შსს-ს მიერ მოქალაქეების შემოწმების განახლებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. სოციალურ ქსელში გავრცელდა განცხადებები: რომ, ეზოში ლუდის სმისთვის სამი ახალგაზრდა დააკავეს, მათ აგრესიულად მოექცნენ და ადმინისტრაციული წესით 150-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.
მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კანონი კრძალავს ქუჩასა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელების მიღებას. როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ შარშან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი გაუგზავნა. მაშინაც ამ ცვლილებებს ზოგიერთები უარყოფითად შეხვდნენ და კოცნისთვის თუ სასმელის მიღებისთვის ადამიანის დასჯა შეზღუდვად აღიქვეს. თუმცა მაშინვე უმრავლესობის წევრებისგან წამოვიდა კონტრარგუმენტები, რომ აბსოლუტურად არცერთი სიტყვა არ არის დამატებული კანონის აქამდე მოქმედ რედაქციაში და არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში პარკებში, სკვერებში, სადაც ბავშვები არიან და ოჯახები ისვენებენ, ადამიანები არყისა და ლუდის ბოთლებით არ უნდა დადიოდნენ და არ უნდა სვამდნენ. უფრო მეტიც, ეს ნორმა ჯერ კიდევ 1984 წელს იქნა მიღებული. ახლა კი დამძიმდა სანქცია.
ნაწილი ადამიანებისა მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების შემაფერხებლად მიიჩნევენ მათი გადაადგილების შეზღუდვას და პოლიციის მიერ შემოწმება-ჩხრეკის ჩატარებას. პოლიციას კი შესამოწმებელი ადამიანების რაოდენობას კანონი არ უზღუდავს და მას შეუძლია, რამდენჯერაც გაუჩნდება ვარაუდისთვის საკმარისი საფუძველი, იმდენი პირი გააჩეროს. გარდა ამისა, პოლიციელს შეუძლია, ერთი და იგივე პირი დღის განმავლობაში რამდენჯერმეც გააჩეროს, თუკი ამის ლეგიტიმური საფუძველი ექნება.
შსს-ში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს პოლიციის შესახებ კანონის საფუძველზე ამოწმებენ. კერძოდ, პოლიციის შესახებ კანონის 22-ე მუხლი პირის ზედაპირულ შემოწმებას და დათვალიერებას გულისხმობს. კანონის თანახმად, პირის ზედაპირული დათვალიერება, მისი ტანსაცმლის გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთ ან საშუალებით შეხებას ნიშნავს და ამის გაკეთების უფლება პოლიციელს პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში შეუძლია სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია და საფრთხეს უქმნის მის ან სხვა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამავე კანონის ფარგლებში პოლიციელი უფლებამოსილია, შეამოწმოს სატრანსპორტო საშუალებაც.
რაც შეეხება 24- მუხლს, იგი სპეციალურ საპოლიციო კონტროლს გულისხმობს, რომელიც იმ შემთხვევაში ხორციელდება, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან მომავალში იქნება ჩადენილი დანაშაული ან სამართალდარღვევა.
ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ სიტუაციასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებაში“ არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, გარკვეულ გადაცდომებს ადგილი ჰქონდა, მაგრამ რეიდების საფუძველი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაა.
იმ ფონზე, როცა ბოლო დროს ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებასა და დანაშაულის ზრდაზე აქტიურად მიდის საუბარი, რამდენად გამართლებულია პოლიციის გახშირებული რეიდები?
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რეიდები ჩვენს საზოგადოებაზე გარკვეულ გავლენას იქონიებს, რადგან შიში თუ არა, მორიდების სინდრომი მაინც გაჩნდება, რომ ადამიანმა იარაღი არ ატაროს. მეტიც, მოსახლეობაში საკმაოდ დიდი რაოდენობის რეგისტრირებული თუ არარეგისტრირებული იარაღია, ხშირად ირღვევა იარაღის შეძენა-შენახვის წესი.
„ჩემი აზრით, კრიმინალური აქტიობის თვალსაზრისით, საგანგაშო მდგომარეობა არ არის. უბრალოდ, გაღიზიანება მაღალჩინოსნების არასწორ განმარტებას მოჰყვა, როდესაც შსს-ს სტატისტიკა ადამიანების ცოცხალ ტკივილს დაუკავშირეს. რამდენიმე ახალგაზრდა გარდაიცვალა და ამ დროს სტატისტიკაზე ლაპარაკი ცოტა შეუსაბამო იყო. რეიდები ამის საპასუხო რეაქცია მგონია და ამაში მაინცდამაინც დიდ უბედურებას ვერ ვხედავ, თუ ეს არ იქნება რეგულარული, რათა მუდმივ შიშში იყოს მოსახლეობა. ამან ისეთი ხასიათი არ უნდა მიიღოს, როგორც კომუნისტების დროს, როცა კვირაში ორჯერ მაინც იკეტებოდა მთელი ქალაქი და ხდებოდა მოსახლეობის და მანქანების ტოტალური ჩხრეკა. დადგა დრო, როცა ხელისუფლების რეაქცია ნაციონალების ასეთი ტიპის განცხადებებზე მოდუნებული უნდა იყოს, რადგან ნაციონალები ირწმუნებიან, სისტემა ჩამოიშალა და კრიმინალმა იმატაო, თანაც, ლაპარაკობენ, რომ თურმე, არ შეიძლება კანონის აღსრულება. სინამდვილეში, არანაირი სტრუქტურა არ ჩამოშლილა“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
უფლებადამცველი მამუკა ნოზაძე For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ სტატისტიკას მნიშვნელობა არ აქვს და სხვადასხვა დანაშაულის ასალაგმად რეიდები დროულია. განსაკუთრებით, დამნაშავე ადამიანების მენტალობიდან გამომდინარე, არ უნდა იყოს ეს დროებითი და ასეთი მექანიზმი სისტემატურად უნდა ხორციელდებოდეს. დამნაშავეებმა უნდა იგრძნონ, რომ ქვეყანაში პოლიცია არსებობს.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში ადამიანების კონტროლი შს სამინისტროს მხრიდან საკმაოდ მიშვებული იყო, არ ხდებოდა მათი შემოწმება, ვისზეც დასაბუთებული ეჭვი არსებობდა, რომ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, ან დანაშაულისკენ ჰქონდათ მიდრეკილება. ამიტომაც „აიშვა“ საზოგადოების ამ ნაწილმა.
