ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე მუსლიმანურ პანსიონთან უცნობი პირების მიერ ღორის დაკვლისა და ღორის თავის სასწავლებლის კარზე დამაგრების ფაქტმა ბევრ ქართველს ჩვენი ისტორიიდან საწინააღმდეგო ფაქტი გაახსენა. მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა თბილისი მუსლიმანების 400-წლიანი ბატონობისგან გაათავისუფლა, მათ ყველანაირი პირობა შეუქმნა უსაფრთხო და სტაბილური არსებობისთვის. მუსლიმანებს ყველაზე ნაკლებ გადასახადს ახდევინებდნენ და მუსლიმანთა უბანში ღორის დაკვლაც იკრძალებოდა.
დღეს დავით აღმაშენებლის დრო არ არის და ჩვენი თანამედროვე აჭარლები აცხადებენ, რომ თურქული ექსპანსია აშკარაა. ადგილობრივთა აზრით, მუსლიმანური პანსიონი სხვა არაფერია, თუ არა თურქული სპეცსამსახურებისგან მომდინარე დავალება. თუმცა, ცხადია, ქობულეთელების მხრიდან რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფით გამოხატული პროტესტი ცივილურ ჩარჩოებს სცილდება.
მუსლიმანურ პანსიონთან ქობულეთელების საპროტესტო აქცია დღესაც გაგრძელდა. როგორც მოსახლეობა აცხადებს, მათთვის გაუგებარია, ქრისტიანებით კომპაქტურად დასახლებულ უბანში რა აუცილებლობითაა ნაკარნახევი მუსლიმანური დაწესებულების არსებობა?! ამასთან, საინტერესოა, კანონმდებლობის ჩარჩოში ჯდება თუ არა პანსიონის გახსნა?!
მუფთი ჯემალ პაქსაძე მუსლიმანების გულის ტკივილზე საუბრობს და პრემიერ-მინისტრს, სამართალდამცველებსა და პარლამენტს ქობულეთში მომხდარ ფაქტზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს, რათა რელიგიურ ნიადაგზე ქართველებს შორის დაპირისპირება არ წარმოიშვას. მისივე თქმით, შეიძლება, ვინმეს არ მოსწონდეს მუსლიმანური პანსიონი, მაგრამ მსგავსი შემზარავი ფაქტი საუკუნეების განმავლობაში არ მომხდარა.
„საქართველოში რამდენიმე პანსიონია, ის არ არის მინარეთი, არც მეჩეთი, არც მედრესე. იქ ცხოვრობენ ბავშვები. დილიდან შუადღემდე სკოლაში სწავლობენ, პანსიონში ბრუნდებიან და სადილს მიირთმევენ, რის შემდეგაც 2 საათით ადგილზე რელიგიურ გაკვეთილებს ესწრებიან“, - აცხადებს ჯემალ პაქსაძე.
საპატრიარქო პროვოკაციად აფასებს როგორც ქობულეთში მომხდარ ინციდენტს, ასევე, იმასაც, რომ ისლამური სკოლა-პანსიონის აშენება მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ და ხელისუფლებასთან შეუთანხმებლობით მოხდა.
ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს სხვისი რელიგიური გრძნობების შელახვა არაქრისტიანულ საქციელად მიაჩნია, თუმცა აცხადებს, რომ ჩვენი ლიბერალური ფრთა მხოლოდ „ცალ კარში ურტყამს ბურთს“ და ავიწყდება, რომ აჭარაში მუსლიმანური სასწავლებლების გახსნა მთლად რელიგიურ აზრებს არ უკავშირდება. ეს ყველაფერი ისლამურ ექსპანსიას უფრო ჰგავს მეზობელი თურქეთიდან. ამ აზრს ამყარებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაც, ბათუმი ჩვენიაო. ამდენად, მამა თეოდორეს თქმით, ადამიანის უფლებების დამცველებმა იმაზეც უნდა აიმაღლონ ხმა, რომ ქრისტიანებს არ ეძლევათ ლოცვის საშუალება თურქეთში ან სულაც ჰერეთში, ისტორიული საქართველოს აღმოსავლეთ მხარეში. უფრო მეტიც, თურქეთში ქრისტიანული სასწავლებლების გახსნა წარმოუდგენელია და ასეთი საქციელისთვის იქ არათუ ღორის თავს დაგიკიდებენ კართან, არამედ შეიძლება, თავიც მოგაჭრან.
