„გორგია“ არის არაპროფესიონალიზმის, მატყუარების, უპასუხისმგებლობის ნათელი მაგალითი“

„გორგია“ არის არაპროფესიონალიზმის, მატყუარების, უპასუხისმგებლობის ნათელი მაგალითი“

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ „გორგიას“ პრეტენზიები ამიერკავკასიის მასშტაბით ლიდერობაზე აქვს. კომპანიის დამფუძნებლები საჯარო გამოსვლებში და სარეკლამო განცხადებებში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მაღალი ხარისხის ევროპულ პროდუქციას ყიდიან და საკუთარი მომხმარებლის კომფორტზე მუდმივად ზრუნავენ.

საინფორმაცი-სააგენტო „პირველის“ მთავარ რედაქტორს, დიმიტრი ტიკარაძეს კომპანიის ამგვარი განცხადებების უკვე თვეებია აღარ სჯერა. იგი „გორგიას“ და მის პერსონალს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს და ნათქვამის დასადასტურებლად პირადი გამოცდილებიდან რამდენიმე ფაქტს ასახელებს.

ტიკარაძე for.ge-სთან ყვება, რომ „გორგიას“ აპრილში გერმანული წარმოების საკმაოდ ძვირადღირებული აბაზანა შეუკვეთა, რომელიც თვენახევრის შემდეგ ჩამოუტანეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აბაზანა საპირისპირო მხარის იყო, და, შესაბამისად, მისთვის გამოუსადეგარი იქნებოდა.

„ერთი კვირა დასჭირდათ, რომ უკან წაეღოთ შეცდომით ჩამოტანილი დუშ-კაბინა. ეს ხდება მაისის ბოლოს. მითხრეს, რომ ივლისის შუა რიცხვებში უკვე ჩამოსული იქნებოდა ახალი შეკვეთა. ორი თვე გავიდა და არ მოიტანეს. წამოსულია, გზაშია, ჩაიტვირთა გემზე, ბათუმშია, ხვალ დაგიკავშირდებით... მუდმივად რაღაც მიზეზი ჰქონდათ. არ დამთავრდა ეს პროცესი“,- აცხადებს ტიკარაძე და განმარტავს, რომ შეკვეთა 29 აგვისტოს ღამის 11 საათზე მიუტანეს და კვლავ შეცდომით - მარჯვენა მხარის ნაცვლად აბაზანა კვლავ მარცხენა მხარის იყო.

„მეორე დღეს ოფისში მივედი, ვუთხარი რომ ჟურნალისტი ვიყავი და ამ საკითხს მსვლელობას მივცემდი. მთხოვეს, ორი დღე გვაცალე და კომპენსაციას მოვიფიქრებთო. ამ 6 თვის განმავლობაში პირველად ვახსენე ჩემი პროფესია. დამიბარეს ორი დღის შემდეგ - კომპანიის ხელმძღვანელი ჩაერთო საქმეში. ორი ვარიანტი გვაქვს - პირველი, რომ შეწყდეს ხელშეკრულება და დაგიბრუნებთ თქვენ ფულს და მეორე - კიდევ თვე და 10 დღე თუ დაგველოდებით, ექსპრესშეკვეთას გავაფორმებთ და თვენახევრის ნაცვლად ამ ვადაში მოგიტანთ ახალს, თან 500 ლარს დაგიკლებთო. ვუთხარი, ეს სასაცილო იყო, რადგან 6000 ლარი მათ დეპოზიტზე უკვე დაახლოებით 6 თვე მქონდა და დავზარალდი კიდეც. მერჩივნა, თანხა დამებრუნებინა და სხვაგან მეყიდა“,- ამბობს დიმიტრი ტიკარაძე.

