, ასეთები ბევრნი არიან, მაგრამ, როგორც წესი, კლიენტს მხოლოდ ერთი ან ორი მებრძოლი ადვოკატი ემსახურება. ჩვენთან კი კლიენტის განკარგულებაშია სამართლის სახლის მთელი სტაფი, თავისი ინფრასტრქტურით. აი, რატომ ვართ ბაზარზე შემოსული ახალი ხედვით. მეგობარი პარლამენტარები გვყავს, რომლებსაც აზრს ვუზიარებთ, საქმიანი დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა მთავარ პროკურატურასთან. ღრმად ვარ დარწმუნებული, აუცილებლად დაიწყება წართმეული ქონების დაბრუნება.