„პუტინ... ჩვენ უკვე გზაში ვართ!“

„პუტინ... ჩვენ უკვე გზაში ვართ!“

„ეს სიტყვები შენთვისაა, პუტინ... ჩვენ უკვე გზაში ვართ!“ -  პუტინმა ისლამისტების მუქარა მიიღო. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ინტერნეტში ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნეს, სადაც კავკასიაში, კერძოდ კი, ჩეჩნეთში ომის გაჩაღებით იმუქრებიან. ამის შესახებ ტელეარხი ,,ალ არაბია“ იუწყება.

ჩანაწერში მებრძოლები ძველ საბჭოთა თვითმფრინავთან დგანან. ერთ-ერთი ტერორისტი პუტინს უცხადებს, რომ მათ გადაწყვეტილი აქვთ ჩეჩნეთის და კავკასიის „გათავისუფლება“ და იქ „ისლამური ხალიფატის“ შექმნა. ამასთანავე, ჩანაწერში ტერორისტები სირიის პრეზიდენტსაც მიმართავენ და მას საჰაერო თავდასხმით ემუქრებიან.

ამის პარალელურად, რუსეთის მიერ ხელდასმული ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი „რუსეთის დამშინებლებს“ განადგურებით ემუქრება. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინის სახელის არასწორად წარმომთქმელი წაბრძანდება იქ, სადაც მისი ძმები, ტერორისტები ლპებიან.

For.ge-სთან საუბარში ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ისლამისტების მხრიდან მთელი კავკასიის გათავისუფლება რეალურია და, სამწუხაროდ, ეს უცილობლად მოიცავს აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიებსაც. აქ არ არის საუბარი, რომ პუტინმა უნდა ზღოს ჩეჩენთა გენოციდის გამო, არამედ საუბარია პოლიტიკურად ისლამური ხალიფატის სახელმწიფოს აღმშენებლობისთვის ბრძოლაზე. ამიტომ, ისლამისტებს არ აინტერესებთ პუტინი იქნება რუსეთის პრეზიდენტი, მედვედევი თუ კისილიოვი. შესაბამისად, ვახტანგ მაისაიას თქმით, მათი მუქარა პუტინმა უკვე საფრთხედ აღიქვა. ეს გამოიხატა რუსული საინფორმაციო საშუალებების ისტერიკაში, რომელთაც სამსაათიანი გადაცემა მიუძღვნეს ამ თემას.

„ისლამური ხალიფატი გავლენიანი ძალა გახდა და მან ჩაანაცვლა „ალ-ქაიდა“. ეს არის გლობალური ჯიჰადის რეალური დამრტყმელი ძალა, ამის გამო ამერიკელებმა მას საჰაერო ომი გამოუცხადეს. ეს ერთ-ერთი არეალია, სადაც რუსეთი და ამერიკა მჭიდროდ თანამშრომლობენ მათ გასანადგურებლად. ეს ანგარიშგასაწევი ძალა აკონტროლებს სირიის ტერიტორიის 2/3-ს, ერაყის 1/3-ს, კონტროლქვეშ აქვთ ლიბანის მთიანი ტერიტორიის ზონა და თანდათანობით მათი დაჯგუფება -  „ალ მუსრა“ უახლოვდება ისრაელის ტერიტორიას, მიდის გააფთრებული ბრძოლები ჰოლანის სიმაღლეებზე გაეროს სამშვიდობოებთან. ისლამურ ხალიფატში 40% დამრტყმელ ძალას, პირობითად, შეადგენენ ჩრდილო კავკასიიდან წასული მებრძოლები, დაახლოებით, 15%-ს - ბოსნიელი მუსლიმანები, ხოლო 10%-ს -  ალბანელი მებრძოლები. დანარჩენები - სხვა არაბული და მუსლიმანური ქვეყნებიდან წასული მოხალისეები და ადგილობრივი მუსლიმანები არიან. ეს სერიოზული ძალაა. მათ შორის, 2000-დან 2500-მდე ადამიანია გამოსული კავკასიის ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონიდან, აზერბაიჯანის ვაჰაბიტების რაოდენობა 200-დან 300-მდეა, ქართული წარმოშობის ისლამისტების რაოდენობა კი 150-ის ფარგლებშია.

