თბილისის საკრებულო შიხიაშვილის გარეშე, მაგრამ ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტი - შიხიაშვილთან ერთად. ასეთია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება. ირაკლი შიხიაშვილს ახალი თანამდებობა აქვს და ის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს უხელმძღვანელებს. ღარიბაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ მმართველ გუნდში შიხიაშვილთან დაკავშირებით შეკითხვები მოხსნილია.
უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ თავის დროზე კოალიციაში ბევრს არ მოეწონა ირაკლი შიხიაშვილის მიერ სოლიდურ პრემიებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ მიეცეს საშუალება და იგი არსად იყოს წარმოდგენილი, აეკრძალოს საჯარო სივრცეში გამოჩენა. ეს ხომ ამ ადამიანის გარკვეული დისკრიმინაცია იქნებოდა. ამიტომ ბესელია ფიქრობს, რომ პრემიერის გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ შიხიაშვილთან დაკავშირებული პრემიების თემა უკვე ამოწურულია და ეს გუნდში არანაირ დაპირისპირებას არ გამოიწვევს.
თავად ირაკლი შიხიაშვილი ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან ყოველგვარ დაპირისპირებას უარყოფს. For.ge-სთან საუბარში იგი აცხადებს, რომ მისი პერსონა სულაც არ არის წინააღმდეგობრივი და კახი კალაძესა და მას შორის დაპირისპირებაზე საუბარი მხოლოდ მონაჭორია. შიხიაშვილი ადასტურებს, რომ მისი დიდი სურვილი იყო, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნულიყო, რადგან კარგად იცოდა ის პრობლემები, რაც ვეტერანებს აწუხებთ.
„სულაც არ ვთვლი, რომ წინააღმდეგობრივი ფიგურა ვარ. გახდება თუ არა ეს კოალიციის განსჯის საგანი? - არა მგონია, რადგან ეს გადაწყვეტილება პრემიერმა გუნდთან ერთად მიიღო. მე მისი გუნდის წევრი ვარ და მზად ვარ, განვახორციელო ყველა ის ქმედება, რითაც ვეტერანები დაინახავენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მათ პატივით მოეპყრობიან. ვეტერანებს უკვე შევხვდი, მათი დიდი ნაწილი ჩემს მიმართ დადებითადაა განწყობილი. თუკი მათი მოლოდინი ბევრად მეტია, მინდა, ამ მოლოდინმა არ დაიკლოს, პირიქით - გაიზარდოს. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს კახა კალაძე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ჩემს ცალკეულ თანამდებობებზე დანიშვნას, ამას არ ვადასტურებ, ნორმალური დამოკიდებულება მაქვს ბატონ კახისთან და ის მონაჭორი, რაც ხშირად ვრცელდებოდა ჩვენი ურთიერთობის შესახებ, მავანისგან იყო წამოწყებული. ეს ვრცელდებოდა ადამიანებისგან, რომელთაც სურდათ, წარმოეჩინათ, თითქოს ჩვენს შორის განხეთქილება არსებობდა. ჩემი მხრიდან არასდროს არ ყოფილა და არც იქნება ასეთი განცხადება, რადგან ამის საფუძველი არასდროს მქონია“, - აცხადებს ირაკლი შიხიაშვილი ჩვენთან საუბარში.
ამის მიუხედავად, ქართულ მედიასივრცეში კარგა ხანია, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კახი კალაძე ხან ქვემო ქართლის გუბერნატორად ირაკლი შიხიაშვილის შესაძლო დანიშვნას აპროტესტებდა, ხან - წინასაარჩევნოდ, „ქართული ოცნების“ სიიდან შიხიაშვილის ამოღებას ითხოვდა. საბოლოოდ, სწორედ კალაძის დაჟინებული მოთხოვნით სიაში აღარ ჩასვეს შიხიაშვილი. უფრო მეტიც, არსებული ინფორმაციით, შიხიაშვილის მიმართ კალაძის ნეგატიური განწყობა იმდენად დიდი ყოფილა, რომ ვიცე-პრემიერი „ქართული ოცნების“ დატოვებასაც კი ფიქრობდა.
დღეს უკვე ირაკლი შიხიაშვილი კახა კალაძესთან დაპირისპირების შესახებ ჭორების გაქარწყლებას ცდილობს. სამაგიეროდ, აცხადებს, რომ არ არის სწორი, თითქოს მას „უბრალოდ, სურს ბევრი ფული“. სინამდვილეში, შიხიაშვილი ირწმუნება, რომ მისთვის მთავარია, რაში სჭირდება ეს ფული. როგორც იგი განმარტავს, მისი სამსახურის ბიუჯეტი დაახლოებით 3,5 მილიონი ლარია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი თანხები იქნება მოთხოვნილი.
ირაკლი შიხიაშვილი, ასევე, ვეტერანების მხრიდან აღნიშნულ თანამდებობაზე მისი დანიშვნის გაპროტესტებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ადამიანებთან შეხვედრა უკვე ჰქონდა. მაგალითად, ემზარ ქვარაიას მეგობრულ წრეში შეხვდა და მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. უბრალოდ, ქვარაიას მის შესახებ არ ჰქონდა სრულყოფილი ინფორმაცია.
საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის თავმჯდომარე გია ბერძენიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არიან ვეტერანები, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ირაკლი შიხიაშვილის ვეტერანთა თავმჯდომარედ დანიშვნის, მაგრამ არის კატეგორია, რომელიც ამას მიესალმება, რადგან შიხიაშვილი თვითონ მებრძოლია, მუშაობდა შს სისტემაში, სპეციალური დანიშნულების რაზმში. შემდეგ კი მას მოუწია აფხაზეთის ომში წასვლა და, რაც ვეტერანს შეეფერება, ეს რეგალიები გავლილი აქვს, განსხვავებით მისი წინამორბედის - გია ფერაძისგან, რომელიც შესაძლოა, ცდილობდა, რაღაც გაეკეთებინა, მაგრამ არ გამოუვიდა, რადგან სულ სხვა სფეროდან მოვიდა და მისი ადგილი არ იყო ვეტერანთა დეპარტამენტში.
„ჩვენ დღეს გვებრძვიან ადამიანები, რომლებიც ამ ხელისუფლების მოსვლის წინააღმდეგნი იყვნენ და, ვინც ძველი ხელისუფლებიდან პორტირებით მოხვდნენ ახალ ხელისუფლებაში. ეს ამ ხელისუფლების მხრიდან დაუნახაობაა და თუ ასე გააგრძელეს, მალე დაამთავრებენ მოღვაწეობას. ბევრი ვეტერანი, საზოგადო მოღვაწე გულდაწყვეტილია. ადამიანი, ვინც დამდევდა და იარაღი ჩამიდო, ისევ მაღალჩინოსანია. არ ვამბობ, რომ ვინც სააკაშვილთან მუშაობდა, ყველა დამნაშავეა, მაგრამ ჯალათები უნდა გასამართლდნენ. დღეს სახელმწიფომ შემრიგებლური პოლიტიკა აიღო და არავის წარსულს არ უყურებდნენ, ვინ რას აკეთებდა“, - ამბობს გია ბერძენიძე.
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რამდენად მოგვწონს ან არ მოგვწონს ირაკლი შიხიაშვილის პოლიტიკური კარიერა, მან კარგად იცის ვეტერანის პრობლემატიკა, რადგან ის ომის მონაწილეა. ამიტომ მისი დანიშვნა ვეტერანთა დეპარტამენტის თავმჯდომარედ ლოგიკური იყო.
„ირაკლი შიხიაშვილი იმდენად აქტიურია და პოლიტიკური გამოცდილებაც აქვთ, ალბათ, გარკვეულ საკითხებს დაძრავს. აქამდეც საჭირო იყო წონიანი ფიგურა ამ დეპარტამენტის სათავეში, რომელიც ვეტერანთა საკითხებს დაძრავდა. თორემ ვეტერანთა პრობლემები უკვე 24 წელია, მოუგვარებელია. იმედი მაქვს, შიხიაშვილი ამას მოაგვარებს, რადგან კარგად ვიცნობ მის ნატურას. ვეტერანებს შეუძლიათ, გარკვეული ავანსი გასცენ, ისინი მიჩვეულნი არიან და დაელოდებიან, რომ იცვლება ხელისუფლებები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მაგრამ საქმე წინ არ მიდის. ვეტერანებს არ აქვთ პოლიტიკური ამბიციები. ისინი შიხიაშვილის საქმიანობას დაელოდებიან და, თუ რაიმე პრობლემა დაგროვდება, ღიად იტყვიან. ვეტერანებს არ უყვართ გაჩუმება“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.
აფხაზეთის ომის ვეტერანი ნინო ფოფხაძე ირაკლი შიხიაშვილს იმედიანად უყურებს. For.ge-სთან საუბარში იგი აცხადებს, რომ, როცა შიხიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე იყო, წერილით მიმართა და ბრძანება გასცა, უმოკლეს ვადაში დაეკმაყოფილებინათ მისი განცხადება. თუმცა გიგი უგულავამ არ დააკმაყოფილა.
„რა შუაშია ადამიანის წარსული? მე ეროვნული გვარდიელი ვარ, მაგრამ „მხედრიონელი“ თანამებრძოლებიც მყავს, მთავარია ადამიანობა და მთავარია, ჩვენთვის რაიმე გააკეთოს“.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ ადამიანებს სამსახური უფასდებათ. თურმე მთავარია ერთგულება და არა-მორალი, ზნეობა, პრინციპი.
„ის რომ შიხიაშვილი კარგი პროფესიონალი არ არის, ეს არაერთგზის გამოჩნდა მისი მმართველობის პერიოდში, მაგრამ მან გარკვეულ პერიოდში მნიშვნელოვანი სამსახური გაუწია „ოცნებას“, თვეების განმავლობაში გაიწელა ბიუჯეტის მიღება, შიხიაშვილი ნაციონალებს აბრალებდა, ისინი - შიხიაშვილს. თუ ამას მივუდგებით ადამიანური გაგებით, ეს იწვევს დისკომფორტს მმართველ გუნდში, რომელიც თავის დროზე გაშლილი დროშებით მოდიოდა - მხოლოდ პატიოსნება, მხოლოდ პროფესიონალიზმი, არავითარი პოლიტიკანობა. პირადი ავტორიტეტიც კი დადო სასწორზე კალაძემ, როცა თქვა, ამის გარანტიას მე გაძლევთ, რომ ყოფილი მოღალატე არ მიიღებს თანამდებობას. მოღალატე მარტო ის კი არ არის, ვინც უღალატებს „ოცნებას“, არამედ მოღალატეა ისიც, ვინც უღალატა ნაციონალებს. ეს შაჰ-აბასის დროიდან შემოგვრჩა - შენ ერთხელ თუ უღალატებ, მეორედ და მესამედ რატომ არ უღალატებ?“