დეპუტატების გაფრთხილება სამინისტროებს

დეპუტატების გაფრთხილება სამინისტროებს

მმართველი გუნდი სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს აკრიტიკებს და მოუწოდებს წლის ბოლომდე, თანხების ათვისება 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმისამებრ მოახდინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

საპარლამენტო უმრავლესობის გაღიზიანება 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ექვსი თვის ანგარიშმა გამოიწვია, რომლის მიხედვით, მიმდინარე წლის ექვს თვეში ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა ვერ შესრულდა. ამასთანავე, დარგობრივი სამინისტროების მხრიდან, გეგმით გაწერილი ხარჯების ათვისება ვერ მოხდა.

კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, გარემოს დაცვის სფეროს დასაფინანსებლად დაგეგმილ იქნა - 19 მლნ 865.5 ათასი ლარი და შესრულებამ - 13 მლნ 738.4 ათასი ლარი შეადგინა, ანუ, გეგმიური მაჩვენებელი 69,2 პროცენტია. ხოლო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემთხვევაში, უწყებას 169 მილიონ 940 ათასი ლარი გამოეყო, ფაქტობრივი შესრულება კი, 145 მილიონ 623 ათასი ლარია, რაც შესრულების 85,8 პროცენტია.

სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატების კრიტიკა, გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დაიმსახურეს, სადაც მათ თანხების ვერ ათვისების მიზეზად ტენდერები და კადრების პრობლემა დაასახელეს.

დეპუტატებმა მათი პათოსი არ გაიზიარეს და უწყებებს თანხების ათვისება კატეგორიულად მოსთხოვეს.

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კრიტიკა დარგობრივმა სამინისტრომ დაიმსახურა და როგორც გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, ის საქმის კურსში მინისტრს ჩააყენებს.

დეპუტატის განცხადებით, გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან ზოგიერთი მიმართულებით სახსრები ათვისებული არ არის და ამაზე თვალს არავინ დახუჭავს. მისი ინფორმაციით, გარემოს დაცული ტერიტორიების მიერ ათვისებულია თანხის 40 პროცენტი და ამას ობიქტური მიზეზები აქვს, რადგან რამდენიმე დაცული ტერიტორია შეიქმნა, რომლის ადმინისტრაციული პროცესები ახლა მიმდინარეობს.

„გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მწირია და ფინანსთა სამინსტროსთან დავა გვაქვს, რომ დამატებითი თანხები გამოგვიყოს, მაგრამ რაც გამოყოფილია, იმის ათვისება თუ ვერ მოხდა, მარტივად გვეტყვიან, რომ ფული გამოგიყავით და ვერ გამოიყენეთო. მომავალში, ფინანსთა სამინისტროსთან რა სახით მივიდე და ვუთხრა დამატებითი თანხა გამოგვიყავი-თქო, მაშინ, როდესაც არსებული არ აგვითვისებია?! კატეგორიულად ვითხოვ, რომ თანხები იყოს ათვისებული. სირაქლემას პოზაში ყოფნას არ ვაპირებ და სჯობს, საქმეს მიხედოთ. საკვირველია, რომ რიგი მიმართულებებით თანხები ვერ აითვისეთ, მაგრამ ხელფასების ნაწილი 98 პროცენტით არის ათვისებული“, - მიმართა ცაგარეიშვილმა კომიტეტის სხდომაზე სამინისტროს წარმომადგენლებს.

დეპუტატი დაიმუქრა, რომ გარემოს დაცვის მინისტრ ელგუჯა კოხრიშვილს დაურეკავს და მისგან მოითხოვს, რომ თანხების ათვისების კუთხით, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას.

„თქვენს მიერ დასახელებული მიზეზები ვისთვის გასაგებია და ვისთვის გაუგებერი! ყველაფერი ის, რასაც ვისმენ, იქითკენ მიდის, რომ გეგმის ვერ შესრულება დაკავშირებულია დიდ სიძნელეებთან, მაგრამ მინისტრს დავუკავშირდები და მისგან მოვითხოვ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. თუ პიროვნებებშია პრობლემა, მაშინ ეს ადამიანები შეიცვალონ და უწყებაში ახალი ადამიანები მოვიდნენ, რადგან თანხები არის და მისი ათვისება ვერ ხდება“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა, რომლის კრიტიკასაც გარემოს დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღანელი ირაკლი ნოზაძე თავისმართლებით შეხვდა და დეპუტატს პირობა მისცა, რომ წლის ბოლომდე, თანხების ათვისება 100 პროცენტით მოხდება.

ცაგარეიშვილის პათოსი მისმა მოადგილემ, ბიძინა გუჯაბიძემაც გაიზიარა, რომელმაც სამინისტროს წარმომადგენლებს მოუწოდა თანხები აითვისონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, წლის ბოლოს, დეპუტატების ლოიალური განწყობა ძალიან ცუდად დამთავრდება.

„თუ თანხას ვერ ითვისებთ, ე.ი მენეჯმენტშია პრობლემები. არ გვინდა, ეს ცუდად გამოჩნდეს, მაგრამ ეს ლოიალობა წლის ბოლოს ძალიან ცუდად დამთავრდება. საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდეთ, ამ ტრიბუნიდან ყველაფერს ნუ გვათქმევინებთ“, - მიმართა გარემოს დაცვის წარმომადგენლებს გუჯაბიძემ.

თანაგუნდელების განწყობა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიგლა აგულაშვილმაც გაიზიარა და დარგის შესაბამისად, მან სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები გააკრიტიკა.