ბოლოს და ბოლოს, არ დაგვავიწყდეს, ხუთი საველე მეთაური ქართული წარმომავლობისაა. ერთ-ერთია გაერთიანებული სამხედრო ძალების სარდალი - თარხან ბათირაშვილი (ამირ აბუ ომარ ალ-შიშანი). მათ განცხადებებს არაბულ ორიგინალში გავეცანი და მთიანი კავკასია, ანუ ჩრდილო კავკასია და აზერბაიჯან-საქართველო ექცევა მათი დარტყმის ქვეშ. ალბათ, უახლოეს ხანში მათი მხრიდან კონკრეტული ძალისხმევა ამ მიმართულებით წამოვა. კავკასიის ისლამური იმარატი ამ დაჯგუფების მოკავშირეა, თალიბებთან ერთად. შესაბამისად, შეიქმნა ახალი ჯიჰადისტური ალიანსი, რაც აერთიანებს სამ გავლენიან ძალას- კავკასიის ისლამურ იმარატს (ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიას, ასევე, რუსეთის შიდა ტერიტორიებს- სტავროპოლის, ვოლგოგრადის, ასტრახანის მხარეს), ისლამურ ხალიფატს (რომელიც მოქმედებს ახლო აღმოსავლეთში, მესოპოტამიაში და აპირებენ გაავრცელონ გავლენა საუდის არაბეთსა და მაღრიბის ტერიტორიაზე) და თალიბანს (ცენტრალური აზია და შუა აღმოსავლეთი). გამორიცხული არ არის, ისლამურმა ხალიფატმა თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს აფრიკის კონტინენტზე მოქმედი ისლამისტური დაჯგუფებაც“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე პუტინის მიმართ ისლამისტების მუქარას პიარგანცხადებად აღიქვამს. For.ge-სთან საუბარში ექსპერტი აცხადებს, რომ ამ ტერორისტულ დაჯგუფებას ძალზე დიდი გზა აქვს გასავლელი, სანამ მსოფლიო გლობალურ პოლიტიკაში ჩაერთვება და რაიმე ტიპის სახელმწიფოებრიობაზე იქნება საუბარი. უბრალოდ, მათ ისარგებლეს ერაყში არსებული რელიგიური თუ ეთნიკური დაძაბულობით და იმით, რომ ერაყის ხელისუფლება ვერ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე და გარკვეული წარმატებები მოიპოვეს, რაც გიორგი თავდგირიძის აზრით, დროებითი წარმატებები უნდა იყოს.

„არა მგონია, ძალა შესწევდეთ, ფიზიკურად დაემუქრონ რუსეთს კავკასიის წართმევით. რაღაცით ძალის დემონსტრირება ხომ უნდა მოახდინოს ამ დაჯგუფებამ?! სწორედ ამას ემსახურება ისლამისტების განცხადება. ფინანსები, რომლებიც არსებობს არაბულ სამყაროში, მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მგონია, ასე მარტივი იყოს რუსეთის სპეცსამსახურების წინააღმდეგ მხოლოდ ფინანსებით ბრძოლა. არ იქნება პუტინი, მის მაგივრად სხვა იქნება. რამდენად ღირს ამაში ენერგიის და ფულის დახარჯვა, ეს სხვა თემაა. მათ ეთნიკურად არაბებზე არ შესტკივათ გული და რატომღაც ახლა კავკასიელებზე რომ შესტკიოდეთ და დარდით იწვოდნენ, ძნელია დაჯერება.

ამას საერთო არ აქვს ჰუმანურ და ადამიანურ ღირებულებებთან, ან თავისუფლებისთვის ბრძოლასთან. ისინი იბრძვიან, რადგან ხშირ შემთხვევაში, ამ ბრძოლის უკან დგას ფინანსები, გარკვეული პოლიტიკური ინტერესები, მღვრიე წყალი, მოუწყობელი სახელმწიფო სისტემები. ყველა თოფიან კაცს, რომელიც აქტიურად იბრძვის, სჭირდება რაღაც იდეოლოგიური ბაზისი და ასეთს პოულობენ ხოლმე. თვითონ არაბეთში ტომებს შორის დაულაგებელი ურთიერთობაა და რატომღაც კავკასიის გათავისუფლებას ცდილობენ?!“ - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.

საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი For.ge-სთან საუბარში არ მალავს, რომ პუტინის მიმართ მუქარა მას სულაც არ წყენია, თუმცა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მკაცრი ტონი მას არასერიოზულად მიაჩნია. უფრო მეტიც, მათი მხრიდან მთლიანი კავკასიის თავიანთ რუკაზე გადატანასა და ხალიფატის შექმნასაც არადამაჯერებლად უყურებს.

„არც კადიროვის ბოდვა მიმაჩნია რეალობად. მთლიანობაში, ეს ჩვეულებრივი ურთიერთქიშპობის მაგალითია. პუტინის ბოლოდროინდელ განცხადებებს თუ დავაკვირდებით, პირიქით, პუტინი ცდილობს, იქეთ დააშინოს მსოფლიო. ორივეს მხრიდან მუქარა არასერიოზულია. ამის მიუხედავად, არ გამოვრიცხავ, მუსლიმანურ სამყაროში ჩეჩენთა გენოციდის გამო პუტინის მიმართ აგრსესია არსებობდეს. როდესაც 1995 წელს ჩეჩნეთში პირველი ომი დაიწყო, ბევრი უცხო ადამიანი ჩამოდიოდა ახლო აღმოსავლეთიდან და იბრძოდა ჩეჩნების მხარეს რუსების წინააღმდეგ. მათი მხრიდან მხარდაჭერა პირველი არ არის. ჯერჯერობით თვითონ „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნის რეალობაა კითხვის ქვეშ, ხოლო თუ შეიქმნა, ალბათ, შემდგომში მათი მხრიდან ჩეჩნების დახმარება რეალური იქნება. გამორიცხული არ არის, ისინი კავკასიელებს პუტინისგან გათავისუფლების მოძრაობაში დაეხმარონ“, - აღნიშნა მექა ხანგოშვილმა.