პროკურატურამ „წარმატებული“ მუშაობისთვის პრემია გამოიწერა

პროკურატურამ „წარმატებული“ მუშაობისთვის პრემია გამოიწერა

ბიძინა ივანიშვილი მოქმედი მთავრობის ყველაზე დიდ გადაცდომად „ძალიან მაღალი პრემიების გამოწერას“ მიიჩნევს. მისი თქმით, ის, რაც ამ კუთხით სასჯელაღსრულების სამინისტროში მოხდა, მისთვის „ძალიან სტრესული“ იყო. სასჯელაღსრულების დეპარტამენტი არ არის ერთადერთი უწყება, რომელმაც საკუთარი მუშაობა დააფასა და პრემიაც გამოიწერა. მთავარი პროკურატურის თანამდებობის პირებმა 2013 წელს პრემიის სახით 1 646 027 ლარი მიიღეს. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ინფორმაციით, მიღებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ ჯამურად, საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამდებობის პირებს 2013 წელს მიღებული აქვთ პრემია 1 646 027 ლარის ოდენობით, ხოლო 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 852 731 ლარის ოდენობით. 

რაც შეეხება პროკურატურის თანამშრომლებზე (გარდა თანამდებობის პირებისა) ამავე დროის პერიოდში გაცემულ პრემიებს - 2013 წელს პროკურატურის თანამშრომლებზე გაცემულია 4 254 830 ლარის ოდენობით პრემია, ხოლო 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში კი პრემია 3 114 115 ლარის ოდენობით. საერთო ჯამში 2013 წელს პროკურატურის სისტემაში სულ გაიცა - 5 900 857 ლარის ოდენობის პრემია, 2014 წლის პირველ 6 თვეში კი 3 966 846 ლარის ოდენობის პრემია.

პროკურატურის სისტემაში სულ დასაქმებულია 53 თანამდებობის პირი. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ასკვნის, რომ პროკურატურის თანამდებობის პირებზე ყოველთვიურად დარიცხული პრემიის საშუალო ოდენობა 2013 წელს დაახლოებით 2588 ლარს, ხოლო 2014 წელს კი 2682 ლარს შეადგენდა.

ინფორმაციის არასრულყოფილად მოწოდების გამო რთულია იმის იდენტიფიკაცია, თუ რომელმა თანამდებობის პირმა რა ოდენობის პრემია მიიღო 2013-2014 წლებში. ამავე დროს, თუ ჩვენ გავაანალიზებთ მაგალითად მთავარი პროკურორის ერთ-ერთი მოადგილის, გიორგი გაბიტაშვილის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულ შემოსავლის ოდენობას, შეგვიძლია ვივარაუდოთ შემდეგი, რომ გაბიტაშვილს 2013 წელს მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში შემოსავლის ოდენობად მითითებული აქვს 61 920 ლარი.

ამ თანამდებობაზე გაბიტაშვილი დაინიშნა 2013 წლის 13 ივნისს. მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 3400 ლარს, აქედან გამომდინარე 7 თვის განმავლობაში (2013 წლის ივნისი-დეკემბერი) მას ხელფასის სახით უნდა მიეღო 23 800 ლარი. შესაბამისად, თუ ამ თანხას გამოვაკლებთ მის მიერ დეკლარირებულ 61 920 ლარს, ვნახავთ, რომ ხელფასთან ერთად გიორგი გაბიტაშვილს პრემიის სახით მიღებული აქვს 38 120 ლარი (საშუალოდ 5445 ლარი ყოველთვიურად პრემიის სახით). შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2013 წელს საქართველოს პროკურატურაში მაღალ თანამდებობის პირებზე კვლავ იმ წესით და ოდენობით გაიცემოდა საპრემიო თანხები, როგორც ეს 2012 წელს იყო დამკვიდრებული პრაქტიკაში.