მაგალითად, გორში განსაკუთრებით პატრული იყო უფრო აქტიური და გადასულნი იყვნენ ჯარიმებზე, ამიტომ უნდა მოხდეს პრევენციული დანაშაულების აღკვეთა.
უბნის ინსპექტორის ინსტიტუტი აქტიურად უნდა ამოქმედდეს, იმ ადამიანების ბაზა უნდა ჰქონდეთ, ვინც გარჩევებში, დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობს. სხვათა შორის, მათ მიერ კვლავაც ხდება სხვების დაშინება, წილებში ჩაჯდომა. რაც შეეხება ზოგიერთების მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ადამიანი ლუდის სმისთვის დააკავეს, ეს სუსტი არგუმენტია, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდამცავ კოდექსში პირდაპირ წერია, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (რომელთა რიცხვს ეზოც განეკუთვნება), ასეთი ქმედება არა მარტო დასჯადია, არამედ ხულიგნობადაც შეიძლება დაკვალიფიცირდეს“, - აცხადებს მამუკა ნოზაძე და მიიჩნევს, რომ გონივრული ეჭვის საფუძველზე ადამიანის ჩხრეკა დღეს უკვე აჟიოტაჟს არ უნდა იწვევდეს, რადგან ასეთი რამ ნაციონალების დროს ხდებოდა, როცა ნებისმიერი ადამიანის „გაფუჭება“ შეეძლოთ, ვინც საპროტესტო მიტინგში მონაწილეობდა.
ყოფილი ძალოვანი, ექსპერტი გიორგი თავდგირიძე For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ რეიდები ძალზე შემაწუხებელი და ფართომასშტაბიანი არ უნდა იყოს, თუმცა როგორც ერთჯერადი აქტი და პასუხი გაუარესებული სიტუაციის გამო, მისაღებია.
„დღესდღეობით ეს რეიდები არ არის შემაწუხებელი. საზოგადოების დამოკიდებულება უნდა იყოს კრიტიკული, მაგრამ აქედან ტრაგედიას არ უნდა ვქმნიდეთ. აპელირება, რომ ვიღაც ლუდს სვამდა ეზოში და ამის გამო დაიჭირეს, სასაცილოა, რადგან ეზო არ არის იმისთვის, მოაწყო ქეიფები, ამისთვის არსებობს სხვა დაწესებულებები. ჩვენ მაღალი მოთხოვნა უნდა წავუყენოთ პოლიციას, უნდა მივესალმოთ მის აქტიურობას და მკაცრად გავაკონტროლოთ, რომ ისინი კანონის ჩარჩოდან არ გამოვიდნენ. იქნება ბევრი სპეკულაციები, სამართლიანი კრიტიკაც, მაგრამ დემოკრატიის საფარქვეშ ქვეყანაში სრულ ბარდაგს არავინ მიესალმება. გარკვეულ ეტაპზე ასეთ რეიდებს მიმართავენ ევროპულ ქვეყნებშიც, უბრალოდ, დემოკრატიის დიდი გამოცდილება მათ საშუალებას აძლევს, ტექნიკურად ასეთი რეიდები ნაკლებად თვალში მოსახვედრი იყოს.
ჩვენ გვახსოვს, როგორ იქცეოდა მილიცია, საერთოდ არ იყო ადამიანის უფლება დაცული შს სამინისტროში მოხვედრილთათვის. დღეს ასე არ არის. თუმცა შს სამინისტროში მოკალათებულნი არიან ნაციონალებისდროინდელი კომისრები. ადამიანები ამას აკეთებდნენ კარიერული მიზნის გამო. თუმცა არიან ადამიანები, რომელთა ქცევა მომავალშიც ვერ შეიცვლება. ამიტომ დელიკატური ამოცანაა, რომ ამ კომისრებისგან გათავისუფლდნენ ძალოვანი სტრუქტურები. კომისრობა იყო დანაშაული, რადგან ეს იყო უფლებამოსილების გადამეტება, პოლიტიკური ელემენტის შეტანა ძალოვან სტრუქტურებში, რაც დამანგრეველია სახელმწიფოსთვის. ასეთი ადამიანი უნდა მოიძიონ და დაითხოვონ, რადგან სასურველი გარემოს შექმნისას ისინი კვლავაც პოლიტიკური წარმომადგენლები იქნებიან ძალოვან სტრუქტურებში“, - აღნიშნა გიორგი თავდგირიძემ.