ევროპოლის მიერ დაკავებულ ძარცვაში ეჭვმიტანილ ასამდე პირს შორის უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა - ინფორმაციას ევროპული მედია ავრცელებს. 10 სექტემბერს ჩატარებული ანტიკრიმინალური ღონისძიება პოპულარული ევროპული გამოცემებისა და ტელეარხების წამყვან თემად იქცა. სპეცოპერაცია 8 ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა: ესპანეთში, საფრანგეთში, შვედეთში, საბერძნეთში, გერმანიაში, რუმინეთში, პორტუგალიასა და ავსტრიაში ორგანიზებულ დამნაშავეთა მიერ ჩადენილი 100-ზე მეტი დანაშაულია გამოვლენილი.
ესპანური მედიასაშუალებების ინფორმაციით, მასშტაბური სპეცოპერაციისას მხოლოდ მათ ქვეყანაში საქართველოს 49 მოქალაქეა დაკავებული. ავტორიტეტული ესპანური გამოცემის „ელ პაისის“ ცნობით, ეჭვმიტანილები ერთდროულად აიყვანეს მადრიდში, ბარსელონაში, კორდონაში, ბასკეთსა და ესპანეთის სხვა ქალაქებში.
ესპანეთში დაკავებულებს ბრალად 29 ბინის ძარცვა ედებათ. ადგილობრივი მედიასაშულება სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დამნაშავეები ორგანიზებულად მოქმედებდნენ და მაფიის ხელმძღვანელებს მათთვის 60 ბინა ჰქონდათ ნაქირავები. სწორედ, ამ ბინებში ინახავდნენ ნაძარცვს და მის რეალიზაციას, კერძოდ, საქართველოში გამოგზავნას, მოკლე დროში ახერხებდნენ, რაც პოლიციას საქმეს ურთულებდა და დანაშაულის დამტკიცების პროცესს აფერხებდა.
ოფიციალური ინფორმაციით, დამნაშავეები, ძირითადად, ქალაქების ელიტურ უბნებში მოქმედებდნენ და ფულითა და ძვირფასეულობით ინტერესდებოდნენ. სამართალდამცველები განმარტავენ, რომ ამ სპეცოპერაციით დამნაშავეთა ქსელის გამოვლენა არ დასრულებულა და ახლო მომავალში, შესაძლოა, უფრო ფართო მასშტაბებზე გავიდნენ.
„გვყავს 49 დაკავებული და 27 ეჭვმიტანილი. მათ ჰქონდათ 60 ბინა, როგორც საწყობი, სადაც ნაძარცვს ინახავდნენ, რომლსაც შემდეგ საქართველოში აგზავნიდნენ. დანაშაულის ქსელი იმავდროულად მოქმედებდა საფრანგეთში, შვედეთში საბერძნეთში, გერმანიაში, რუმინეთში, პორტუგალიასა და ავსტრიაში. 8 ქვეყანის მასშტაბით დამნაშავეთ ჯგუფის მიერ სულ 100-ზე მეტი დანაშაულია ჩადენილი, დაკავებულთაგან უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა. ისინი ნაძარცვ ნივთებს 48 საათის განმავლობაში აგზავნიდნენ საქართველოში, პოლიციას გამოძიებაში რომ ხელი შეშლოდა. დამნაშავეთა ქსელი 8-კაციანი ქვეჯგუფებისგან შედგებოდა. ზოგი კლიტეების გახსნაზე მუშაობდა, ზოგი სათავალთვალო კამერების მუშაობას აფერხებდა... ყველაფერი გათვლილი იყო“,- აცხადებს ესპანეთის პოლიციის უფროსი იგნასიო კოსიდო, რომელმაც ამ თემაზე სპეციალური ბრიფინგი გამართა.
პოლიციის უფროსის განმარტებით, საქმეზე გამოძიება გრძელდება და ეს ოპერაცია ყველაზე მნიშვნელოვანია აღნიშნული ტიპის დანაშაულთან ბრძოლის კუთხით. მისივე ინფორმაციით, იანვარში დაწყებული გამოძიების ფარგლებში უკვე 700-მდე პირია დაკავებული.
ევროპის მასშტაბით ჩატარებულ სპეცოპერაციაზე სამართალდამცველების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს გერმანული პრესაც. გერმანული გამოცემების ინფორმაციით, პასპორტებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით გერმანიაში დაკავებულ 100 პირს შორის 3 საქართველოს მოქალაქეა.
უცხოეთში დაკავებული ქართველების შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად for.ge საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით სპეცოპერაციის დროს ქართველთა დაკავების შესახებ ინფრომაციის გადასამოწმებლად საქართველოს საკონსულოები უკვე მუშაობენ.
„გერმანიაში საქართველოს საკონსულოში ოფიციალური ცნობა არ შესულა ამ ფაქტთან დაკავშირებით. ამ დრომდე ინფორმაცია მხოლოდ გერმანული პრესიდან გვაქვს. ჩვენი საკონსულო ამ ეტაპზე ინფრომაციას ამოწმებს. კონკრეტული ცნობები ამ ეტაპზე არც ესპანეთის სამეფოდან გვაქვს, ინფორმაციას ვამოწმებთ ესპანეთში ჩვენს საელჩოშიც“,- აცხადებენ საგარეო უწყების პრესსამსახურში.