მომხდარს ქვეყნის პრემიერი პროვოკაციას უწოდებს და სამართალდამცავ სტრუქტურებს მისი სასწრაფოდ გამოძიებისკენ მოუწოდებს.
ქობულეთში მომხდარ ფაქტს სპეციალური განცხადებით ეხმაურება 10 არასამთავრობო ორგანიზაციაც. მიმართვის ხელმომწერთა აზრით, ინციდენტში, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს.
საქართველო-თურქეთის ახალგაზრდა თურქოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე რომან კვიციანი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მუსლიმანური პანსიონის კარზე ღორის თავის დამაგრების ფაქტით სახელმწიფო ზიანდება. თუმცა ცალმხრივად არ შეიძლება მოვლენის დანახვა. როდესაც ვიღაცას რაღაცაში ვეწინააღმდეგებით, მისგან აუცილებლად უნდა ველოდოთ რეაქციას, ეს ჯაჭვურად ერთმანეთზეა გადაბმული. ამიტომ როგორც მართლმადიდებლებში, ისე მუსლიმანებში უნდა მოხდეს სახელმწიფოებრივი გრძნობის გაღვივება.
„რაც ხდება, ეს ადამიანთა ჯგუფებში არსებული შიშები და კომპლექსებია უარესის მოლოდინში. ასეთი ჯგუფები მართლმადიდებლებშიცაა და მუსლიმანებშიც. ცხადია, მსგავს რელიგიურ თემებზე მუშაობენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები. მათ გამოსავლენად უნდა იმუშაონ ქართულმა სპეცსამსახურებმა და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, პრევენცია და, სანამ ფაქტი მოხდება, მანამ უნდა იყოს ეს ყველაფერი აღმოფხვრილი. რაც შეეხება მუსლიმურ პანსიონს, განათლების სამინისტროს უნდა ჰქონდეს ყველანაირი ინფორმაცია, რა ხდება იმ პანსიონში და რას ასწავლიან. კი ბატონო, ნებისმიერს აქვს უფლება, ისწავლოს თავისი რელიგია, მაგრამ ეს სწავლება არ უნდა იყოს პროვოკაციული და ანტისახელმწიფოებრივი.
ზოგადად, ისლამური განათლების გავრცელებას და ქველმოქმედებას თავისი მიზნები აქვს. გახსოვთ, ალბათ, ამას წინათ აჭარელი გოგონები მონათლეს ჰაფიზებად, რაც ყოვლად დაუშვებელია ისლამისთვის, რადგან ჰაფიზი არის მომავალი მოლა, რომელიც ავრცელებს რელიგიის ქადაგებას. ისლამის მიხედვით კი, მანდილოსანს არ აქვს უფლება, იქადაგოს რელიგია. ამ პანსიონების შესახებ, რაც არის აჭარაში, გარდაბანში, მარნეულში და ყველგან, სადაც მუსლიმანები არიან ჩასახლებულნი, ინფორმაცია არავის აქვს, მათ გარდა, ვინც ამ ყველაფერს გეგმავს. დავით აღმაშენებლის შთამომავლობა ამას არ უნდა აკეთებდეს.