დაზარალებული მომხმარებელი ყვება, რომ კომპანიისგან საკუთარი თანხის დაბრუნებაც გაუჭირდა, თვეების წინ გადახდილი ნაღდი ფულის საკუთარ ანგარიშზე ჩარიცხვას დღეების განმავლობაში ელოდა და პირველ ეტაპზე ისიც არასრულად ჩაურიცხეს. კვლავ კომპანიაში მივიდა და გაარკვია, რომ 870 ლარი დაუქვითავთ - თვეების წინ ნაჩუქარი საშახაპე მოწყობილობის საფასური. საჩუქარი კი სხვა შეკვეთის დროს გადასცეს - როგორც მსხვილ მომხმარებელს. კომპანიისგან განაწყენებულმა ტიკარაძემ თვეების წინ მიღებულ „საჩუქარზე“ სექტემბრის დასაწყისში უარი განაცხადა და კუთვნილი თანხა სრულად, უკვე დამონტაჟებული საშხაპის მოხსნის შემდეგ მიიღო.

„ვუთხარი, მარჯვენა-მარცხენა არ იცით, კომპენსაციის განმარტება არ იცით, საჩუქარი რას ნიშნავს, არც ეს გცოდნიათ, მობრძანდით, მოხსენით და წაიღეთ-თქო. წაიღეს, მესამე დღეს ამინაზღაურეს ის 870 ლარიც“, - ამბობს ტიკარაძე.

იგი „გორგიასთან“ ურთიერთობის რამდენიმეთვიან პერიოდში გამოვლენილ სხვა პრობლემებზეც საუბრობს. ერთ-ერთი შემთხვევა MDF-ის კარების შეკვეთას უკავშირდება. მისი თქმით, 5 კარიდან ყველა დეფექტიანი მიუტანეს და ყველა მათგანის გამოცვლა დასჭირდა. პრობლემა შეიქმნა „გორგიაში“ შეკვეთილ საწოლთან დაკავშირებითაც.

„კომპანიაში უკვე ნაყიდი საწოლი გამიყიდეს, მაგრამ ეს პრობლემა მალევე მოგვარდა, გამოისყიდეს თავადვე - დაახლოებით ერთ საათში დააბრუნებინეს მყიდველს საწოლი. სამი შეკვეთიდან სამივეზე პრობლემა შემექმნა. „გორგია“ არის არაპროფესიონალიზმის, მატყუარების, უპასუხისმგებლობის ნათელი მაგალითი და ყველას ვურჩევ, ჩემს შემთხვევაში არ ჩაიგდოს თავი“,- აცხადებს ტიკარაძე.

„პირველის“ მთავარმა რედაქტორმა „გორგიასთან“ შექმნილი პრობლემების შესახებ სოციალურ ქსელშიც გაავრცელა ინფორმაცია და საკუთარი ტელეფონის ნომერიც მიუთითა, რომ კომპანიის მიერ დაზარალებული სხვა მომხმარებლები დაკავშირებოდნენ.

ტიკარაძე for.ge-სთან ყვება, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი გამოეხმაურა და უამრავი დაზარალებული მომხმარებლის ისტორია მოისმინა.

„ერთს უხარისხო შპალერი მიჰყიდეს, პრეტენზიებით რომ მივიდნენ, არ შეუცვალეს. მეორე შემთხვევა იყო, დეფექტიანი ფილები გამოატანეს მომხმარებელს. ასევე დამიკავშირდა კომპანიის ხელმძღვანელის ყოფილი მეუღლე და განაცხადა, რომ „გორგიას“ ხელმძღვანელი აფერისტია და საკუთარი ცოლიც კი „გადააგდო“, რომ იგი ამ გზით აკეთებს ბიზნესს, თანამშრომლებიც კი ტრეფიკინგის მსხვერპლები არიანო. ეს ქალბატონი „პირველის“ პრესკლუბში უახლოეს დღეებში პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს და აცხადებს, რომ კონკრეტულ ფაქტებზე კონკრეტული დოკუმენტებით ისაუბრებს. სხვაც ბევრი დამიკავშირდა და თქვა, რომ არის მომსახურების დაბალი დონე, კონსულტანტები ორიენტირებული არიან იმაზე, როგორმე დროულად მოიშორონ მომხმარებელი - არ პასუხობენ სათანადოდ მათ კითხვებს. პრეტენზიებია მიტანის სერვისთან დაკავშირებითაც. კომპანიას ეს სერვისი უფასოდ აქვს, მაგრამ ხშირად ხდება ისე, რომ მანქანას არ სცალია და 2-3 დღით დაგვიანებით მიაქვთ პროდუქტი მყიდველთან“,- აცხადებს დიმიტრი ტიკარაძე.

