772 სავაჭრო დასახელების წამალი ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჯგუფს დაემატა და ორშაბათიდან ურეცეპტოდ გაიყიდება. ეს ცვლილებები საბოლოო არ არის. თავისუფალ გაყიდვაში მოხვედრილი წამლების ნუსხა, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.
ურეცეპტოდ გასაცემთა სიაში გადასული წამლების ჯგუფები ასე გამოიყურება: 1.ადგილობრივი დერმატოლოგიური გამოყენების ანთების საწინააღმდეგო ანტიბაქტერიული საშუალებები. 2. ანტივირუსული საშუალებები 3. ოფთალმოლოგიური დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ყურის წვეთები; 4.იმუნომოდულატორები; 5. ანტიმიკოზური საშუალებები; 6. ვიტამინები და (საინექციო წამლის ფორმები.); 7. მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალებები; 8. არასტეროიდული ანთების საშუალებები (საინექციო წამლის ფორმები); 9. აზმოვიზური საშუალება (საინექციო წამლის ფორმები) 10. ერექციის დისფუნქციის სამკურნალო საშუალებები; 11.ჰეპატოპროტექტორული საშუალებები; 12. ანტიჰელმინთური და ანტიპროტოზოიული; 13. ბიოგენური სტიმულატორები; 14. ანთების საწინააღმდეგო ანტიბაქტერიული საშუალებები; 15. რეჰიდრატაციისა და დეზინტოქსიკაციური საშუალება ელექტროლიტური ხსნარები;
ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების სიაში შეტანილი ცვლილების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრესკონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების სიაში კორექტივების შეტანა სამინისტროს ფარმაცევტთა ასოციაციამ შესთავაზა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღევანდელი ცვლილებით, ურეცეპტოდ გასაცემი მედიაკემტების სიაში ცვლილება მეხუთედ შევიდა და ამჟამინდელი მდგომარეობით, ურეცეპტოდ 4138 მედიკამენტი გაიცემა. ამით, პრაქტიკულად, გათანაბრდა რეცეპტიანი და ურეცეპტო მედიკამენტების საერთო რაოდენობა. ამჟამად რეცეპტი, დაახლოებით, 5100 პრეპარატს სჭირდება. სულ ქვეყანაში 10000-მდე დასახელების მედიკამენტია სარეალიზაციო ქსელში. გამოდის, რომ ყოველი მეორე მათგანის მიღება მხოლოდ ექიმის ნებართვითაა შესაძლებელი.
ახალი ურეცეპტო წამლების აბსოლუტური უმრავლესობა გარეგანი მომხმარების საშუალებაა, მალამოებია.
„ეს არის ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საინექციო ფორმები, დაემატა ერთი სახის სტეროიდი, საინექციო „პრედნიზოლონი“. გადაუდებელ დახმარებას დაემატა საინექციო წნევის ორი დამწევი ხანმოკლე მოქმედების „პაპავერინი“ და „დიბაზოლი“, ასევე გადაუდებელ დახმარებას დაემატა დიაბეტის მართვის ორი საინექციო პრეპარატი, ეს არის ერთ-ერთი მორიგი ცვლილება. კონსულტაციები გაგრძელდება და ეს ცვლილებები საბოლოო არ არის“, - განაცხადა მინისტრმა.
მართლაც, ცვლილებები კიდევ იქნება, რადგანაც ფარმაცევტული კომპანიები და საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია მედიკამენტების სიას ჯერ კიდევ ამუშავებენ. ასოციაციის პრეზიდენტის ირინა ჭელიძის განცხადებით, ფარმაცევტულ კომპანიებთან და ჯანდაცვის სამინისტროთან ისინი მუდმივ კომუნიკაციაში არიან და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.
როგორც ჭელიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ეს პროცესი საკმაოდ რთულია და ნუსხაზე მუშაობა 1-2 დღეში დასრულდება.
ზოგიერთი წამალი, რომ შესაძლოა, ისევ ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტთა ნუსხაში დაბრუნდეს, ამის შესახებ ცნობილი ჯანდაცვის მინისტრისა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრის შედეგად გახდა ცნობილი. პოლიკლინიკებში რიგები, პაციენტებისა და აფთიაქარების მზარდი უკმაყოფილება სამინისტროში დროულად გაითვალისწინეს.