ინფორმაციის სიმწირეა, კეთდება პოპულისტური განცხადებები, რომ აქ საშინელება ხდება, ვიღაცები ცდილობენ ქულების დაწერას, ნაცვლად იმისა, რომ დასხდნენ და განიხილონ ეს პრობლემა“, - აცხადებს რომან კვიციანი და განმარტავს, რომ მუსლიმანთა მუფტი ჯემალ პაქსაძე თვითონვე უნდა იყოს დაინტერესებული, რომ საქართველოში მცხოვრები მუსლიმანები იყვნენ სრულიად ღია, ანუ რასაც მუსლიმანები აკეთებენ, საიდანაც მოდის ფინანსები, საჯარო უნდა იყოს და ადამიანში არ უნდა ტოვებდეს მავნებლობის შთაბეჭდილებას.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სხვისი რელიგიის შეურაცხყოფა საკუთარი რელიგიის შეურაცხყოფის ტოლფასია. შესაძლოა, საზოგადოების ნაწილს რაღაც აღელვებდეს და ამა თუ იმ პროცესის უკან სხვა გარემოებებს ხედავდეს, მაგრამ ეს მაინც არ აძლევს მათ უფლებას, საკუთარ ქვეყანაში არსებულ კონფესიას, პიროვნებას მიაყენონ შეურაცხყოფა. ამგვარი ფორმით ადამიანი საკუთარ რელიგიას ვერ დაიცავს და, თუ ვიღაც ეჭვობს, რომ ამ ორგანიზაციებს სხვა მიზნები აქვთ, ამისთვის არსებობს სახელმწიფო, მრავალი შესაძლებლობის მქონე ინსტიტუციები, რომ მშვიდობიანი ხერხები გამონახონ. ზოგადად, არ შეიძლება, ახლგაზრდას სწავლა აუკრძალო თურქულ უნივერსიტეტში, სადაც შესაძლოა, შეღავათიან პირობებში იღებს განათლებას. ეს მისი არჩევანია. ამ არჩევანს შეიძლება აჯობო უკეთესი პირობების შეთავაზებით.
„ეს არის ლაფი, რომელსაც ესვრი საკუთარ თავს. მაგალითად, წინა წლებში აქტიურად მუშაობდა „წითელი ჯვარი“, რომელმაც საქართველოში უამრავი ადამიანი გადაარჩინა შიმშილისგან, ამას თავისი დადებითი მხარეებიც აქვს. ამდენად, ქობულეთში მომხდარი ფაქტი, შესაძლოა, იყოს პროვოკაცია. პერიოდულად, საქართველოში ასეთი თემები აქტიურდება ხოლმე, ეს პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა მერე, როგორც წესი, მშვიდობიანი ცხოვრება გრძელდება, რადგან ეს საკითხები ჩვენში ზედმეტად ხელოვნურია. რაც შეეხება საშიშროებებს, ნებისმიერი ტიპის საშიშროება შეიძლება აიგოს არა რელიგიურ, არამედ ყველა სხვა ნიშანზე.
უკრაინა და რუსეთი ორივე მართლმადიდებელი ქრისტიანული სახელმწიფოა, მაგრამ ეს არ უშლის ხელს მათ სპეცსამსახურებს, სრულიად სხვა მიზნები ჰქონდეთ. ამიტომ ადამიანები უნდა გაფრთხილდნენ. არ მომწონდა ისიც, როცა ვიგებდი, როგორ ილახებოდა ქრისტიანული ეკლესიები და ჯვრები. ასევე, წინააღმდეგი ვარ, რომ არ შეიძლება, შეილახოს სასწავლო კერები ან ხელი შეუშალონ სხვა აღმსარებლობის ადამიანებს თანაცხოვრებაში. საქართველოს მოქალაქეების მთავარი პრობლემა ნაკლები სახელმწიფოებრივი აზროვნებაა. საქართველოში მსგავსი რამ ისტორიულად არ ხდებოდა. თუმცა მთელი ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, სადაც ამდენი ეროვნების და რელიგიის ნიშნის მქონე პირია, რაღაც პერიოდში სიტუაციის გამწვავება მძიმე მახასიათებელი არ არის“, - აცხადებს არჩილ გამზარდია.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება- თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე სულხან ღლონტი For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ მსგავსი საქციელი რისკებს არ ამცირებს, პირიქით, რისკებს ზრდის. ამიტომ რელიგიათაშორის დიალოგში უნდა ჩაერთოს ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება და ისლამის თუ ქრისტიანობის წარმომადგენლები. მაგრამ, თუ საუბარია სამეზობლო კონფლიქტზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა უპირისპირდება სავარაუდო მედრესეს მფლობელ თურქეთის მოქალაქეს (და არა ეროვნებით თურქ ადამიანს) და ამის გამო უჭედავენ ღორით კარს, ეს უკვე პროვოცირებაა უფრო ცუდი საქციელისთვის.