„გორგიას“ წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებებისა და უკმაყოფილებების საკითხზე არგუმენტების მოსმენა For.ge-მ კომპანიის ხელმძღვანელობისგან სცადა. თუმცა, მათთან მობილურით დაკავშირება ვერ მოხერხდა. მოგვიანებით ჩვენ „გორგიას“ მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერს გიორგი ბახუტაშვილს ვესაუბრეთ. მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი უარყოფს, რომ მათ კომპანიას მომხმარებლებთან რამე პრობლემა აქვს და აცხადებს, რომ ცალკეულ შემთხვევებზე ყოველთვის სათანადოდ რეაგირებენ. გიორგი ბახუტაშვილმა ჩვენთან საუბრის დროს გაიხსენა, რომ ტიკარაძის შემთხვევა ინტერნეტში შეიტყო.

„აა, დიმიტრი ტიკარაძე? დიახ, ამ ფაქტის შესახებ დაიწერა ინტერნეტში, ვადასტურებ, კი ვიცი. რაც წავიკითხე, მაგის შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს. აგორებულია ინტერნეტმედიიდან, რომ „გორგიას“ წინააღმდეგ სტატიები უნდა მომზადდეს. გაუმართავი სტატია ეწერა ამ ამბავზე, საერთოდ, სიტყვებიც შეცდომით იყო დაწერილი. ვინ დაწერა, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ, რაღაც, აგორდა ეს კამპანია „გორგიას“ წინააღმდეგ. ახლა ვნახე ტიკარაძის ინტერვიუ. სულ ჟურნალისტებს რომ აქვთ „გორგიაში“ პრობლემა, რა გამოდის, „გორგიაში“ ჟურნალისტებს ერჩიან? არ მგონია, ასე იყოს“,- განუცხადა for.ge-ს კომპანიის მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერმა. მისივე თქმით, მომხმარებლის პრეტენზიები, ხშირ შემთხვევაში, სუბიექტურია. თუმცა, კომპანია მათ შენიშვნებსაც ითვალისწინებს.

„მომხმარებელი პრეტენზიული შეიძლება ბევრ შემთხვევაში იყოს, იქიდან გამომდინარე რომ შეიძლება კედელი არ ჰქონდეს სახლში სწორი და შპალერი იმიტომ ვერ გააკრას. ჩვენ უხარისხო პროდუქცია საერთოდ არ გვაქვს, არც შემოგვაქვს და არც ვყიდით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კომფორტი შევუქმნათ მომხმარებლებს, გვაქვს ყველა სახეობის პროდუქცია და ერთ ადგილზე შეუძლიათ ყველაფრის ყიდვა, სხვაგან სიარული აღარ უწევთ. საჭირო მომსახურებას მაღალ დონეზე უწევენ მომხმარებლებს ჩვენი კონსულტანტები. ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარე, სწორედ, ჩვენი პროდუქციის ხარისხია“, - აცხადებს გიორგი ბახუტაშვილი.

კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ჰიპერმარკეტში შენიშვნების რვეულიც აქვთ და მომხმარებლებს საკუთარი მოსაზრებების ჩაწერა ამ რვეულში შეუძლიათ. იგი ვერ იხსენებს, რამდენი უარყოფითი შენიშვნაა ამ დროისთვის შესაბამის რვეულში, თუმცა, ახსოვს, რომ იქ ბევრი მადლობის წერილიც არის.