აგულაშვილი დაინტერესდა, „სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობისთვის“ გეგმით გათვალისწინებული 15 მლნ 096 ათასი ლარიდან მხოლოდ 7 მლნ 713 ათასი ლარის ათვისება რატომ მოხდა, რაც მისი თქმით, გეგმის შესრულების 51, 2 პროცენტია.

კანონმდებელის თქმით, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში სამინისტრობი აქტიურად უნდა ჩაერთონ.

„რვა თვის შედეგები იმ ტენდეციის თანხვედრია, რაც წლების განმავლობაში ადრეც ხდებოდა. ანუ, პირველი ორი კვარტალი ჩავარდნით ხასიათდება და მეოთხე კვარტალში ხდება რესურსების ამოქაჩვა, მაგრამ ეს არც ადრე მოგვწონდა და არც ახლა. დარგობრივი ინფორმაცია იყო დამაიმედებელი, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში დავინახე, რომ ობიექტური გარემოებები იყო, თუმცა, ასევე დავინახე მენეჯმენტის პრობლემა როგორც დაგეგმვის, ასევე ათვისების პროცესში“, - აღნიშნა აგულაშვილმა, რომლის მსგავსად, სურსათის უვნებლობის სააგენტოს საქმიანობა გააკრიტიკა გოგი თოფაძემ.

თოფაძის განცხადებით, სურსათის უვნებლობის საკითხში ძალიან მძიმე მდგომარეობაა და სააგენტო უნდა გააქტიურდეს, რადგან საქართველოში ძალიან დაბალი ხარისხის იმპორტირებული სურსათი შედის.

„უკვე 10-12 წელია ასე ხდება და კონტროლი უნდა გაძლიერდეს. სააგენტოს შენიშვნა მივეცით და მათი განმარტება მიუღებელი იყო. უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ. ვიცით, საქართველოში თუ როგორი უხარისხო საქონელი შემოდის. ამას წინ უნდა აღვუდგეთ, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ასოცირების შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ“, - განაცხადა თოფაძემ.

დეპუტატების საპასუხოდ კი, სააგენტოს საფინანსო სამსახურის უფროსმა, ლალი კოლელიშვილმა აღნიშნა, რომ თანხების ვერ ათვისების ერთ-ერთი მიზეზი იყო კადრების ვერ შერჩევა.

„წლის ბოლომდე სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ თანხები სრულად იქნება ათვისებული. კომისიებს, რომელთაც ახალი შტატების დანიშვნა უნდა განეხილათ, პროცესი გაწელეს. თუმცა, მაისიდან ინტერნსიურად მიმდინარეობს ღონისძებების გატარება და მესამე-მეოთხე კვარტალში იქნება ათვისებული თანხები“, - განაცხადა კოლელიშვილმა.

სამინისტროების წარმომადგენლების მიერ დასახელებული მიზეზები დეპუტატებმა არგუმენტებად არ მიიღეს და 2014 წლის ექვსი თვის ანგარიში არადამაკმაყოფილებლად ცნეს, ანუ, ანგარიში კენჭისყრაზე ჩააგდეს. ამით კი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დამკვიდრებული ტრადიცია დაარღვიეს, როდესაც წინა მოწვევის პარლამენტში, სამინისტროს წარმომადგენლების ანგარიშებს უსმენდნენ და დოკუმენტის შინაარსის მიუხედავად, მას ცნობად იღებდნენ.

რაც შეეხება იმ საკითხს, გეგმის ვერშესრულების შემთხვევაში, 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას შეუმცირდება თუ არა დაფინანსება აღნიშნულ სამინისტროებს, ამის თაობაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბიაშვილი აცხადებს, რომ მეოთხე კვარტლის შედეგებზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ აღნიშნული საკითხი გათვალისწინებული იქნება.

თაბუაშვილის მოსაზრებით, ზოგადად სჯობს, სამინისტროებმა უფრო გააქტიურებული საქმიანობა აწარმოონ და ხარჯვითი გეგმით რაც არის გაწერილი, თანხების ათვისება მოახდინონ.

 აღსანიშნავია, რომ თუ ერთის მხრივ, სამინისტრების მიერ ვერ მოხდა თანხების სრული ათვისება, მეორეს მხრივ, 2014 წლის ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილში ყველაზე დიდი შეუსრულებლობა ვლინდება გრანტებში, სხვა შემოსავლებში, ფინანსური აქტივების კლებაში, მათ შორის - ვალდებულებების ზრდაში.

კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, შემოსულობებს 155-მილიონი დააკლდა, გრანტებს – 53 მილიონი, სხვა შემოსავლებს – 33 მილიონი, ფინანსურ აქტივებს – 6 მილიონი, ვალდებულებების ზრდას, ანუ სესხებს – 176 მილიონი. ასევე, ვალდებულებებში ვერ შესრულდა საგარეო წყაროებიდან მოსაზიდი ფინანსები, რომელიც უფრო იაფი სესხია, ვიდრე საშინაო ფასიანი ქაღალდები. 

პარლამენტში აღნიშნული ანგარიშის განხილვა გუშინ დაიწყო და დოკუმენტზე მსჯელობა კვირის ბოლომდე გაგრძელდება, მაგრამ 11 სექტემბერს, მთავრობას სავარაუდოდ, კრიტიკის ქარ-ცეცხლში „ნაციონალური მოძრაობა“ გაატარებს, რადგან დოკუმენტზე მსჯელობა უმცირესობის ფორმატში, ქუთაისში გაგრძელდება.