რაც შეეხება პროკურატურის თანამშრომლების პრემირების მოტივაციას, უწყებაში განმარტავენ, რომ პროკურატურის თითოეული მუშაკი ყოველდღიურად 24 საათიან რეჟიმში შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობს. მათ წარმოებაში აქვთ ათეულობით სისხლის სამართლის საქმე და რა თქმა უნდა, წახალისება პირდაპირ კავშირშია მათ მიერ გაწეულ შრომასთან.

„თითოეული პროკურორის საქმიანობა დაკავშირებულია სიცოცხლისთვის მომეტებულ საფრთხესთან, ვინაიდან პროკურატურის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს დანაშაულებრივ სამყაროსთან და დანაშაულთან ბრძოლა. ბოლო პერიოდშიც ხშირად ყოფილა პროკურორებისა და გამომძიებლების მიმართ სხვადასხვა მუქარის განხორციელების ფაქტები“, - აცხადებენ პროკურატურაში.

რაც შეეხება პრემიას, უწყებაში განმარტავენ, რომ 2008 წლიდან მოყოლებული საქართველოს პროკურატურის თანამდებობის პირებს პრემიის ოდენობა არ გაზრდიათ. 2014 წლის პირველი 6 თვის მდგომარეობით საშუალო დარიცხული თვიური პრემიის ოდენობა საქართველოს პროკურატურაში თანამდებობის პირზე შეადგენს დაახლოებით 2842 ლარს. ხსენებულ პერიოდში თანამდებობის პირზე თვიურად დარიცხული ყველაზე მაღალი ერთჯერადი პრემია შეადგენს 7530 ლარს.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ პრობლემა არა პრემის ოდენობაშია, არამედ, პრემიების გაცემის პრინციპში.

„მთავარი ხარვეზი არის პრინციპში, რატომ და რისთვის. მითუმეტეს, რომ ეს ხდება არა კონკრეტული საქმეებისთვის, არამედ ხდება მასობრივად. არ მინდა პროკურატურას დავუკარგო მუშაობა, მაგრამ ეს თემა უნდა წყდებოდეს ხელფასებით. მეორე საკითხია თვითონ პრემიების მოცულობა. შეიძლება საკმარისი არაა ის ხელფასი, მაგრამ ეს საკითხი უნდა წყდებოდეს ხელფასების ზრდით და არა პრემირებით. მითუმეტეს, როცა ჩნდება კითხვა, რისთვის გაიცა ეს პრემია. არ ვარ წინააღმდეგი, რომ ვიღაცას მაღალი შემოსავალი ჰქონდეს, მაგრამ პრემიების მეშვეობით ამის გაკეთება აბსოლუტურად არასწორია“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ პრკურატურის მსგავსი პოზიცია, მავნე გამოვლინებაა იმ მავნე პრაქტიკის, რომელიც იყო და რომელზეც უნდა იზრუნოს დღევანდელმა მთავრობამ და პარლამენტმა.

„ბოლო პერიოდში ვნახეთ ბევრი გახმაურებული საქმე, ამავე დროს ვნახეთ ბევრი გამამართლები განაჩენი, რაც პროკურატურას საქმიანობას, როგორც საგამოძიებო, საზედამხედველო და როგორც ბრალდების მხარდამჭერი სასამართლოში, პროფესიონალიზმს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. შესაბამისად, გაუგებარია ამ შემთხვევაში პრემია რაში მიიღო პროკურატურამ. გამოდის, რომ ჩვენ გადასახადის გადამხდელები ხელფასს ჩინოვნიკებს ვუხდით ცუდი მუშაობისთვის, მაგრამ თუ კარგად იმუშავებენ, პრემიასაც ვუხდით. ეს არის დღეს სახელმწიფოს ლოგიკა.

ჩვენ, გადასახადის გადამხდელები სახელმწიფო ჩინოსანს კარგ მუშაობაში ვუხდით ხელეფასს. თუ ის ცუდად მუშაობს, მაშინ სახლში უნდა გავუშვათ“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.