„მომხდარს გამართლება არ აქვს. ადამიანებმა, რომლებიც ამას სჩადიოდნენ, სიღრმისეულად არც კი იცოდნენ, თუ რამდენად უწმინდურად თვლის ისლამის აღმსარებლობა ღორს, თორემ ამას არ გააკეთებდნენ. უბრალოდ, ვიღაცამ უთხრა და აყვნენ მის ნათქვამს. მსგავსი რამ მოხდა ჰოლანდიაში. იქაც საუბარი იყო მეჩეთის აშენებაზე და ერთ-ერთმა მოქალაქემ ღორის ხორცი გადააგდო იმ ტერიტორიაზე, სადაც მეჩეთი უნდა აშენებულიყო. ეს ყველამ დაგმო და ფაქტი დღემდე შესულია რელიგიური დისკრიმინაციების სახელმძღვანელოებში.
მსგავსი ფაქტი არასოდეს მომხდარა არც ჩვენს ქვეყანაში, არც უშუალოდ აჭარის რეგიონში, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეები ბევრად უფრო ტოლერანტულები იყვნენ, ვიდრე_დღეს. რა თქმა უნდა, იარსებებენ ადამიანები, რომლებსაც ცუდი ზრახვები ექნებათ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, მაგრამ ხელისუფლების მთავარი დანიშნულებაა, ეს კარგად განასხვავოს და აუხსნას მოსახლეობას. არ ვამბობ, რომ ხალხი ყველაფერში დამნაშავეა. ამაში დამნაშავენი ვართ ჩვენც, რომლებმაც ვერ ავუხსენით, ამაზე მუშაობა არ მიდის სათანადოდ და, თუ ჩვენ ამ სარკეში არ ჩავიხედავთ, ხვალ უფრო უარესს მივიღებთ.
არ შეიძლება, ყველა თურქი ინვესტორი ცუდად აღვიქვათ იმის გამო, რომ ქვეტექსტები არსებობს. არ შეიძლება, ქართველ მუსლიმანებს შეურაცხყოფა მივაყენოთ, ამით სამოქალაქო მშვიდობას დავარღვევთ, რის გარეშეც სახელმწიფოს განვითარებაზე საუბარი ზედმეტი იქნება. საკითხი ეხება რელიგიურ თემატიკას, რაც უმძაფრესია და შეიძლება, დიდი ჭრილობა დატოვოს ერთიან ეროვნულ ორგანიზმში. ამიტომ ნუ მიიღებენ ზედაპირულად ასეთ უმძიმეს, შეურაცმხყოფელ გადაწყვეტილებებს. წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ვინმეს შეურაცხყოფა მიეყენებინა. ეს ხომ უმძიმესი იქნებოდა? არ მინდა, სიტუაციის ესქატოლოგიურ ჭრილში დანახვა, მაგრამ, თუ არ მოგწონს მედრესეს მშენებლობა, პროტესტი გამოხატე ეთიკისა და ზნეობის ნორმებით“, - მიიჩნევს სულხან ღლონტი.
იგი პირდაპირ აცხადებს, რომ ადგილობრივთა გარკვეული ნაწილი უკმაყოფილოა იმით, რომ აჭარის ეკონომიკაში გაჩნდა ახალი მოთამაშე - თურქული კაპიტალის სახით. მისი თქმით, სენსიტიურ თემებს ვერ გავექცევით და ამას მოსახლეობის ნაწილი ძალზე მძიმედ აღიქვამს. სულხან ღლონტის აზრით, თურქული ყველა კაპიტალი არ არის დაკავშირებული სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან, რადგან არიან წესიერი ბიზნესმენებიც, რომლებსაც არ აქვთ ქვენა გრძნობები.