შემოდგომა მთავრობა ხელფასების ზრდით და ახალი დაპირებებით დაიწყო. საბიუჯეტო სექტორში ანაზღაურება არა მარტო ზედა რგოლში მოიმატებს, არამედ ქვედა დონეზეც. ბოლო ერთ კვირაში გაიზარდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ხელფასი, გადაწყდა სასწრაფოს თანამშრომლების ანაზღაურების მომატება, რიგში კი პედაგოგები არიან, რომელთაც სახელფასო ნახტომს 2015-16 წლებში ჰპირდებიან.
უკვე გაირკვა, რომ სასწრაფო სამედიცნო დახმარების ექიმთა საათობრივი ანაზღაურება იზრდება. შესაბამისად, ექიმები ყოველთვიურად მეტ ანაზღაურებას მიიღებენ. საუბარია, 100-150 ლარიან დანამატზე. ეს თანხა გადანაწილდება პრიორიტეტების მიხედვით, რაც იმას ნიშნავს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მძღოლები მიიღებენ 100 ლარით მეტ ხელფასს, ხოლო მედიკოსები - ყოველთვიურად 150 ლარს სახელფასო დანამატს.
გარდა ამისა, მთავრობის სხდომაზე დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ იგეგმება ტექნიკის განახლებაც. უკვე შეძენილია 13 ერთეული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა და წლის ბოლომდე სასწრაფო სამედიცნო დახმარების ავტოპარკიც განახლდება.
„ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბრში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემაში მომუშავე თანამშრომლები, სამედიცინო პერსონალი მიიღებს გაზრდილ ანაზღაურებას. სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა შეიძინა 13 ერთეული მანქანა, რათა ძველი მანაქანები ჩაანაცვლოს და პარკი უფრო მეტად განახლდეს. საბოლოოდ კი, სასწრაფო სამედიცნო დახმარების ოპერატიულობაც გაიზარდოს“, - განაცხადა ნარმანიამ.
ერთი დღით ადრე კი ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლიდან პედაგოგების ანაზღაურებაც მოიმატებს, რომელიც შემდეგ წლებშიც გაგრძელდება. ინიციატივა საქართველოს პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის, რომელიც მოგვიანებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ დაადასტურა. მისი განცხადებით, პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკა სამინისტროს მიერ შემუშავებულ ახალ სისტემას უნდა მოერგოს.
სანიკიძის ინფორმაციით, ნოემბრის ბოლოს ცნობილი გახდება რა რესურსები იქნება პედაგოგთა ხელფასების ზრდისთვის 2015 წლისთვის. შესაბამისად, ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის დეტალები ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
„რაც შეეხება შემდეგ ზრდას, ხელფასების მატების მხრივ მზარდი 2016-2017 წლები იქნება. პედაგოგის ხელფასი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასს, რომელსაც დღეს ძალიან ჩამორჩება“, - განაცხადა სანიკიძემ.
სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2012 წელს, „საქსტატის“ მონაცემებით, 656 ლარს შეადგენდა. პედაგოგთან ანაზღაურება კი 300-350 ლარის ფარგლებშია. ამ თვალსაზრისით მთავრობას შედარებით მეტიაქვს სამუშაო.
დაახლოებით ერთი კირის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ანაზღაურება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მოემატებათ და იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ანაზღაურებას გაუთანაბრდება. ამ მიმართულებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადების პარლამენტში ინიცირებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა, თუმცა კომიტეტმა საკონსტიტუციო სასამართლოს უარი უთხრა ინიციატივაზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის სახელფასო დანამატების მიცემის შესაძლებლობას ქმნის.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ მოქმედი კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია 5650 ლარით. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ხდება 7000 ლარი; საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის ხელფასია 4800 ლარი, ხოლო ცვლილებების მიღების შემდეგ გახდება 6300 ლარი. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს 4400-ლარიანი შრომითი ანაზღაურება 6000 ლარამდე გაეზრდებათ.
რაც შეეხება ყოველთვიურ სახელფასო დანამატებთან დაკავშირებულ საკითხს, სადღეისოდ შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატის აღების შესაძლებლობა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს, რომლის ოდენობას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განსაზღვრავს. საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტში შევიდა წინადადებით, რომლის მიხედვით, დანამატის აღების შესაძლებლობა ყველა მოსამართლეს მიეცემა. აღნიშნული ინიციატივის გაზიარებაზე კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უარი თქვა. კერძოდ, როგორც კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, სახელფასო დანამატი უნდა ემსახურებოდეს მიზანს, როცა მოსამართლე დაკისრებული ფუნქციის გარდა, სხვა საქმესაც ასრულებს. იურიდიული კომიტეტის წევრებისათვის გაუგებარია, რა ფუნქცია შეიძლება განახორციელოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ გარდა იმ ფუნქციისა, რაც მას კანონით აქვს მინიჭებული.
აქვე აღსანიშნავია, რომ წელს პარლამენტმა უკვე განახორციელა ცვლილება, რომლის მიხედვით, საერთო სასამართლოს მოსამართლეებს ხელფასები გაეზარდათ.